როგორ გადანაწილდება “ნაციონალების” მმართველობის შესარყევად წამოსული 30 მილიონი?

როგორ გადანაწილდება “ნაციონალების” მმართველობის შესარყევად წამოსული 30 მილიონი?

ექსპერტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ერთხმად აღიარებენ, რომ დასავლეთმა და ამერიკამ “ვარდების მთავრობის” მიმართ ნდობა დაკარგა. თუმცა, იგივე პოლიტიკური სპექტრი იმასაც აღიარებს, რომ საქართველოს სტარტეგიულმა პარტნიორმა ქვეყნებმა არც ის იციან, ვისით უნდა შეცვალონ სააკაშვილი, ანაც რომელი პოლიტიკური პარტიით ჩაანაცვლონ “ნაციონალური მოძრაობა”. აქ საუბარია პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, თორემ - საქართველოში ხელისუფლება გადატრიალებებითა და რევოლუციებით ისე იცვლება, მსოფლიო უცბად დგება ფაქტის წინაშე, გუშინ საქართველოს სხვა ხელისუფლება მართავდა, დღეს - სხვა.

 

ცნობილი ამბავია, რომ არც ამერიკა და არც დასავლეთი მხარს არ უჭერს რევოლუციით სააკაშვილის ხელისუფლებიდან განდევნას, უბრალო მიზეზის გამო – ეს გამოიწვევს დესტაბილიზაციას.

 

“ამერიკა-დასავლეთი ბევრად უფრო მოქნილები არიან, ოღონდ, უნდა იყოს სწორი მოთხოვნები და სწორად დაგეგმილი, რადგან მათაც უნდა დაინახონ, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომელთაც აქვთ პასუხისმგებლობა და იციან რისი გაკეთება უნდათ. ის კი არა, რომ ჩადიან და ეწუწუნებიან, აი, ადამიანის უფლებები ირღვევა და ა.შ… გასაგებია, ყველამ იცის, სააკაშვილის რასაც აკეთებს. შენ რის გაკეთებას აპირებ და რას სთავაზობ, ეს უნდა იყოს მკაფიოდ გამოკვეთილი. პირველი ნაბიჯი, როდესაც ერთად მოხერხდა რაღაცის გაკეთება საარჩევნო კოდექსზე მუშაობა იყო, დანარჩენსაც შევხედავთ”, - ამბობს “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი მელაშვილი.

 

აქედან გამომდინარე, ამერიკელები უფრო მეტ გათვლას ისეთ პოლიტიკურ ძალებზე ახდენენ, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების საარჩევნო გზით ჩანაცვლებას ემხრობიან. ჩვენი ინფორმაციით, ამერიკის “გემოვნებაში” დღეს ორი ქართული პოლიტიკური ძალა ჯდება – ესენი არიან - გიორგი თარგამაძის დაჯგუფება და ირაკლი ალასანიას “თავისუფალი დემოკრატები”.

 

მესამე ძალა, რომელიც შეერთებული შტატებს “რეზერვში” ჰყავს, “ეროვნული ფორუმია”, თუმცა, აქ ყოყმანის მიზეზი, ჩვენი ინფორმაციით, ისაა, რომ ეს ორგანიზაცია, ჯერჯერობით, კი მიდის საარჩევნო გარემოს შეცვლის გზით, მაგრამ თუ ხელისუფლება ოპოზიციური ძალების მიერ შეთავაზებულ საარჩევნო სისტემის შესაცვლელად მომზადებულ პროექტზე არ წავა, ან არ ჩაატარებს ისეთ არჩევნებს, სადაც ერთი ხმა მართლაც ერთი ხმა იქნება, პარტია ღიად აცხადებს, რომ “ფორუმი” რევოლუციის გზით გააგრძელებს სიარულს. 

 

“ეროვნულ ფორუმთან” დაკავშირებით, ჯერჯერობით, ასეთი სიტუაციაა. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული მთავრობის მხრიდან “ქრისტიან დემოკრატებისა” და “თავისუფალი დემოკრატების” მიმართ პოლიტიკური სიმპათიის გამოვლინებად შეიძლება, ჩაითვალოს ამერიკელი მაღალჩინოსის თინა ქეიდინაუს ვიზიტი. ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ქედინაუ ორივე ოპოზიციურ პარტიას რომელიმე “მარიოტში” ან სხვა სასტუმროში კი არ შეხვდა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა ხოლმე ასეთი მაღალი რანგის ამერიკელი სტუმრებისას და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრებისას, არამედ – მათ მათსავე პარტიულ ოფისებში ეწვია.

 

თანაც, ორივე პარტიის ლიდერებთან საუბარი დაგეგმილზე დაახლოებით ნახევარი საათით გვიან დასრულდა. სარწმუნო ინფორმაციით, ქეიდინაუმ ორივე პარტიის სამომავლო გეგმების, ასევე ქვეყნის პრობლემების შესახებაც მოისმინა ინფორმაცია და ამავდროულად, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის ნამდვილად გამოყოფს 30 მილიონ დოლარს.

 

ეს 30 მილიონი დოლარი, ჩვენი ინფორმაციით, სამი მიმართულებით გადანაწილდება. პირველი – მედიისთვის სახელისუფლებო მარწუხების შეძლებისდაგავარად მოხსნისთვის (კონტროლირებად ტელევიზიებში ამერიკელების მოთხოვნით “გაჩნდება” სატელევიზიო გადაცემები, სადაც ოპოზიციურ პარტიებს საკუთარი აზრის დაფიქირების მეტი საშუალება ექნებათ) დაახლოებით 10 მილიონი დოლარი გამოიყოფა. მეორე - დაახლოებით 10 მილიონი საარჩევნო გარემოს შეცვლაზე დაიხარჯება. მესამე – დარჩენილი 10 მილიონი, სავარუდოდ, პარტიების რეგიონალური სტრუქტურების გაძლიერებაზე წავა. რაც მთავარია, ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში კი არ მოდის ამერიკიდან დახმარების სახით, არამედ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის - USID-ის ანგარიშზე დაჯდება და იანვრიდან, სწორედ ეს ორგანიზაცია დაიწყებს შესაბამისი პროექტების დაფინანსებას.    

 

და მაინც, ამ 30 მილიონის “წამოსვლისა” და ხარჯვის პროცესის დაწყების შემდეგ, რა უნდა დაინახოს ამერიკა-დასავლეთმა ქართულ ოპოზიციაში, რომ სააკაშვილის შეცვლაში დაეხმაროს? ფაქტი ერთია – თუკი, ოპოზიცია ამის შემდეგაც არ მოიქცევა ჭკვიანურად პოლიტიკური ქმედებების თვალსაზრისით, ეს 30 მილიონი შესაძლოა, სწორედ “ნაცების” ხელისუფლების 30 წლით გახანგრძლივებისთვის თავადვე გახარჯონ ქართველმა ოპოზიციონერებმა.

 

ბევრი პოლიტიკოსი, მომავალი არჩევნებისთვის საუკეთესო გამოსავლად აშშ-ს, ასე ვთქვათ, “ხელდასმული” სამი პარტიის ერთ საარჩევნო ბლოკში მოქცევას ხედავს. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე “ქრისტიან-დემოკრატებმა” და “თავისუფალმა დემოკრატებმა“ “ეროვნულ ფორუმთან” რომც გამონახონ საერთო პოლიტიკური ენა, პოლიტიკური უნდობლობის გამო ერთმანეთთან დამოუკიდებელი საუბარი ძალიან გაუჭირდებათ.

 

ამ ეტაპზე ამ პარტიების სერიოზულ პოლიტიკურ მიღწევად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ ორივე მათგანი დღეს ამავე “ეროვნული ფორუმის” წყალობითა და პოლიტიკური გათვლების გამო იმ 8 პარტიის შემადგენლობაშია, რომლებმაც წინა კვირაში ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს შეცვლისთვის ცვლილებათა პაკეტი მოუმზადეს და წარუდგინეს. შეგახსენებთ, რომ ამ ცვლილებების მთავარი მოთხოვნა არჩევნების ბიომეტრიული მონაცემებით ჩატარებაა, სადაც ამომრჩევნლის იდენტიფიკაცია თითის ანაბეჭდებითა და ფოტოსურათით მოხდება. ეს კი, ამ 8 პარტიის განცხადებით, იმის წინაპირობაა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ერთი ხმა ნამდვილად ერთი ხმა იქნება.

 

ირაკლი მელაშვილი: ეს 30 მილიონი რამდენადაც ჩვენ ვიცით, მიბმულია იმაზე, რომ საარჩვენო გარემოს დახვეწა მოხდეს. არ ვიცი, რამდენი გამოიყოფა და რამდენს მოითხოვს თავად ეს პროცესი. აქ ხარჯიანი არის ერთადერთი ნაწილია - ბიომეტრია, რადგან ეს ითხოვს გარკვეულ აპარატურას და სერიოზულ ცვლილებებს. რაც ჩვენ საცალო ფასებში გვაქვს დათვლილი, 8 მილიონნახევარი ჯდება, შეიძლება, ცოტა მეტი დაჯდეს, ან ცოტა ნაკლები. არის სხვადასხვა კომპანიის აპარატები, რომლებიც ატარებენ ამ ბიომეტრიულ რეგისტრაციას და შემდეგ ხმის მიცემის პროცედურას. ვფიქრობთ, ეს ყველაფერი 10-15 მილიონზე მეტი არ უნდა დაჯდეს - პირადობის მოწმობიდან დაწყებული, თავად ხმის მიცემის პროცედურებით დამთავრებული, რა თქმა უნდა, თავისივე აპარატურით.

 

ჩემი ინფორმაციით, ეს 30 მილიონი რომ წამოვა, ნაწილი უნდა დაიხარჯოს სწორედ პარტიული სტრუქტურის გაძლიერებაზე, მათ შორის – ოპოზიციური პარტიების.

- გარკვეულ მუშაობას რომ ეწევიან ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციები, იგივე NDI, IFS, IRI და სხვები ამ მიმართულებით, ცნობილია. ეს ძალიან კარგია, რადგან ამერიკელებიც მიხვდნენ, რომ აქცენტის გაკეთება მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალაზე, რომელსაც კარტბლანში მისცეს, საკმაოდ ძვირად დაუჯდა ამ ქვეყანასაც და მათაც. პოსტსაბჭოთა სივრცეში  ძალიან ბევრი ამერიკული პროექტი დამარცხდა.

 

ახლა დარჩათ უკანასკნელი შანსი საქართველოში. ცდილობენ, რომ აქ მაინც მოხერხდეს ნორმალური დემოკრატიული პროცესების განვითარება. წლების განმავლობაში ოპოზიციური პოლიტიკური ძალები, მათ შორის, ჩვენ – ფორუმი, ვცდილობდით, მათთვის აგვეხსნა: თუ ამ ქვეყანაში არ შეიქმნა ნორმალური სისტემა, რომელიც ადამიანებს მისცემს იმის იმედს – არჩევნებს აზრი აქვს, საქართველოში ნორმალური პოლიტიკური პროცესი არ იქნება.

 

უახლოეს ორ თვეში უნდა გაირკვეს, ეს ხელისუფლება თანხმდება თუ არა იმაზე, ნორმალური საარჩევნო კოდექსი შეიქმნას. თუ თანხმდება, მაშინ ყველა ერთად მივდივართ არჩევნებისკენ, სადაც ერთი ხმა ერთ ხმას ნიშნავს. თუმცა, თუ ხელისუფლება გვეუბნება, რომ არც ამომრჩეველს დაგათვლევინებ, არც ნორმალურ არჩევნებს ჩავატარებ, მაშინ პოლიტიკური მოთამაშეები იძულებული ხდებიან, წავიდნენ იმ ნაბიჯებზე, რომ აიძულონ ხელისუფლება, მიიღოს ეს ცვლილებები.

 

ეს უკვე რევოლუციის გზაა..

- თუ მოვლენები ასე წარიმართა, ეს მშვიდობიანი კი არა, ბევრად უფრო ექსცესური, ბევრად უფრო ხმაურიანი პროცესი იქნება, რაც, როგორც ხელისუფლება აცხადებს, მას არ სურს. თუ არ სურთ, მაშინ შეთავაზება გაკეთებულია. ჩვენი შემუშავებული პროექტის შესრულებას დრო სჭირდება და ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ როგორც  წინა ფორმატში გაიწელა პროცესი, ისე მოხდეს ახლაც და მერე გვითხრან, აბა, კარგად იყავით ბიჭებო, არაფერს ვცვლით. ჩვენ ვართ მზად ხელისუფლების მხრიდან დადებითი პასუხისთვისაც და ვართ მზად – არასთვისაც. ამ შემთხვევაში “ეროვნულ ფორუმზე ვსაუბრობ.

 

ეროვნული ფორუმი არის ერთადერთი სერიოზული პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ აქვს გამოკვეთილი პოზიცია: ემხრობა არჩევნებს, თუ სურს რევოლუცია. ამ ორი მიმართულების მოსურნე ძალებს შორის დგახართ შუაში. როდემდე აპირებთ არც იქით და არც აქეთ ყოფნას?

- შუაში მივდივართ ორივე ხელით. რომელი მიმართულებაც იქნება გამოსაყენებელი, ის უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი ამოცანა - შედეგის მიღწევაა. მოხარული ვიქნებით, თუ შედეგი მიიღწევა მოლპარაკებების მაგიდასთან. თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ მიიღწევა, მაშინ - მიიღწევა ქუჩაში. ორიდან ერთია, ჩვენ დამარცხებას არ ვაპირებთ. ლიდერებმაც გამოვაცხადეთ, რომ ან ვაღწევთ წარმატებას, ან ფორუმის ლიდერები მიდიან სახლში. თუ ამ 130 ათას კაცს, რომელიც დამიდგა ზურგს უკან, იმედები გავაცრუე, მაშინ ფორუმი იმისათვის არ არის შექმნილი ტელევიზორებში გამოვჩნდეთ და ინტერვიუები ვაძლიოთ. ჩვენი განმასხვავებელი ნიშანი სწორედ ისაა, რომ ბოლომდე შედეგზე ვიქნებით ორიენტირებული. ჩვენთვის შედეგი 7% კი არა, ხელისუფლების შეცვლაა.

 

ჩემთვის გონივრული ვადები ამ საშემოდგომო სესიაზე მთავრდება. ეს მოლაპარაკების პროცესი თუ გაიწელა, ხელისუფლებას ექნება სალაპარაკო, ბიჭებო, იცით რაა, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მე ახლა ამას ვერ ვასწრებ და მოდი გადავიტანოთ ეს ამბები შემდგომი არჩევნებისთვის და ახალმა პარლამენტმა გადაწყვიტოს. ეს უკვე პროცესის ჩაშლაა და ეს უკვე მოვლენების სხვა სცენარით განვითარებაა. ამ დროს მეუბნებიან, არჩევნებს კიდევ ერთხელ გიყალბებო, ამაზე ჩვენ შემგუებლები არ ვართ.

 

გაცნობიერებული აქვს თუ არა ფორუმს ის, რომ რევოლუცია აუცილებლად იქნება დიდი დარტყმა საქართველოსთვის?

-არანააირი რევოლუცია მიზანი არ არის და არც იქნება. შედეგი უნდა იყოს მიზანი. შედეგი კი ის უნდა იყოს, რომ საქართველოში ერთხელ მაინც ხელისუფლების ნორმალური ცვლილება მოხდეს. ეს შეთავაზება და ინიციატივა მიმართულია იმისკენ, რომ ავირიდოთ თავიდან ცუდი განვითარების სცენარი, მაგრამ თუ მე მეუბნებიან, ამის ალტერნატივა ისაა, 30 წლიანი დიქტატურა უნდა დაგიმყაროო, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ იმ ქვეყნებმა, რომლებიც იძახიან, რომ ასეთი გზით არ უნდა განვითარდეს სცენარი, საკუთარ კონსტიტუციებს ჩახედონ, რა უწერიათ შიგნით – ხალხს ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმის პირობებში აქვს აჯანყების უფლება.

 

ამ 30 მილიონიდან რაღაც ნაწილი, დაახლოებით 10 მილიონამდე უნდა წავიდეს ქართული მედიაში იმ თვალსაზრისით, რომ უნდა გაჩნდეს გადაცემები, სადაც ოპოზიციური აზრი თავისუფლად გაჟღერდება. ამავე ინფორმაციითდონორები ხელისუფლებას ასეთი გადაცემების რეიტინგულ არხებზე გაშვებას კატეგორიულად მოსთხოვენ. ანუ ამერიკელები ცდილობენ, ხელი შეუწყონ დემოკრატიულ პროცესებს, ოღონდ, არც ისე ჩქარი ტემპებით. ამერიკის ეს 30 მილიონიანი დახმარება არ იქნება საკმარისი, რომ ხელისუფლების შეცვლის პროცესი მშვიდობიან კალაპოტში წარიმართოს?

- საკმარისი არასდროს არ არის. ჩვენ ნუ გვექნება იმის იმედი, რომ აქ ამერიკელები დემოკრატიას ააშენებენ. ეს არ არის ამერიკელების დანიშნულება. ამერიკელებს შეუძლიათ, რაღაც პროცესებს შეუწყონ ხელი, მაგრამ დემოკრატიის მშენებლობა - ჩვენი გასაკეთებელი საქმეა. მე არ ვაპირებ, ვუყურო იმას, თუ ვისი ნება იქნება ამ ქვეყანაში ნორმალური სახელმწიფოს აშენება. ეს ჩემი და ჩემი საზოგადოებს ნება უნდა იყოს. ამიტომ ჩემი ბრძოლა არ გამომდინარეობს, ამერიკელები რა დახმარებებს გამოგვიგზავნიან. ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ ვაკეთოთ.

 

მედიის პრობლემები, პოლიციის ტერორი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და სხვა საკითხები უნდა მოგვარდეს.. ეს საკითხებიც არის სამსჯელო და ხელისუფლებასთან სალაპარაკო თემა. საქართველოს საზოგადოებამ უნდა გაიგოს ერთი რამ - ჩვენს ნაცვლად ჩვენს საქმეს არავინ გააკეთებს. ვერც ამერიკელი, ვერც ფრანგი და ვერც სხვა. ისინი შეიძლება, რაღაცაში დაგვეხმარონ, მაგრამ დაგეხმარება იმ შემთხვევაში, თუ შენ იბრძვი და იბრძვი სწორად...