ანტიმონოპოლიური კანონპროექტი სუსტია, მაგრამ ჯერჯერობით არც ეს სუსტი კანონი არ კანონობს. საქმე ისე მიდის, რომ წლეულს ბაზარზე ძველებურად მონოპოლიტები ითარეშებენ. თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის სააგენტო ამოქმედება ყველა შესაძლო მეთოდით იბლოკება.
ბიზნეს-ომბუდსმენის გიორგი პერტაიას შეფასებით, ანტიმონოპოლიური კანონპროექტი, რომელიც მთავრობამ მოამზადა, სუსტია. პერტაიას თქმით, იდეა რომ არსებობდეს, ანტიმონოპოლიური სამსახური მოსაწონია. თუმცა, როდესაც ამ სამსახურის შექმნის მიზნები კანონში 2 წინადადებაშია ჩამოყალიბებული, იმის მანიშნებელია, რომ ის სუსტია. პერტაიას აზრით, კანონში ისეთი ზოგადი დებულებებია, რომ ამ ორგანოს გარკვეული წნეხის ქვეშ მოაქცევს.
თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა, ხოლო კანონის მიღება საგაზაფხულო სესიის განმავლობაშია მოსალონდელი. დეკემბრის ბოლოს, პარლამენტში დასამტკიცებლად გამზადებული კანონპროექტი სწორედ ბიზნესომბუდსმენმა შეაჩერა. პერტაიას განცხადებით, კანონპროექტში რამდენიმე პრობლება იყო და საჭირო იყო ვალდებულებების განსაზღვრა მთავრობისა და ბიზნესისათვის.
მთავრობის საპარალმენტო მდივანი გია ხუროშვილი კი აცხადებს, რომ კანონპროექტში როგორც ბიზნესის ისე საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებია გათვალისწინებული. მისი ინფორმაციით, ანტიმონოპოლიური კანონდებლობა ქვეყანაში 2 თვეში ამოქმედდება. კონკურენციის და ვაჭრობის შესახებ კანონის მეორე და მესამე მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოხდება.
ხუროშვილი გულმხურვალედ ამტკიცებს, რომ მთავრობის მთავარი მიზანი ფასების ზრდის დინამიკის შეჩერებაა. კონკურენციის და შესყიდვების სააგენტო უფლებამოსილი იქნება კონკურენციის შეზღუდვის დაფიქისრების შემთხვევაში კონტროლი განახორციელოს.
„მართალია, ფასებზე გავლენას საერთაშორისო ფაქტორები ახდენს, თუმცა მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ ეკონომიკური ბერკეტები გამოიყენოს, რაც ადმინისტრირების გამარტივებას და მონოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს“, - აცხადებს ხუროშვილი.
მისივე მტკიცებით, კანონპროექტში ბიზნესის შენიშვნების გათვალისწინებაც მოხდა. „მასში არის მექანიზმები, რომლითაც იქმნება სპეციალური სააგენტო გაზრდილი ფუნქციებით. კანონის მიღების შემდგომ, ყველა პირს, ვისაც ექნება ინფორმაცია, რომ რომელიმე კომპანია იყენებს კანონგარეშე მეთოდებს ბაზარზე დასამკვიდრებლად, შეეძლება მიაკითხოს სააგენტოს და სთხოვოს მას კონკრეტული ფაქტების შესწავლა.
არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ განაწყენებული ადამიანები დაუსაბუთებელი ბრალდებებითაც მიაკითხავენ ამ ორგანოს. ამის რისკები არსებობს ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიც გერმანიაა.
თუ რომელ სფეროებზე გავრცელდება ეს საკანონმდებლო ნორმები, მთავრობის პრიორიტეტების შესაბამისად განისაზღვრება. იყო პერიოდი, როცა განსაკუთრებით გააქტიურდა ფარმაცევტული ბაზარი, სადაც შეინიშნებოდა გაზრდილი ფასები. პრეზიდენტის განცხადების შემდეგ პარლამენტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და მედიკამენტებზე ფასები შემცირდა. პრიორიტეტად დასახელდება ის სფეროები, სადაც ყველაზე მეტად პრობლემური იქნება ფასების ზრდის პოლიტიკა და ყველაზე მეტად იქნება აუცილებელი კონკურენტუნარიანი ბაზრის არსებობა“, - ამბობს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
არადა, თუკი სახელმწიფო ბიუჯეტს გადავხედავთ, ნათელი გახდება, რომ კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტო საკუთარ ფუნქციებს ვერც წელს შეასრულებს. გარდა იმისა, რომ პარლამენტს შესაბამისი კანონი ისევ არ აქვს დამტკიცებული, მთავრობამ ამ სააგენტოს განაჩენი ბიუჯეტშიც გამოუტანა.
გაერთიანებული და ფუნქციებგაზრდილი სააგენტოს დაფინანსება საგრძნობლად შემცირებულია. კერძოდ, მხოლოდ შესყიდვების სააგენტოს, შარშან უფრო დიდი ბიუჯეტი ჰქონდა, ვიდრე ორივეს ერთად წელს აქვს.
კერძოდ, 2012 წლის ბიუჯეტის კანონის მიხედვით, კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტოს ბიუჯეტი 1,178 მილიონი ლარით განისაზღვრა. შარშან კი მარტო შესყიდვების სააგენტოს საბიუჯეტო დაფინანსება 1,4 მილიონი ლარი იყო.