რამდენიმე დღის წინ, როდესაც კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა არასამათავრობო ორგანიზაციების შემოწმება დაიწყო, სხვა საკითხია, რომ ეს უკანონო იყო, გარკვეული გაუგებრობა იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მოგელაძემ პირველ სამიზნედ ხელისუფლებასთან ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაცია შეარჩია. მართალია, ძალიან მალე გამოჩნდა, რომ ამის მიზანი სახელისუფლებო ენჯეოსთვის ამ სტატუსის ჩამოშორება იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი ამით არ დამთავრებულა.
კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური ამ მეთოდით ახლა „ქართული ოცნების“ დასჯას ცდილობს და ამისთვის მმართველ პარტიას იყენებს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. გუშინ ნათია მოგელაძემ ორივე პარტიას მიმართა, შემოწირულიობა უკან დააბრუნეთო, მაგრამ ამის კანონიერი უფლება არც ერთ შემთხვევაში არ ჰქონდა.
საქმე ის არის, რომ ნაციონალურ მოძრაობას იმ თანხის დაბრუნება მოსთხოვა, რაც, მისსივე თქმით, ახალი კანონის ამოქმედებამდე ჰქონიათ მიღებული და, ცხადია, ამ ფულზე ეს ახალი რეგულაციები ვერ გავრცელდებოდა. „ქართულ ოცნებაზე“ კი ივარაუდა, რომ ფული რაღაც მაქინაციებით გადაერიცხათ და უკვე კატეგორიულად მოითხოვა, ფული დააბრუნეთო.
ძალიან საინტერესო თავად ამ ორ ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ტონი და შინაარსი იყო.
მოგელაძემ ჯერ ნაციონალური მოძრაობა აქო, რომ მას წლიური ფინანსური ანგარიშგება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, აუდიტის დასკვნასთან ერთად წარუდგინეს და მერე მორიდებულად შენიშნა, „ფიზიკური პირთა მიერ განხორციელებული შემოწირულობის შესწავლის შედეგად კონტროლის პალატას აქვს ვარაუდი, რომ შემოწირულობა განხორციელებულია ერთი შემომწირველის ორგანიზებით, რამდენიმე პირის გამოყენების გზით. კერძოდ, რეალურად შემოწირულობის წყარო არის ერთი პირი, თუმცა შემოწირული თანხები გადანაწილებულია სხვადასხვა პირებზე“.
ამ განცხადებიდან იმის გარკვევა შეიძლება, რომ ნაცებისთვის ვიღაცას რამდენიმე ფიზიკური პირის მეშვეობით გადაურიცხავს თანხა. მაგრამ მას არც ეს ერთი პირი დაუკონკრეტებია და არც ის პირები, ვისაც ამ ფულიანმა ტიპმა ნაცებისთვის თანხები გადაარიცხინა.
ნაცებთან დაკავშირებით წლების განმავლობაში ეს რომ ასე ხდება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ არასამთავრობო ოირგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ ჩატარებულმა კვლევამაც აჩვენა, როდესაც მათ მოიძიეს ის ფიზიკური პირები, ვისაც ნაცებისთვის საარჩევნოდ შემოწირულობა ჰქონდა გადარიცხული და აღმოჩნდა, რომ მათ ამის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდნენ.
მოგელაძეს ამის შესახებ, ცხადია, არაფერი უთქვამს და უფრო მეტიც, მას არავინ არ დაუსახელებია, თუ უკვე მათ მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად კონკრეტულად ვინ ვისი მეშვეობით ურიცხავდა ფულს ნაციონალებს. მოგელაძემ აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ნაცების მხრიდან ეს კანონდარღვევა არ ყოფილა, მაგრამ ურჩია, რომ სხვებისთვის მაგალითის მიმცემი იყავით და ეს ფული მაინც დააბრუნეთო.
„კონტორლის პალატა ფიზიკური პირების მიმართ ამგვარ ქმედებაზე პასუხიმგებლობის ზომებს ვერ გამოიყენებს, სამართალდაღრვევის ფორმალური ნიშნის არარსებობისა და კანონის უკუქცევითი ძალის პრინციპების გათვალისწინებით. შესაბამისად, კონტორლის პალატა „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს წინადადებას, კანონის სულისკვეთებისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, შემოწირულობა 95 848 ლარის ოდენობით გადაირიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში“, - განაცხადა მოგელაძემ.
ამაზე საინტერესო ის იყო, რომ მმართველი პარტია უპრობლემოდ დათანხმდა კონტროლის პალატის უკანონო წინადადების შესრულებას.
„ნაციონალური მოძრაობის“ გენმდივანმა, ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ განსხვავებული შეხედულებები აქვს კონტროლის პალატის ეჭვებთან დაკავშირებით, მაგრამ აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, ჩატარდა შიდა პარტიული დისკუსია და გადაწყდა, რომ კონტროლის პალატასთან დავაში არ შევიდნენ და პრობლემურად მიჩნეული შემოწირულობა, რომელიც 95.848 ლარს შეადგენს, სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხოს.
მელიქიშვილმა არ დააკონკრეტა კონკრეტული ფიზიკური პირები, რომელთა გადარიცხვებთან დაკავშირებითაც გამოთქვა ეჭვი კონტროლის პალატამ და აღნიშნა, რომ ჟურნალისტებს ამ საკითხის გარკვევა კონტროლის პალატაში შეუძლიათ. კონტროლის პალატაში კი ამ კითხვაზე პასუხს არავინ გვცემს.
სამაგიეროდ, ნათია მოგელაძემ დეტალური ინფორმაცია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით წარმოადგინა.
როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, „ფინანსური მონიტორინგის პროცესში საქართველოს კონტროლის პალატის მიერ გამოვლენილი იქნა პოლიტიკური დაფინანსების უკანონო სქემა“.
კერძოდ, მოგელაძის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია „ქართუ მშენებელში“ მომუშავე პირზე გაიცა უჩვეულოდ მაღალი პრემია, რომლის ნაწილიც შემოწირულობის სახით „ქართული ოცნების“ ანგარიშზე ჩაირიცხა.
როგორც იგი აღნიშნავს, ვინმე ნუგზარ ხუციშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანია შპს „ქართუ მშენებლიდან“ 2011 წლის განმავლობაში სულ ხელფასის სახით მიღებული აქვს 12 ათასი ლარი, შესაბამისად თვეში ხელფასის სახით - 1000 ლარი.
2012 წლის 6 თებერვალს კი ნუგზარ ხუციშვილმა ბიძინა ივანიშვილის კომპანია შპს „ქართუ მშენებელიდან“ პრემიის სახით მიიღო უჩვეულოდ დიდი თანხა 40 ათასი ლარი, რაც, მოგელაძის დასკვნით, „ფაქტობრივად მისი ოთხი წლის ხელფასს შეადგენს“ და აღნიშნავს, რომ „აქედან 20 ათასი ლარი, პრემიის მიღებიდან სამ დღეში შემოწირულობის სახით ბიძინა ივანიშვილისვე დაფუძნებულ კომპანია „ქართულ ოცნებას“ გადაურიცხა“.
„სახეზეა კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის გვერდის ასავლელად შემოწირულობის სხვა პირის მეშვეობით განხორციელების ფაქტი, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს შემოწირულობის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვას, სამართალდამრღვევი პირის მიმართ კი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციების გამოყენებას“, - აცხადებს მოგელაძე და დასძენს, რომ „კონტროლის პალატას აქვს ვარაუდის საფუძველი, რომ ამ და მსგავსი სქემების გამოყენებით ხდება შავი ფულით პოლიტიკური მიზნების დაფინანსება“.
კონტროლის პალატა მიმართავს ფიზიკურ პირებს, „რომლებიც შესაძლოა, გამოყენებული იქნან მსგავსი უკანონო სქემების განსახორციელებლად, თავი შეიკავონ ამ ქმედებებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათზეც გავრცელდება კანონით გათვალისწინებული სანქციები“.
კონტროლის პალატის განცხადებაში ნათქვამია, რომ კონტროლის პალატისთვის პრიორიტეტულია სამართალდარღვევის პრევენცია. ისინი მიმართავენ „ქართულ ოცნებას“ წინადადებით, კანონით დადგენილი რეგულაციების გვერდის ავლის მცდელობით მიღებული შემოწირულობა დაუბრუნონ შპს „ქართუ მშენებელს“.
„ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ უკვე გააკეთა განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ კონტროლის პალატის მოთხოვნას არ შეასრულებს“.
მისი თქმით, როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ასევე პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, შესწიროს თანხა თუ სხვა ნებისმიერი ქონება მისთვის სასურველ საზოგადოებრივ ორგანიზაციას.
„ამ ქმედების განხორციელებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნება“, როგორც შემოწირულობის მიმღები პირი მონიტორინგის სუბიექტად იქნება გამოცხადებული თუ არა“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ „კონტროლის პალატის გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ მონიტორინგის სუბიექტად გამოცხადების შესახებ, უკანონოა“.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მათ კონტროლის პალატის თავჯდომარის სახელზე შეტანილი აქვთ ადმინისტრაციული საჩივარი და მის განხილვა, ფანჯიკიძის ვარაუდით, თებერვლის ბოლოს გაიმართება.
მისივე განმარტებით, „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ფიზიკურ პირს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში შემოწირულობის განხორციელებისთვის მხოლოდ რაოდენობრივი შეზღუდვა დაუწესდა. ახალი მოთხოვნის მიხედვით კი მონიტორინგის სუბიექტად გამოცხადებულ ან რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებასთან დაკავშირებულ პირს ფიზიკურმა პირმა არ შეიძლება ჯამში 60 000 ლარზე მეტი შესწიროს.
„საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ხუციშვილი მაღალკვალიფიციური მუშაკია, მისი ყოველთვიური ხელფასი სხვადასხვა საწარმოში ჯამურად 5 000 ლარს შეადგენს. მას აქვს კანონით გათვალისწინებული სხვა შემოსავლებიც. ნუგზარ ხუციშვილმა 2012 წლის 6 თებერვალს კომპანიისგან პრემიის სახით მიიღო 40 000 ლარი, რაც ფაქტობრივად მისი რამდენიმე თვის ხელფასის და არა როგორც კონტროლის პალატა ავრცელებს ინფორმაციას, რამდენიმე წლის ეკვივალენტია.
„ნუგზარ ხუციშვილმა შემოწირულობის სახით საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ 20 000 ლარი შესწირა, რაც მისი კანონიერი უფლებაა“, - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, სახეზეა არა კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა, არამედ კანონით ნებადართული მოქმედების განხორციელება.
„შესაბამისად, კონტროლის პალატის მუქარანარევი მოწოდება უკანონოა და წარმოადგენს აკრძალვების დაწესებას ფიზიკური პირებისათვის. „ქართული ოცნება“ არ აპირებს შეასრულოს კონტროლის პალატის მორიგი უკანონო მოწოდება და უახლოეს დღეებშივე ითხოვს 2012 წლის 6 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვას, ვინაიდან საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა დარწმუნდეს, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უფლებამოსილების მიტაცებაში და ამჯერად უკვე ფიზიკური პირებისთვის სრულიად უკანონო აკრძალვის დაწესებაში“, - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
თუკი წინა შემთხვევას გავიხსენებთ, როდესაც კონტროლის პალატას სახელისუფლებო ენჯეოს შემოწმება მისი რეპუტაციის გამოსასწორებლად სჭირდებიდა და ამისთვის უკანონოდ გამოიყენა რაღაც ფუნქციები და შემდეგ ამ ენჯეომ არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებისთვის დაიწყო ბრძოლა, რაც მხოლოდ ხელისუფლების ინტერესში შეიძლება შედიოდეს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ, შესაძლოა, ამ შემთხვევაშიც ასე ხდებოდეს და ხელისუფლებას კიდევ რაღაც აქვს ჩაფიქრებული გარდა იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ არანაირი თანხის გამოყენების საშუალება არ მისცეს.
ცხადია, ეს უახლოეს პერიოდში გამოჩნდება, რადგან არჩვნებამდე არც ისე დიდი დროა. თუმცა, მეორეს მხრივ, ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, „კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური ცდილობს, საკუთარი ვალდებულებები გაამართლოს და მონიტორინგი ვიღაცას მაინც გაუწიოს“.
ცისკარიშვილის თქმით, „კონტროლის პალატა ცდილობს, მეტი დამაჯერებლობისთვის ორ ძირითად კონკურენტს მონიტორინგი გაუწიოს, თუმცა ავიწყდება, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოებრივი მოძრაობაა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ პარტია“.
„ამასთან, კანონი, რომელიც კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს პარტიების მონიტორინგის საშუალებას აძლევს, ძალაში 2012 წლის 1 იანვარს შევიდა. ისინი კი ცდილობენ, რომ ყველა კანონს უკუქცევითი ძალა ჰქონდეს. მე უფრო იმ კომპანიების სიის გამოქვეყნება მაინტერესებს, რომლებსაც აიძულებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ მილიონობით ლარი ჩააბარონ. ამის მაგალითები წინა არჩევნების პერიოდშიც არსებობდა. კონტროლის პალატის მოთხოვნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თანხა ბიუჯეტს დაუბრუნოს, ნიშნავს, რომ „ნაცებს“ ეუბნებიან, ფული მარცხენა ჯიბიდან მარჯვენაში გადაიტანონ“, - განაცხადა ცისკარიშვილმა და დასძინა, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტი სწორედ კონტროლის პალატის ბედოვლათობის გამო არ კონტროლდება“.
ამასთან, მისი თქმით, „კომპანია „ქართუ მშენებელის“ თანამშრომლებისთვის პრემიების ოდენობის განსაზღვრა კონტროლის პალატის კომპეტენცია არ არის“.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, რომლებიც ამ პარტიის დამფინანსებლად არიან მოხსენიებული, საკმაოდ მაღალი პრემიებით არიან უზრუნველყოფილნი. კერძო კომპანიის თანამშრომლებისთვის პრემიების ოდენობის განსაზღვრა კი კონტროლის პალატის კომპეტენციაში არ შედის. ეს ყველაფერი „გესტაპოში“ არსებულ პრაქტიკას ემსგავსება, როცა ადამიანებს აიძულებენ, საკუთარი უფლებები ნების საწინააღმდეგოდ შეზღუდონ“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.