შემდეგი კომბინაცია ნაგვის ვაუჩერი?

შემდეგი კომბინაცია ნაგვის ვაუჩერი?

პირველი ენერგოვაუჩერი პატრონს უკვე ჩაბარდა. კურიერის როლი თბილისის მერმა გიგი უგულავამ შეითავსა. აქვე გაირკვა, რომ ენერგოვაუჩერს ნაგავი არ მიებმევა.

თბილისის მერი, გიგი უგულავა ავჭალაში მცხოვრებ მდინარაძეების ოჯახს ესტუმრა და ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერი პირადად გადასცა. მერიის ინფორმაციით, თბილისში ელექტროენერგიის მომხმარებელი 350 000-ზე მეტი აბონენტია და თითოეული მათგანი კუთვნილ ვაუჩერს უახლოეს დღეებში მიიღებს.

ვაუჩერების დარიგება ბათუმში საქართველოს პრეზიდენტმა განიზრახა და თბილისში დედაქალაქის მერმა აღასრულა. მთელი ქვეყნის 1,2 მლნ-მდე ოჯახი ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერს მიიღებს. ვაუჩერების დარიგება ეტაპობრივად განხორციელდება.  პროცესი 21 თებერვალს დაიწყება და 31 მარტს დასრულდება.

პირველი კითხვა, რომელიც თბილისელებს ვაუჩერებთან დაკავშირებით გაუჩნდათ, დასუფთავების გადასახადთან ასოცირდებოდა. ყველაფერს ნათელი ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ მთავრობის სხდომაზე მოჰფინა, როდესაც განაცხადა, რომ 20-ლარიანი ენერგოვაუჩერი დაუსფთავების გადასახადზე არ გავრცელდება, რადგან არსებული ვაუჩერი არის შეღავათი გაზრდილი ელექტროენერგიის ხარჯების დასაფარავად.

„მოქალაქე იხდის ყველა კომუნალურ გადასახადს. შესაბამისად, 20 ლარით ნაკლები იქნება მისთვის ის გადასახადი, რაც ელექტროენერგიის დანახარჯთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა ურუშაძემ. არადა, თბილისელებს იმედი ჰქონდათ, რომ 20-ლარიანი ვაუჩერი 6-7 ლარის „ნაგავს გაქვითავდა“. თუმცა, შეიძლება ნაგვის ვაუჩერები ხელისუფლებას მორიგ კოზირადაც ჰქონდეს შემონახული და შემდეგ თვეებში აამოქმედოს.

ვაუჩერული აჟიოტაჟის ფონზე, ლეიბორისტული პარტია საპრეზიდენტო პროგრამას წინასაარჩევნო ქრთამს უწოდებს და ელექტრონენრგიის ტარიფის შემცირებას ითხოვს. მათი მოთხოვნაა დენის ტარიფი დედაქალაქში 11 თეთრამდე ჩამოვიდეს, ხოლო რეგიონებში - 7 თეთრამდე.

როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა განაცხადა, ლეიბორისტულმა პარტიამ 2002 წლის 3 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი მოიგო, რომლის თანახმადაც დენის ტარიფი არ უნდა გაზრდილიყო. მიხეილ სააკაშვილმა კი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.

„მიხეილ სააკაშვილმა იგრძნო რა თავისი პოლიტიკური აღსასრულის მოახლოება, დაიწყო 20-ლარიანი წინასაარჩვენო ქრთამის დარიგება ვაუჩერების სახით. მსგავსი ფარისევლობისა და ხრიკების ნაცვლად მოვუწოდებთ ხელისფლებას, დაუყოვნებლივ აღასრულოს ლეიბორისტული პარტიის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში მოგებული სარჩელი. 

ჩვენ მიერ მოგებული სასამართლო პროცესის შედეგად ქვეყანაში სამი წლის განმავლობაში მოქმედებდა აღნიშნული ტარიფი, რითაც მოსახლეობას დაეზოგა 1,5 მილიონი ლარი. ამ გადაწყვეტილების გაუქმებით სააკაშვილმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ხელისუფლების შეცვლისთანავე აღსრულდება და სააკაშივლი მიეცემა პასუხისგებაში“, - განაცხადა შატბერაშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

შატბერაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არაღსრულება იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ხოლო მისი გაუქმება ორმაგ პასუხისმგებლობას ითვალისიწინებს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების უფლება არავის აქვს.