ბიძინა ივანიშვილი საქართველოში პოლიტიკური მესიანიზმის დასრულებას აპირებს

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში პოლიტიკური მესიანიზმის დასრულებას აპირებს

„საქართველოში პოლიტიკური მესიანიზმი დასრულდება“, - ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „რედისონში“ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზენტაციის დროს განაცხადა.

დღესვე „ქართულ ოცნებაში გაერთიანებულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა 12 პუნქტიანი დეკლარაცია მიიღეს, რომელიც თავად „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გააცნო საზოგადოებას.  

სადამფუძნებლო დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ 2012 წლის საპარალამენტო არჩევნები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზაგასაყარია, რომლის შემდეგაც საქართველოში უნდა დაიწყოს მრავალპარტიული დემოკრატიის დამკვიდრება.
„ეს არის არჩევანი თავისუფლებასა და დიქტატს, სამართლიანობასა და უსამართლობას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და საერთაშორისო იზოლაციას შორის. საქართველოს გადარჩენისა და თანამედროვე სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის აუცილებელია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის გამარჯვება პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულ მმართველ რეჟიმზე, რომელიც დღეს მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის. სწორედ ამ გამარჯვების უზრუნველსაყოფად შეიქმნა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“. კოალიცია აერთიანებს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც გაერთიანებული არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპების საფუძველზე და გამოხატავენ საზოგადოების უმრავლესობის მიზნებს“, - ნათქვამია სადამფუძნებლო დეკლარაციაში.

ბიძინა ივანიშვილმა, ასევე, ამცნო საზოგადოებას, თუ რის გაკეთებას აპირებს   „არჩევნებში ხალხის თავისუფალი ნების გამოვლენის გზით“ ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნება“. კერძოდ, დაასრულებს ავტორიტარულ მმართველობას და პოლიტიკურ მესიანიზმს საქართველოში, რისთვისაც განავითარებს ლიბერალურ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ინსტიტუტებს, დაძლევს სამოქალაქო დაპირისპირების მემკვიდრეობას და განამტკიცებს ეროვნულ თანხმობას. დაამკვიდრებს სახელმწიფო ორგანოს და დაბალანსებულ გაწონასწორებულ მოდელს, რეალურ თვითმმართველობას და მრავალპარტიულ პოლიტიკურ სისტემას, რისთვისაც ხალხის აქტიური მონაწილეობით განახორციელებს კონსტიტუციურ რეფორმას. უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და რეგიონული პოზიციების გამყარებას, რისთვისაც გააღრმავებს ევროკავშირსა და ნატო-სთან ინტეგრაციას და მონაწილეობას მიიღებს რეგიონული მასშტაბის ეკონომიკურ და სამშვიდობო პროცესებში. დაიწყებს და შეუქცევადს გახდის ქვეყნის გამთლიანების პროცესს, რისთვისაც მოძებნის დიალოგის გზებს აფხაზებთან და ოსებთან. საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მიაღწევს კონკრეტულ შედეგებს რუსეთთან მოლაპარაკებებში. დაამკვიდრებს საარჩევნო დემოკრატიას, ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და არჩევნების გზით შეცვლის ტრადიციას, რისთვისაც გააძლიერებს ოპოზიციის როლს ქვეყნის მართვაში. დაიცავს მედიის თავისუფლებას და წაახალისებს სამოქალაქო ინიციატივებს, უზრუნველყოფს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობას, დანაშაულისთვის სასჯელის გარდაუვალობას და პოლიტიკური ნიშნით დევნის დაუშვებლობას, რისთვისაც დაამკვიდრებს კანონის უზენაესობას, გაათავისუფლებს სასამართლო და სამართალდამცავ ორგანოებს პოლიტიკური ზეწოლისგან. არ დაუშვებს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის შერწყმას სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რისთვისაც გაათავისუფლებს საჯარო სამსახურებს მმართველი ძალის წნეხისგან და გამიჯნავს მათ პარტიული ინტერესისგან, დაძლევს უმუშევრობას და სიღარიბეს. შეუქმნის უნარიან და მშრომელ მოქალაქეებს სიმდიდრისა და კეთილდღეობის პირობებს, რისთვისაც განავითარებს წვრილ და საშუალო ბიზნესს და სოფლის მეურნეობას. დაიცავს კერძო საკუთრებებს და შრომის უფლებებს, უზრუნველყოფს მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ქვეყნის ინტეგრირებას. დანერგავს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებს, რისთვისაც განახორციელებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე ორიენტირებულ გააზრებულ რეფორმებს. შეუქმნის შრომისუუნარო მოქალაქეებს ცხოვრების ღირსეულ პირობებს, რისთვისაც დაამკვიდრებს უსაფრთხო სოციალურ გარემოსა და განვითარების სოციალური სოლიდარობის სისტემას. ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეთა მრავალფეროვანი ერთობის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას, რისთვისაც დაიცავს ეთნიკური და რელიგიური უცმირესობების უფლებებს და ხელს შეუწყობს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში მათ ინტეგრირებას. იზრუნებს ქვეყნის ეროვნულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე და ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო და სოციალურ-ეკონომიკურ მოდერნიზაციას, რითაც დაძლევს ერთის მხრივ ბრმა მიმბაძველობის, ხოლო მეორეს მხრივ ფსევდოპატრიოტული კარჩაკეტილობის ტენდენციებს.

„ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის ჩვენ გავიმარჯვებთ არჩევნებში“, - ნათქვამია პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ სადამფუძნებლო დეკლარაციაში, რომელსაც ხელი მოაწერეს შემდეგმა სუბიექტებმა: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ ხელმძღვანელმა დავით უსუფაშვილმა, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა კახა შარტავამ.

რაც შეეხება კოალიციის სხვა წევრებს, „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი და „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი ზვიად ძიძიგური კოალიციაში წარმოადგენენ საკუთარ პარტიებს და ისინი კოალიციის სრულუფლებიანი წევრები არიან.

გარდა ამისა, დღესვე ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრები წარადგინა. პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის წევრი ნოდარ ხადური, რომელიც ამავდროულად, პოლიტიკური საბჭოს აღმასრულებელი მდივანიც იქნება. საბჭოს შემადგენლობაში, ასევე, იქნებიან დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია, კახა შარტავა, ზვიად ძიძიგური, დავით ბერძენიშვილი, ალექსი პეტრიაშვილი. თუმცა პოლიტსაბჭოში გაწევრიანება ამით არ დასრულდება და საბჭოში ვაკანტური ადგილები ჯერ კიდევ იარსებებს. პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოს თავად ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

როგორც გაირკვა, კოალიციაში შემავალი სუბიექტები დღეიდან ერთ გუნდად ჩამოყალიბდნენ. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი მოუწოდებს საზოგადოებასა და ჟურნალისტებს, ამიერიდან ისინი ერთ გუნდად განიხილონ და კრიტიკის ან ქების შემთხვევაში, ერთიან კონტექსტში მოიხსენიონ.

„დღეიდან ჩვენ ერთი გუნდი ვართ. გავაერთიანებთ და ერთ მუშტად შევკრავთ მთელს საზოგადოებას იმისთვის, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში და ერთად ავასრულოთ ქართველი ხალხის ქართული ოცნება“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა და ისიც განმარტა, რომ პოლიტიკაში გამოჩენისთანავე მან  დაასახელა ორი პარტია, რომლებთანაც თანამშრომლობას აპირებდა - „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“. თუმცა შემდეგ მათ შეუერთდნენ კონსერვატორები და „ხალხის პარტია“, უფრო გვიან კი „ეროვნულ ფორუმთან“ შედგა თანამშრომლობა.

„მინდა, აღვნიშნო, რომ კახა შარტავამ გუნდურობის პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა და მასტერკლასი მომცა, როგორი უნდა იყოს გუნდი. ჩვენ ახლა ერთი გუნდი ვართ და ოპონენტები ტყუილად დაშვრებიან, რათა ამ გუნდში განხეთქილება შეიტანონ,“ - განმარტა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიზნესმენის თქმით, მისი პარტიის ფორმირება მარტის ბოლოსთვის დასრულდება და აპრილში განსაკუთრებით გააქტიურდება.

„როცა დადგება აპრილი და, როცა ყველაზე დიდი სკეპტიკოსებიც კი დაიჯერებენ, რომ საკაშვილმა ვერ მოახერხა გაზაფხულის მოსვლის შეჩერება, ჩვენ დავიწყებთ გააქტიურებას, მივალთ საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან, დავიცავთ მას, ოქტომბრამდე მთელ ქვეყანას ერთ მუშტად შევკრავთ და მივაღწევთ, საქართველოს მოსახლეობამ აიხდინოს ქართული ოცნება“, - ასეთია ბიძინა ივანიშვილის პათოსი.

„ქართული ოცნების მაგალითს ბიძინა ივანიშვილი თავად წარმოადგენს“, - აღნიშნა   „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ადრეულ ასაკში წავიდა ქვეყნიდან და ერთადერთი სიმდიდრე რაც გააჩნდა, მისი შრომისმოყვარეობა და ნიჭი იყო. დღეს კი იგი მსოფლიოს წარმატებულ ბიზნესმენთა მოწინავე რიგებში აღმოჩნდა. ალასანია მიიჩნევს, რომ ასეთი ოცნება ყველა ქართველს შეუძლია, აიხდინოს, თუკი  სამართლიანი გარემო იქნება.

„მეამაყება დღეს, რომ ასეთ პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებ ბრძოლას საქართველოს გათავისუფლებისთვის ნაციონალური მოძრაობისგან, მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობისგან. დარწმუნებული ვარ, მიზანს ძალიან სწრაფად მივაღწევთ“.

ირაკლი ალასანიას თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ძალას  ყველაზე უკეთ ესმის ჩვენი ქვეყნის პრობლემა და მისი გადაჭრის გზები.

„მილიონობით ქართველმა დატოვა საქართველო, რადგან მას არ აქვს სამუშაო ადგილი. საზღვარგარეთ მცხოვრებმა ჩვენმა მოქალაქეებმა საკუთარი ოჯახებისთვის მილიონზე მეტი გადმორიცხვა განახორციელეს. ამ ადამიანებს სამუშაო ადგილები ქვეყანაში რომ შევუქმნათ, ისინი აქ დასაქმდებიან და ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობაც ფეხზე დადგება. ჩვენ ძალიან სწორი წარმოდგენა გვაქვს იმაზე, თუ როგორ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები რეგიონებში, რადგან სოფლის მეურნეობა, რომელიც ხელისუფლების მიერ იგნორირებულია, გახდება მთავარი, რასაც ფეხზე დავაყენებთ“, - აღნიშნა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა.

მისივე თქმით, შვიდი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის იგნორირება მოადინა. სწორედ ეს სექტორია ფეხზე დასაყენებელი, რის შემდეგაც ჩვენი მოსახლეობის 55 % (რომელიც დასაქმებული იყო სოფლის მეურნეობაში), ისევ დასაქმდება. ასევე, ხელი შეეწყობა ქვეყანაში პროდუქციის არა მარტო შიდა მოხმარებისთვის წარმოებას, არამედ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში ძველი ბაზრების დაბრუნებას. ამით კი შემცირდება მიგრაციული ნაკადი, რომელმაც საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დააყენა.

„სოფლის მეურნეობა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ჩვენი შიდა პოლიტიკური ეკონომიკური საქმიანობის მთავარი ღერძი იქნება. აუცილებელია, ბიზნესმენს, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელს, ჰქონდეს უსაფრთხო კრედიტის მიღების შესაძლებლობა, რადგან წელს და გასულ წლებში მათთვის ყველაზე დიდი პრობლემა იყო ის, რომ საგადასახადო სისტემა და ფინანსური პოლიცია ჩასაფრებული იყვნენ და საგადასახადო კოდექსი თვითონ ჯარიმების კოდექსია. ჩვენ დავანგრევთ იმ მონოპოლიებს, რომლებიც ჩამოყალიბდა ქართულ ეკონომიკაში, რომელსაც მართავს სააკაშვილი საკუთარი უახლოესი გარემოცვის მეშვეობით. მთავარი ამოცანა იქნება ძლიერი ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნა, რომელიც სამართლიან კონკურენტულ გარემოში ჩააყენებს ბიზნესის წარმომადგენლებს. ქვეყანაში ხელმისაწვდომი გახდება ჯანდაცვისა და  განათლების სისტემა,“ - აცხადებს ირაკლი ალასანია.

„ჩვენ ვუპირისპირდებით უკვე დამარცხებულ ხელისუფლებას. ერთმა ქართველმა დედამ, ირინა ენუქიძემ დაამარცხა ეს ხელისუფლება და ყველაზე სახიფათო სწორედ დამარცხებულ ხელისუფლებასთან ურთიერთობაა, რადგან მათ დასაკარგი აღარაფერი დარჩათ, საკუთარი თავის გარდა. დაკარგეს ავტორიტეტი, ნდობა, მორალური უფლება, იყვნენ ამ ქვეყნის მმართველები,“ - აცხადებს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი და დამარცხებულ ხელისუფლებასთან ბრძოლას საკმაოდ დიდ პრობლემად მიიჩნევს.

აქვე დავით უსუფაშვილი 1921 წელის 21 თებერვალს იხსენებს, როცა ზუსტად დღევანდელ დღეს მაშინდელმა დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტიცია მიიღო. უსუფაშვილის აზრით, სწორედ ეს იყო დემოკრატიულ საქართველოზე პირველი გაცხადებული ქართული ოცნება, რაც ისეთ პირობებში გაცხადდა, როცა საქართველო რუსეთის არმიის მიერ იყო ოკუპირებული და ბრძოლები კოჯორში მიმდინარეობდა. ამის მიუხედავად, ჩვენს წინაპრებს, რომლებიც სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით იყვნენ განმსჭვალულნი, არ უთქვამთ, რა დროს კონსტიტუცია და კანონები, რა დროს დემოკრატიააო. ამდენად, უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ დღევანდელი დეკლარაციით წინაპრების ოცნებას ვეხმიანებით.

„იყო მომენტები, როდესაც ყველას ჰქონდა განცდა, რომ  ქართული ოცნება, დემოკრატიული ცივილიზებული ევროპული სახელმწიფოს შექმნის ოცნება, ბოლოს და ბოლოს, რეალიზდებოდა. ასე იყო 90-იანი წლების დასაწყისში და ასე იყო 2003 წელსაც, როდესაც ბევრი ვთვლიდით, რომ ამ ოცნების რეალიზება იწყებოდა, მაგრამ დღეს, 2012 წლის 21 თებერვალს, პრაქტიკულად, ჩვენ ისევ იქ ვართ“, - აცხადებს უსუფაშვილი.

ამასთან, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში გამიზნულად არ არსებობს ძლიერი პარლამენტი, სამართლიანი სასამართლო და ხელი ეწყობა დაბეჩავებული, გაღატაკებული მოქალაქეების მომრავლებას.

„საარჩევნო დემოკრატია უნდა დამკვიდრდეს ამ ქვეყანაში, როდესაც უზენაესი განმსჯელი არის ქართველი ხალხი და არა პოლიტიკოსები. უნდა დავამკვიდროთ ეს ტრადიცია, რომ ყოველ ორ-ოთხ წელიწადში ერთხელ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ დარჩეს ხელისუფლებაში და ვინ წავიდეს. ძლიერი სახელმწიფო  არის ძლიერ მოქალაქეებზე დაფუძნებული საზოგადოება. სწორედ ასეთ შემთხვევაში იხსნება გზა ნატოსკენ, ევროკავშირისკენ, კონფლიქტების მოგვარებისკენ“.

ეროვნული ფორუმის ლიდერი კახა შარტავა საქართველოს სახელმწიფოს სწორ, სათანადო საერთაშორისო როლსა და ფუნქციაზე საუბრობს. მისი თქმით, მარტო შიდა პრობლემების განხილვა საკმარისი არ არის და მნიშვნელოვანია ყველა იმ საერთაშორისო სტრუქტურასა და ორგანიზაციაში სრულფასოვანი მონაწილეობა და აქტიურობა, რომლებიც პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გავლენას ახდენს კაცობრიობაზე.

„ევროატლანტიკური ალიანსი, ევროკავშირი არ არის მხოლოდ ორგანიზაციები, საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად მათი წევრობა საკმარისი რომ იყოს. ეს არის რეალური მასშტაბური სივრცეები, რომელთა ათვისების პროცესში საქართველომ თავისი ფუნქცია უნდა მოძებნოს, რომელიც იქნება ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების გარანტი“, - აცხადებს კახა შარტავა.

ამასთან, მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყანა არ უნდა იქცეს დიდი სტრუქტურების, ევროპული სივრცეების გეოპოლიტიკურ დანამატად თუ საკუჭნაოდ, ასევე,  - რეგიონში რთული ვითარების მძევლად ან, რომელიმე სახელმწიფოს დანამატად. შარტავას აზრით, საჭიროა კავკასიური სივრცის ათვისება, ისტორიული ფუნქციის მოპოვება, საერთაშორისო და რეგიონალური ფუნქციის დაკავშირება.

„საქართველო უნდა იყოს არა საჯილდაო ქვა, არამედ იმ პრობლემების მოგვარების მრგვალი მაგიდა, რომლის მოგვარებაშიც დაინტერესებულია ჩვენი სამეზობლო და ჩვენი პარტნიორები ევროკავშირსა და აშშ-ში. თანამედროვე გამოწვევები უამრავ კრიზისსა და კონფლიქტს უმზადებს კაცობრიობას, რომელთა მართვა მხოლოდ ბრიუსელიდან, ჟენევიდან, ნიუ-იორკიდან ვერ მოხერხდება, თუ არ მოხდა ამ პრობლემის პრევენციისა და მართვის ცენტრების დაახლოება“.

ამდენად, კახა შარტავას აზრით, ერთი ასეთი ლოკალური სივრცე შეიძლება იყოს საქართველო, სადაც უნდა დაფუძნდეს კრიზისების პრევენციისა და მართვის  ინსტიტუტები. სწორედ ასე მასშტაბურად დანახული საქართველო იქნება ქართული ოცნების შემადგენელი ნაწილი, რომელსაც სჭირდება შიგნით პოლიტიკური სივრცის გათავისუფლება და პოლიტიკური აპარტეიდისგან გათავისუფლება.

„თუ ერთმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა, მოახერხა და პოლიტიკაში საკუთარი შემოსვლით რეჟიმი შეარყია, ჩვენ, ყველანი ერთად, ამ რეჟიმსაც დავამარცხებთ და ყველა პრობლემასაც გადავჭრით. საქართველო არ იქნება ერთი კაცის, ან ერთი გუნდის, ერთი პარტიის ოცნებების აღსრულების არენა, არამედ ზოგადად ქართული ოცნების ასრულების საშუალება“, - აღნიშნა კახა შარტავამ.    

Presage.tv „ქართული ოცნების“ კოალიციის წევრებს ესაუბრა.

„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ კოალიციის წევრებს ერთადერთი რამ აერთიანებს - ჩვენი ქვეყანა და სამშობლო.

„ყოველგვარი გადაჭარბების და ემოციის გარეშე, აბსოლუტურად პრაგმატულად ვამბობ, საქართველოს სჭირდება წინსვლა. დღევანდელი ხელისუფლება არის გუშინდელი დღე, ვერცერთ სერიოზულ სტრატეგიულ პრობლემას ვეღარ მოუგვარებს ამ ქვეყანას. ამიტომ შეიქმნა ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც უნდა გაუშვას ხელისუფლება და ნაცმოძრაობა,“ - მიიჩნევს გუბაზ სანიკიძე.  

რაც შეეხება „ხალხის პარტიის“ ლიდერს კობა დავითაშვილს, იგი აცხადებს, რომ პოლიტსაბჭოს წევრად დაუსახელებლობის გამო გული არ სწყდება, არც იმაზე სწყდება გული, რომ ამ საბჭოში ზვიად ძიძიგური მოხვდა. პირიქით, პოლიტსაბჭოს წევრობის სურვილი მას თავადვე არ გამოუთქვამს.

„მე ვაპირებ ბრძოლას, უპირობო მხარდაჭერა გამოვუთქვი კოალიციას და დღემდე ვრჩები ამ პოზიციაზე. ვმუშაობ იმ საქმეში, რაც ყველაზე კარგად მესმის საზოგადოებასთან ურიერთობა, პიარი და გავაგრძელებ იქ მუშაობას. პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში მეც ვმონაწილეობ. ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია საერთო პროგრამაზე, პლატფორმაზე შეთანხმება და ის, რომ ეს კოალიცია საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილს დაამარცხებს“, - გვითხრა კობა დავითაშვილმა.  

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ სიის სათავეში თავად ბიძინა ივანიშვილი იქნება. რაც შეეხება კოალიციაში გაერთიანებულ ადამიანებს, ხიდაშელის აზრით, არა მხოლოდ ოთხ პოლიტიკურ სუბიექტს, არამედ მთელ საქართველოს ქართული ოცნება აერთიანებს. ხიდაშელის თქმით, ქართული ოცნება არის დემოკრატიული საქართველო, თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი მედია, როდესაც ჟურნალისტებს ქვეყნის პირველი პირი არ დაუწერს შეკითხვებს.

„ქართული ოცნებაა, როცა მთელი საქართველო, საკუთარი პოლიტიკური შეხედულების და პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით, გააკეთებს არჩევანს და არა შიშით, ძალადობით, სამსახურიდან გათავისუფლების ან შვილის დაპატიმრების საფრთხის ქვეშ მყოფი. ქართული ოცნება ეს არის სოციალური თანასწორობა, როდესაც სახელმწიფო მუშაობს ყველა მოქალაქისთვის და არა მხოლოდ ერთი პატარა ჯგუფისთვის. ძალიან ბევრი რამ არის ქართული ოცნება. ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს 12 პუნქტად ჩამოგვეყალიბებინა. ეს გახლავთ საქართველოში ავტორიტარიზმის, მესიანიზმის დასრულება, როდესაც ხელებს უკოცნიან პირველ პირს, ამით ის ბედნიერია, 40 წუთის მანძილზე კი ტელევიზიები ამას ტირაჟირებენ და არ რცხვენიათ“, - აცხადებს თინა ხიდაშელი, რომელიც იზიარებს ბიძინა ივანიშვილის შეხედულებას, რომ მთელ კოალიციაში აბსოლუტური ჰარმონიაა იმ 12 სადამფუძნებლო პრინციპის ირგვლივ, რომლითაც დაფუძნდა ქართული ოცნება.

კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგურიც კოალიციის სუბიექტებს შორის ჰარმონიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამჯერად ამ კოალიციის დაუშლელობის გარანტი (წინამორბედი კოალიციებისგან განსხვავებით), ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტია.

„ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სააკაშვილის დამარცხების გაცილებით დიდი შესაძლებლობა გაჩნდა, ვიდრე აქამდე ყოფილა. აქ ფინანსები არაფერ შუაშია, ვინაიდან გაცილებით მეტი ადამიანია საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში, ვისაც ძალიან დიდი ფული აქვს, მაგრამ მათი ფულის შემოსვლა ვერ გამოიწვევდა პოლიტიკური ბალანსის ასე შეცვლას. ეს არის უსერიოზულესი კოალიცია. ამ კოალიციის მთავარი შემკრები არის ბიძინა ივანიშვილი და გარანტია, რომ ეს კოალიცია გაიმარჯვებს და დაშლის წინაშე არ დადგება, არის ივანიშვილი და მისი განუზომელი ავტორიტეტი. ჩვენთან  გადაწყვეტილებების მიღება ხდება პოლიტიკური საბჭოს მიერ“, - გვითხრა ზვიად ძიძიგურმა.

აქვე ზვიად ძიძიგურმა საკუთარი ქართული ოცნებაც გაგვანდო: ჩემთვის ქართული ოცნებაა, თავაწეული დავდიოდე ჩემს ქვეყანაში; ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე დადიოდეს თავაწეული და არა - თავაწეული დადიოდეს ერთი კაცი, რომელსაც თავისი ხუშტურების აღსასრულებელ არენად მიაჩნია ეს ქვეყანა.

„ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ყველა ძირითადი საკითხი გადაწყდება საბჭოზე და პოლიტსაბჭოს წევრებს თანაბარი უფლებები ექნებათ.

„ბიძინა ივანიშვილი გახლავთ კოალიციის ლიდერი, მას გამოკვეთილი ფუნქცია აქვს. ხოლო საბჭო არის მოქნილი, მცირერიცხოვანი ორგანო, რომელიც ოპერატიულ რეჟიმში გადაჭრის ყველა პრობლემას“.