100 მილიონი ხელისუფლების ჯიბის ფულად

100 მილიონი ხელისუფლების ჯიბის ფულად

[თეონა ხარაბაძე]

 

„ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა 2011 წელსაც გაგრძელდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მთავრობის და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებს არ შეეხება და მომავალი წლისთვის ეს ფონდები კვლავაც 50-50 მილიონი ლარით დაფინანსდება. ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ „ეს ის სპეციფიკური სფეროა, რომლის დაფინანსების შემცირება არ შეიძლება“. ოპოზიცია კი გაკვირვებულია, თუ „რატომ არ შეიძლება ნაფტალინიდან ამოღებული მომღერლების ჩამოყვანისთვის დაფინანსების შემცირება“.

 

დაახლოებით 7-მილიარდიანი ბიუჯეტიდან 100 მილიონი მთავრობის და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებისთვის არის გამოყოფილი.  ეს ის ფონდებია, საიდანაც თანხის გამოყოფა, წესით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გაუთვალისწინებული ხარჯებისთვის უნდა ხდებოდეს. თუმცა, იმის გამო, რომ თანხების გამოყოფა არასოდეს არ არის გამჭვირვალე, მუდმივად კრიტიკის საგანია.

აღსანიშნავია ისიც, რომ მომავალი წლის ბიუჯეტიდან ამ ფონდებისთვის თანხა თავიდანვე გაორმაგებული რაოდენობით გამოიყო.  შარშან 2010 წლის ბიუჯეტის პროექტში თავდაპირველად ეს ფონდები 25-25 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა წლის განმავლობაში ეს ფონდები 55-55 მილიონი გახდა.

 

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი აცხადებს, ეს ის სფეროა, რომელიც თავისი ხასიათით ძალიან სპეციფიურია. „ღმერთმა დაიფაროს და წყალდიდობით დაზარალებულ ადამიანს ხომ ვერ ეტყვი, თავშესაფარს იმიტომ ვერ გაძლევ, რომ ფონდში ფული არ არისო? ამიტომაც არა მგონია, რომ ეს თემა რაიმე სპეკულაციის საგანი გახდეს“, - აცხადებს ხუროშვილი.

 

ოპოზიცია კი მაინც მიიჩნევს, რომ ეს საკითხი აუცილებლად უნდა გახდეს მსჯელობის საგანი. „აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ამ თანხების ხარჯვა არის გაუმჭვირვალე. ამ ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებს, ინფორმაცია არის საჯარო თუ არა. მთელი წელია, ვცდილობ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იმ ინფორმაციის მოპოვებას თუ რაში იხარჯება ეს თანხა და დღემდე ვერ მივაღწიე იმას, რომ ამ კითხვებზე პასუხი გამცეს ვინმემ. დეპუტატს რომ ხელი არ მიმიწვდება ინფორმაციაზე, როგორ შეიძლება ეს ინფორმაცია საჯაროდ ჩაითვალოს? ამიტომაც ამ თანხას ხელისუფლება თავისი პირადი მიზნებისთვის ისე ხარჯავს, როგორც უნდა“, - აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი.

 

აღსანიშნავია, რომ ამ პოზიციას მთელი ოპოზიცია იზიარებს. „რა თქმა უნდა, სარეზერვო ფონდები უნდა არსებობდეს და ეს ყველა ქვეყანაში არსებობს, მაგრამ პრობლემა არის ის, თუ რამდენად მიზნობრივად იხარჯება და ამ კითხვაზე პასუხს რომ გავცემთ, მერე შეგვეძლება იმის განსაზღვრა, გვჭირდება თუ არა ამ რაოდენობით განსაზღვრული ფონდები.

 

„როგორც წესი, სარეზერვო ფონდებიდან თანხა უნდა იხარჯებოდეს სტიქიური უდებურებებისთვის, ანუ იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომლის წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელია. ბიუჯეტის იმ პროექტში კი სტიქიური უბედურებები ცალკე იყო გაწერილი და ცალკე იყო სარეზერვო ფონდები. ამიტომ დაახლოებით ვხვდები, ეს თანხა სად მიდის. ჩამოჰყავთ მომღერლები, რომლებსაც თითოს თითო მილიონი სჭირდება. ამიტომაც ჩვენ ამ ინიციატივას მხარს ვერ დავუჭერთ“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

 

მისი თქმით, ფონდების მიზნობრიობის საკითხი პარლამენტში უნდა წყდებოდეს. ამ შემთხვევაში კი, როდესაც ფონდების ხარჯვაზე არაფერი არ არის ნათქვამი, საკმაოდ ბევრ კითხვას აჩენს.

 

„პრობლემა ის არის, რომ ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ამ ფულის დახარჯვა რაში ურჩევნია. იქნება უნდათ, რომ საქართველოში ყველა ბავშვს წიგნები უფასოდ გადაეცეთ, ვიდრე ნაფტალინიდან ამოვიღოთ მოდერტო კინგი და ეს ფული მას ვაჩუქოთ. ეს არის პრობლემა და ეს ისეთი საკითხია, რომელსაც სწორედ პარლამენტი უნდა წყვეტდეს, ვინაიდან ხალხის არჩეული ეს ორგანოა. მთავრობა კი პარლამენტს არაფერს ეკითხება და გამოდის, რომ ეს თანხა მთავრობისა და პრეზიდენტის ჯიბის ფული ხდება და მეტი არაფერი. ამიტომაც ამ ვითარებაში მთავრობისთვის და პრეზიდენტისთვის 100 მილიონის ჩუქება უბრალოდ წარმოუდგენელია“, - აცხადებს ვეფხვაძე.