ლალი პაპასკირი, "კვირისპალიტრა.გე"
"მატერიალურად შეჭირვებულ მშობლებს ხელისუფლება ინვალიდი ბავშვების მოცილებას აიძულებს", - ასე აფასებს ინვალიდ ბავშვთა მშობლების ერთი ნაწილი ახალ კანონს. მათი თქმით, იმ ოჯახებს, ვისაც უნარშეზღუდული ბავშვის მოვლისა და შენახვის საშუალება არ აქვთ, სახელმწიფო 70 ლარით ეხმარება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ბავშვს ცალკეულ ინსტიტუციაში ჩააბარებს, მის მომვლელს სახელმწიფო 600 ლარს გადაუხდის.
მანანა კაპანაძე, ინვალიდი ბავშვის მშობელი:
- საზღვარგარეთიდან გრანტები შემოდის და ამიტომაც აწყობთ, ბავშვები ინსტიტუციაში ჩავაბაროთ. სხვა რა ახსნა აქვს იმას, რომ ხელისუფლება ჩვენ 70 ლარს გვიხდის თვეში, ხოლო მომვლელს 600 ლარს სთავაზობს? უცხო ადამიანი შვილს დედაზე კარგად მოუვლის? თანხასთან ერთად ამ ბავშვების ტანსაცმელსაც ითვისებენ და არავინ იცის, სად მიაქვთ. ამ დროს კი ჩვენი ბავშვები ექიმის უმეთვალყურეოდ გვყავს სახლში, რადგან ექიმის ვიზიტი იმდენი ღირს, ჩემნაირი შემოსავლის მქონე ადამიანი ვერ გაწვდება.
"ხალხის პარტიის“ ლიდერსა და "ქართული ოცნების" წევრ კობა დავითაშვილს ეს კანონი პარადოქსულად მიაჩნია და ამბობს, რომ იმ ადამიანს, ვინც უმძიმეს პირობებში თავად ზრდის შვილს, მხოლოდ 70 ლარს უხდიან იმ "გამამართლებელი მიზეზით" რომ სახელმწიფოს მეტი რესურსი არა აქვს. არადა, ის 70 ლარი ზღვაში წვეთია, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სტატუსი რომ განესაზღვროთ, ექსპერტიზისთვის თანხის გადახდა თავად უწევთ.
"ასეთია სახელმწიფოს დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ. ამ გაჭირვებული ოჯახებისთვის, რომლებმაც ყველაფერი გაყიდეს, 40-50 ლარის გადახდა მეტად რთულია. ამ ბავშვებს თვეში 200 ლარის მხოლოდ პამპერსები სჭირდებათ“, - აცხადებს "ხალხის პარტიის" ლიდერი.
რა ხელს აძლევს სახელმწიფოს ჯანმრთელობაშერყეული ბავშვის ცალკეულ ინსტიტუციაში ჩაბარება და რატომ უხდიან ინვალიდი ბავშვის დედას მხოლოდ 70-ლარიან შემწეობას, ამის გარკვევას შესაბამის სახელმწიფო უწყებაში ვცადეთ. სოციალური სუბსიდიების სააგენტოში ირწმუნებიან, რომ საზოგადოებამ ახალი ინიციატივა არასწორად გაიგო.
სოციალური სუბსიდიების სააგენტოს წარმომადგენელი:
- სამწუხაროა, რომ საზოგადოებამ ასე აღიქვა ეს ინიციატივა. ეს 600 ლარი სრულიად სხვა კომპონენტია. ეს თანხა არის იმ მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ. ეს არის ის კატეგორია, რომლის დედებსაც მიზეზთა გამო დედობის უფლება ჩამორთმეული აქვთ და სწორედ ამ მიზეზით მოხდა მათი გაშვილება. ეს იქნება ბავშვის განთავსების დროებითი ადგილი, ბიოლოგიურ ოჯახს მიახლოებული გარემო, რომელიც სახელმწიფოსა და მსურველ ოჯახებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად იქმნება და რომლის ფარგლებშიც ნებისმიერი ბავშვის დეინსტიტუციონალიზაცია ხდება. ეს პროცესი გულისხმობს დიდი მოცულობის ბავშვთა სახლების დახურვასა და მათი ბიოლოგიური ოჯახების მიახლოებული გარემოთი შეცვლას.
- თქვენ მიერ ნახსენები ინიციატივა მხოლოდ უნარშეზღუდულ ბავშვებზე ვრცელდება, თუ მზრუნველობამოკლებულ, ჯანმრთელ მოზარდებსაც ეხება?
- ეს ინიციატივა ეხება ორივე კატეგორიას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი მუდმივად იქ რჩება. მხოლოდ იმ მოზარდთა დეინსტიტუციონალიზაცია ხდება, ვინც ოჯახში ძალადობის მსხვერპლია ან ჩვილობაში დედამ მიატოვა.
- ამ ბავშვების მომვლელებს უხდის სახელმწიფო 600 ლარს?
- არა, ეს არ არის ხელფასის ოდენობა. ეს თანხა გამოყოფილია აუცილებელი საჭიროებისთვის. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის არსებობს სოციალური პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ისინი უფასო სამედიცინო დაზღვევასა და სხვა ფულად დახმარებებს იღებენ; მხოლოდ 70-ლარიან დახმარებაზე არც ერთი ოჯახი არ არის.. ცუდია, რომ საზოგადოება ამას არასწორად - მზრუნველობამოკლებული ბავშვის გაშვილებად აღიქვამს.
1108
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85