მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ხელისუფლებას დახმარება და მხარში დგომა მთავრობის მხრიდან საერთოდ იგნორირებულნი იქნებიან. 2013 წლის პირველი იანვრიდან მარჩენალდაკარგულების და ინვალიდების პენსია უქმდება. იმის ნაცვლად, რომ ამ კატეგორიას პენსია მომატებოდა, რამდენიმე თვეში საერთოდ აღარ ექნება და ასეთ რამეს ხელისუფლება უშუალოდ არჩევნების წელსაც არ ერიდება. რა იქნება შემდეგ, თუკი ქვეყნის მართვა ისევ არსებული პოლიტიკური ჯგუფის ხელში დარჩება?
მარჩენალდაკარგულთა და ინვალიდთან პენსიის გაუქმების შესახებ კანონპროექტი „ხალხის პარტიის“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრ ელისო ჩაფიძესთან და არასამთავრობო ორგანიზაცია „მზრუნველი მშობლები ინვალიდი ბავშვებისათვის“ დირექტორ ნანა შარაშიძესთან ერთად, კიდევ ერთხელ გააპროტესტა.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, 21 თებერვალს საქართველოს მთავრობას პარლამენტში განსახილველად კანონპროექტი შეაქვს, რომელიც მარჩენალდაკარგულთა და ინვალიდთა პენსიის გაუქმებას ითვალისწინებს.
„იმ კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს, 2013 წლის 1-ლი იანვრიდან მარჩენალდაკარგულებსა და ინვალიდებს პენსია მოეხსნებათ. ძველებს პენსია შეუნარჩუნდებათ, მაგრამ ახალ დაინვალიდებულებს ან მარჩენალდაკარგულებს პენსია საერთოდ აღარ ექნებათ. კანონიდან საერთოდ ამოდის მუხლი - ინვალიდობის პენსია და სხვაგან თუ სადმე ჩნდება, არაა მითითებული. ეს მაშინ, როცა ჩვენ მათთვის პენსიის 70-დან 100 ლარამდე გაზრდას მოვითხოვდით.
ასევე პარადოქსია, რომ ინვალიდი ბავშვის დედას არც ერთი თეთრით აღარ დაეხმარებიან, მაგრამ თუ დედა ბავშვს ინსტიტუციაში ჩააბარებს და შემდეგ ამ ბავშვს მზრუნველი გამოუჩნდება და წაიყვანენ, მას სახელმწიფო 600 ლარს გადაუხდის. მივმართავთ პარლამენტს, ამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭიროს. პარლამენტში მოსმენაზე მეც მივდივარ”, - განაცხადა დავითაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციის „მზრუნველი მშობლები ინვალიდი ბავშვებისათვის“ დირექტორი ნანა შარაშიძის თქმით, „საპენსიო კანონიდან ამ ახალი კანონპროექტის მიხედვით ის მუხლებია ამოღებული, რომელიც მარჩენალდაკარგულებისა და ინვალიდებისათვის პენსიის დანიშვნას ითვალისწინებს“. შარაშიძის განცხადებით, თუ პარლამენტი კანონპროექტს ძალაში მიიღებს, ისინი სასამართლოში აუცილებლად გაასაჩივრებენ.
ერთ-ერთი უნარშეზრუდული ბავშვის მშობელმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც მიმართა. „გამოიჩინეთ კეთილი ნება და შეგვხვდით ჩვენ, მშობლებს და დაინტერესდით ჩვენი ცხოვრების წესით, როგორ ვარჩენთ შვილებს“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მშობელმა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკანონმდებლო ორგანო ძნელი სათქმელია. იმ ფონზე, როდესაც წინასაარჩევნოდ ხელისუფლების ნდობით აღჭურვილ საჯარო მოხელეებს ხელფასებს 50-100%-ით უზრდის, ყველაზე უსუსრ ადამიანებს, ერთადერთ შემწეობაზეც უარს ეუბნება. როგორც ჩანს, „მარად მზარდი და მუდამ გადაჭარბებით შესრულებული“ ბიუჯეტი ამდენს ვეღარ წვდება. ასე რომ, ინვალიდებისა და მარჩენალდაკარგული ბავშვების პენსია მსხვილფეხა თუ წვრილჩლიქოსანი ნაციონალი მოხელეების კმაყოფას ეწირება.