"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"პრეზიდენტი გუშინ მაასტრიხტის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა, სადაც ლექცია წაიკითხა და სტუდენტებთან და პროფესორებთან დებატებშიც მიიღო მოინაწილეობა. პრეზენტაციის შემდეგ პრეზიდენტმა სტუდენტებისა და პროფესორების კითხვებს უპასუხა. სწორედ ამ კითხვა-პასუხისდროს განაცხადა, რომ საქართველოში "პლურალიზმის ნაკლებობა კი არა, პროფესიონალი ჟურნალისტების ნაკლებობაა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რას ფიქრობენ პროფესიონალები სააკაშვილის მიერ ქართული ჟურნალისტიკის კრიტიკაზე / სააკაშვილი: "ქვეყანაში პლურალიზმი არის, კარგი ჟურნალისტიკა - არა".
"ამ სფეროს შიგნით ვარ და ვიცი, რომ ჟურნალისტიკა, სამოქალაქო სექტორთან ერთად, ერთ-ერთი განვითარებული პროფესიათაგანია ქვეყანაში. ჟურნალისტიკა უკეთ ვითარდებოდა 2003 წლამდე, ხოლო ვარდების რევოლუციის შემდეგ მისი განვითარება, ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო შეფერხდა. პრეზიდენტთან პაექრობა არ არის ჩემი მიზანი, მაგრამ არა მგონია, რომ დღეს საქართველოს ჟურნალისტიკაში პროფესიონალების ისეთი დეფიციტი იყოს, რომ საქმის კეთება პრობლემა გახდეს. უბრალოდ, საჭიროა იმ პროფესიონალების მიშვება საქმემდე, რომლებიც, ვიცით როგორ კონტროლდებიან და როგორ ამინდს ქმნიან მედიაში. მოგეხსენებათ, რომ კავკასიის მედია-სკოლის დეკანი ვარ. ჩვენ ვიზიდავთ ძალიან კარგ პროფესიონალებს, თუმცა აქედან წასვლის შემდეგ ამ ადამიანებს პროფასიონალიზმის გამოვლენის საშუალება არ ეძლევათ, რადგან მედიის უმეტესი ნაწილი ხელისუფლების მიერ კონტროლდება. შესაბამისად, ის ვინც გახადა ეს პროფესია ასეთი შეურაცხყოფილი და ვინც ჟურნალისტთა დისკრედიტაცია მოახდინა - ნუ ისაუბრებს ამ პროფესიის ხარვეზებზე. მით უმეტეს პრეზიდენტი, რომელიც ერთ-ერთი პირველია ამ საქმეში", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კავკასიის მედია-სკოლის დეკანი ნინო ჟიჟილაშვილი.
"დღევანდელ გარემოში, სამწუხაროდ, გაცილებით წარმატებული არიან ის ჟურნალისტები, რომლებსაც ხელისუფლება აკონტროლებს. "წარმატებულში" ვგულისხმობ იმას, რომ მათ იცნობს მთელი საქართველო, რადგან დაფარვის ზონა აქვთ სრული. სამწუხაროდ, მათ უჯერებს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი... ვეთანხმები პრეზიდენტს რომ ამ მხრივ ნადვილად არის პროფესიონალი ჟურნალისტების ნაკლებობა - ასეთი დამოკიდებულებით, რაც დღევანდელ ხელისუფლებას აქვს, პროფესიონალიზმი არ გაიზრდება და არც უნდა ველოდოთ ამას. ერთი მხრივ არსებობს კონტროლირებადი ნაციონალური არხები, ხოლო მეორე მხრივ ის ჟურნალისტები, რომლებიც ამ კონტროლის ქვეშ არ არიან, მაგრამ ძალიან უჭირთ საჯარო ინფორმაციის მოპოვება, გადაწყვეტილებების მიმღები პირების ჩაწერა, დებატებში იმ ადამიანების მიყვანა, რომლებსაც შეუძლიათ სახელისუფლებო პოზიცია არგუმენტირებულად წარმოადგინონ. ცხადია, ასეთ პირობებში გამოდის დაუბალანსებელი მედია - მიუხედავად იმისა, რომ ამ ჟურნალისტების მხრიდან მცდელობა და მონდომება ძალიან დიდია. თუ კითხვას დავსვამთ - რატომ არ გვაქვს ეს პროფესიონალიზმი - აქ მივდივართ ხელისუფლების ნებასთან და სწორედ მათი პოლიტიკის გამო განვიცდით ამ ნაკლებობას ჟურნალისტიკაში", - "მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მედიაექსპერტი ია ანთაძე.
"შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 5 ივნისს ვენეციის კომისიისს 2ო წლის იუბილეზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართულ მედიას "აგრესიული" და "საძაგელი" უწოდა. "რეზონანსი" პრეზიდენტისმპრეს-სპიკერთან დაკავშირებას შეეცადა იმის გასარკვევად, კონკრეტულად ვინ იგულისხმა სააკაშვილმა არაპროფესიონალ ჟურნალისტებში, თუმცა მან ტელეფონს არ უპასუხა", - აღნიშნავს გამოცემა.
"თუ გონიერი და გამოცდილი ადამიანი უყურებს პრეზიდენტს, რომელიც თავისი ქვეყნის მედიას ამ ტერმინოლოგიით მოიხსენიებს, ძალიან კარგად მიხვდება რაშია საქმე - იმიტომ რომ განვითარებული დემოკრატიის ქვეყნების პრეზიდენტები არასოდეს მისცემენ თავს უფლებას, რომ თავისი ქვეყნის მედია ასე მოიხსენიონ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი მოიხსენიებს", - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ია ანთაძე.
1021
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85