დარეჯან მეფარიშვილი, "ალია"
„ალიას“ ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას შევარდნაძის ხელისუფლების კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი(სახელმწიფო მინისტრი 1998–2000წ.), ვაჟა ლორთქიფანიძე შეემატება. წყარო “ალიას“ უცხადებს, რომ ლორთქიფანიძესთან კონსულტაციებს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი მართავს. რამდენიმე შეხვედრა ივანიშვილ–ლორთქიფანიძეს შორის უკვე შემდგარა. როგორც წყარო აცხადებს, ახლა „ქრისტიანულ–დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარე ლორთქიფანიძე (გიორგი თარგამაძის პარტიაში არ შეგეშალოთ) თანაპარტიელებთან აწარმოებს კონსულტაციებს. „ალია“ ამ და სხვა საკითხებზე თავად ვაჟა ლორთქიფანიძეს ესაუბრა:
– არ ვიცი, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია. მე ვიყავი შეხვედრაზე, სადაც საზოგადოებრივი ორგანიზაციის პრინციპების პრეზენტაცია მოხდა. ეს არ იყო პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნება და მე არ ვიყავი იქ მისული, როგორც ჩემი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
– „ალიასათვის“ მოწოდებული ინფორმაციით, თქვენსა და ივანიშვილს შორის შეხვედრა უკვე შედგა?
– ჩემი პარტია მხარს უჭერს ბატონ ბიძინას, მაგრამ...
– ანუ პრეზენტაციის შემდეგ თქვენ არ გქონიათ ივანიშვილთან შეხვედრა? აქვე გეტყვით, ძალიან ბევრი შევარდნაძისდროინდელი სახე დგას დღეს ივანიშვილის გუნდში, ამდენად არავის გაუკვირდება თქვენი პარტია კოალიციაში თუ იქნება.
– პოლიტიკური ურთიერთობების საკითხი არ იხილება. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, შევარდნაძისდროინდელ თანამდებობის პირებს გაცილებით მეტს ვხედავ დღევანდელ ხელისუფლებაში, ვიდრე კოალიციაში. ამდენად, თუ მსგავსი კითხვა არ ჩნდება ხელისუფლების მიმართ, არც ივანიშვილის მიმართ არ უნდა ჩნდებოდეს. ხაზგასმით ვამბობ, დღეს ხელისუფლებაშ შეუდარებლად დიდი რაოდენობაა იმ ადამიანებისა, ვინც შევარდნაძის დროს მუშაობდა. როდესაც მე დავტოვე მოქალაქეთა კავშირი, მაშინ დღევანდელი ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი ძალიან ჩახუტებული იყო შევარდნაძესთან. გახსოვთ, ალბათ, რომ მე მაშინ სწორედ რომ დღევანდელი ხელისუფლების წევრებს დავუპირისპირდი. მე ვედავებოდი მაშინ იმ თემებზე, რაზედაც დღეს მთელი საქართველო ედავებათ.
– საუბარია პრორუსული ძალების ივანიშვილის გვერდით თავმოყრაზე.
– ვინ ამბობს ამას? ამას ამბობენ სახელისუფლებო წარმომადგენლები, მაშინ მე ასეთი კითხვა მაქვს, ვინ არიან პრორუსული ორიენტაციის ის ადამიანები და პირადად მე, ვინც იყო ერთ–ერთი ინიციატორი ევრაზიული დერეფნისა და ბაქო–ჯეიჰანის პროექტის, რომელმაც რეალურად აჩვენა საქართველოს პროდასავლური მიმართულება? ვინ არის პრორუსი – ის, ვინც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოდან გასულიყო რუსეთის სამხედრო ძალები? შეწუხდა ვინმე ამით? დაიძაბა რუსეთ–საქართველოს შორის ურთიერთობა? გაგვიძვირდა გაზის ფასი ან სხვა? ვინ არის პრორუსული ორიენტაციის – ის, ვინც აქტიურად მონაწილეობდა ამერიკელებთან ყოველგვარი სამხედრო, ეკონომიკური, საფინანსო თუ სხვა ურთიერთობების აგებაში? თუ ის არის პრორუსულობა, რომ ჩვენ, ჩემი პრემიერმინისტრობის დროს, ევროსაბჭოს წევრები გავხდით? თუ რუსულ ორიენტაციად მეთვლება ის, რომ მე მერგო პატივი, ხელი მომეწერა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში გაერთიანებისთვის?
როდის და რა ვითარებაში მიაღწია იგივეს რუსეთმა, გახსოვთ, ალბათ. როცა რუსეთში ვმუშაობდი, მაშინ ვაცხადებდი იქ, საჯაროდ, რომ აფხაზეთის კონფლიქტი იყო სამხედრო–პოლიტიკური კონფლიქტი, რომლის ორგანიზატორები კრემლში არიან. როდის ვიყავი რუსული ორიენტაციის, მაინტერესებს ძალიან. მე ვარ რუსული ორიენტაციის და ეს ხელისუფლება – არა, რომელმაც ყველა ეკონომიკური ბერკეტი რუსეთს გადასცა? დამისახელეთ ერთი შემთხვევა მაინც, როცა ჩემს დროს ერთი სტრატეგიული ობიექტი მაინც მივაკუთვნე რუსეთს, ამას ვერავინ დამისახელებს, ასეთი რამ ჩემი მთავრობაში ან ელჩად ყოფნის დროს არ მომხდარა, მცდელობაც კი არ ყოფილა. დღეს ხელისუფლებამ, რომელიც რუსულ ორიენტაციას გვაბრალებს, ყველაფერი რუსეთს გადასცა – წყალი, მადნეული, ენერგეტიკა. ჩვენ ვართ რუსული ორიენტაციის და ეს ხელისფლება – არა, რომელმაც თავისი უგუნური ქმედებებით ერთი ხელის მოსმით შეძლო ის, რომ საქართველოს ერთი მეხუთედის ოკუპაციას მიაღწია?! რასაკვირველია, ეს იყო რუსეთის მხრიდან ოკუპაცია, მაგრამ ფაქტია, დღეს რუსული სამხედრო ბაზების გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, არის საშიშროება, რომ აჭარასა და სამხრეთ საქართველოში დაიძაბება მდგომარეობა... ძალიან უბადრუკია იმის თქმა, რომ ჩვენ ვართ პრორუსული ძალა. ამ კითხვას სვამენ ხელისუფლების ერთი და იგივე ადამიანები. რუსული ორიენტაციის ხალხი თავის გარშემო მოიკითხონ. არ მინდა, გვარი დავასახელო და გამოდის ადამიანი, რომელიც სხვების რუსულ ორიენტაციაზე საუბრობს და თავად მეტყველებაც კი რუსული აქვს. რუსეთის მოქალაქეებიც არიან! ასეთი ადამიანი ლაპარაკობს სხვაზე? სიტყვების წყობაც კი არაქართული აქვთ. მე სკოლაც და უმაღლესი განათლებაც ქართული მაქვს და სამი წელი ვიცხოვრე მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ისიც იმიტომ, რომ ელჩი ვიყავი. რატომღაც ახლა საუბრობენ ის ადამიანები, ვისაც მოქალაქეობაც, განათლებაც რუსული აქვთ და რუსული წყობით მეტყველებენ.
იმასაც ამბობენ რომ ივანიშვილი რუსული ფულით შემოვიდა. ბიძინა ივანიშვილს მართლაც ჰქონდა დიდი რაოდენობით რუსული ფული, სამწუხაროდ მან ყველაფერი ამ ხელისუფლებას დაახარჯა და აღარ დარჩა. ახლა ფრანგული ფული დარჩა და ამ ფრანგულ ფულს ხარჯავს
– ბევრჯერ გავრცელებულა ინფორმაცია რომელიც რესპოდენტს არ დაუდასტურებია, ისე როგორც თქვენ უარყოფთ „ალიას“ ინფორმაციას, მაგრამ შემდეგ ეს ინფორმაცია დადასტურებულა. თუ ჩვენი ინფორმაცია დადასტურდება, როგორ წარმოგიდგენიათ ურთიერთობების დალაგება კოალიციია წევრებთან?
– ამ თემებზე ძალიან ადრეა საუბარი. მე გეტყვით ჩემს პირად დამოკიდებულებას, პარტიის შეხედულებას, ჩვენ მკაფიოდ ვუჭერთ მხარს ივანიშვილს. პოლიტიკურ თანამშრომლობაში ეს ჯერ არ გადაზრდილა, ამას თავისი მიზეზი აქვს.
– ანუ კოალიციაში მოწინააღმდეგე გყავთ?
– არა, ჩვენ ჩვენი პრინციპული მოსაზრებები გაგვაჩნია. როდის იქნება, რა იქნება და რა პირობით, მოდით, ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ...
1004
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85