ევროპას კრიზისი კარს უმტვრევს, მაგრამ იქ დასაქმებული ქართველი მიგრანტები განსაკუთრებულ სიდუხჭირეს არ განიცდიან. ეს სტატისტიკური მაჩვენებლებითაც მტკიცდება. შარშან ფულადი გზავნილების კუთხით მორიგი რეკონდი დამყარდა. ეს ნიშნავს, რომ ევროპაში არსებული კრიზისი იქ დასაქმებულ ქართველ ემიგრანტებსა და საქართველოში ჩარიცხვებზე ნაკლებ გავლენას ახდენს.
ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის კვლევის შედეგებით, გადარიცხვებით 2010 წლის მსგავსად პირველი სამეული უცვლელია - რუსეთი, უკრაინა, საბერძნეთი; გადარიცხვა შემცირდა 7 ქვეყანაში, ყველაზე მეტად ყაზახეთში, იტალიაში და უზბეკეთში. საბოლოო ჯამში შარშან უცხოეთიდან საქართველოში 1,2 მლრდ-ზე მეტი თანხა გადმოირიცხა.
2012 წელს, მიუხედავად იმისა რომ ევროპაში ძალიან მწვავე კრიზისია მოსალოდნელი, საქართველოში ევროპის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მნიშვნელოვან კლებას არ უნდა ველოდოთ. მთავარი საფრთხე არის არა გადმორიცხვების შემცირება, არამედ ევროს გაუფასურების ტენდენცია.
ფულადი გზავნილების შემცირების აღინიშნება თურქეთიდან, რაც ამ ქვეყანაში ქართველებისთვის გართულებული სამუშაო პირობებით და შეზღუდვებით არის გამოწვეული. 2012 წელს გზავნილები კიდევ უფრო შემცირდება, რადგან ქვეყანა საქართველოდან სამუშაოს მაძიებლებისთვის სამუშაო ვიზების გარეშე მუშაობის შეზღუდვას აპირებს. რეალურად თურქეთთან ფულადი ტრანსფერების მოცულობა უფრო მეტია, რადგან გეოგრაფიული სიახლოვე სამუშაო ძალის ხშირ მოძრაობას უწყობს ხელს, შესაბამისად მიგრანტებს ფული “ჯიბით” გადააქვთ და გადმოაქვთ.
“ილიაუნი ბიზნეს რევიუს” მკვლევარების ინფორმაციით, ევროპაში მიმდინარე კრიზისი ქართველი ემიგრანტების შემოსავლებზე არ აისახება. 2011 წელს ფულადი გზავნილების ზრდა დსთ-ს ქვეყნებთან ერთად, ევროპის ქვეყნებიდანაც დაფიქსირდა. კერძოდ, საბერძნეთიდან ფულადი გზავნილების რაოდენობა გაიზარდა 40%-ით, იტალიიდან 43%-ით, ესპანეთიდან 14%-ით, პორტუგალიიდან კი 62%-ით.
“ეს ნიშნავს, რომ ევროპაში არსებული კრიზისი იქ დასაქმებულ ქართველ ემიგრანტებსა და საქართველოში ჩარიცხვებზე ნაკლებ გავლენას ახდენს”, - აღნიშნავენ მკვლევარები და ამის რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ.
მათი განცხადებით, პირველი მიზეზი არის ის, რომ ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა არალეგალურ სამსახურშია და მათი დაბალი ანაზღაურება დამსაქმებლისთვის მისაღებია. შესაძლოა, კრიზისის გამწვავების შედეგად არალეგალურ სამუშაო ძალაზე მოთხოვნა კიდევ გაიზარდოს.
მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ლეგალური მუშახელი დასაქმებულია დაბალანაზღაურებად სამსახურში. ეს სეგმენტი კი კრიზისის გავლენას ნაკლებად განიცდის, რადგან პრობლემურ ქვეყნებში სამსახურები და შემოსავალი დაკარგეს, ძირითადად, სახელმწიფო სამსახურში და მაღალანაზღაურებად კერძო სექტორში დასაქმებულებმა.
“საბოლოო ჯამში, 2012 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ძალიან მწვავე კრიზისია მოსალოდნელი, საქართველოში ევროპის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მნიშვნელოვან კლებას არ უნდა ველოდოთ. მთავარი საფრთხე არის ევროს გაუფასურების ტენდენცია, რომელიც ევროპაში დასაქმებული ადამიანების ან საქართველოში გზავნილების მიმღებ ადამიანების შემოსავალს შეამცირებს”, - აღნიშნავენ “ბიზნეს რევიუს” მკვლევარები.
ამ დროისათვის სწრაფი ფულადი გზავნილების ბაზარზე 20-ზე მეტი კომპანია მოქმედებს, ბაზრის ლიდერი 2011 წელს ჩარიცხვების ნაწილში შეიცვალა და “იუნისტრიმი” გახდა, რომელიც საქართველოს ძირითად დონორ ქვეყნებში, განსაკუთრებით რუსეთში მისი პოზიციების გაძლიერებით და საქართველოში “ლიბერთი ბანკთან” ექსკლუზიური ურთიერთობით არის გამოწვეული.
“მთლიანობაში საქართველოს სწრაფი ფულადი გზავნილების ბაზარი დინამიური ზრდით ხასიათდება. წინასწარი შეფასებით, კომპანიების შემოსავალი წელიწადში 25-30 მლნ აშშ დოლარია. გამძაფრებულია კონკურენცია, რაც გამოიხატება რამდენიმე ლიდერის გაძლიერებაში და შედარებით ბაზრის მცირე წილის მქონე კომპანიების პოზიციების შესუსტებაში”, - აღნიშნავენ ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრში.
858
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85