"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"ბიძინა ივანიშვილის ბაკურიანის რეზიდენციის დაცვის უფროსი რევაზ მუმლაძე დააკავეს. მას წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა და ამჟამად თბილისის #8 დაწესებულებაში იმყოფება. ადვოკატი შალვა თადუმაძე, რომელიც მუმლაძის ინტერესებს იცავს, "რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ სცნობს და და საქმის გარემოებიდან გამომდინარე, იგი პოლიტპატიმარია", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ადვოკატი ამტკიცებს, რომ ივანიშვილის რეზიდენციის დაცვის უფროსი პოლიტპატიმარია.
"რევაზ მუმლაძე ბორჯომში 14 თებერვალს ღამის საათებში დააკავეს. დაკავება მოხდა შემოსავლების საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს მიერ. მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე და 201-ე მუხლების გათვალისწინებით. 186-ე მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე, 210-ე მუხლი ითვალისწინებს რამდენიმე სასჯელს - მათ შორის ჯარიმას და თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით. ამ ბრალდებაში იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს. სისხლის სამართლის საქმიდან და მისი პიროვნებიდან გამომდინარე, პოლიტიკური პატიმარია. აღმკვეთი ბრალდების ფაქტობრივ გარემოებაში არ იკვეთება, რომ რევაზ მუმლაძემ ჩაიდინა დანაშაული - უბრალოდ, მისი დაპატიმრება განპირობებულია იმით, რომ ბიძინა ივანიშვილის ბაკურიანის რეზიდენციის დაცვის უფროსია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შალვა თადუმაძე.
"2010 წელს მოხდა მიწის ნაკვეთის შესყიდვა, რომელიც მდებარეობს ბაკურიანში. არანაირი კითხვები ამ ნაკვეთის შესყიდვასთან დაკავშირებით არავის აწუხებდა. შემდეგ მოხდა ის, რომ გამყიდველმა აღიარა აღნიშნული დოკუმენტების გაყალბება, რის გამოც მას ბრალად წაუყენეს დოკუმენტების გაყალბება. არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება - ძალაში შესული, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ გამყიდველმა გააყალბა აღნიშნული საბუთები და რომ რევაზ მუმლაძემ არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა ამის შესახებ. შესაბამისად, იგი ჩაითვალა კეთილსინდისიერ შემძენად და შესყიდვასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა აღარ არსებობდა. ივანიშვილის პოლიტიკური განცხადების შემდეგ, ფაქტზე დაიწყო გამოძიება, რის შემდეგაც თითქოსდა Gამოძიებამ დაადგინა, რომ რევაზ მუმლაძემ იცოდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის საბუთები გაყალბებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილება", - განმარტავს ადვოკატი.
"შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოსდა მას ედავებიან, რომ ხელშეკრულებაში დააფიქსირა ნაკლები თანხა, გულისხმობს გადასახადების გადახდისგან თავის არიდებას. არადა, მიწის სამართლებრივი რეჟიმი აბსოლუტურად ათავისუფლებს როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს ყოველგვარი გადასახადის გადახდისგან. ასე რომ, შემოსავლების სამსახურის ინფარმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ბრალდების ნაწილში საგამოძიებო ორგანოები ჩამოყალიბებული არ არიან და არც არანაირი ფაქტობრივი გარემოება არსებობს, რომ მუმლაძემ ეს ჩაიდინა. უბრალოდ, არსებობს პოლიტიკური ინტერესი", - დასძენს შალვა თადუმაძე.
"მუმლაძეს 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. ამჟამად იმყოფება თბილისი #8 დაწესებულებაში. გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და რამდენიმე დღეში სააპელაციო სასამართლოდან იქნება პასუხი", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "ხომ არ ყოფილა მუმლაძის მიმართ ზეწოლის ფაქტები და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?" - პასუხობს:
"ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. თავს მხნედ გრძნობს. თავს დამნაშავედ არ ცნობს და აპირებს დაიცვას თავისი სიმართლე კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი საშუალებით".
807
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85