"საკრედიტო ნარკომანიის" საფრთხე საქართველოში


მას შემდეგ, რაც საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ბაზარზე საკრედიტო ბარათები გამოიტანეს, ამ პროდუქტზე მოთხოვნა ყოველწიურად იზრდება. შესაბამისად, მატულობს მომხმარებლების პრეტენზიებიც, რაზეც ეროვნული ბანკის მონაცემებიც მეტყველებს. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2011 წლის დეკემბერში კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 203 შეადგინა, საიდანაც 94 ერთეული სწორედ საკრედიტო ბარათებს უკავშირდება.

"საკრედიტო ბარათის ყველაზე დიდი და ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რა თქმა უნდა, არის, "საკრედიტო ნარკომანიის" საფრთხე. პრინციპი - პირველი დოზა უფასოდ, შემდგომზე კი იხდი - საკრედიტო ბარათების შემთხვევაში განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს", - აცხადებს ექსპერტი საბანკო საკითხებში ლია ელიავა და აქვე დასძენს, რომ ფულისა და საქონლის ადვილი ხელმისაწვდომობა სიფხიზლისა და საღი გონების მომადუნებელი გარემოებებია. ეს არის მძიმე ფსიქოლოგიური მომენტი, რომლის გადალახვის უნარი ყველას არ შესწევს და რომლის სავალალო შედეგიცაა საკრედიტო ბარათის მომხმარებლის ბიუჯეტის სერიოზული ზარალი.

საკრედიტო ბარათების ბუმი და უკმაყოფილო მსესხებლები

საკრედიტო ბარათი არის ორი საბანკო პროდუქტის - პლასტიკური ბარათისა და სამომხმარებლო სესხის სინთეზი. ეს არის პლასტიკური ბარათი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს საბანკო კრედიტით შეიძინოს საქონელი ან მომსახურება სავაჭრო ობიექტში, ინტერნეტით და ან გაანაღდოს კრედიტის თანხა. ბარათს აქვს საკრედიტო ლიმიტი, ანუ კრედიტის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც განისაზღვრება ინდივიდუალურად, მომხმარებლის საკრედიტო ისტორიისა და მისი შემოსავლების გათვალისწინებით. შეიძლება საკრედიტო ლიმიტის გაზრდაც. მომხმარებელს შეუძლია აითვისოს თანხა მისთვის სასურველ დროს და ნებისმიერი პერიოდულობით საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში, შესაბამისად, საკრედიტო ბარათს არ აქვს დაფარვის სტანდარტული გრაფიკი.

უმეტეს საკრედიტო ბარათზე მოქმედებს ე.წ. საშეღავათო პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დავალიანების სრულად დაფარვის შემთხვევაში ათვისებულ თანხას არ ერიცხება პროცენტი. თუ მომხმარებელმა სრულად ვერ დაფარა ათვისებული თანხა საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, ის ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდების ბოლოს დაფაროს ათვისებული თანხის გარკვეული წილი და დარიცხული პროცენტი.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბარათის განაღდების საკომისიო, ხშირ შემთხვევაში, აღემატება სავაჭრო ობიექტებში ბარათით განხორციელებული ოპერაციის საკომისიოს. საკრედიტო ბარათზე დარიცხულ თანხას კი მომხმარებლების დიდი ნაწილი სწორედ "ქეშის" სახით იყენებს, რაც საპროცენტო განაკვეთს უფრო ზრდის. ამიტომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ასეთი ტიპის ბარათისადმი პრეტენზიები მუდმივად უჩნდება.

40 წლის აკაკი კალანდაძე უკვე წლებია ერთ-ერთი ბანკის საკრედიტო ბარათის მფლობელია და ამბობს, რომ აღნიშნული ბარათის აღება უკიდურესი აუცილებლობის გამო მოუწია.

"თავდაპირველად მოვითხოვე, რომ მიმეღო საკრედიტო ბარათი, ბანკმა 700-ლარიანი ბარათი მომცა. შემდგომ ისევ მივედი და მოვითხოვე, რომ ლიმიტი მაქსიმუმამდე გაეზარდათ. გაზარდეს კიდეც და დღეს მაქვს 1 500-ლარიანი საკრედიტო ბარათი. ყოველთვე ვიხდი მინიმუმს და დარღვევები არ მაქვს. ამ ეტაპზე არ დამითვლია თუ რამდენი მაქვს სულ გადახდილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სულ გადახდილი 2-ჯერ 1 500 ლარი მაინც მექნება.

საერთოდ, საკრედიტო ბარათის აღება მომხმარებელთა 80%-ში გამოწვეულია უკიდურესი აუცილებლობით. ევროპაში ასეთი ტიპის ბარათს რაღაც ნივთის შესაძენად იღებენ, ჩვენთან კი პირიქით ხდება, მას უკიდურესი აუცილებლობისთვის იყენებენ. ბარათს სასიცოცხლო აუცილებლობისთვის ვიღებთ, რადგან სხვა გამოსავალი არ გვაქვს.

პირადად, მე არ ვნანობ, რომ ამ ბარათს ვიყენებ, ვნანობ და განვიცდი იმას, რომ ისეთ სიტუაციაში ჩავვარდი, როდესაც აუცილებელი გახდა საკრედიტო ბარათი ამეღო და იქ დარიცხული თანხა "ქეშად" გამომეტანა", - ამბობს აკაკი კალანდაძე.

საკრედიტო ბარათით სარგებლობს 25 წლის ნინო ნაკაშიძე. ამბობს, რომ ერთი სურვილი აქვს ბარათზე არსებული ლიმიტი სრულად დაფაროს.

"თავდაპირველად ერთ-ერთმა ბანკმა 200-ლარიანი საკრედიტო ბარათი მომცა, შემდეგ მივედი და ვითხოვე ლიმიტის გაზრდა. დღეს მაქვს 400-ლარიანი ბარათი და ძალიან მინდა, რომ მალე დავფარო ეს ბარათი. ყოველთვის ვიხდი მინიმუმს, რამდენიმე თვის შემდეგ ისევ გამომაქვს და ასე დროში იწელება ამ ვალის გადახდა.

როცა დავფარავ, საერთოდ გავაუქმებ ამ ბარათს და ბანკში, უფრო ზუსტად ბანკომატთან მხოლოდ ხელფასის ასაღებად მივალ. ამ საკრედიტო ბარათმა შეიძლება ითქვას, რომ სიცოცხლე გამიმწარა", - ამბობს ნინო ნაკაშიძე.

"საკრედიტო ნარკომანიის" საფრთხე

ექსპერტი საბანკო საკითხებში ლია ელიავა ამბობს, რომ სამომხმარებლო ბუმი, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამი წლის წინათ, თანდათანობით ბრუნდება. სამომხმარებლო დაკრედიტების ისეთი სახეები, როგორიცაა საკრედიტო ბარათები, არამიზნობრივი კრედიტები, ავტოკრედიტები, სასაქონლო კრედიტები და იპოთეკა, თანდათანობით ისევ იპყრობენ მომხმარებლებს.

"საკრედიტო ბარათი გახდა საზოგადოებისთვის მოხმარების სიმბოლო, რომელიც საშუალებას იძლევა შეიძინო, რაც გინდა და როცა გინდა. საკრედიტო ბარათი მომხმარებლისათვის წარმოადგენს სესხს დროის ნებისმიერი მომენტისათვის და მის ასაღებად არ არის საჭირო კრედიტის გაფორმება. ამასთან, ეს სესხი არის რევოლვერული, ანუ მისი ნაწილობრივი ან სრული დაფარვისას იგი ისევ არის ხელმისაწვდომი.

დამატებითი სიკეთეები, რომლებითაც შეუძლია საკრედიტო ბარათის მფლობელს ისარგებლოს, ჯერჯერობით ფართოდ არ არის გავრცელებული ჩვენი ქვეყნის საბანკო სექტორის პრაქტიკაში, თუმცა ეს მიღებულია უცხოეთის ქვეყნებში. მხედველობაში მაქვს საკრედიტო ბარათზე დაწესებული საშეღავათო პერიოდი, ანუ საქონლისა და მომსახურების შეძენისათვის კრედიტით სარგებლობის საშეღავათო პერიოდი. ასევე ფასდაკლებები საკრედიტო ბარათებით სარგებლობისათვის პარტნიორი კომპანიების სავაჭრო ობიექტებში", - აცხადებს ელიავა.

ექსპერტის თქმით, საკრედიტო ბარათები, რა თქმა უნდა, წარმოადგენენ ბანკების ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან პროდუქტს, რადგან ასეთი ტიპის ბარათზე ყველა ბანკი ყოველთვის მაღალ საპროცენტო განაკვეთს ადგენს, ვინაიდან ეს ბარათები სამომხმარებლო დაკრედიტების სხვა სახეებთან შედარებით ყველაზე მაღალი რისკის მატარებელია.

"ამავე მიზეზით საკრედიტო ბარათებზე ბანკები აწესებენ დამატებით საკომისიოსაც. გარდა ამისა, ვინაიდან საკრედიტო ბარათი რევოლვერული ხასიათისაა, იგი არ მოითხოვს დოკუმენტების დამატებით გაფორმებას, რაც ბანკის რესურსების ეკონომიის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს", - დასძენს ელიავა.

ექსპერტის თქმით, იმისდა მიხედვით თუ რამდენად სწორად იქნება გამოყენებული სამომხმარებლო კრედიტი, განსაკუთრებით კი საკრედიტო ბარათი მომხმარებლის მიერ, დამოკიდებულია იმაზე, გახდება თუ არა იგი გაღატაკების წყარო. საკრედიტო ბარათის სიძვირე და ადვილი ხელმისაწვდომობა წარმოადგენს სერიოზულ რისკს იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც არ ან ვერ აკონტროლებენ საკუთარ ხარჯებს.

გარდა ამისა, როგორც ელიავა აცხადებს, ძალიან ხშირად მომხმარებლებს ავიწყდებათ ფუნდამენტური სიბრძნე - იღებ სხვის ფულს დროებით, ხოლო აბრუნებ საკუთარ ფულს სამუდამოდ.

"საკრედიტო ბარათს ჩვეულებრივ თან ერთვის ხელშეკრულება, რომელიც გადატვირთულია ფინანსური განათლების არმქონე პირისათვის გაუგებარი ტერმინებით და ჩახლართული პირობებით. ხშირად სწორედაც რომ ბარათით სარგებლობის პირობებში გაურკვევლობა ხდება მომხმარებლის ვალებში გახვევის და უზომოდ დიდი ხარჯის გაწევის მიზეზი. საკრედიტო ბარათს შეიძლება ახლდეს ისეთი საკომისიო გადასახდელები, როგორიცაა ანგარიშის გახსნა და დახურვა, ჯარიმები, შეიძლება ხელშეკრულებაში გაიწეროს საკომისიო-ჯარიმა ბარათის გამოუყენებლობაზე და სხვა მრავალი.

სწორედაც რომ მომხმარებლის მხრიდან ასეთი დეტალების უცოდინარობა ხშირად წარმოადგენს მასსა და ბანკს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის წყაროს. ინფორმაციული გაუთვითცნობიერებლობის შედეგს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კლიენტმა ხშირად არ იცის თუ რა მოცულობის ფული დარჩა საკრედიტო ბარათზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას იყენებს საზღვარგარეთ. უცხოეთიდან მონაცემებს ბანკი იღებს დაგვიანებით და სანამ ბალანსი დაზუსტდება, მომხმარებელს შეიძლება დაერიცხოს ჯარიმა", - აცხადებს ელიავა.

გარდა ამისა, ბანკები კლიენტებისაგან არ მოითხოვენ ვალის დაფარვას მთლიანი მოცულობით, საკმარისია თანხის ნაწილის შეტანა ყოველთვიურად. ამასთან, ბანკები კლიენტის ყურადღებას არ ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ სრულად დაუფარავ კრედიტზე ერიცხება გადასახდელი პროცენტები, რაც ზრდის კლიენტის დავალიანებას. გამომდინარე აქედან, ყოველთვიურად კლიენტის მიერ საკრედიტო ბარათის მეშვეობით განხორციელებული ხარჯები სულ უფრო ძვირი ხდება.

საკრედიტო ბარათის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები ჩნდება საქონლის ყიდვის შემდეგ მყიდველი უკან აბრუნებს მას და შესაბამისად, ბარათზეც ფულის დაბრუნება უნდა მოხდეს. გაურკვეველია ასევე ბარათით ნაღდი ფულის აღების ოპერაცია, რომლის დროსაც საკომისიო გადასახდელი იმაზე მეტია, ვიდრე იგი არის დაწესებული სადებეტო ბარათზე.

"ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკრედიტო ბარათის ყველაზე დიდი და ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რა თქმა უნდა, არის "საკრედიტო ნარკომანიის" საფრთხე. პრინციპი - პირველი დოზა უფასოდ, შემდგომზე კი იხდი - საკრედიტო ბარათების შემთხვევაში განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს. ფულისა და საქონლის ადვილი ხელმისაწვდომობა სიფხიზლისა და საღი გონების მომადუნებელი გარემოებებია.

ეს არის მძიმე ფსიქოლოგიური მომენტი, რომლის გადალახვის უნარი ყველას არ შესწევს და რომლის სავალალო შედეგიცაა საკრედიტო ბარათის მომხმარებლის ბიუჯეტის სერიოზული ზარალი", - დასძინა "რეზონანსთან" საუბარში ლია ელიავამ.