ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარზე, შეიძლება ითქვას, პანიკაა. ვინც ბოლო დროს სავაჭრო ცენტრებსა თუ ბაზრობაზე შეივლიდა, ნახავდა, რომ ფასებმა ყველაფერზე ერთბაშად მოიმატა.
საკვები პროდუქტი მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ინფლაციამ თუ გააძვირა, ტექსტილისა და საყოფაცხოვრებო საქონლის გაძვირების მიზეზი საბაჟო გახდა. საბაჟოს საწყობებში თვეზე მეტია კონტეინერები გრძელ რიგებად აწყვია და მას საბაჟო სამსახურის თანამშრომლები ამოწმებენ.
დაახლოებით ორი თვეა, შემოსავლების სამსახურმა კონტეინერით შემოსული თითოეული საქონლის მეპატრონის ვინაობის დადგენა და საქონლის სათითაოდ განბაჟება დაიწყო. საბაჟოზე შემოწმება ზოგჯერ კვირაზე მეტხანს გრძელდება და ხშირ შემთხვევაში იმპორტიორის დაჯარიმებით სრულდება. გაზრდილი ხარჯები რომ აინაზღაუროს, მეწარმე საქონელს ფასს უმატებს. ეს ყველაფერი პროდუქტს აძვირებს, რაც როგორც ყოველთვის, საბოლოოდ მომხმარებლის ზურგზე გადადის.
მოვაჭრეების პრობლემებს გასულ კვირას ახალი პრობლემა დაემატა. ფინანსურმა პოლიციამ სავაჭრო ცენტრების, "კიდობანის", "პასაჟისა" და "თერგის" თანამშრომლების დაკავება დაიწყო. საანგარიშსწორებო დოკუმენტების გაყალბების გამო 170-მდე მოვაჭრე დააკავეს. მოგვიანებით მათი ნაწილი 5 და 10-ათასიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, რვა მოვაჭრეს კი ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
მოვაჭრეებს ხელი ჰქონდათ მოწერილი სატრანზიტო კომპანია შპს "ტრანს კარგოს" ინვოისებზე, რომელსაც მათი ტვირთები თურქეთიდან გადმოჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, მონოპოლისტი სატრანზიტო კომპანია ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ეკუთვნის.
მოვაჭრეები, რომლებსაც "ტრანს კარგოსთან" დანაშაულებრივ გარიგებაში ადანაშაულებენ, ამბობენ, რომ მათ 2000-3000 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი შემოჰქონდათ, კომპანიას "ინვოისი" უნდა გამოეწერა ყველა საქონელზე ცალ-ცალკე, რაც 50 დოლარი ჯდებოდა. "ტრანს კარგომ" რამდენიმე დასახელების საქონელზე საერთო "ინვოისი" გამოწერა და თანხები დამალა. სავაჭრო ცენტრებში მაღაზიების ნაწილი დღემდე დაკეტილია და მოვაჭრეებს მუშაობის დაწყების ეშინიათ. მცირე მეწარმეები გაერთიანებასა და საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ.
დარიკო ვ. (სავაჭრო ცენტრ "თერგის" მოვაჭრე): "თერგიდან" 70 ადამიანი დაიჭირეს, 60-მდე მოვაჭრე დააკავეს ლილოს ბაზრობაზეც. ბევრმაც დატოვა თავისი სავაჭრო ფართი და წავიდა, ციხეში წასვლა არ მინდაო. ამ ხალხს ტყუილად ედავებიან. თურქულ კომპანია "ტრანს კარგოს", რომელსაც ტვირთები შემოჰქონდა, დოკუმენტაცია თურქულ ენაზე აქვს, ბევრმა არც იცოდა, იქ რა ეწერა. ენდობოდნენ და ხელს აწერდნენ, იმას კი საქონლის განბაჟების ფასი შემცირებული ჰქონდა.
რა ამათი ბრალია? კაპიკებზე რომ ვაჭრობდნენ, 5-10 ათასიანი ჯარიმები დააკისრეს, როგორ უნდა იარსებონ? დაკავებულებს შორის ბევრი ნაცნობი იყო, შეგვეცოდნენ და პროტესტი გამოვთქვით. ამის შემდეგ ჩვენი ტერორი დაიწყო -ჩემს ძმას შეუთვალეს, შენი და გაჩუმდეს, თორემ მთელ ოჯახს ამოგიწყვეტთო. სოხუმიდან დევნილები ვართ, დიდი უბედურება გვაქვს გადატანილი და მოხუც დედაჩემს, რომელიც პარალიზებულია, ამის გაგონებაზე კინაღამ გული გაუსკდა.
იმდენად გაზრდილია განბაჟების ფასი, გამოდის, რომ შემოსავალი საგადასახადოს უნდა დავუტოვოთ, ჩვენ არაფერი დაგვრჩება. რა ფასადაც საქონელს ვყიდდით, უკვე იგივე გვიჯდება ჩამოტანა. ადრე ფიქსირებულ გადასახადს ვიხდიდით -კილოგრამში 3 დოლარს. სამი თვის წინ პროცედურა შეიცვალა და თითოეული საქონლის თვითღირებულების 18%-ს გვახდევინებენ. განბაჟება რომ წონით ყოფილიყო, ჩვენთვისაც მარტივი იქნებოდა. მეტი იმპორტიორი წავიდოდა, ივაჭრებდა და ბიუჯეტში მეტი არ შევიდოდა? ადრე საქონელი სწრაფად ჩამოგვდიოდა, საბაჟოდან გამოტანას ორ დღეზე მეტი არ სჭირდებოდა, ახლა 10-12 დღე საქონელს ვერ ვიღებთ. ბიუჯეტში მეტი ფული უნდა შევიდესო.
მიდის კი ეს ფული ბიუჯეტში? ვინ იცის, სად, ვის ჯიბეში მიდის ჩვენი გადახდილი ფული? ბევრმა მოვაჭრემ შეწყვიტა სავაჭროდ სიარული, გაჩერებულია და ცვლილებას ელოდება. ზოგიც საქართველოდან წავიდა, ბევრი აპირებს ქვეყნიდან გაქცევას. ეშინიათ, ციხეში გვიშვებენო. ნარკობარონებს არ იჭერენ და ორი ათასი დოლარის საქონელი რომ მოაქვს, კაპიკებს რომ აკეთებს, ის უნდა დაიჭირონ? თვითონ ვერ იყოფენ ფულებს და ხალხი იჭყლიტება. ვიღაცას უნდა, მარტო თვითონ შემოიტანოს საქონელი და ჩვენ ხელს ვუშლით. რომ არ ვიარსებოთ, ალბათ ის უნდათ. მაღაზიების ნახევარი დაკეტილია, სერიოზული პრობლემები გვაქვს, მაგრამ შიშით ხმას არავინ იღებს.
თურქი რომ შემოდის, საბაჟოზე არაფერს იხდის, ჩვენ კი სულს გვხდიან.
ამდენი ფული ჩააყრევინეს ხალხს, როგორღა უნდა იარსებონ? ნახევარი საქართველო ვაჭრობით ირჩენს თავს, ამ ხალხს რას უპირებენ? ბევრს ბანკის სესხი აქვს აღებული, თუ გაჩერდება, როგორ უნდა გადაიხადოს? რით დაეხმარნენ ინდმეწარმეებს? ვამარტივებთო, რა გაამარტივეს? პირიქით. ხალხი გამწარებულია. იცოდნენ, მარტო მაგათი არ არის ეს ქვეყანა. ცოტა ჭკუას უნდა მოუხმონ".
დათო კ. ქავთარაძის ქუჩაზე საყოფაცხოვრებო ნივთების ბაზრობაზე სანტექნიკით ვაჭრობს. ვინაობის გამხელისგან ისიც თავს იკავებს, მასაც მაკონტროლებლების შურისძიების ეშინია. მის დახლზე ნივთების სიმწირეა. საქონელი კარგა ხანია გამოელია, მაგრამ შემოტანას ვერ ახერხებს.
დათო კ. (მოვაჭრე): "ჩემს მომწოდებელს, საქონელი დუბაიდან და თურქეთიდან შემოაქვს. ერთი თვეა საქონელი ვერ გამოაქვს, მისი კონტეინერი შესამოწმებლად საბაჟოზე გააჩერეს. ასეთ დღეში არიან სხვა იმპორტიორებიც. ახლა საქონელს უკვე გაძვირებულ ფასად შემოიტანენ. მეც მომიწევს ფასის გაზრდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მყიდველს დავკარგავ. ამბობენ, კონტრაბანდა შემოდიოდაო. აქამდე არ იცოდნენ? ყველაფერი ზეპირად იციან, ვის საიდან და რა შემოაქვს. რატომ აკეთებენ ამ ყველაფერს, იცით? წვრილი იმპორტიორები რომ მოიშორონ და ყველაფერი ერთი მსხვილი კომპანიის ხელში მოექცეს, რომელიც, რა თქმა უნდა, მაგათი იქნება. ის კი რა ფასსაც უნდა, იმას დაადებს".
არჩილ ვარადაშვილი (მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე): "კარგო ტრანსი" ერთადერთი კომპანია იყო, რომელსაც ქართველების ტვირთები გადმოჰქონდა თურქეთიდან. სახელისუფლებო იყო და ექსკლუზიური უფლებაც ამიტომ ჰქონდა. იმპორტიორებს სხვა არჩევანი არ რჩებოდათ, მის პირობებს უნდა დასთანხმებოდნენ. "კარგო ტრანსი" თვითონ ამახინჯებდა ფასს, წლების განმავლობაში ასე შემოჰქონდა საქონელი და ახლა შეიტყვეს? ზემოთ დაეჯახა ინტერესები ერთმანეთს და ჯოხი, როგორც ყოველთვის, დაბალ ფენებზე გადატეხეს".
მერაბ ჯანიაშვილი (ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაცია): "ხელისუფლებას ბიუჯეტის შევსება უჭირს. 2011 წლიდან მნიშვნელოვნად მცირდება გრანტებითა და სხვა შემოსავლებით მისაღები თანხები. საგადასახადო შემოსავლები 2011 წლის ბიუჯეტის პროექტში, 2010 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 768 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
ეს იმ ფონზე, რომ ქვეყნის ეკონომიკა და ბიზნესი ღრმა კრიზისშია. საიდან მოხდება ამ თანხების ამოღება? ამ თანხებს ვერ ამოიღებენ ხელისუფლების წარმომადგენლების ჯიბეებიდან, რომლებიც ყველაზე შემოსავლიან ბიზნესებს აკონტროლებენ. ამიტომ მიადგნენ "უპატრონო ბიზნესებს", მცირე მეწარმეებს. ინდმეწარმეების დარბევა, მასობრივი დაპატიმრება და "აყრა", მეწარმეების დაშანტაჟება, თუნდაც მცირე უკონტროლო ბიზნესსეგმენტის განადგურება და მავანთა მიერ მისი ხელში ჩაგდების მცდელობაა".
გიორგი ცხაკაია (შემოსავლების სამსახურის უფროსი): "საბაჟო კონტროლი არ გამკაცრებულა. კანონის ჩვეულებრივი მოთხოვნაა, რომ დოკუმენტებში ფასი არ გაყალბდეს. ბოლო დროს აღმოჩნდა, რომ კონტრაბანდული ტვირთი შემოდიოდა. ერთი კაცი ხუთის ნაცვლად განაბაჟებდა. დეკლარაციაში ეწერათ ფეხსაცმელი და სინამდვილეში იყო ჩვარი, ამას კონტროლი უნდა. ამის გამო დაყოვნდა ტვირთი საბაჟო საწყობებში".
რამდენიმე დღეში შემოსავლების სამსახური ლილოში ახალ საბაჟო ტერმინალს გახსნის, რომლის მშენებლობაზე დაახლოებით 16 მილიონი ლარი დაიხარჯა. კერძო ტერმინალებში შიშობენ, რომ სახელმწიფო მათ ბიზნესს ართმევს და ისინი უფუნქციოდ დარჩებიან. უმუშევრად დარჩენა ემუქრებათ ბროკერებსა და ტერმინალის სხვა თანამშრომლებს. კერძო ტერმინალების მფლობელები ამბობენ, რომ მომგებიან ბიზნესს საკუთარ ხელში სახელმწიფო აიღებს და შემოსავალსაც ბიუჯეტში წაიღებს.
საბროკერო კომპანიების გაუქმების შესახებ ინფორმაცია კარგა ხანია ვრცელდება. მოახლოებული საშიშროების შესახებ ბროკერებმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ შეიტყვეს. მაშინ ამ ინფორმაციას შემოსავლების სამსახურმა ჭორი უწოდა. ახლა უკვე რეალური ხდება, რომ კერძო საბროკეროებს კარგი დღე არ ელით. შემოსავლების სამსახურის უფროსი საბაჟო საწყობის ტარიფების დასახელებისგან თავს იკავებს. იქნება თუ არა სახელმწიფო ტერმინალში ტვირთის განთავსება და მომსახურება კერძოზე იაფი, გიორგი ცხაკაიამ ეს შეკითხვაც უპასუხოდ დატოვა.