ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით დაზარალებულებს სიცოცხლე შეაძულეს. რას აღარ ცდილობენ გაჭირვებული გლეხები რომ გამოუვალ მდგომარეობას თავი დააღწიონ. სააკაშვილს კი ამ დროს პრობლემა მოგვარებული ჰგონია, რადგან ამ 3 თვის წინათ რომელიღაც რიგით შეხვედრაზე მორიგი შემთხვევითი ფრაზა წამოისროლა, რომელიც ჩირადაც არავის ჩაუგდია.
სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამით დაზარალებულმა გლეხებმა არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნეს. ორგანიზაციას ერთ-ერთი დაზარალებული ელიზავეტა ფიოდოროვა-ქორიძე ხელმძღვანელობს. მას სესხის გამო უძრავი ქონება ბანკში აქვს დაყადაღებული, სიმინდი კი აბაშის საცავში უფუჭდება.
„ჩვენ სახელმწიფო პროგრამით დაზარალებული ადამიანები ვართ და სახელმწიფოსგან ვითხოვთ თანადგომას. ისე გვექცევიან, როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. მითხრეს, თურმე დამირღვევია დათესვის ვადები, წესები და ამიტომ ვერ მივიღე მოსავალი. ყველა დოკუმენტი შენახული მაქვს, რა, როდის და რა ფასად ვიყიდე. ჰერბიციტებიც ყველაზე მაღალფასიანი გამოვიყენე, ყველა წესი დავიცავი. მოსავალიც არ იყო და ფასიც განახევრებულია, რასაც გვპირდებოდნენ. ამიტომაც დიდი ვალი დაგვედო“, - განუცხადა ფიოდოროვამ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
ასეთ დღეში არიან სხვა დაზარალებულები, ამიტომ ისინი საქართველოს პრეზიდენტს საჯაროდ მიმართავენ:
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2011 წელს გამოაცხადა „სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა“. ახლა უკვე ექსმინისტრის, ბაკურ კვეზერელის და მასთან ერთად, თითქმის მთელი სამთავრობო გუნდის დაპირება იმის შესახებ, რომ ამერიკულ სიმინდს აგროსექტორის განვითარებაში უდიდესი წვლილი უნდა შეეტანა და სულ ცოტა 5-ჯერ უნდა გაეზარდა არსებული სიმინდის მოსავალი, ამ პროგრამაში მონაწილე ადამიანების ოჯახები ასობით ათასი ლარის შემოსავალს მიიღებდნენ, ცრუ დაპირებად დარჩა.
რაც ითქვა და გაკეთდა, თქვენ ჩვენზე უკეთ იცით, მაგრამ არა გვგონია, ზემოთხსენებული პროგრამის ჩავარდნის შემდეგ დაზარალებული ხალხის გასაჭირი და პრობლემები მოჰქონდეთ თქვენამდე. სწორედ იმისთვის, რომ ჩვენი სატკივარი თქვენამდე მოვიტანოთ, ამ ორგანიზაციის შექმნა გადავწყვიტეთ.
არ იფიქროთ, რომ თქვენ ბრძანდებით პირველი ადამიანი, ვისაც ჩვენს პრობლემებს ვაცნობთ. თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი სცადა, რომ არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი გვეპოვა. ყველა შეხვედრა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ დონეზე გაურკვეველი დაპირებებით სრულდებოდა. ხავსს მოკიდებულები დანაპირების ასრულების მოლოდინში, პირისპირ აღმოვჩნდით ბანკებთან. დრო ჩვენზე ძალიან ცუდად მოქმედებს, რადგან თითოეულ ჩვენგანს, სოფლის მეურნეობის კორპორაციის მიერ მოწოდებული უვარგისი სათესლე მარცვლისა და მისგან აღმოცენებული უვარგისი ნაყოფის გამო, ბევრ შემთხვევაში კი მოსავალი საერთოდ ვერ მივიღეთ, ძალიან დიდი პრობლემები შეგვექმნა.
მოგეხსენებათ „სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში მოხდა კრედიტების გაცემა და ამ კრედიტების უზრუნველსაყოფად ყველა ჩვენგანს საცხოვრებელი სახლი აქვს ბანკში ჩადებული.
ბატონო ბრეზიდენტო, გთხოვთ, შეისწავლოთ ჩვენი პრობლემები და „სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელების მიზნით აღებული ვალების ჩამოწერა მოახდინოთ. თქვენი გულისხმიერების იმედი გვაქვს და მოლოდინი იმისა, რომ ჩვენს თხოვნას დადებითად გადაწყვეტთ“, - აღნიშნულია წერილში.
არადა, რასაც ეს ადამიანები ითხოვენ, წესით და რიგით, უკვე მოგვარებული უნდა იყოს. ჰიბრიდული სიმინდით დაზარალებული ადამიანებისათვის დავალიანების ჩამოწერის ინიციატორი ამ 3 თვისწინათ თავად პრეზიდენტი სააკაშვილი იყო. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ პრეზიდენტის სიტყვა ჩირადაც არავის ჩაუგდია.
2012 წლის იანვრის შუა რიცხვებში გაირკვა, რომ სოფლის მეურნეობის კორპორაციამ ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის შედეგად დაზარალებულ ფერმერებს დავალიანების ჩამოწერაზე უარი უთხრა.
დეპუტატი გიორგი ახვლედიანი სამტრედიის რაიონის მოსახლეობას შეხვდა და გლეხებს სოფლის მეურნეობის კორპორაციის წერილი გააცნო, სადაც საუბარია იმის შესახებ, რომ სიმინდის ჰიბრიდული თესლის შესაძენად ბანკიდან გამოტანილი თანხების ჩამოწერა არ მოხდება და გლეხებს დარიცხული პროცენტების გადახდაც მოუწევთ.
„ეს არის წარმოუდგენელი თავხედობა... ყველას კარგად გვახსოვს პრეზიდენტის საჯარო დაპირება, როცა მან განაცხადა, რომ ყველას, ვინც ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის შედეგად დაზარალდა, დავალიანება უნდა ჩამოეწეროს და უფრო მეტიც, საუბარი იყო კომპენსაციებზეც... დღეს ეს ყველაფერი დავიწყებულია, პრეზიდენტის ბრძანება კი - იგნორირებული“, - განაცხადა მაშინ ახვლედიანმა.
ახვლედიანმა დაგეგმილზე ბევრად მცირე მოსავალსა და გასაყიდი სიმინდის დაბალ ფასზეც ისაუბრა, რაც მისი თქმით, ბანკის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას ერთიორად ართულებს.
„აქაურმა ფერმერებმა შეასრულეს ყველა რეკომენდაცია აგროვადების დაცვიდან დაწყებული სასუქის შეტანით დასრულებული, მაგრამ შედეგი მაინც სავალალოა. აქედან გამომდინარე ჩვენ გაგვიჩნდა ეჭვი სიმინდის თესლის ვარგისიანობასთან დაკავშირებით, რისი გადამოწმებაც ვცადეთ, მაგრამ ყველა სერტიფიცირებულმა ლაბორატორიამ უარი გვითხრა კვლევის ჩატარებაზე, რაც ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს“, - აღნიშნა ახვლედიანმა.
საბოლოოდ, აქედან არაფერიც არ გამოვიდა: ქდმ - ყეფს, პრეზიდენტის აქლემებით დაკომპლექტებული ქარავანი კი მიდის...