"კვირის პალიტრის" მასალების მიხედვით
"ამ დოკუმენტურ ფილმს ჩემთვის "სახელმწიფო შიზოფრენია" დავარქვი. მე არაფერი გადამიღია, ეს ჩვენი ცხოვრების ქრონიკაა 2005 წლიდან მოყოლებული. ფილმის საფუძვლად ჟენევის 1987 წლის დეკლარაცია ავიღე, რომელიც განმარტავს, რა არის სახელმწიფო ტერორიზმი (რაც 11 პუნქტს მოიცავს). ფილმში ამ თერთმეტ პუნქტზე კი არ ვყვები, ფაქტებს ვაჩვენებ. რაც ფილმში ავსახე, ქართველმა საზოგადოებამ იცის, მაგრამ ერთად თავმოყრილი იმდენად შთამბეჭდავია, თავად მიჭირს დამონტაჟება. ძნელია ამ ყველაფრის ყურება. როდესაც ხელისუფლების დანაშაულებს ხალხი თავმოყრილს ნახავს, დარწმუნებული ვარ, ვერ დაიჯერებს, რომ ეს ყველაფერი ჩვენ დაგვატყდა თავს. ამ ფილმის პრეზენტაციას სააღდგომოდ ვგეგმავ", - აცხადებს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "დემოკრატიის შუქურა" ანუ "სახელმწიფო შიზოფრენია" / "ყველა სიკეთე, რომელიც ამ ქვეყანას აქვს, მათია".
"მასობრივი შეკრებების დარბევები, ცემა, წამება, მკვლელობები, უკანონო დაპატიმრებები და საჩვენებელი სასამართლოები, ადამიანების უფლებების შელახვა, კანონისა და კონსტიტუციის დარღვევა - ფილმში ჩანს ამ ხელისუფლების სადისტური ქმედებები, ჩანს, 10 ჯავშანჩაცმული კაცი როგორ დაუნდობლად სცემს ერთ დემონსტრანტს. ეს უკვე ძალადობის აქტი კი არა, შიზოფრენიაა, რომელიც მოდის ხელისუფლების პირველი პირებისგან და უპირველესად სააკაშვილისგან. სააკაშვილის დეკლარირებული ნულოვანი ტოლერანტობა გასაგებ ენაზე დაუნდობლობას ნიშნავს და ეს იმდენად გაჯდა ჩვენს სახელმწიფო სტრუქტურებში, რომ იქაურმა თანამშრომლებმა ადამიანური სახე დაკარგეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგა ხაინდრავა.
"ნაციონალური მოძრაობა" ხალხს არაფრად აგდებს. თავად არის სახელმწიფოც და მისი მოქალაქეებიც. ყველა სიკეთე, რომელიც ამ ქვეყანას აქვს, მათია და ისე ანაწილებენ, როგორც საჭიროდ ჩათვლიან. ჩვენს ქვეყანას უდიდესი უბედურება დაატყდა თავს `ნაციონალური მოძრაობის სახით. მათ მმართველობას მოჰყვა კანონის იგნორირება და ადამიანების ერთი ჯგუფის კანონზე მაღლა დაყენება. არსებობს პირთა კასტა, რომელთათვისაც არც კანონი, არც კონსტიტუცია, არც ზნეობა, არც მორალი არ არსებობს. ყველაფრის უფლება აქვთ, დანარჩენები ვალდებული არიან მათ დაექვემდებარონ და მათი აზროვნებით იცხოვრონ. ეს არის დიდი სახელმწიფო დანაშაული, სახელმწიფო ტერორიზმი. ფილმში ასახული იქნება შეკვეთილი მკვლელობების ფაქტები და ფილმს დავამთავრებ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განაჩენით, რომელიც არის განაჩენი სააკაშვილის, მისი რეჟიმისა და ყველა იმ ადამიანისა, ვინც დღემდე მათი მხარდამჭერია", - განაგრძობს რესპონდენტი..
"ფილმში შესულია ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცული მკვლელობა, ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებული ამბები, ბუტა რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის, როინ შავაძისა და ცალანის მკვლელობები, რომელი ერთი ჩამოვთვალო. იმდენი ასეთი ფაქტია, რომ უკვე შეიძლება ამაზე ვიმსჯელოთ არა როგორც შემთხვევებზე, არამედ ჩვენი ყოფის კანონზომიერებაზე, ჩვენი ცხოვრების წესზე. ამ ფილმს გავუგზავნი თეთრ სახლს, ყველა ქვეყნის ხელისუფლებების წარმომადგენლებს და ვეტყვი, "აი, რას და ვის იცავთ! აი, რას უწოდებთ დემოკრატიულ რეფორმებს, აი, როგორია რეალურად ქვეყანა, რომელმაც თითქოს დაძლია კორუფცია, სინამდვილეში კი აქ კორუფცია მძვინვარებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყველა წევრი ჩანასახშივე კორუფციონერია. რაც მათთვის დაშვებულია, ის არ არის დაშვებული დანარჩენებისთვის, რომ ეს ხელისუფლება პოლიტიკურ გავლენას იყენებს საკუთარი კეთილდღეობისთვის", - დასძენს გიორგი ხაინდრავა.
"საზოგადოება უკვე გაიყო. იქით არის "ნაციონალური მოძრაობა" და აქეთ - მთელი საქართველო. ასევე არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ვერც ერთ ბანაკში ვერ მოხვდნენ და მათ პატივი უნდა ვცეთ, რადგან თავიანთი თავგანწირვით დაანახეს საქართველოს, რომ ნამდვილად ებრძვიან ამ ხელისუფლებას. მომეწონა, რომ კოკა გუნცაძემ შექმნა "ამომრჩეველთა ლიგა". ძალიან დაკავებული ვარ და არ ვმონაწილეობდი ამ ორგანიზაციის შექმნაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მასში არ ვიქნები. ჩემთვის ყველაზე მიმზიდველი ის არის, რომ ამ ორგანიზაციის წევრებს არა აქვთ პოლიტიკური პრეტენზია. იქ არ არის ხალხი, ვინც ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს. ჩვენ დავიცავთ ამომრჩევლის უფლებებს და ქართველ საზოგადოებას დავრაზმავთ, რომ ჩვენი არჩევანი დავიცვათ", აცხადებს გოგა ხაინდრავა და შეკითხვას - "ანუ ისევ ქუჩა იქნება?" - პასუხობს:
"ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს. მენიშნა, ბიძინა ივანიშვილმა რომ თქვა, ევროპას გავაოცებთ დემოკრატიითო. თუ ეს ჭირი არჩევნებით მოვიცილეთ, მართლა გავაოცებთ ყველას. გავაოცებთ, როცა გაიგებენ ამ 8 წლის განმავლობაში რა უთანასწორო ბრძოლას ვეწეოდით, როცა ნახავენ ფირებს, თუ როგორ უსწორდებოდნენ ზონდერები მშვიდობიან მომიტინგეებს... სააკაშვილი უკვე ხერხემალშია გადატეხილი, ის ხელისუფლებიდან თეთრ ხალათში, უკან შეკრული ხელებით წავა. "ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილის გარეშე ჩამოიშლება. მათ არაფერი ადუღაბებთ. 2003 წლის 22 ნოემბერს პარლამენტში ერთმა შეჭრამ ვერ შეკრა ისინი, დღეს ნაციონალები ყველაზე სამარცხვინო ხალხად იქცნენ. იმ ადგილას, სადაც შეიძლებოდა ძალიან კარგი სახელმწიფო აშენებულიყო, ნაციონალებმა თავიანთი ღვარძლით, მომხვეჭელობითა და გარყვნილებით ჩამოაყალიბეს კლოაკა, მასში არიან მოქცეულნი და მათ გარშემო ყველაფერი ყარს. მათი განაჩენი უკვე გამოტანილი აქვთ, აღსრულებაღა აკლია. ვფიქრობ, "ქართულ ოცნებასთან" ერთად ამას შევასრულებთ".
2065
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85