ცხვრების ბიზნესში გაცხარებული ტემპის შენარჩუნება გაჭირდება

ცხვრების ბიზნესში გაცხარებული ტემპის შენარჩუნება გაჭირდება

ცხვრის საექსპორტო ბიზნესი თავისებური “აღმართ-დაღმართებით” გამოირჩევა. თუკი 2009 წელს ამ მხრივ ბუმი იყო, 2010 წელს მკვეთრი ვარდნა აღინიშნა, სამაგიეროდ შარშან ნახტომისებური ზრდა დაფიქსირდა. იგივე ტენდენციის შენარჩუნება გაჭირდება 2012 წელს, რადგან საერთაშორისო ბაზარზე ცვლილებები შეინიშნება.

მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ბექა გონაშვილის თქმით, 2011 წლის დასაწყისში ქართულ ცხვარზე მოთხოვნა შემცირებული იყო, რაც პირველ რიგში ლოგისტიკის პრობლემებთან იყო კავშირში. რაც შეეხება წლევანდელ პროგნოზს, აქ საერთაშორისო ბაზრის ტენდენცია არის გასათვალისწინებელი. მაგალითად, ავსტრალიამ გაზარდა ექსპორტის კვოტები რაც ასევე იმოქმედებს ქართული ცხვრის ექსპორტზე, თუმცა ქართული ცხვრის გასაღების ძირითადი ბაზარი არაბული ქვეყნებია, ხოლო შარშან პირველი პარტია ისრაელში გაიგზავნა. ასოციაციის ხელმძღვანელი დასძენს, რომ ისრაელთან გაზრდილ რაოდენობებზე მოლაპარაკებები გრძელდება და პირველი პარტია უკვე მარტში გაიგზავნება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ცოცხალი ცხვრის ექსპორტი 2011 წელს 2010 წელთან შედარებით 90 პროცენტით გაიზარდა.

საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტის მოცულობამ 15 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2011 წელს, 2010 წელთან შედარებით, ქვეყნიდან 65 ათასით მეტი ცოცხალი ცხვარის ექსპორტირება მოხდა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი ცხვარი სომხეთში გადარეკეს, ექსპორტში მეორე ირანია, სადაც 40 ათასი სული საქონელი გაყიდეს. შარშან ქართული ცხვარი გავიდა აზერბაიჯანშიც, არაბეთის საემიროებში, ერაყში, სირიასა და ყატარში.

კომპანია “ფასტ პლუსი”, რომელსაც ცხვრის ექსპორტში ლომის წილი (უფრო სწორად მგლის წილი) უკავია, 2012 წელს ქართული ცხვრის ექსპორტის ზრდას გეგმავს. როგორც კომპანიის პრეზიდენტმა ნაზი ალასანიამ განუცხადა, “ფასტ პლუსმა” 2011 წელს ირანში 6 მლნ დოლარის ღირებულების ცხვრის ექსპორტი განახორციელა, 2012 წლისთვის კი ამ მაჩვენებლის 33%-ით, 8 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდას გეგმავს.

კომპანიის პარტნიორი ირანული კომპანა “ძმები კასაიანებია”.  “ფასტ-პლიუსი” ცხვრის ექსპორტის გარდა, საქართველოში ბიტუმის უმსხვილესი იმპორტიორიცაა. კომპანია ცოტა ხნის წინათ სამშენებლო ბიზნესითაც დაინტერესდა.

რაც შეეხება ქართული ცხვრის სულადობის შესახებ ინფორმაციას, ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. სხვადასხვა გათვლებით, ამჟამად ქვეყანაში 600 ათასიდან 1 მილიონამდე სული ცხვარი და თხაა, რომლის 80-85 პროცენტი თუშურ ცხვარზე მოდის. ექსპერტთა შეფასებით, საქართველოში ცხვრის მოშენების მაქსიმალური პოტენციალი ზამთრის სეზონზე დაახლოებით 1,5-2 მილიონამდე სულია და ზაფხულში ორჯერ მეტი ცხვრის მოშენებაც არის შესაძლებელი. მეცხოველეობის ამ დარგის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შემთხვევაში ქვეყანას ყოველწლიურად 150-200 მლნ ლარის საექსპორტო პროდუქტი დაემატება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წელს საქართველოდან 160 560 ცხვარი გაიყვანეს, 2009 წელს იგივე მაჩვენებელი 267 144 იყო. სტატისტიკური მონაცემებით, ყველაზე ბევრი, 53 195 ცხვარი გასულ წელს სომხეთში შეიყვანეს, მეორე ადგილზე კი ექსპორტის მაჩვენებლით ირანია, სადაც 40 ათასზე მეტი პირუტყვი გაიყიდა. ქართულ ცხვარზე ასევე მოთხოვნა იყო აზერბაიჯანში, სადაც გასულ წელს 23,4 ათასი ცხვარი იქნა რეალიზებული. ცხვარი ასევე გავიდა არაბეთის გაერთიანებული საემიროების, ერაყის, ქუვეითის, სირიისა და ყატარის ბაზრებზე.

ექსპერტების აზრით, გადამამუშავებელი წარმოების განვითარების შემთხვევაში, ცხვარი შესაძლოა უფრო ფასეულ პროდუქტადაც იქცეს, რაც ფერმერს, სახელმწიფო ბიუჯეტს და ამ დარგში დასაქმებულ ადამიანებს უფრო მეტ მოგებას მისცემს.

ამჟამად ქართული ცხვრის ფასები 120 ლარიდან იწყება.