სააკაშვილი პარლამენტში მორიგი პიარგამოსვლისთვის ემზადება. ქვეყანა და პოლიტიკური სპექტრი ახალ „არნახულ წარმატებებზე“ გაბმულ ტირადებს ელის. სამწუხაროა, რომ ხელისუფლების მიერ დახატული სურათები და არსებული რეალობა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.
ამ ფონზე, პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მომავალ კვირას მოისმენს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„ყოველწლიურად, რეგლამეტის და დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი მობრძანდება პარლამენტში და აკეთებს ანგარიშს მიმდინარე მოვლენების, მისი და ხელისუფლების სამომავლო გეგმების შესახებ.
მე მქონდა კონსულატაციები პრეზიდენტთან და ის მზად არის მომავალ კვირაში მობრძანდეს და წარსდგეს დეპუტატების წინაშე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მანვე განმარტა, რომ ზუსტი თარიღი რამდენიმე დღეში დაზუსტდება პრეზიდენტთან დამატებითი კონსულტაციების შემდგომ.
ბიუროს სხდომის გადაწყვეტილებით, პრეზიდენიტის გამოსვლის შემდეგ პარლამენტი მუშაობას რეგლამენტის 138–ე მუხლის შესაბამისად გააგრძელებს, რაც პოლიტიკური დებატების გამართვას გულისხმობს.
ამასთან დაკავშირებით, უმრავლესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა სააკაშვილსა და უმრავლესობის წევრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან პროექტზე შეაჩერებს ყურადღებას.
გაბაშვილის თქმით, გამოსვლა შეეხება ჰოსპიტალური სექტორის რეაბილიტაციას და მნიშვნელოვან პროექტებს განათლების სფეროში. მისი თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე, ასევე საუბარი შეეხო ამერიკაში მის ვიზიტს და იმ პერსპექტივებს, რომელიც ქვეყანას ამ ვიზიტიდან გამომდინარე ექმნება:
„თავისუფალი ვაჭრობის საკითხები ეხება, როგორც ამერიკას, ასევე ევროკავშირს. გარდა ამისა, მოლოდინს, რომელიც უსაფრთხოების სფეროში ნატო-სთან და ამერიკასთან თანამშრომლობას ეხება“.
კიდევ რა პრობლემატიკაზე გაამახვილებს ყურადღებას სააკაშვილი პარლამენტში, ამაზე პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრებით:
– პრეზიდენტის გამოსვლას, მითუმეტეს პარლამენტში, არსებული პრობლემატიკის რაოდენობა არ განსაზღვრავს ხოლმე. ამას ხშირად ისეთი ხასიათი აქვს, რომ სურვილია უფრო დაიკვეხნოს, ვიდრე იმ რეალურ სირთულეებზე ისაუბროს, რაც ხელისუფლები წინაშეა.
გახსოვთ, პარლამენტში აქცენტები ჩვენი დროის გმირებზე და ა.შ. სააკაშვილი საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლას უდგება არა როგორც დიალოგს პოლიტიკურ კოლეგებთან, პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის, არამედ როგორც პიარით დატვირთულ გამოსვლას მოსახლეობის წინაშე. ამას გაცილებით მეტ ყურადღებას აქცევს.
მითუმეტეს, ეს ასპექტი ამჟამად უფრო მნიშვნელოვანი იქნება; ჯერ ერთი საპარლამენტო არჩევნები კარზეა მომდგარი და განსხვავებით სხვა პერიოდებისგან, მძაფრი კონკურენციაა მოსალოდნელი. ამიტომ მგონია, რომ ლაპარაკი იქნება მისი თვალსაწიერიდან დანახულ წარმატებებზე. საერთაშორისო არენაზე მიღწევებს ხასი გაესმება; რომ ნატოსთან და ევროკავშირთან მიახლოებულნი ვართ ისე ვიდრე ოდესმე და ა.შ.
ალბათ, იმაზეც იქნება მსჯელობა, რომ ვიღაცეებს რუსული ფულით კრემლის შავბნელი გეგმების განხორციელება სურთ. ანუ პოლიტიკურ ოპონენტებთან ტრიბუნიდან ერთგვარ ანგარიშწორებასაც უნდა ველოდოთ. მეეჭვება, რომ სხვა მხრივ რაიმე მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგას.
კიდევ ალბათ, სამომავლო გეგმებზე იქნება საუბარი. ისეთებზე, რომლებიც სრულდება არა 2012 წელს, არამედ ცოტა იქით. ნაჩვენები იქნება, რომ ეს გეგმები უფრო შორს მიდის, ვიდრე მისი ამჟამინდელი უფლებამოსილება. ამით გამოჩნდება ამ პოლიტიკოსის პესპექტივების ხედვა; თუ რა პროცესები გაღრმავდება იმ შემთხვევაში, თუ ეს ფიგურა და მისი პოლიტიკური გინდი ხელისუფლებაში დარჩება.
„საერთაშორისო მიღწევები“ ახსენეთ; შიდა პოლიტიკაში რა იქნება „დასაკვეხნი“; პირველ რიგში სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობას ვგულისხმობ.
– როგორც მინიმუმი, საუბარი იქნება პენსიის მომატებაზე. დასაკვეხნი იქნება დახმარებები. მოსალოდნელია, რომ თავმოწონების საგანი ისევ აღმოჩნდება დევნილების ახალი დასახლებები, საავადმყოფოების რაოდენობა. ვვარაუდობ, რომ ეს თემები სააკაშვილის გამოსვლაში კვლავ აისახება.
რა კითხვები უნდა დაუსვას პრეზიდენტს იმ ოპოზიციამ, რომელიც დღეს პარლამენტში არის წარმოდგენილი?
– მაგალითად, წინ სტუმრობისას საკმაოდ მძაფრი იყო ოპოზიციის გამოსვლები. მაგრამ ისინი ქვეყნის პირველი პირისთვის საყურადღებოც კი არ გამხდარა. დაიწყო ისევ ციფრებით მანიპულირება, მერე ოპოზიციური გამოსვლები გააშარჟა და შესაბამისად, დაიკარგა ის მუხტი, რაც საკმაოდ მწვავე განცხადებებს შეიძლება ჰქონოდა.
ამდენად, მეეჭვება, რომ აზრი ჰქონდეს ოპოზიციურ გამოსვლებს დღევანდელ პარლამენტში. მიაჩნიათ, რომ რახან მათია ხმების უმრავლესობა, ამიტომ ოპოზიციის გამოსვლა მათთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს. ბოლოს და ბოლოს კენჭისყრის შედეგებს უმრავლესობის წარმომადგენლები განსაზღვრავენ. ამით ყველაფერი ნათქვამია.