ლელა კუნჭულია, "თავისუფლება"
ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, კიდევ სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და, ამრიგად, ნატოს ეგიდით მოქმედი საერთაშორისო სამშვიდობო მისიის (ISAF) ფარგლებში საქართველომ უკვე 15 სამხედრო დაკარგა. ამ ცნობის გამოქვეყნება დროში დაემთხვა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის სელესტე ვალანდერის ვიზიტს თბილისში, რაც თავდაცვის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში განიხილება. რამდენად უკავშირდება ეს პერსპექტივა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ავღანეთის მისიაში?
თავდაცვის სამინისტროს მიერ 22 თებერვალს გამოქვეყნებული მოკლე ცნობის მიხედვით, მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის კაპრალები - ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა - თალიბებთან შეტაკებისას საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. განცხადებაში არ არის მითითებული, თუ როდის მოხდა ეს ავღანეთის ყველაზე ცხელ და სახიფათო რეგიონში - ჰელმანდის პროვინციაში; თუმცა თუკი შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში ჯონ ბასის განცხადებით ვიმსჯელებთ, ტრაგიკული შემთხვევა სამშაბათს, 21 თებერვალს მოხდა.
ჯონ ბასის იმ განცხადების ტექსტი, რომელიც მან 22 თებერვალს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროს გააკეთა, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზეა გამოქვეყნებული და მასში სამძიმარი ვაშინგტონის სახელით არის გამოთქმული:
„აშშ-ის მთავრობის სრული შემადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გუშინდელი დანაკარგის გამო. ჩვენ ამას ისევე განვიცდით, როგორც თქვენ. ვაფასებთ ქართველი ჯარისკაცების თავგანწირვას და განვაგრძობთ თქვენს მხარდაჭერას. ეს არის ფასეულობა, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება.“
ელჩთან ერთად, ჯარისკაცების დაღუპვის გამო შეერთებული შტატების მთავრობის სახელით საქართველოს პრეზიდენტს მიუსამძიმრა სელესტე ვალანდერმაც, თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ, რომელიც თბილისს 22 თებერვალს ეწვია რამდენიმე დღით. თავად მას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ, თუკი ისევ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტს დავეყრდნობით, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული შეხვედრისას ”მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობაზე ისაუბრეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.” ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორშაბათს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სელესტე ვალანდერის ვიზიტი პრეზიდენტ ობამასა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის 30 იანვარს ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმების განხორციელებას უკავშირდება.
ეს ის თემაა, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი აშკარად უკავშირებს საქართველოს შეიარაღებული კონტინგენტის ავღანეთში მოღვაწეობას და ეს კარგად გამოჩნდა 20 თებერვალს, როცა ის ქართველ ჯარისკაცებს ჰელმანდის პროვინციაში ეწვია. ”იმის გამო, რომ თქვენ აქ ხართ, ჩვენ მეტ დახმარებას გვიწევენ”, - უთხრა მთავარსარდალმა სამხედროებს:
”ახლახან ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაგვეხმარებიან ჩვენი საკუთარი თავის დაცვის გაძლიერებაში. არა უბრალოდ ოპერაციების წარმართვაში, როგორც ადრე იყო, არა უბრალოდ ანტიტერორისტულ საქმიანობაში ჩართვაში და კოორდინაციაში, არამედ ჩვენი საქართველოს ტერიტორიის დაცვაში მომავალში და ეს არის სრულიად ახალი დონე ჩვენი შეიარაღებული ძალების მომზადების.”
ტერიტორიული თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საქმეში დახმარების აუცილებლობაზე უკვე წლებია ლაპარაკობს და წერს სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ ”არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. ამგვარ დახმარებას ის მუდმივად განიხილავდა ერთ-ერთ შედეგად, რომელიც საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის უნდა მიეღო შეერთებული შტატებისა თუ ნატოსგან. შესაბამისად, ის მიესალმება, თუკი შეერთებული შტატები რეალურ დახმარებას აღმოუჩენს საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის გაძლიერების მიმართულებით, თუმცა ექსპერტს ჯერჯერობით უჭირს პერსპექტივების შეფასება, რადგანაც ოპტიმისტურ პროგნოზებს ის ჯერ მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ისმენს.
თბილისი სიამაყით აცხადებს, რომ 2012 წელს ავღანეთში დამატებით გაიგზავნება კიდევ ერთი ბატალიონი, დაახლოებით 750 სამხედროს შემადგენლობით, და შედეგად საქართველოს, როგორც ნატოს არაწევრ სახელმწიფოს, ყველაზე მეტი სამხედრო ეყოლება ავღანეთში. იქ ამჟამად დაახლოებით 950 ქართველი ჯარისკაცი მსახურობს.
ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში შეტანილი ასეთი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოსთვის მადლობა არაერთხელ გადაუხდიათ ნატოს მაღალჩინოსნებსა თუ ალიანსის წევრი ქვეყნების ცალკეულ ლიდერებს და ეს 30 იანვარს, პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის დროს, პრეზიდენტმა ობამამაც გააკეთა. საქართველოს აქტიურობას სწორედ შეერთებულ შტატებს უკავშირებს ექსპერტთა კლუბის ანალიტიკოსი ირაკლი ცქიტიშვილი და ის ვაშინგტონის მხრიდან გარკვეული გარანტიების არსებობასაც ვარაუდობს:
”აგვისტოს ომის შემდეგ ამხელა კონტინგენტის გაგზავნა და, ფაქტობრივად, საქართველოს სამხედრო ძალების ქვეყნიდან გაყვანა, მაშინ როცა ამხელა გამოწვევებია საქართველოს წინაშე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, გარკვეული გარანტიების მიღების გარეშე, რომ ჩვენი ტერიტორია დაცული იქნებოდა თავდასხმისგან, არ შეიძლება მომხდარიყო.”
გარკვეულ გარანტიებზე საუბრობს სამხედრო-ანალიტიკური კვლევების ცენტრის, HERY-ის, ხელმძღვანელი გიორგი თავდგირიძეც, რომლის აზრითაც, სწორედ ავღანეთის მისიაში საქართველოს აქტიურობა ქმნის შემაკავებელ ფაქტორს რუსეთის აგრესიასთან მიმართებითაც. თავდგირიძე ამბობს, რომ თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების გამოცხადებით ვაშინგტონმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მესიჯი უკვე გაუგზავნა მოსკოვს და რომ, სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში, შეერთებული შტატები უფრო ქმედით დახმარებას აღმოუჩენს საქართველოს.
”შეერთებული შტატები არა მხოლოდ განცხადებებით განახორციელებს პოლიტიკურ ზეწოლას, არამედ, სავარაუდოდ, რუსეთს დაემუქრება სხვადასხვა პოლიტიკური ბერკეტითაც, თუკი საქართველო-რუსეთის ურთიერთობა გაშიშვლდება და წავა სამხედრო დაპირისპირებისკენ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი თავდგირიძემ.
744
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85