კობა ბენდელიანი, “ინტერპრესნიუსი”
ივანიშვილის კოალიციის შემადგენლობაზე, დეკლარაციასა და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსებზე "ინტერპრესნიუსი" "მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელს, გია ნოდიას ესაუბრა.
- ბატონო გია, "ქართულ ოცნებაში" გაერთიანებულმა ოთხმა პოლიტიკურმა სუბიექტმა - "ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ", "რესპუბლიკურმა პარტიამ", "თავისუფალმა დემოკრატებმა" და "ეროვნულმა ფორუმმა" ხელი მოაწერეს კოალიციის სადამფუძნებლო დეკლარაციას, რომელშიც კოალიციის მიზნები პუნქტობრივად არის ჩამოყალიბებული. როგორ შეაფასებდით ივანიშვილის კოალიციის 12-მუხლიან სადამფუძნებლო დეკლარაციას?
- დეკლარაციაში არის ისეთი ზოგადი პრინციპები, რომელთაც, სავარაუდოდ, ყველა ოპოზიციური პარტია გაიზიარებდა. პრინციპში, მასში თითქმის არაფერია ისეთი, რაც კოალიციას სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განასხვავებს. თუ ამ დეკლარაციიდან რამდენიმე წინადადებას ამოვიღებთ, რაც არსებული ხელისუფლების კრიტიკას შეიცავს, მაშინ ალბათ მას სახელისუფლო პარტიაც გაიზიარებდა. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან ქართული პარტიები ერთმანეთისგან ნაკლებად განსხვავდებიან, ნაკლები სხვაობაა ოპოზიციურ და სახელისუფლო პარტიებს შორისაც. პრინციპულად საინტერესო ამ დეკლარაციაში არაფერი არ არის.
- ცნობილი გახდა, როგორც კოალიციის პოლიტსაბჭოს შემადგენლობა, არამედ ისიც, რომ კოალიციის პოლიტსაბჭოს თავად ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო პოლიტსაბჭოს აღმასრულებელი მდივანი ნოდარ ხადური იქნება. ივანიშვილის განცახდებით, დღეიდან "კოალიცია ერთი გუნდია და ჩვენ გავაერთიანებთ და ერთ მუშტად შევკრავთ მთელ საზოგადოებას". როგორ აფასებთ კოალიციის პოლიტსაბჭოს შემადგენლობას, რამდენად შეძლებს კოალიცია საზოგადოების გაერთიანებას და რა შანსები შეიძლება ჰქონდეს საპარლამენტო არჩევნებში?
- რაც შეეხება კოალიციის პოლიტსაბჭოს შემადგენლობას. როგორც ყოველთვის, ყველაზე საინტერესო სიახლე პერსონალიებს უკავშირდება. კოალიციაში #2 ფიგურა ნოდარ ხადური იქნება. ივანიშვილი მაინც ნახევრად მითოლოგიური ფიგურაა და ახლა გაირკვა, რომ უშუალოდ საქმის გამკეთებელი, ანუ კოალიციაში მეორე კაცი ნოდარ ხადური იქნება. შესაძლოა, ეს ძალიან ბევრს არ ნიშნავდეს, მაგრამ ამ ფაქტმა ერთგვარი გარკვეულობა შემოიტანა.
რაც შეეხება საზოგადების გაერთიანებას, ეს, რა თქმა უნდა, რიტორიკული ნათქვამია. ცხადია, ივანიშვილის კოალიცია საზოგადოებას ვერ გააერთიანებს, საზოგადოება პოლარიზებულია, მისი დიდი ნაწილი მხარს უჭერს ხელისუფლებას, სხვები ოპოზიციურად არიან განწყობილი. რეალურად, ივანიშვილს შეუძლია, ისაუბროს ოპოზიციური სპექტრისა და ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების გაერთიანებაზე. ივანიშვილის პირველივე განცხადებებიდან გახდა ცხადი, რომ სწორედ იგი იქნებოდა მთავარი ოპოზიციური ფიგურა და ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ მას დაუჭერდა მხარს. ეს უკვე დიდი ხნის წინ მოხდა. მაგრამ ჯერჯერობით, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშნებს, რომ მან შეიძლება წაართვას ელექტორატი მმართველ პარტიას. თუ ჩატარებული გამოკითხვებით ვიმსჯელებთ, ივანიშვილის კოალიციას აქვს შანსი, მომავალ პარლამენტში გახდეს წამყვანი ოპოზიციური პარტია. ამ კოალიციისთვის ყველაზე დიდი წარმატება იქნება ის, თუ პარლამენტში მანდატების დაახლოებით მესამედს მოიპოვებს და ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის საშუალებას არ მისცემს. ამგვარი რამ, თავისთავად კარგი იქნება კოალიციისთვისაც და ზოგადად ქვეყნისთვისაც, ვინაიდან ზოგადად ცუდია, როცა ერთ პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს.
- "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" პრეზენტაციაზე ივანიშვილის მიერ საზოგადოებისთვის ახალი სახეების წარდგენის შემდეგ ექსპერტთა ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შემოდგომისთვის დაგეგმილი არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია "ბიოგრაფიების" ბრძოლის ნიშნით წარიმართებოდა. თქვენც ასე ფიქრობთ?
- აქ ორი რამის თქმა შეიძლება. პირველი - სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკა პერსონალიზებულია. მიუხედავად იმისა, რომ მომავალ არჩევნებში ძირითადი მოთამაშეები "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" იქნებიან, ამომრჩეველთა უმრავლესობისთვის ეს არჩევნები სააკაშვილისა და ივანიშვილის შედარება იქნება. ხოლო ამომრჩეველი პოლიტიკოსებს არა სილამაზითა და გარეგნობით აფასებს, არამედ - პოლიტიკური ბიოგრაფიებით. მაგრამ, გააჩნია, ამ ბიოგრაფიებში რა ნიშნებს გამოვყოფთ. მმართველი პარტიის რიტორიკიდან ცხადია, რომ მათი საარჩევნო კამპანიის ლაიტმოტივი იქნება ის, რომ "ნაცმოძრაობა" განასახიერებს სიახლეს, გარდაქმნებს მაშინ, როდესაც ივანიშვილი და მის გარშემო გაერთიანებული ადამიენები ასახიერებენ წარსულს, წარსულთან დაბრუნებას და რეტროგრადობას.
ივანიშვილის კამპანიის მთავარი ლოზუნგი კი იქნება ის, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი განასახიერებს ცვლილებას. ამასთან, მეტი აქცენტი გაკეთდება ამორჩეველთა უფროს თაობაზე, გამოცდილ ადამიანებზე, უფრო გაწონასწორებულ და სოლიდურობაზე ორიენტირებულ ადამიანებზე. "სექსუალურ მომწიფებულობაზე" გამონათქვამიც, კურიოზულობის ელემენტი რომ გვერდზე გადავდოთ. ამით ისინი გაემიჯნებიან მმართველ გუნდს, რომელიც, კოალიციის აზრით, უმწიფარ და გამოცდილების არმქონე ადამიანებისგან შედგება.
- ივანიშვილის გუნდში ვისმა გამოჩენამ გაგაკვირვათ ან დაგწყვიტათ გული? დავიჯერო, თქვენი მოსაწონი ამ გუნდში საერთოდ არავინ არის?
- არა, მაგაში სულაც არ არის საქმე, არის თუ არა ამ გუნდში ჩემი მოსაწონი. ამ გუნდში საკმაოდ ბევრი ადამიანია, რომელთა საწინააღმდეგო პიროვნულად არაფერი მაქვს. საქმე იმაშია, პოლიტიკური პარტია არ არის პერსონალიების ჯამი. კოალიცია აგებულია ერთი პიროვნების გარშემო, აშკარად არარეალისტურ გეგმებს სახავს და, პრაქტიკულად, არაფერს არ ამბობს, როგორ აპირებს მის მიერ განსაზღული გეგმების განხორციელებას. ამ კოალიციასთან ჩემი დამოკიდებულების პრობლემა კოალიციის, როგორც ერთი მთლიანობის წარმოდგენას უკავშირდება. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მე კოალიციის ყველა წევრი არ მომწონს.
- არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებისგან უკვე მიღებულ საარჩევნო კანონმდებლობასა და საარჩევნო კოდექსში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას ითხოვენ. რამდენად სავარაუდოა კანონმდებლობაში არა კოსმეტიკური, არამედ სერიოზული ცვლილებების განხორციელების ალბათობა?
- რეალურად, რაც არასამთავრობო ორგანიზაციათა უკმაყოფილებას იწვევს, კანონმდებლობაში რამდენიმე ცნების ბუნდოვანებას უკავშირდება და არა - მთლიანად საარჩევნო კანონმდებლობას. ფაქტობრივად, საქმე ეხება საკმაოდ კონკრეტულ და მნიშვნელოვან საკითხს. მეც ვთვლი, რომ კანონის ამ ნაწილში ნამდვილად დასახვეწია კანონმდებლობა. ანუ, უფრო ნათლად უნდა იყოს განსაზღვრული, რას ნიშნავს "პოლიტიკური მოღვაწეობა", რომ აქ მხოლოდ არჩევნების მოგებაზე და ძალაუფლებაში მოსვლაზე გამიზნული საქმიანობა იგულისხმება. ამ საკითხებზე პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მიერ გაკეთებული განცხადება შეიცავს გარკვეულ მინიშნებას იმისა, რომ ამ მიმართულებით კანონმდებლობა შეიცვლება. მაგრამ, ფუნდამენტურად საარჩევნო კანონმდებლობა არ შეიცვლება და ჩემი ღრმა რწმენით, არც არის შესაცვლელი.
- "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკის ჯგუფის ხელმძღვანლის, თედო ჯაფარიძის "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუმ დიდი რეზონანსი გამოიწვია. სახელისუფლო არხებმა მას ბრალი დასდეს, რომ "ქართული ოცნება" საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას არ გამორიცხავს. არადა, ამ ინტერვიუდან ამგვარი დასკვნის გაკეთება საკმაოდ ძნელი გასაკეთებელი იყო. თქვენ ასეთი შთაბეჭდილება არ დაგრჩათ, როგორც ინტერვიუზე, ისე ატეხილ "ხმაურზე"?
- ჩემი აზრით, ამ ინტერვიუდან არ შეიძლება იმის მტკიცება, თითქოს "ქართულ ოცნებას" საქართველო ევრაზიულ კავშირში შეჰყავს. ამგვარი ბრალდება არასამართლიანი იქნებოდა. ზოგადად ინტერვიუზე კი შემიძლია ვთქვა, რომ ბატონო თედო თავის საქმის კარგი პროფესიონალია და ზოგადად ძალიან სწორ რაღაცებს ამბობს. მე ამ ინტერვიუდან ორ რამეს გამოვყოფდი, რაშიც ვეთანხმები - ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს პრაგმატული და რეალისტური – ნამდვილად; მეორეც, ჩვენი უსაფრთხოების პრობლემები ძირითადად ქვეყნის შიგნით არასტაბილურობაშია და დემოკრატიული ინსტიტუტები გახლავთ გრძელვადიანი საფუძველი ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მაგრამ, იმავდროულად, მაქვს პრეტენზიებიც არა მარტო ამ ინტერვიუში ბატონ თედოს მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან, არამედ ზოგადად იმ განცხადებების მიმართ, რასაც ამ თემაზე "ქართული ოცნების" კოალიცის წევრები აკეთებენ. მათ, ერთი მხრივ უნდათ ევროატლანტიკური ინტეგრაცია და, მეორე მხრივ, რუსეთთან კარგი ურთიერთობა. მაგრამ ეს ვის არ უნდა. სააკაშვილსაც ხშირად უთქვამს, რომ რუსეთთან დიალოგისთვის მზადაა. მაგრამ ბატონ თედოსთვისაც, როგორც საქმეში კარგად ჩახედული ადამიანისთვის, ცხადი უნდა იყოს, რომ ამ ეტაპზე რუსეთთან ურთიერთოების რეალური გაუმჯობესება, რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელს ავიღებთ ჩვენს ძირითად სტრატეგიულ მიზნებზე. ანუ უარი უნდა ვთქვათ როგორც ევროატლანტიკურ პროექტზე, ისე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ჩვენს პრეტენზიებზე.
კოალიციის წარმომადგენლების მხრიდან საუბრები იმაზე, რომ ისინი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ და პრობლემას გადაჭრიან, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ბლეფია. ამის არანაირი პერსპექტივა არ არის. თუ პრაგმატული და რეალისტური პოლიტიკა გვინდა, პირველ რიგში უნდა ამოვიდეთ იქედან, თუ რა არის დღეს შესაძლებელი. ვიმეორებ, რუსეთთან ურთიერთობების გამოუჯობესება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ფაქტობრივად უარს ვიტყვით, როგორც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, ისე - ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.
- რას იტყოდით "ევროატლანტიკური უსაფრთხოების ინიციატივაზე", რომელიც მიუნხენის კონფერენციაზე განიხილებოდა და, რომელზეც თავისი დადებითი დამოკიდებულება აქვთ გამოთქმული აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს, ნატო-ს გენმდივან რასმუსენს და გერმანიის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრ ვესტერველეს. ასევე, იმაზე, რომ ხელისუფლებამ ქართულ საზოგადოებას არ მიაწოდა ინფორმაცია რუსულ მხარესთან მიმდინარე კონსულტაციებისა და ბათუ ქუთელიასა და თორნიკე გორდაძის ივანოვთან შევედრის შესახებ? ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია პრესას "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ მიაწოდა.
- სამწუხაროდ, არ ვიცი, ვინ ვის შეხვდა მიუნხენში. რაც შეეხება თავად ინიციატივას, ვიცი, რომ იგი გახლავთ არასამთავრობო სამშვიდობო ინიციატივა, რათა რუსეთ-დასავლეთს შორის გარკვეული ხიდები გაიდოს. ჩემი აზრით, ეს ინიციატივა მკვდრადშობილია და ამ საქმიდან პრაქტიკულად არაფერი გამოვა. მაგრამ, ამ მცდელობაში ცუდი და მიუღებელი არაფერია. ჩემი აზრით, ამ საექსპერტო ჯგუფში არც თედო ჯაფარიძის მონაწილეობას არ უნდა მივანიჭოთ დიდი ყურადღება და არც იმას, თუ მოუნხენის კონფერენციის ფარგლებში ჩვენი ხელისუფლებიდან ვინმე ივანოვს შეხვდა. დიპლომატია გულისხმობს, როგორც ოფიციალურ, ისე კონფიდენციალურ შეხვედრებს და ამაში ცუდი არაფერია.
ასე რომ ვერაფერს ვიტყვი, თუ რატომ არ გაახმაურა ხელისუფლებამ მისი წარმომადგენლების ივანოვთან შეხვედრა, მაგრამ აქ მიუღებელს და გასაკვირს ვერაფერს ვხედავ.
862
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85