საქართველოში უმდაბლესი ხარისხის პური ცხვება და ეს როგორც იქნა მთავრობაშიც აღიარეს, თუმცა მხოლოდ აღიარეს. რას და როგორ მოიმოქმედებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ამ პრობლემის საწინააღმდეგოდ, მინისტრი საიდუმლოდ გულის კუნჭულში ინახავს. სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი საქართველოში გამომცხვარი პურის დაბალ ხარისხს ადასტურებს და ამ პრობლემას თავად მცხობელთა კვალიფიკაციას უკავშირებს.
პურის ხარისხთან დაკავშირებით გუშინ ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს. საბჭოს თავმჯოდმარემ გია თორთლაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ისეთი უხარისხო პური, როგორიც საქართველოშია, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ცხვება“.
დეპუტატის მოსაზრებას სოფლის მუერნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელიც იზიარებს, თუმცა ამტკიცებს, რომ პურის ხარისხის პრობლემა არც ტექნოლოგიებს და არც ხორბლის ხარისხს უკავშირდება.
„ეს დაკავშირებულია თავად მცხობელების დაბალ კვალიფიკაციასთან. ამ ეტაპზე სრულყოფილი კონტროლის განხორციელება ყველა წვრილ საწარმოზე შეუძლებელია, თუმცა მათ სტანდარტების დაკმაყოფილება მაინც მოუწევთ“, - განაცხადა კვეზერელმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდიდან, როგორ და რა მექანიზმებისგამოყენებით მოხდება პურის საცხობების შემოწმება.
ქართულ ბაზარზე მრავალი სახეობის პური იყიდება, თუმცა მიუხედავად სიმრავლისა, მათი არჩევა მაინც პრობლემად არის გადაქცეული. ხშირად პური ფუნთუშას უფრო ჰგავს, ვიდრე პურს იმდენად არის გაფუებული, ამასთან მალე შრება და ნამცეცებად იფხვნება. მეორე დღეს კი წინა დღით ნაყიდი პურის ჭამა საერთოდ წარმოუდგენელია.
პურის ხარისხთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები აქვს მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელს მადონა კოიძეს, თუმცა იქვე ამბობს, რომ საქართველოში პურის ხარისხთან დაკავშირებით კვლევაც რომ ჩატარდეს, რეალურ სურათს მაინც ვერ მივიღებთ.
„არსებობს ნორმატიული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია თუ რა პარამეტრებზე მოწმდება საქართველოში პური. ეს ისეთი მცირე მონაცემებია, რომ რეალურ სურათს პურის ხარისხთან დაკავშირებით ვერ მოგვცემს. ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ პურის ხარისხის კვლევის ჩატარება უაზრობა იქნებოდა. მე შემიძლია შევისყიდო პური, შევიტანო ლაბორატორიაში, მაგრამ მივიღებ პასუხს მხოლოდ მის მჟავიანობაზე, ნესტის შემცვლელობაზე, კარტოფილის დაავადებაზე და ა.შ.
ჩვენ შეგვიძლია მონაცემები საზღვარგარეთაც გავაგზავნოთ, მაგრამ ამას არ ექნება იურიდიული ძალა. კანონის თანახმად, კვლევა უნდა ტარდებოდეს საქართველოში აკრედიტებულ ლაბორატორიაში, რადგან მხოლოდ და მხოლოდ ამ კვლევებს აქვს აზრი“, - აცხადებს მადონა კოიძე.
რაც შეეხება კარტოფილის დაავადებას, ამას ქართული ლაბორატორიები კარგად იკვლევენ კარტოფილის დაავადებით დაავადდება ფქვილი, როდესაც მისი არასწორი შენახვა ხდება.
„კარტოფილის დაავადებაზე კვლევა ტარდება, ეს დაავადება კი თავს განსაკუთრებით ზაფხულში იჩენს ხოლმე. ასეთი პური ქართულ ბაზარზეც ხშირად გვხვდება. ამ დროს პურის გული ცომივით რბილია და მომხმარებელს ჰგონია, რომ ის კარგად არაა გამომცხვარი. არადა, საქმე სწორედ კარტოფილის დაავადებასთან გვაქვს, რომელიც სიმსივნურ დაავადებებს იწვევს. სამწუხაროდ, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ფქვილის არასწორი შენახვა ხდება. ეს მის დაბინძურებას იწვევს. კარტოფილის დაავადებით დაავადებული პური აუცილებლად უნდა განადგურდეს და ის ერთი მეტრის სიღრმეში უნდა დაიმარხოს, რათა მან არ დააბინძუროს გარემო. წარმოიდგინეთ, როდესაც ადამიანი ასეთ პურს მოიხმარს, რა ზიანი ადგება მის ჯანმრთელობას“, - აღნიშნა კოიძემ.