ეკა ქავთარაძე, "კვირისპალიტრა.გე"
გასულ კვირას საქართველოში ნავთობპროდუქტებზე ფასები გაიზარდა... რა თქმა უნდა, ხუთი თეთრით, რადგან ბოლო წლების განმავლობაში, დაახლოებით სამ თვეში ერთხელ, საწვავზე ფასები სწორედ ამდენით იკლებს ან იმატებს. როგორც ყოველთვის, ფასების ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე მოვლენებს ბრალდება, კლება კი კომპანიების მხრიდან სოციალურ სოლიდარობას. თუმცა რატომ ძვირდება ან იაფდება ნავთობპროდუქტები, ამაზე დამაკმაყოფილებელი პასუხი მაინც არ არსებობს.
ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირში ამბობენ, რომ საწვავის ბოლოდროინდელი გაძვირების ძირითადი მიზეზი ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასების ზრდაა. "წლის დასაწყისში საერთაშორისო ფასი Pლატტ‘ს-ის მიხედვით A-92 ტიპის ბენზინზე $960 იყო ტონაზე. 25 იანვრის შემდგომ $1000-ზე მეტია. დღევანდელი მდგომარეობით კი $1046-ია", _ განმარტა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა. რაც შეეხება საწვავზე ფასების ცვლილებას აკვიატებული ხუთი თეთრით, ამაზე ნავთობიმპორტიორთა კავშირში გვიპასუხეს, რომ ე.წ. ხუთთეთრიანი ბიჯებით გაძვირება და გაიაფება არახალია და "ჩვენთან ასეა მიღებული".
ბექა კემულარია (ასოციაცია "სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისადმი"): "2008 წელს ნედლი ნავთობის ფასმა საერთაშორისო ბაზრებზე ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ბარელზე $147 შეადგინა. მაშინ ასევე აღინიშნა ისტორიული მაქსიმუმი ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასებზე და საშუალოდ ტონა ბენზინზე Pლატტ‘ს-ის ფასმა $1300-ს მიაღწია. ახლა ბარელი ნავთობის ფასი $30-$40-ით ნაკლებია, დაახლოებით $300-ით ნაკლებია Pლატტ‘ს-ის ფასიც, მაგრამ ჩვენთან, ადგილობრივ ბაზარზე, სწორედ ახლა აღინიშნება საწვავზე მაქსიმალურად მაღალი ფასები. ამ პირობებში ლიტრი ბენზინი 2,35 ლარი ღირს, რაც 15 თეთრით მეტია იმ ფასთან შედარებით, რომელიც 2008 წელს იყო. შედარებისთვის ამერიკის მაგალითიც საკმარისია, სადაც გალონი ბენზინი 2008 წელს $4,70 ღირდა, ახლა კი $4,10 ღირს.
რას უკავშირებენ ნავთობიმპორტიორები ხუთთეთრიან ბიჯებს, ნამდვილად ვერ ვხვდები, შემთხვევით, "ნაციონალური მოძრაობის" პატივსაცემად ხომ არა?.. ერთი რამ კი ცხადია, რომ ასეთი დადგენილი ბიჯებით საწვავის გაძვირება ან გაიაფება ლოგიკას მოკლებულია. როგორ შეიძლება, რომ ფასთა ცვლილება საერთაშორისო ბაზრებზე ყოველთვის ხუთი თეთრის ფარგლებში ჯდებოდეს. ასე ზუსტად ემთხვევა Pლატტ‘ს-ის ფასის ცვლილება, რომ ზუსტად ხუთი თეთრით აძვირებენ ერთ ლიტრ საწვავს? თვალში საცემია, რომ ყველა ნავთობიმპორტიორი და რეალიზატორი ფასებს ერთდროულად ცვლის, რაც მეტყველებს, რომ მათ შორის განსაზღვრული შეთანხმება არსებობს. მცირე განსხვავება "დასვეს" ფასებში, მაგალითად "ვისოლი" 5-7 თეთრით უფრო ძვირად ყიდის საწვავს, მაგრამ ამ ფასსაც შიგადაშიგ "გადაათამაშებენ" ხოლმე. გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ საფასო კონკურენცია ნავთობპროდუქტების ბაზარზე არ არსებობს. ნავთობიმპორტიორებს ერთმანეთთან მხოლოდ მარკეტინგულად აქვთ კონკურენცია.
"გალფის" შემოსვლამ ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასები კიდევ უფრო გაზარდა. მოგეხსენებათ, ეს კომპანია თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირდება, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ბიზნესს მიჰყო ხელი. "გალფმა" შეისყიდა "ეკოს", "სენტას" და "მაგნატის" ავტოგასამართი სადგურები. წესით, როცა ბაზარზე ახალი მოთამაშე შემოდის და ძველ მოთამაშეებს უკვე კარგად აქვთ მოკიდებული ფეხი, ახალბედას ადგილის დამკვიდრება უნდა გაუჭირდეს. მაგრამ კონკურენტებმა რატომღაც საკუთარი ნებით დაუთმეს ასპარეზი "გალფს" _ ნავთობპროდუქტებზე გაზარდეს ფასები და ამით "გალფს" ფასების თვალსაზრისით უპირატესობა მიანიჭეს. არადა წესით, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ფასები უნდა დაეწიათ, მომხმარებლის შესანარჩუნებლად. ამათ კი მომხმარებელი ნებით დათმეს.
გარდა ამისა, აზერბაიჯანულ და ევროპულ საწვავზე ფასები ერთნაირად არ უნდა იზრდებოდეს, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათი იმპორტირება დროში არ ემთხვევა. ევროპიდან საწვავის შემოტანას საქართველოში, შეძენიდან დაახლოებით ორი თვე სჭირდება, აზერბაიჯანიდან კი რამდენიმე დღე. თანაც ჩვენთან მხოლოდ 20%-ია ევროპული საწვავი, 80% კი აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ საწვავზე მოდის. ფასების უსაფუძვლო ზრდა კიდევ ერთი დასტურია, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს ერმანეთთან კარტელური გარიგება აქვთ. ასე რომ, ფასების ზრდა თუნდაც ხუთი თეთრით, კომპანიებისთვის დამატებით მითვისებული მილიონებია".
ცოტა ხნის წინ, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიალზე, კომპანია "გალფ ჯორჯია" ყველაზე სწრაფად განვითარებად კომპანიად დასახელდა. დაიმსახურა კიდეც, რადგან ბაზარზე ჯერ მხოლოდ ორი წელიწადია არსებობს და უკვე საქართველოს მასშტაბით 130 ავტოგასამართი სადგური აქვს. მაშინ, როცა თერთმეტწლიანი ისტორიის მქონე "ვისოლს" 105 ავტოგასამართი სადგური აქვს, ხუთი წლის "სოკარს" კი 88. სხვათა შორის, "გალფ ჯორჯია" ერთადერთი კომპანია იყო, რომლის წარმომადგენლებიც დაჯილდოებაზე არ გამოცხადებულან...
ფაქტია, რომ საქართველოში ნავთობიმპორტიორთა წრე სულ უფრო ვიწროვდება. ამ ეტაპზე, ზემოთ ჩამოთვლილი სამი კომპანიის გარდა, ბაზარზე კიდევ ერთი მსხვილი ნავთობიმპორტიორი, "რომპეტროლ საქართველო" მოქმედებს. ცოტა ხნის წინ, „თავისუფალმა დემოკრატებმა" ჟურნალისტებს რეესტრიდან ამოწერილი ოფიციალური დოკუმენტები წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც კომპანია „უნიგრუპის" 50%-ის მფლობელი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია. „უნიგრუპი" კი „ლუკოილის" დისტრიბუტორი კომპანიაა. პარტიის წევრ ლევან იზორიას თქმით, დავით კეზერაშვილი კომპანია „გალფის" 50%-ის მფლობელიცაა, თუმცა დოკუმენტებით 100%-იანი წილის მფლობელად კეზერაშვილის მეგობარი კახაბერ ნინუაა. იზორიას ინფორმაციით, 2005 წლამდე საქართველოში საწვავის შემომტანი ასზე მეტი კომპანია არსებობდა. იზორია მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შემზღუდველად დავით კეზერაშვილთან ერთად მიხეილ სააკაშვილსაც მიიჩნევს და ამბობს, რომ საქართველოში, მსგავს სტრატეგიულ ბიზნესში ქვეყნის პირველი პირის გარეშე გადაწყვეტილებები ვერ მიიღება.
1009
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85