კახა მჭედლიძე, "რადიო თავისუფლება"
რთულ საგარეოეკონომიკურ პირობებში, როდესაც ევროზონაში ეკონომიკურ ვარდნას ვარაუდობენ, საქართველოს მთავრობა სხვადასხვა ინიციატივებით გამოდის მიმზიდველი ბიზნესგარემოს შენარჩუნების მიზნით. საქართველოს პარლამენტში უკვე დაიწყო განხილვა საგადასახადო კოდექსის ცვლილებისა, რომელიც ტურისტულ ზონებში მშენებლობის ხელშეწყობას შეეხება. მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს და სხვა ფაქტორები ეკონომიკურ აქტივობასა და ინვესტიციების შემოდინებას წაახალისებს.
მიუხედავად მკაცრი ზამთრის და ერთ-ერთ ძირითად სავაჭრო პარტნიორ სივრცეში, ევროკავშირში, შექმნილი პრობლემებისა, საქართველოს ეკონომიკა იანვრის თვეში 5 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა სამიოდე დღის წინ გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა:
”იანვრის წინასწარი ციფრი გვაქვს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, ეს არის 5 პროცენტი. ეს საკმაოდ დამაკმაყოფილებელი და საკმაოდ კარგი ეკონომიკური მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინებთ იმ რეალობას, რაც დღეს მსოფლიოშია და რაც დღეს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში სუფევს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.”
პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 2011 წლის ინვესტიციების დაუზუსტებელ მონაცემებზეც ისაუბრა და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოში უცხოეთიდან დაბანდებული კაპიტალის მოცულობამ ერთ მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. აქვე ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ კერძო სექტორთან ბათუმში გამართული შეხვედრის შემდეგ საგადასახადო კანონმდებლობის ახალ ცვლილებებს წარმოადგენენ. მთავრობის აზრით, ეს გაამარტივებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას და სამუშაო ადგილების შექმნას.
მთავრობის სხდომიდან მეორე დღესვე საქართველოს პარლამენტმა უკვე წარდგენილი და ახალი ინიციატივების განხილვა დაიწყო, რომელიც საგადასახადო კანონმდებლობას შეეხება. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მათგანია ტურისტულ ზონებში მშენებლობის წახალისება. ამავე გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს ტურისტულ-საკურორტო ქალაქებში უძრავი ქონების შეძენის მოტივაცია გაუჩნდებათ:
”ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მოქალაქეს ექნება საშუალება ტურისტულ ზონაში შეიძინოს ბინა და იგი გამოიყენოს უკვე ეკონომიკური საქმიანობისთვის. ამისათვის ხელშეკრულებას გააფორმებს ტურისტულ საწარმოსთან, მოხდება ბინების გაქირავება სასტუმროს ოთახებად და, გარდა ამისა, სახელმწიფო ბინის მფლობელს უკან დაუბრუნებს გადახდილი თანხის 18 პროცენტს.”
მთავრობაში იმედი აქვთ, რომ ამ მექანიზმის მეშვეობით უფრო მიმზიდველს გახდის ტურისტულ ზონებში უძრავი ქონების ბაზარს.
საგადასახადო კოდექსის კიდევ ერთი ცვლილება მცირე მეწარმეებისთვის ფიქსირებული გადასახადის დაწესებას უკავშირდება. იდეა ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს გამოითქვა, მაგრამ ბოლო დრომდე პროექტის სახე არ მიუღია. ლაპარაკია პურის საცხობების ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის შესახებ. პარლამენტში წარდგენილი ცვლილების მიხედვით, მცირე ზომის პურის საცხობი თონე ყოველთვიურად 100 ლარს გადაიხდის და მას არ დასჭირდება არც ბუღალტრული აღრიცხვა, არც სალაროს აპარატი და არც სხვა რაიმე გადასახადის გადახდა. საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვეფხვაძე, კმაყოფილებას გამოთქვამს პროცესის დაწყების გამო:
”კარგია, როცა მთავრობამ დაიწყო პროცესი, შეპირებული პროცესი, იმიტომ რომ მცირე მეწარმეების ძალიან დიდი ჯგუფი ელოდა გადაწყვეტილებას, რომ ისინი ნელ-ნელა გადავიდოდნენ ფიქსირებულ გადასახადზე, მაგრამ სამწუხაროა, რომ მთავრობა ძალიან ნელი ტემპებით ახორციელებს თავის პირობას...”
ოპოზიციის წარმომადგენელ ლევან ვეფხვაძის ამ კრიტიკას მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი იმით უპასუხებს, რომ ეს დრო საჭირო იყო ფიქსირებული გადასახადის ზუსტად გამოანგარიშებისთვის.
მთავრობა აღნიშნული ცვლილებების პარლამენტის მიერ დამტკიცებას და ამოქმედებას უახლოეს 1-2 თვეში მოელის. ამ საგადასახადო ცვლილებების მიმართ ეკონომისტთა ერთი ნაწილი კრიტიკულადაა განწყობილი. საგადასახადო კოდექსის ექსპერტი ირაკლი შავიშვილი აცხადებს, რომ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პროდუქციის მყიდველებს კარგავს:
”თუ მანამდე ისინი [მცირე მეწარმეები] მუშაობდნენ როგორც მოსახლეობაზე, ისე საწარმოებზე, დღეს საწარმოებს მათთან ურთიერთობა აღარ მოუნდებათ, იმიტომ რომ ხარჯად ვეღარ აღიარებენ მათთან შეძენილ პროდუქციას და მომსახურებას. საერთოდ ცუდია, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკურ სუბიექტებს სხვადასხვა დაბეგვრის რეჟიმები აქვთ, იმიტომ რომ ყველა ერთნაირად არის ვალდებული ქვეყნის წინაშე.”
ირაკლი შავიშვილის აზრით, საქართველოს ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად საგადასახადო კოდექსის სხვაგვარი ცვლილებებია საჭირო. მთავრობა კი ფიქრობს, რომ, მიუხედავად საგარეო ფაქტორებისა, მიმდინარე წელს შეძლებს, ფიქსირებული გადასახადებისა თუ სხვა შეღავათების დაწესებით, 5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს.
901
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85