პრეზიდენტ კარტერის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების დარგში, ზბიგნევ ბჟეზინსკიმ გაზეთ «კომსომოლსკაია პრავდას» ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. სულ ახლახან ნიუ იორკში ბჟეზინსკის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში სახელწოდებით «სტრატეგიული ხედვა: ამერიკა და გლობალური ძლიერების კრიზისი» ზბიგნევ ბჟეზინსკი იმაზე წერს, რაც მას თანამედროვე მსოფლიოში აშფოთებს.
– თქვენს წიგნში აპოკალიფსურ სურათს ხატავთ, რომლის მიხედვითაც ამერიკა ეკონომიკურ ვარდნასთან ერთად პოლიტიკურ უძლურებასა და სტრატეგიულ იზოლაციაშია, მაშინ, როცა ჩინეთი ისტორიულ ნახტომს აკეთებს.
– მართლაც, თუ ამერიკა განაგრძობს დაქვეითებას საშინაო პოლიტიკაში და გაუაზრებელ საგარეო პოლიტიკას მიჰყვება, მისი დაისი გარდაუვალია. თუმცა საბოლოო ჯამში მოგებული ჩინეთი როდი აღმოჩნდება. გაიმარჯვებს ქაოსი. ჩემი აზრით, უახლოესი 20 წლის განმავლობაში მსოფლიო არენაზე ვერ გამოჩნდება ზესახელმწიფო, რომელიც უკანასკნელი წლების ამერიკას შეედრება, ვინაიდან მსოფლიოში დეცენტრალიზაციის პროცესი მიმდინარეობს. სიმძლავრე, ძალა, გავლენა გარდაუვალად ინაცვლებს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. საჭიროა გონივრული კომპრომისის მიღწევა. თუ ამას ვერ შევძლებთ, მსოფლიო ქაოსი გველის, რომლის იქით შეიძლება საკაცობრიო ცივილიზაციის დასასრულიც იყოს.
– მაინც რატომ კარგავს ასე სწრაფად მსოფლიოში მიმზიდველობას ამერიკა? იქნებ იმიტომ, რომ ამერიკამ საკუთარ თავზე «მსოფლიო ჟანდარმის» ფუნქცია აიღო?
– იმას ვერ ვიტყვით, რომ ამერიკა სრულიად არაპოპულარულია მსოფლიოში, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ჩვენ შემოგვეხარჯა უნიკალური კრედიტი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამ მოგვანიჭა. არადა, 90-იანი წლების დასაწყისში ხომ თითქმის ყველა პოლიტოლოგი ერთხმად ამბობდა, რომ მსოფლიოში ამერიკის უდავო დომინირება იწყება. ჩვენ გვქონდა საშუალება, დაგვეწყო მსოფლიოს გარდაქმნა, მაგრამ შედეგად კიდევ უფრო რთული და მშფოთვარე ვითარება მივიღეთ, ვიდრე მანამდე.
– მიზეზი რა არის?
– ჯერ ერთი, მხედველობაში უნდა მივიღოთ გლობალური პოლიტიკური გამოღვიძების ფენომენი. მანამდე არასოდეს ასე ღიად ხალხებს არ გამოუხატავთ საკუთარი პოლიტიკური თვითშეგნება და პოლიტიკური მისწრაფებები. ამან მსოფლიო რთულად სამართავი გახადა. მეორეც, დასავლეთის დომინირების ფენომენმა არსებობა შეწყვიტა. ყველაფერი ხომ შუა საუკუნეებში, ესპანეთის, როგორც მსოფლიო იმპერიის აღმავლობით დაიწყო, რომელიც საფრანგეთმა შეცვალა, მას ბრიტანეთი მოჰყვა და ბოლოს და ბოლოს, არენაზე ჩვენ, ამერიკელები გამოვჩნდით, თუმცა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მეტად სამწუხარო მოვლენები მოხდა. პირველ რიგში, ამერიკამ საკუთარ შიდასახელმწიფოებრივ განვითარებას არ მიაქცია სათანადო ყურადღება. ჩვენ დავუშვით, რომ ჩვენს საზოგადოებაში სოციალური უთანასწორობა გაღრმავებულიყო. თუ 1990 წელს საწარმოთა დირექტორების ხელფასები 70-ჯერ მეტი იყო საშუალო ამერიკელის ხელფასზე, ახლა ეს განსხვავება 325-ჯერაა გაზრდილი. ამით საზოგადოებაში სამართლიანობა გაითელა, ეს კი სტაბილური სახელმწიფოს ფუნდამენტია.
ჩვენ ისეთი ფინანსური სისტემა განვავითარეთ, როდესაც უზარმაზარი ტრანზაქციები სრულიად უკონტროლოდ ხორციელდება მთელ მსოფლიოში, რასაც წარმოუდგენელ სპეკულაციებამდე და ერთეულების უზომო გამდიდრებამდე მივყავართ.
ჩვენ მივუშვით ინფრასტრუქტურა: ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, განათლება, ჯანდაცვა, რადგან მათში ინვესტირებას არ ვახდენთ.
ჩვენ ომებს ვაწარმოებთ, ოღონდ საკუთარი ბიუჯეტიდან კი არ ვაფინანსებთ, არამედ გაუთავებელ სესხებს ვიღებთ, რამაც გადახდისუუნარო მოვალედ გვაქცია.
შიდა სირთულეები საგარეოპოლიტიკურ პრობლემებთან ურთიერთქმედებს. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ჩვენ ზომიერების გრძნობა და მორიდება დავკარგეთ. ჩვენი წინა პრეზიდენტი (მხედველობაში ჰყავს ჯორჯ ბუშ-უმცროსი) ცდილობდა, თავი ემართლებინა ფრაზით: «ღმერთმა აირჩია ამერიკა მთელი მსოფლიოს ბელადად»! გაითვალისწინეთ, რომ ეს მსოფლიო ბევრად უფრო რთული გახდა.
– თქვენი თანამემამულეებისგან გვსმენია, რომ გამოთქმა «ამერიკული ოცნება» ცარიელ სიტყვებად იქცა.
– ამერიკა ყოველთვის იყო შესაძლებლობათა ქვეყანა და ყველა თაობას ჰქონდა იმედი, რომ მამების თაობაზე უკეთესად იცხოვრებდა, მაგრამ სულ ახლახან ეს პროცესი დამუხრუჭდა. დღეს, მაგალითად, საშუალო ევროპელს მეტი შანსი აქვს, წარმატებას მიაღწიოს ცხოვრებასა და კარიერაში, ვიდრე ამერიკელს.
– ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყანა ამერიკის საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემაზე გადადის: სწავლა ფასიანი ხდება, მცირდება სავალდებულო საგნების სია, უმაღლესში ჩასაბარებლად ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება...
– თქვენ ამერიკისთვის მეტად მტკივნეულ თემას შეეხეთ. ძალიან მაწუხებს განათლების პრობლემა ჩვენს ქვეყანაში. დიახ, ჩვენ დემოკრატია ვართ, რომელიც რთულ სამყაროში გადარჩენას ლამობს გონივრული საგარეო პოლიტიკის განხორციელებით. მაგრამ ეს იმ პირობით არის შესაძლებელი, თუ ქვეყნის მოსახლეობა გონიერი და ჯანსაღად მოაზროვნეა. სხვაგვარად ჩვენ წინაშე მდგომ ამოცანებს ვერ გადავჭრით.
უნდა ვაღიარო, რომ ამერიკელი ხალხი უვიცია. მას არავითარი წარმოდგენა არა აქვს გარე სამყაროზე. ჩვენს სახელმწიფო სკოლებში არ არის საგანი «მსოფლიო ისტორია». ჩვენ ბავშვებს ამერიკის პატრიოტულ ისტორიას ვასწავლით, სინამდვილეში კი ეს შელამაზებული «საშობაო» ისტორიაა, რომელიც შორს არის წარსულის რთული და წინააღმდეგობრივი რეალიებისგან.
მაგალითად ავიღოთ, თუნდაც დამოკიდებულება ამერიკის მკვიდრ მოსახლეობასთან – ინდიელებთან. როგორი საწყენიც უნდა იყოს, უნდა ვაღიაროთ, რომ პირველი ეთნიკური წმენდები «კანონის სახელით» სწორედ ამერიკულ მიწაზე მოხდა! ათასობით ინდიელი აყარეს საკუთარი მიწებიდან პრეზიდენტ ჯეკსონის დროს... გეოგრაფია ავიღოთ. ჩვენ მას არ ვასწავლით! ამერიკული კოლეჯების ახლანდელი აბიტურიენტების 52%-ს არ შეუძლია რუკაზე გაჩვენოთ, სად მდებარეობს ნიუ იორკი. 2003-2010 წლებში უმაღლეს სასწავლებელში შემსვლელთა 70%-ს რუკაზე ერაყის პოვნა არ შეეძლო, ეს კი ის ქვეყანაა, რომელშიც ვომობდით! ერთხელ მომავალ სტუდენტებს შესთავაზეს რუკაზე ცისფრად დატანილი ტერიტორიის იდენტიფიცირება. მათგან 30% ვერ მიხვდა, რომ ეს წყნარი ოკეანე იყო! თქვენ გეღიმებათ, მაგრამ ეს სულაც არ არის სასაცილო. აქედან მოდის ამერიკელების დიდი ნაწილის მეტისმეტად მსუბუქი დამოკიდებულება საგარეო პოლიტიკის საკითხებისადმი. თანაც, როგორი სახით სთავაზობენ საერთაშორისო პრობლემატიკას საჯარო დისკუსიებში? ზედაპირულად, შავ-თეთრ ტონებში, დემაგოგიის პრევალირებით.
– მოძრაობას «დაიკავე უოლ სტრიტი» როგორ შეაფასებთ?
– ემოციურ დონეზე მათ მიმართ სიმპატიები მაქვს. ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ ეს მოძრაობა ობიექტური შედეგია თანამედროვე საზოგადოებაში პოლიტიკური და სოციალური იდეების პოლარიზაციისა, სხვადასხვა ჯგუფის ინტერესების შეჯახებისა. შესაძლოა, ეს ჩინებული სიგნალია, რომელიც ხელისუფლებამ უნდა შეისმინოს... მაგრამ საკითხავია: რა საჭიროა საკუთარი ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდება სიცივეში კარვებში ღამისთევით? თანაც, მათი გამოსვლები უმართავ სოციალურ კონფლიქტში გადაზრდის საფრთხეს შეიცავს. და ის, რაც გასული წლის აგვისტოში ლონდონში მოხდა, – მასობრივი უწესრიგობა, დარბევები, მაროდიორობა, რასაც ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა, თვალნათლივ აჩვენებს უპასუხისმგებლობას და უკონტროლო სისასტიკეს, რომელშიც მშვიდობიანი პროტესტი შეიძლება გადაიზარდოს. და მაინც ვფიქრობ, რომ ამერიკულმა დემოკრატიამ უნდა ნახოს საკუთარ თავში ძალა, რათა არ გამოიყენოს რეპრესიული ზომები ამ მოძრაობის მონაწილეთა მიმართ.
– 2007 წელს თქვენ მხარი დაუჭირეთ ბარაკ ობამას წამოყენებას პრეზიდენტის პოსტზე. ამბობენ, რომ თქვენ ახლა მისი საიდუმლო მრჩეველი ხართ საგარეო პოლიტიკის საკითხებში.
– ეს ასე არ არის. მე დროდადრო საშუალება მაქვს, ამა თუ იმ პრობლემაზე ჩემი შეხედულება გავაცნო, მაგრამ, თუ ეს ყოველდღიურად, რეგულარულად არ ხდება, თუ არ არის კამათი მოწინააღმდეგეებთან, რომლებიც ასევე ცდილობენ პრეზიდენტზე ზეგავლენას, თქვენ სრულად ვერ აკონტროლებთ სიტუაციას. თუმცა ობამა ჭკვიანი კაცია და მშვენივრად ერკვევა, რა რას ნიშნავს.
– როგორია, თქვენი აზრით, იმის შესაძლებლობა, რომ ამერიკამ უახლოეს ხანებში ირანის წინააღმდეგ ომი წამოიწყოს?
– ირანი სერიოზული პრობლემაა, რომლის გადასაწყვეტად ბრძნული მიდგომაა საჭირო. უბრალოდ, ომში ჩათრევა არაგონივრულია, განსაკუთრებით, ავღანეთში ათწლიანი სამხედრო მოქმედებების გამოცდილების მიღების შემდეგ, მით უმეტეს, რომ ამგვარი ომის შედეგების განჭვრეტა რთულია. დღევანდელი ომები ამერიკას არცთუ იაფი უჯდება. ჩვენ მოვახერხეთ ნაცისტურ გერმანიაზე და მილიტარისტულ იაპონიაზე გამარჯვება ოთხი წლის შემდეგ, საბჭოთა არმიასთან ერთად, რა თქმა უნდა... თალიბანთან ახლანდელი ომი, უკვე ათი წელია, მიმდინარეობს და სიმართლე რომ ვთქვათ, ბოლო არ უჩანს. რამდენი წელი დასჭირდა ერაყის გაწმენდას? თუმცა იქ ახლაც არ არის სიმშვიდე.
– როგორ აფასებთ სიტუაციას თეირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ?
– სიტუაცია გადაულახავი არ არის და შეკავებას ექვემდებარება. 40 წლის განმავლობაში, «ცივი ომის» დროს ჩვენ საბჭოთა კავშირთან ბირთვული შეკავების პოლიტიკას ვატარებდით, ვაკავებდით ჩინეთსაც «უკანასკნელი არგუმენტის» გამოყენებისგან. არ მინდა დაწვრილებით დაკონკრეტება, მაგრამ მე მევალებოდა აშშ-ის პრეზიდენტის პასუხის კოორდინირება ჩვენ წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში. ერთხელ თანაშემწემ, რომელსაც გენერლის ჩინი ჰქონდა, გამაღვიძა და მითხრა, რომ ბირთვული შეტევა დაიწყო. უნდა გამოგიტყდეთ, რომ თავიდან გონს მოსვლა და ყურადღების მოკრეფა გამიჭირდა. ვიცოდი, რომ ჩემი ოჯახი, რომელიც ვაშინგტონში იმყოფებოდა, 20 წუთში დაიღუპებოდა. მთელი ჩემი გონება ამ ფაქტის გაცნობიერებისკენ იყო მიმართული. შემდეგ კი სიმშვიდის საოცარი გრძნობა მოვიდა: მორჩა, ეს დასასრულია ყველასთვის და, საითაც ჩვენ მივემართებით, ჩვენი მტერიც იქ აღმოჩნდება... საბედნიეროდ, ეს ცრუ განგაში აღმოჩნდა.
დღეს ამერიკა ახერხებს ირანის ბირთვული ამბიციების შეკავებას იმის მუქარით, რომ პარალიზების ძალის მქონე პასუხი იქნება. დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ საკუთარ თავზე ავიღებთ საჯარო ვალდებულებას, როგორიც ევროპაში ნატოს მოკავშირეების დასაცავად ავიღეთ, მაშინ ნებისმიერი მუქარა ირანის მხრიდან (მის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებისა და ახლო აღმოსავლეთში _ ისრაელისა და არაბული სახელმწიფოების მიმართ მისი შემდგომი გამოყენების შემთხვევაში) აშშ-ის მიერ განხილული იქნება როგორც შეტევა თავად აშშ-ზე. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ბირთვული იარაღის პოტენციური ფლობა წონადი მიზეზია, რის გამოც ამერიკა წინდახედული უნდა იყოს, სანამ ამ რეგიონში ომს წამოიწყებს. ამგვარ ომებს გამარჯვებული არა ჰყავს. არ ღირს ილუზიების ტყვეობაში ყოფნა.
– თქვენ ამერიკელი პოლიტოლოგი ხართ, რომლის სპეციალიზაცია, უკვე ექვსი ათეული წელია, რუსეთია. როგორ ხედავთ მის აწმყოსა და მომავალს?
– ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთი დემოკრატიისკენ მიდის. შეუძლებელია, არ აღინიშნოს თქვენთან სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების დაწყება. ოპოზიცია საკუთარ თავს ინტერნაციონალურ საშუალო კლასს აკუთვნებს, რომელიც ფინანსურად საკმარისად დამოუკიდებელია, რათა საზღვარგარეთ იაროს და იქ განათლება მიიღოს. იგი გრძნობს საკუთარ ნათესაობას ევროპულ კულტურასთან და თავს დასავლეთის ნაწილად მიიჩნევს. ამერიკის ამოცანაა, დაეხმაროს მათ ამაში. არ შეიძლება პარალელისთვის უკრაინა არ გაიხსენო. იქაც მსგავსი პროცესები მიმდინარეობს. მართებული იქნება, თუკი უკრაინა, რომელიც დასავლეთისკენ მიილტვის და ამავე დროს ახლოსაა რუსეთთან, მისი ანტაგონისტი კი არ გახდება, არამედ მასაც იმავე მიმართულებით წაიყვანს. თუ ამერიკა საკმარის სიბრძნეს გამოიჩენს, მაშინ შემდგომი 20-30 წლის განმავლობაში მსოფლიო მნიშვნელოვან ცვლილებებს დაინახავს დედამიწის ამ ნაწილში. მათი შედარება გასული საუკუნის 90-იან წლებთან იქნება შესაძლებელი, როცა სრულიად მოულოდნელად შობის დამდეგს საბჭოთა კავშირი დაინგრა...
2117
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85