იაგო ნაცვლიშვილი, “რეზონანსი“
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა და საიას მიერ ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისია რიგ შემთხვევბში მიკერძოებულობით გამოირჩევა. კომისია უმთავრესად ტელეკომპანიების "რუსთავი 2"-თან და "იმედთან" მიმართებაში ხუჭავს თვალს. ამავე ანგარიშის მიხედვით, კომისიის თავმჯდომარის საქმიანობა ინტერესთა კონფლიქტს იწვევს, რაც კომისიის მუშაობასა და მის კომერციულ საქმიანობაში გამოიხატება.
გუშინ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ერთობლივი პროექტის "სამოქალაქო მონიტორინგი სატელევიზიო მედიასივრცეში ვითარების გაუმჯობესებისათვის" პრეზენტაცია გაიმართა, პროექტი "ფონდ ღია საზოგადოებას - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მარეგულირებელი კომისია ტენდენციურობით გამოირჩევა და რიგ შემთხვევებში უსამართლო გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი. ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საკითხი მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს ირაკლი ჩიქოვანს უკავშირდება. დასკვნის მიხედვით მასთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება.
"მის მფლობელობაში არსებული კომპანია შპს "მაგი სტილი მედია" ამზადებს და სატელევიზიო ეთერში განათავსებს რეკლამებს", - ნათქვამია ანგარიშში.
დასკვნის მიხედვით ამავე დროს, კანონის შესაბამისად, კომისიას აქვს ვალდებულება, რომ რეკლამის ლიმიტთან დაკავშირებული პრობლემები გამოავლინოს და მათზე შესაბამისი რეგირება მოახდინოს. ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ ეს ინტერესთა კონფლიქტის საგანია.
"მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ კომისიის თავმჯდომარის მფლობელობაში არსებული კომპანია რეკლამებს განათავსებს სატელევიზიო მაუწყებლებში, ანუ იმ ტელეკომპანიებში, რომლებიც კომისიის რეგულირებაში არიან მოქცეულები.
"გარდა ამისა, კომისიის თავმჯდომარე ზედამხედველობას უწევს სატელევიზიო მაუწყებლების მიერ რეკლემების განთავსების. ამგვარი ურთიერთობები კომისიის თავმჯდომარის ეკონომიკურ ინტერსებს განაპირობებს ტელეკომპანიების მიმართ, როგორც პირდაპირს ასევე ირიბს, რაც მაუწყებელების შესახებ კანონის თანახმად ინტერესთა კონფლიქტად ითვლება და ეს თანამდებობრივი პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი შეიძლება გახდეს", - უთხრა "რეზონანსს" ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან დოლიძემ.
მის ამ პოზიციას მარეგულირებელ კომისიაში არ იზიარებენ. როგორც კომისიის სამართლის დეპარტამენტის უფროსმა, კახი ყურაშვილმა გვითხრა, ეს ინტერსთა კონფლიქტი არ არის.
"კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ინტერესთა კონფლიქტი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი აქვს იმ კომპანიებში, რომლებსაც არეგულირებს. კომისია არეგულირებს მაუწყებლებს და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ კომპანიებს და არა - სარეკლამო კომპანიებს, სამშენებლო კომპანიებს, საგანმანათლებლო ორგანიზაციებსა და ა.შ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია თუ იქ ვინმე რამე წილს ფლობს, ინტერესეთა კონფლიქტის საფუძველი ვერ იქნება,"- განუცხადა მან ჟურნალისტებს.
როგორც ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის ადვოკატმა, ნათია კაპანაძემ "რეზონანსს" განუმარტა, აღნიშნულ ინტერესთა კონფლიქტს უკანონო გადაწყვეტილებები უკავშირდება. კერძოდ, ტელეკომპანია "იმედსა" და "რუსთავი 2"-ში რეკლამები დროის ლიმიტის დარღვევით დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა. ნათია კაპანაძის ცნობით, კომისიამ ამ ფაქტზე რეაგირება მანამ არ მოახდინა, სანამ საკითხში სამოქალაქო სექტორი არ ჩაერთო.
ანგარიშში ნათქვამია, რომ კომისია ვერ ან არ ხედავს კონკრეტული ტელევიზიების მიერ სარეკლამო ჭრის დროს გამოვლენილ დარღვევებს. კერძოდ, ეს ეხება ტელეკომპანიების "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" მიერ ლიმიტის გადაჭარბებას.
ანგარიშის მიხედვით, კომისიამ ამ საკითხზე მუშაობა მხოლოდ იმის შემდეგ დაიწყო, რაც მას საჩივრით სტუდია "მონიტორმა" მიმართა. თუმცა, ტელეკომპანიები დარღვევბს კვლავ განაგრძობდნენ და მარეგულირებელმა კომისიამ ტელევიზიები "მონიტორის" განმეორებითი საჩივრის შემდეგ დააჯარიმა 2500-2500 ლარით.
ანგარიშის მიხედვით, ტელეკომპანიების შემოსავლის ძირითადი წყარო რეკლამებიდან მიღებული ფინანსური რესურსია, რაც, 2010 წლის მონაცემებით, მათი საერთო შემოსავლის დაახლოებით 78%-ს შეადგენს. ხოლო ტელეკომპანიების მიერ რეკლამებით მიღებული შემოსავლის 60% "იმედსა" და "რუსთავი 2"-ზე ნაწილდება.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია, რომ მარეგულირებელი კომისია მასზე დაკისრებულ მოვალეობას გულგრილად ასრულებს და აღნიშნული ტელეკომპანიების მიერ სარეკლამო დროის დარღვევის ფაქტებს ვერ ხედავს, რაც კონკურენციის ხელისშემშლელ ფაქტს წარმოადგენს.
ანგარიშში ყურადღება იმაზეც არის გამახვილებული, რომ კომისიამ 2010 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში ვადების დარღვევით გამოაქვეყნა. კერძოდ, იგი ვალდებულია, რომ ყოველი წლის 1 ივნისამდე ანგარიში მთავრობას წარუდგინოს და საჯაროდ გამოაქვეყნოს, თუმცა მან ანგარიში 4 აგვისტოს გამოაქვეყნა, მაგრამ ერთი საათის შემდეგ იგი კომისიის საიტიდან აიღეს და განმეორებით შეცვლილი ვერსია 11 აგვისტოს დაიდო.
ფონდის და საიას დასკვნას კახი ყურაშვილი ტენდენციურს უწოდებს. თუმცა, მისივე თქმით, გარკვეულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.
"ანგარიში ემყარება დამახინჯებულ სტატისტიკურ მონაცემებს. ადგილი აქვს საკანონმდებლო ნორმების არასწორ ინტერპრეტირებას, ანუ ძალიან სუბიექტურია. მიმაჩნია, რომ ანგარიში ტენედენციურია, რაც იმაში გამოიხატება, რომ 700-მდე აქტია მიღებული და რატომღაც მათ ანგარიშში მხოლოდ სანქცირებების გადაწყვეტილებები აქვთ ამოღებულია და შემდეგ პროცენტებიც ასეა გამოყვანილი, თითქოს კომისია მხოლოდ სანქცირების შესახებ იღებს გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ პროცენტის გასაგებად საჭიროა, რომ მთელი რიცხვი აიღო.
"იყო რამდენიმე რეკომენდაცია, რომელსაც კომისია გაითვალისწინებს. ეს ეხება ცნობიერების ამაღლებას მომხმარებელთა უფლებების კუთხით. კომისია ამ მიმართულებით მუშაობს", - აცხადებს ყურაშვილი.
ლევან დოლიძე "რეზონანსთან" საუბრისას აქცენტს ლიცენზიების გაცემის შეზღუდვაზე აკეთებს, რაც მისი აზრით უკანონოდ ხდება.
"ჩვენ საზოგადოებას ჩვენი მონიტორინგის შედეგები წარვუდგინეთ კომისიის იმ გადაწყვეტილებების თაობაზე, რომლის შედეგადაც უკანონოდ შეიზღუდა მაუწყებელთა ლიცენზიის გაცემის უფლება. მაუწყებლების პრიორიტეტები გამოიყენება მხოლოდ სიხშირული სპექტრის მაუწყებლობისათვის და მას არანაირი კავშირი არ აქვს საკაბელო ქსელით ან თანამგზავრის მეშვეობით მაუწყებლობასთან, რაც ადასტურებს, რომ კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება უკანონოდ მოხდა", - უთხრა "რეზონანსს" ლევან დოლიძემ.
რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი, თამარ ჩიქოვანი ამბობს, რომ კომისიის დაკომპლექტების წესი უნდა შეიცვალოს. მისივე აზრით, საკაბელო კომპანიებმა ტელევიზიები სამაუწყებლო პაკეტებში საკუთარი პოლიტიკური გემოვნებით არ უნდა ჩასვან და მაყურებელს მათ არ უნდა უკარნახონ, თუ რას უნდა უყურონ და რას - არა.
"ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო რეკომენდაციები, არამედ კვლევის ჩატარება, იმიტომ, რომ როდესაც მარეგულირებელ კომისიასთან, ან რომელიმე სხვა კომისიასთან რაიმე პრეტენზია გვაქვს, მეორე მხარე ცდილობს ხოლმე, რომ ეს ჩვენს შინაგან რწმენაზე დაამყაროს და არა რაღაც კონკრეტულ ფაქტებზე.
"ახლა ფაქტები დაიდო იმაზე, თუ რა პრობლემები არსებობს და ზოგადად როგორ უნდა იყოს დაკომპლექტებული მარეგულირებელი კომისია. ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში, როდესაც კი ეს კომისია იქმნებოდა, ნათქვამი იყო, რომ მათი მაღალი ხელფასები დამოუკიდებლობის გარანტი იქნებოდა. მაგრამ დღევანდელმა სიტუაციამ აჩვენა, რომ მაღალი ხელფასი იმის გარანტიაა, რომ ადვილად მოხდეს შენით მანიპულირება.
"მიმაჩნია, რომ არა მარტო მათი საქმიანობა უნდა შეიცვალოს, არამედ მათი დაკომპლექტების წესიც. არ შეიძლება, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები აღმოჩნდნენ ამ კომისიაში, იმიტომ, რომ ისინი ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ.
"მაინტერსებს, როდესმე ამ ქვეყანაში იქნება ისეთი კომპანიები, რომლებიც კონკრეტულ ტელეკომპანიებს თავის ბადეში პოლიტიკური გემოვნების მიხედვით არ ჩასვამენ?! ეს პირველ რიგში მაყურებელს აზარალებს. ვიღაცა მისაზღვრავს რას უნდა ვუყურო და რას არა.
"როდესაც მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობის საშუალება კონკრეტულ ტელევიზიებს არ აქვთ და ამის საშუალება მხოლოდ ნაციონალურ ტელეარხებს აქვთ და რომელიმე კომპანია თავის პაკეტში არ გსვამს, ამ დროს ყოველთვის შეგიძლია თქვა, რომ "რუსთავი 2" მთელ საქართველოში არ მაუწყებლობს და "კავკასია" ან "მაესტრო" მაუწყებლობს. ყველა ერთნაირ პირობებში ჩაგვაყენეთ, კონკურენციის გარეშე ტელევიზია წინ ვერ წავა", - აღნიშნა ჩიქოვანმა.
928
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85