ექპერტი ასლან ლორთქიფანიძე, "ფორუმელი'' გია ემირიძე და ყოფილი "რესპუბლიკელი'' და ამჟამად "ემსახურე საქართველოს'' თავმჯდომარე მურმან დუმბაძე - გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ეს სამი კანდიდატი განიხილება "ქართული ოცნების'' აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერად. თუმცა, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, აჭარა ჯერ კიდევ კოალიციის საერთო გადაწყვეტილების მოლოდინშია, რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი და პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების'' წევრი დავით ბერძენიშვილი ბეჭდურ მედიასთან პირველად საუბრობს იმაზე, როგორ დაიწყო მურმან დუმბაძესთან კონფლიქტი და რა პოლიტიკური მასტერ კლასი ჩაუტარა კახა შარტავამ ბიძინა ივანიშვილს:
- მოგეხსენებათ, მოძრაობა "ქართულ ოცნებაში'' თემატურ ჯგუფს რეგიონულ საკითხებში მამუკა არეშიძე კურირებს, ამიტომაც, მისი სურვილით, აჭარაში რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად ასლან ლორთქიფანიძე დაინიშნა. ჩვენ უნდა დავინახოთ განსხვავება მოძრაობა "ქართულ ოცნებასა'' და პოლიტიკურ კოალიციას შორის. ერთს პოლიტიკური ამბიცია აქვს, მეორეს - საზოგადოებრივი. ამდენად, ვინ იქნება აჭარის რეგიონში პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების'' ლიდერი, ამას მხოლოდ საბჭო გადაწყვეტს. აღსანიშნავია, რომ აქტიურად დავიწყეთ ახალი ოფისების გახსნის პროცესი როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
- კოალიციის წევრები კი აცხადებდნენ, რომ პარტიების საკუთრებაში არსებულ ოფისებს "ქართულ ოცნებას'' დაუთმობდნენ, ნინო ბურჯანაძე ამტკიცებს, რომ რეგიონებში არათუ "ქართული ოცნების'' ოფისები გახსნილა, თქვენი აქტივისტებიც კი არსად ჩანან.
- უკვე 44 შენობა გვაქვს, ასევე მობილიზებული გვყავს ხალხი, ვინც აქ უნდა იმუშაოს. ხელისუფლება ყველა ძალის გამოყენებით ცდილობს ხელი შეგვიშალოს, სწორედ ამ მიზნით აშინებენ იმ ადამიანებს, ვისგანაც ოფისები ვიქირავეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მარტის თვის ბოლოს, ეს საკითხი, თითქმის სრულად მოგვარებული გვექნება. საერთოდ, რესპუბლიკური პარტია ბევრად მეტ რეგიონშია წარმოდგენილი, ვიდრე სახალხო კრება. ჩვენ მფლობელობაში 55 რეგიონული ოფისი ფუნქციონირებს ისევე, როგორც "ფორუმის'', "სახალხო პარტიის'', "თავისუფალი დემოკრატების'' ოფისები. არის საუბარი ჩვენი ოფისების "ქართული ოცნებისთვის'' დათმობაზე, მაგრამ კოალიციისთვის, უმეტესად, ახალი შტაბების გახსნა იგეგმება.
- აჭარაში კოალიცია "ქართული ოცნების'' ლიდერის საკითხი როდის უნდა გაირკვეს, ბიძინა ივანიშვილმა მურმან დუმბაძესთან შეთანხმების აუცილებლობაზე ისაუბრა, თუმცა, როგორც ჩანს, პრინციპულ საკითხებზე ვერ თანხმდებით...
- მურმან დუმბაძე რესპუბლიკურ პარტიასთან ურთიერთობების მოგვარებას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებს აღიარებს. დავით უსუფაშვილი საკმაოდ მომთმენი ადამიანია, ამიტომაც დიდხანს უპასუხოდ ვტოვებდით მურმან დუმბაძისგან წამოსულ ნიაღვარს. მას რამდენჯერმე გაექცა სიტყვა, რომ "რესპუბლიკელები'' უღირსად მოიქცნენ, რომ "რესპუბლიკელები'' და კობა დავითაშვილი ქვეყნის მტრები და მოღალატეები არიან და ა.შ. მურმან დუმბაძემ თავს იმის უფლებაც კი მისცა, დაეწერა - აშშ-ს ელჩმა ჯონ ბასმა "რესპუბლიკელ'' ლიბერასტებს ჩემი პარტიიდან გარიცხვა დაავალაო. იცით, ამ საკითხზე პრესასთან პირველად ვსაუბრობ, როგორც ჩანს, დადგა დრო, აჭარის პოლიტიკური ისტორიიდან ზოგიერთი ფრაგმენტი გავიხსენოთ. "რეპუბლიკურ პარტიას'' აჭარაში ნდობის მანდატი 1978 წლიდან აქვს. 80-90-იანი წლების მიჯნაზე პარტიის წევრებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ბათუმის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1990 წელს, ერთადერთი ქალაქი, სადაც მაჟორიტარულ ოლქებში, ვერც მრგვალი მაგიდისა და ვერც კომპარტიის კანდიდატებმა ვერ გაიმარჯვეს, ბათუმი იყო. მაშინ ორივე ოლქი ოპოზიციურმა კანდიდატებმა - მე და თამაზ დიასამიძემ მოვიგეთ. როგორც აბაშიძის, ასევე მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, აჭარაში ოპოზიციის წარმატება რესპუბლიკურ პარტიას უკავშირდება. ორჯერ ოლქი მაქვს მოგებული, 2008 წელს კი, მაშინ, როცა გაერთიანებული ოპოზიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მეხუთე ადგილს იკავებდა, ბათუმში მეორე ადგილზე გავედი. სწორედ მე ვხელმძღვანელობდი აჭარაში ასლან აბაშიძის პოლიტიკური გაკოტრების კამპანიასაც. მაშინ ჩემთან ერთად იყვნენ კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგურიც. მურმან დუმბაძე კი, პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობაზე 2003 წლამდე არ ყოფილა.
- ეს მოკლე ისტორიული ექსკურსი იმის ხაზგასასმელად დაგჭირდათ, რომ რესპუბლიკური პარტია აჭარაში მურმან დუმბაძემდეც რეიტინგული იყო და არც მომავალში გაგიჭირდებათ მის გარეშე რეგიონში გამარჯვება?
- რესპუბლიკური პარტია არავის რეიტინგზე დამოკიდებული არ არის. უბრალოდ, ვამბობ, რომ ადეკვატურები უნდა ვიყოთ - ადამიანს არაფერს ვუკარგავ, თუმცა, არც დაუმსახურებლად მივაწერ რაიმეს. 2004 წლის დასაწყისში, მე, როგორც მაშინდელი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ მურმან დუმბაძე ხელვაჩაურის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელად დავნიშნე. ის საკმაოდ აქტიური იყო აჭარის რევოლუციის პერიოდშიც, რის გამოც არჩევნებში ჩვენი სიის პირველი ნომერი გახდა. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვუხსენებ, თავის დროზე ხელი როგორ შევუწყვე, ნამდვილად არა, ის ამას იმსახურებდა. 2011 წლის დასაწყისში კი, მნიშვნელოვანი პრობლემა გაჩნდა ოშკის, ხახულის, ხანძთის ანუ თურქეთში ქართული კულტურული ძეგლების გადარჩენის აუცილებლობასთან დაკავშირებით, რის სანაცვლოდაც თურქეთის მხარემ რამდენიმე მეჩეთის აღდგენა და ბათუმში ერთი მეჩეთის აშენება მოითხოვა. ჩვენ მაშინ განვაცხადეთ და მურმანსაც განვუმარტეთ, რომ ქუჩაში საკმაოდ მგრძნობიარე რელიგიური თემების გამოტანა დაუშვებელი იყო. მართლებიც აღმოვჩნდით გათვლაში, რადგან დუმბაძის მიერ ორგანიზებულ აქციას მხოლოდ 300 ადამიანი შეუერთდა და ეს მაშინ, როცა მრავალათასიანი მიტინგი იყო დაანონსებული. რა თქმა უნდა, მხოლოდ 300 ადამიანს არ აწუხებს მეჩეთის მშენებლობის საკითხი, უბრალოდ, ოშკი და სხვა ისტორიული ძეგლები აჭარის მოსახლეობისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. მიუხედავად ყველაფრისა, თუ დუმბაძე გაიაზრებს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებს, აქვს შესაძლებლობა, კოალიციაში გაერთიანდეს.
- "რესპუბლიკური პარტიის'' გვერდის ავლით, როგორც "ემსახურე საქართველოს'' თავმჯდომარე, მურმან დუმბაძე ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში ვერ გაერთიანდება?
- სხვათა შორის, ჩვენ საკმაოდ დიდხანს არ გვინდოდა დუმბაძის პარტიიდან გარიცხვა. ამასთან, ვითვალისწინებთ, რომ ოპოზიციაში მურმან დუმბაძე მნიშვნელოვანი შენატანია. რეალურად, მისი გარიცხვით, რესპუბლიკურმა პარტიამ დანაკლისი განიცადა - თითქმის მთლიანად დავკარგეთ ხელვაჩაურის ორგანიზაცია. თუმცა საუბრები იმის შესახებ, რომ რესპუბლიკური პარტია აჭარაში აღარ არსებობს, აბსურდია - ჩვენ ვარსებობთ! გიდასტურებთ, რომ რესპუბლიკური პარტია ბიძინა ივანიშვილის კოალიციის წევრია, შესაბამისად, მურმან დუმბაძე ამ კოალიციაში გაერთიანებას ჩვენი ჩაჩოჩებით ვერ მოახერხებს. როგორც იქნა, მან "რესპუბლიკელების'' ფაქტორი გაიაზრა, თუმცა ამის შემდეგ, რა ნაბიჯს გადადგამს, დრო გვიჩვენებს. ფაქტია, ულტიმატუმებისა და შანტაჟის ენით საუბარმა, სასიკეთო არაფერი მოუტანა.
- სანამ დუმბაძესთან ურთიერთობებს არკვევთ, ბიძინა ივანიშვილმა კოალიციის პრეზენტაციისას საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა - კახა შარტავამ მასტერკლასი ჩამიტარა, როგორი უნდა იყოს გუნდიო. საინტერესოა, რა მასტერკლასი ჩაუტარა კახა შარტავამ ბიძინა ივანიშვილს?
- ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ პოზიტიურად განეწყო კახა შარტავასა და რეზო შავიშვილის გადაწყვეტილების მიმართ, რომლებიც საკუთარი სურვილით, ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეები გახდნენ. მაგალითად, კახა შარტავა ზვიად ძიძიგურის, ხოლო რეზო შავიშვილი, რომელსაც საარჩევნო საკითხებსა და კანონმდებლობაში უზარმაზარი გამოცდილება აქვს, ირაკლი ჩიქოვანის მოადგილეა. მოგეხსენებათ, "ფორუმი'' საკმაოდ გვიან შემოგვიერთდა, ამიტომ ჩამოყალიბებული სტრუქტურების ახლიდან გადაწყობა რომ არ მომხდარიყო, კახა შარტავამ და რეზო შავიშვილმა განაცხადეს - ვის რა გვქვია, მნიშვნელობა არ აქვსო.
- და ეს იმას ნიშნავს, რომ "ფორუმი'' კოალიციაში მეორეხარისხოვან როლს ირგებს?
- ნამდვილად, არა. ის ფაქტი, რომ შარტავა და შავიშვილი მოადგილეები არიან, "ფორუმის'' კოალიციასთან ინტეგრირებას ხელს არ შეუშლის. არავინ ჩათვალოს, რომ "ფორუმი'' მეორეხარისხოვან როლს ასრულებს, კახა შარტავა პოლიტსაბჭოს წევრია, საერთო საკითხების გადაწყვეტაში კი, თვითონ და მისი პარტნიორებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი ამ მასტერკლასს გულისხმობდა.
- თუმცა ამ განცხადების შემდეგ გაჩნდა ვერსია, რომ "ფორუმის'' დანარჩენი ლიდერების გარეშე, კახა შარტავა კოალიციაში არ ერთიანდებოდა და სწორედ შარტავას ამ მიდგომამ აღაფრთოვანა ბიძინა ივანიშვილი...
- ასეთ ფაქტს ადგილი ნამდვილად არ ჰქონია. დაგიდასტურებთ, რომ კახა შარტავასა და რეზო შავიშვილის ზემოთ ხსენებულმა ნაბიჯმა ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული დამოკიდებულება გამოიწვია. მთავარია, ახლა ყველანი ერთად, კოალიციის 12-პუნქტიანი წესდების განმარტებას ვასრულებთ, რომელსაც უახლოეს დღეებში წარვუდგენთ საზოგადოებას. სქელტანიანი დოკუმენტებიც მალე მომზადდება, რომლითაც არჩევნებზე გავალთ. იცით, დღეს ხელისუფლება ვერც ერთ საკითხში ვერ გვედავება. მათ ეგონათ და იმედი ჰქონდათ, რომ ერთი-ორი, შევარდნაძისდროინდელი მწიფე პოლიტიკოსი ჩვენ პოლიტიკურ გუნდში გვეყოლებოდა, მაგრამ, მათთვის სამწუხაროდ, ჩვენ რიგებში ასეთი არავინაა.
- უკაცრავად, საინიაციატივო ჯგუფის წევრი თედო ჯაფარიძე ვისი გუნდიდან მოდის? - ამ განცხადებით ბიძინა ივანიშვილს არ ეწინააღმდეგებით, რომელიც აცხადებს, რომ მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა პოლიტიკოსების წარსულს არ აქვს?
- დიახ, მაგრამ თედო ჯაფარიძე სააკაშვილის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრიც იყო. იცით რა, ნაციონალურ მოძრაობას გადახედეთ - ეს ადამიანები ყველა ხელისუფლებას მოერგნენ, ზოგჯერ ხუმრობენ კიდეც, ჟორდანიას ხელისუფლებაშიც იყვნენ მიშა მაჭავარიანი და გიგი წერეთელიო. სააკაშვილი და რეზო ამაშუკელიც, დიდი ხნის განმავლობაში, ერთ მინდორზე ძოვდნენ და ა.შ. ამ განცხადებით ვინმეს გზას კი არ ვუკეტავ, უბრალოდ, ვამბობ, შევარდნაძისა და აბაშიძის გვერდით პოლიტიკური ფეხის ადგმა, დასაკვეხნი არ არის. ასე რომ, ჩვენთან შევარდნაძის პოლიტიკურ ბარტყებს ვერ იპოვიან. რეალურად, ჩვენ ვქმნით გამოცდილების მქონე, ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ თანამედროვე ხალხის გაერთიანებას. ახლა მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ვიქნებით თუ არა ამომრჩევლის ღირსნი.
1197
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85