თბილისი და ვენეცია ვერ “დაძმობილდნენ”

თბილისი და ვენეცია ვერ “დაძმობილდნენ”

ვენეციის კომისია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი გადადოს. კომისიის ექსპერტები ხელისუფლებას სთხოვენ, რომ პროექტის საბოლოოდ დამტკიცებამდე მათ საბოლოო რეკომენდაციებს დაელოდონ და შენიშვნები გაითვალისწინონ. თუმცა ვენეციელთა რეკომენდაციების პროექტში ასახვა ვეღარ მოხდება.

 

კომისიის ბოლო რჩევებს აკრიტიკებს ოპოზიცია. „თავისუფალ დემოკრატებს“ არ ესმით, რატომ ვერ შევიდა ქართული საზოგადოებისა და ოპოზიციის წუხილი კომისიის რეკომენდაციებში. „ქრისტიან-დემოკრატების“ შეფასებით კი, კომისიის წინასწარი მოსაზრებები ხელისუფლებას ვერანაირ უხერხულობას ვერ შეუქმნის.

 

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ვენეციის კომისიამ საბოლოო დასკვნამდე წინასწარი მოსაზრებები გამოაქვეყნა. მოსაზრებებში საუბარია როგორც პროექტში არსებულ პოზიტივებზე, ასევე ხაზგასმულია პოლიტიკური კრიზისის შექმნის საფრთხეები. კომისია მისი საბოლოო შეფასებების პროექტში ასახვის რეკომენდაციას იძლევა, თუმცა მსგავსი რამ ვეღარ განხორციელდება.

 

კერძოდ, ვენეციელებს მიაჩნიათ, რომ პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შემცირებული ვადები არასაკმარისია; პრობლემები რჩება პრეზიდენტისა და მთავრობის საგარეო პოლიტიკურ ფუნქციებთან დაკავშირებით; სასურველია პარლამენტის როლის შემდგომი გაძლიერება და ა.შ.

 

აღნიშნული საკითხები პრინციპულ ცვლილებებს საჭიროებს, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პრინციპების დონეზეც დამტკიცებულია და მუხლობრივადაც. შესაბამისად, მომავალ კვირას, პროექტის საბოლოო დამტკიცებამდე მასში მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანაა შესაძლებელი და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების პროექტში ასახვა ვეღარ მოხდება.

 

ამ რეალობის მიუხედავად, ვენეციის კომისია ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის გადადებისკენ მოუწოდებს. კომისია ხელისუფლებას სთხოვს, პროექტის საბოლოოდ დამტკიცებამდე მის საბოლოო რეკომენდაციებს დაელოდონ და ეს შენიშვნები გაითვალისწინონ.

 

როგორც აღვნიშნეთ, კომისია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ვადების შემცირებას არასაკმარისად მიიჩნევს. კომისიას მიაჩნია, რომ ეს პროცესი კვლავ „ხანგრძლივი და რთულია“, მიუხედავად იმისა, რომ ვადები პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას 20 დღით შემცირდა.

 

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის არსებული ვარიანტით, ამ პროცესს უკვე შესაძლოა 50–60 დღე დასჭირდეს, პრემიერ–მინისტრის კანდიდატურაზე პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში კი - 70–80 დღე. ვადების ასე შემცირება ვენეციის კომისიას პოზიტიურ მოვლენად მიაჩნია, თუმცა - არასაკმარისად.

 

კომისია კვლავ აკრიტიკებს პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესში პრეზიდენტის როლს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, პრეზიდენტს უფლება აქვს ჩაერიოს პროცესში პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ახალი პრემიერ–მინისტრის დანიშვნაზე უარის თქმით. ასეთ შემთხვევაში, პარლამენტს მისი წევრების სულ ცოტა 3/5–ის მხარდაჭერა დასჭირდება, რაც 90 დეპუტატს შეადგენს, რათა პრეზიდენტის ვეტო გადაფაროს. სხვა შემთხვევებში კი, კერძოდ, კანონებზე პრეზიდენტის ვეტოს გადალახვას, პარლამენტს მხოლოდ უმრავლესობა სჭირდება.

 

„ეს ძალიან დიდ უფლებამოსილებას ანიჭებს პრეზიდენტს და ამცირებს არა მხოლოდ პარლამენტის უფლებამოსილებას, არამედ პრემიერ–მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც, რომელიც ახალი სისტემის ქვაკუთხედი უნდა იყოს“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის მოსაზრებებში.

 

პარტია „თავისუფალ დემოკრატები“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს იწუნებს. პარტიაში არ ესმით, რატომ ვერ შევიდა ქართული საზოგადოებისა და ოპოზიციური სპექტრის ნაწილის წუხილი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების წინასწარ მოსაზრებებში .

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა თეა წულუკიანმა განუცხადა, ევროსაბჭო არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ცალკეულ საკითხებზე მკაცრი დოქტრინები დადოს, არამედ იმიტომ, რომ ცალკეული ხელისუფლებები აიძულონ, მათი ქვეყნები დემოკრატიულ გზას არ ააცდინონ.

 

თეა წულუკიანი დარწმუნდა, რომ ვენეციის კომისიის დელეგაცია თბილისში ვიზიტისას მხოლოდ ფორმალურად შეხვდა ოპოზიციურ პარტიებს და საზოგადოებრივ საკონსტიტუციო კომისიასაც, რადგან მათგან მოსმენილი არც ერთი მოსაზრება რეკომენდაციებში არ ჩადო.

 

ზოგადად კი, თეა წულუკიანის აზრით, გასაოცარია ის გარემოება, რომ კომისიამ რეკომენდაციების შემუშავება დააჩქარა იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა მათი სურვილი არ გაითვალისწინა და პროექტის განხილვა არ შეაყოვნა. მისი თქმით, გამოდის, რომ ისეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, როგორიც ევროსაბჭოს ვენეციის კომისიაა, საკუთარი რეკომენდაციები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს „დააწია“, თუმცა მაინც უშედეგოდ. პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით განხილვა და დამტკიცება მომავალ კვირაში აქვს დაგეგმილი.

 

„ქრისტიან-დემოკრატების“ შეფასებით, ვენეციის კომისიის წინასწარი მოსაზრებები ხელისუფლებას უხერხულობას ვერანაირად შეუქმნის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქრისტიან-დემოკრატმა“ ლევან ვეფხვაძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა ხელისუფლებამ პროექტის მესამე მოსმენით დამტკიცება, კომისიის საბოლოო რეკომენდაციების საბოლოო გამოქვეყნებამდე გადადოს.

 

მისი თქმით, პროექტი უკვე ორი მოსმენით დამტკიცებულია და მასში ბოლო რეკომენდაციების ასახვის მიზნით პროექტი ან უნდა ჩავარდეს ან პრეზიდენტმა უკან გაიწვიოს, რაც ვეფხვაძეს ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია, თუნდაც იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ რეკომენდაციებში ისეთი არაფერია, რამაც შესაძლოა ხელისუფლებას უხერხულობა შეუქმნას.

 

რაც შეეხება თავად რეკომენდაციებისადმი „ქრისტიან-დემოკრატების“ დამოკიდებულებას, ვეფხვაძე ამბობს, რომ მასში პოზიტიურად არის შეფასებული ის ცვლილებები, რაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებების შედეგად აისახა. თუმცა, ვეფხვაძე ადასტურებს, რომ მუშაობა გასაგრძელებლია პარლამენტის როლის გაძლიერების მხრივ როგორც მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებისას, ისე - ბიუჯეტის ფორმირებისას.

 

ამ მხრივ მუშაობის გაგრძელების და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში სხვა მთელი რიგი საკითხების შეცვლის პირობას, „ქრისტიან-დემოკრატები“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებით ხელისუფლებაში მოსვლის შედეგად იძლევიან.

 

მომავალ კვირას პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს საბოლოოდ დაამტკიცებს. კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდებიან. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პრინციპების დონეზე უკვე შეთანხმებულია, მომავალ კვირას კი პროექტი მხოლოდ რედაქციულად გასწორდება.