„ქართული ოცნება“ ნათია მოგელაძის მოთხოვნის შესრულებას ამჯერად არ აპირებს

„ქართული ოცნება“ ნათია მოგელაძის მოთხოვნის შესრულებას ამჯერად არ აპირებს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ არ აპირებს, შეასრულოს კონტროლის პალატის მორიგი უკანონო მოწოდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა. საქმე ისაა, რომ „ქართული ოცნება“ კვლავაც კონტროლის პალატის „თვალსაწიერში“ რჩება. ამჯერად კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ „დანაშაულის“ ახალი სქემა „გაშიფრა“ და დაასკვნა, რომ „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანია „ქართუ მშენებელში” მომუშავე პირზე - ნუგზარ ხუციშვილზე  უჩვეულოდ მაღალი პრემია გაიცა, რომლის ნაწილიც შემოწირულობის სახით „ქართული ოცნების” ანგარიშზე ჩაირიცხა. კერძოდ, მოქალაქე ნუგზარ ხუციშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანია შპს „ქართუ მშენებლიდან“ 2011 წლის განმავლობაში სულ ხელფასის სახით მიღებული აქვს 12 ათასი ლარი, შესაბამისად, თვეში ხელფასის სახით - 1000 ლარი. 2012 წლის 6 თებერვალს ნუგზარ ხუციშვილმა ბიძინა ივანიშვილის კომპანია შპს „ქართუ მშენებელიდან“ პრემიის სახით მიიღო უჩვეულოდ დიდი თანხა 40 ათასი ლარი, რაც, ფაქტობრივად, მისი ოთხი წლის ხელფასს შეადგენს, საიდანაც 20 ათასი ლარი, პრემიის მიღებიდან სამ დღეში შემოწირულობის სახით ბიძინა ივანიშვილისვე დაფუძნებულ კომპანია „ქართულ ოცნებას“ გადაურიცხა. ამის გამო ნათია მოგელაძე მიმართავს „ქართულ ოცნებას“, მიღებული შემოწირულობა შპს „ქართუ მშენებელს“ უკან დაუბრუნოს.

„ქართული ოცნების“ პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან მათი საქმიანობის შეზღუდვის მიზნით ეს პირველი ქმედება არაა.

„ეს ყველაფერი დაიწყო მას მერე, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გამოაცხადა. კონტროლის პალატა ამ პროცესებში შედარებით მოგვიანებით ჩაერთო. გახსოვთ ალბათ, როგორ შეიცვალა კანონი, როგორ ჩასწორდა ეს კანონი ამერიკის ელჩის განცხადების შემდეგ... ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ „ქართულ ოცნებას“ ნორმალური ფუნქციონირების საშუალება არ მისცენ,“ - აცხადებს მაია ფანჯიკიძე.   

იმის ასახსნელად, თუ რატომაა კონტროლის პალატის მოხოვნა უკანონო, „ქართულ ოცნებაში“ შემდეგი არგუმენტები აქვთ. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები მიიჩნევენ, რომ კონტროლის პალატის მხრიდან „ქართული ოცნების“ მონიტორინგის სუბიექტად გამოცხადება უკანონოა. რაც შეეხება ნათია მოგელაძეს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს,  თანხა თუ ქონება მისთვის სასურველ საზოგადოებრივ ორგანიზაციას შესწიროს, რასაც „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, ასევე, „პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს. ამ ქმედების განსახორციელებლად კი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნება“, როგორც შემოწირულობის მიმღები პირი, მონიტორინგის სუბიექტად იქნება გამოცხადებული თუ არა. ამდენად, „ქართული ოცნების“ მონიტორინგის ობიექტად გამოცხადება უკანონოა. სწორედ ამიტომ „ქართული ოცნების“ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა კონტროლის პალატის ხელმძღვანელის ლევან ბეჟაშვილის 2012 წლის 10 თებერვლის №21/37 ბრძანების საფუძველზე, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გაიმართება.

„პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ფიზიკურ პირს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში შემოწირულობის განხორციელებისთვის მხოლოდ რაოდენობრივი შეზღუდვა დაუწესდა. ახალი მოთხოვნის მიხედვით, მონიტორინგის სუბიექტად გამოცხადებულ ან რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებასთან დაკავშირებულ პირს ფიზიკურმა პირმა არ შეიძლება, ჯამში, 60 ათას ლარზე მეტი შესწიროს. ნუგზარ ხუციშვილი კი მაღალკვალიფიციური მუშაკია. მისი თვიური ხელფასი სხვადასხვა საწარმოში ჯამურად 5 ათას ლარს შეადგენს. აქვს კანონით გათვალისწინებული სხვა შემოსავლებიც. 2012 წლის 6 თებერვალს მან კომპანიისგან პრემიის სახით 40 ათასი ლარი მიიღო, რაც მისი რამდენიმე თვის ხელფასის და არა (როგორც კონტროლის პალატა ავრცელებს) - რამდენიმე წლის ხელფასის ექვივალენტია. ამდენად, ნუგზარ ხუციშვილმა ქართულ ოცნებას 20 ათასი ლარი შესწირა, რაც მისი კანონიერი უფლებაა. შესაბამისად, კონტროლის პალატის მუქარანარევი მოწოდება უკანონოა და ფიზიკური პირებისთვის აკრძალვას გულისხმობს“,  - მიიჩნევენ „ქართულ ოცნებაში“.

„ქართული ოცნების“ იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი ორ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, კონტროლის პალატა ამჯერად უკვე ცდილობს, თავისი მონიტორინგის უფლებამოსილება გაავრცელოს არა იურიდიულ, არამედ ფიზიკურ პირებზეც, რითაც ყოველგვარ ზღვარს სცდება. მეორეც, ქუცნაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნება“ ამჯერად არ აპირებს შეასრულოს ეს მოთხოვნა.

„თქვენ გახსოვთ, როცა იურიდიულ პირთა მიმართ იყო  უკანონო მოთხოვნა, ჩვენ ის შევასრულეთ და ადმინისტრაციულ ორგანოში გავასაჩივრეთ. შესაბამისად, დღეს მოვითხოვთ, 10 თებერვალს წარმოებაში მიღებული ჩვენი სარჩელი ბეჟაშვილმა თვის ბოლომდე განიხილოს. ასევე, მოვითხოვთ, დაჩქარებული წესით შედგეს განხილვა, რათა შევაჩეროთ კონტროლის პალატის მოქმედება, როცა ის უკვე იურუდიული პირების შემდეგ ფიზიკური პირების შეზღუდვაზეც გადადის. კონტროლის პალატას არავინ ეკითხება, ფიზიკური პირი რომელ საზოგადოებრივ ორგანიზაციას რა თანხას შესწირავს. ამრიგად, კონტროლის პალატა გასცდა უფლებამოსილების ფარგლებს“, - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

მისი თქმით, კონტროლის პალატას ფიზიკურ პირებზე შეზღუდვის დაწესების უფლებამოსილება რომც ჰქონდეს, გასული წლის დეკემბერში კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ფიზიკურ პირებს მაინც რჩებათ შემოწირულობის განხორციელების უფლება. ერადერთი შეზღუდვა ისაა, რომ 60 ათას ლარზე მეტი შემოწირულობის განხორციელების უფლება ფიზიკურ პირებს არ აქვთ.

„ამიტომ, უფლება არავის აქვს, მოითხოვონ თანხის დაბრუნება, ეს ფიზიკური პირის ნებაა და ნების თავისუფლება დაცული უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში. ნუგზარ ხუციშვილი რამდენიმე კომპანიაში მუშაობს. ხელფასი წარმოადგენს სპეციალური მონაცემების მქონე ინფორმაციას და საჯარო მოსამსახურეების გარდა, არავის უფლება არ აქვს, მისი განსაჯაროება მოითხოვოს. ხოლო საჯარო მოსამსახურეებს აქვთ ვალდებულება, ვიცოდეთ მათი ხელფასის ოდენობა. პრეზიდენტის ხელფასის სახით სააკაშვილს ომამდე თუ ჰქონდა 5 ათასი ლარი, ომის შემდეგ ხელფასი გაიზარდა და 8 ათასი ლარი აქვს. ე.ი. ომის შემდეგ 3 ათასი ლარით გაიზარდა ხელფასი. ისინი თავიანთი უკანონო ქმედების შენიღბვის მიზნით, ცდილობენ „ქართული ოცნება“ ნაციონალურ მოძრაობასთან გაათანაბრონ. არადა, უფლებრივი თვალსაზრისით, ერთი პარტიაა, მეორე კი - საზოგადოებრივი მოძრაობა.

Presage.tv ესაუბრა ზაქარია ქუცნაშვილს.

კონტროლის პალატას „ქართული ოცნების“ მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული „ინტერესით“ რისი მიღწევა სურს?

- ადმინისტრაციული საჩივრით მივმართეთ კონტროლის პალატას და მოვთხოვეთ, გაგვარკვიოს, რა უფლებამოსილებით გამოაცხადეს „ქართული ოცნება“ მონიტორინგის სუბიექტად, რადგან ჩვენ საზოგადოებრივი მოძრაობა ვართ და საზოგადოებრივ მოძრაობას, სურვილიც რომ ჰქონდეს, შეუძლებელია, პოლიტიკური მიზნები განახორციელოს. ჩვენ ვერც პასიური, ვერც აქტიური საარჩევნო უფლებით ვერ ვსარგებლობთ. არც კანდიდატების დასახელების, არც ხმის უფლება არ გააგვაჩნია. ამიტომ მათი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთი მომენტია, ისინი ცდილობენ, გააჭიანურონ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭება. რახან დრო იწელება და მოქალაქეობის მიცემა კანონიერი გზით არ უნდათ (რასაც, საბოლოო ჯამში, მაინც მივაღწევთ), ახლა საზოგადოებრივ ფორმატში მის აქტიურობას პრობლემებს უქმნიან. ეს არის მთელი მათი ჩანაფიქრი.

გაქვთ იმედი, რომ ადმინისტრაციული საჩივარი თქვენს სასარგებლოდ დაკმაყოფილდება?

- თქვენ თვალს ადევნებთ, რომ არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი სამოქალაქო საზოგადოება ამ დრაკონული კანონის გაუქმებას ითხოვს. ამ დრაკონული კანონით უკვე ფიზიკურ პირებზე გადავიდნენ. ჯერ დაიწყეს იურიდიული პირებით, გააგრძელეს საზოგადოებრივი ორგანიზაციებით, ბოლოს უკვე გადავიდნენ  ფიზიკურ პირებზე. ანუ, ყველა მიხვდა, რომ ამ კანონს ფინანსური რეპრესიებისთვის გამოიყენებენ, რათა სასუნთქი არტერიების გარეშე დატოვონ ცოცხალი ორგანიზაციები, საზოგადოებრივი იქნება ეს თუ პოლიტიკური ორგანიზაციები.

ფიქრობთ, რომ კონტროლის პალატა ფიქტიურად ამოწმდებს ნაციონალების მხარდამჭერ ორგანიზაციებს?

- რა თქმა უნდა, წერილში პირდაპირ უწერიათ, ეს შარშანდელ მოვლენებს ეხება, მაგრამ მოგიწოდებთ, ეს თანხა დააბრუნოთო. ანუ, ამას მხოლოდ იმის გამო აკეთებენ, რომ თავიანთი უკანონო ქმედება შენიღბონ, ვითომ ობიექტურები არიან, „ახალი თაობა - ახალი ინიციატივის“ მსგავსად არ იყოს, მეორე დღეს თავისთვის სასურველი საკონსტიტუციო სარჩელი კინაღამ რომ აღაძვრევინეს სასამართლოს.

ნუგზარ ხუციშვილთან დაკავშირებით კონტროლის პალატის მოთხოვნის  დაკმაყოფილებას თქვენ არ აპირებთ. მაინცდამაინც ნუგზარ ხუციშვილი რატომ ამოიღეს მიზანში?

- ნუგზარ ხუციშვილი მაღალკვალიფიციური სპეციალისტია. ის ფინანსისტი გახლავთ. შესაბამისად, სხვადასხვა კომპანიაში მუშაობის შედეგად ჯამში 5 ათას ლარზე მეტი თვიური შემოსავალი აქვს. შემიძლია, ჩამოგითვალოთ ის კომპანიები, სადაც ის მუშაობს. „ქართუ მშენებელში“ მისი სახელფასო თვიური განაკვეთი შეადგენს 1250 ლარს, შპს. ბურჯში - 1250 ლარს, ასოციაცია „ატუში“ - 3 ათას 750 ლარს, ანუ ჯამში, საკმაოდ მაღალი შემოსავლები აქვს. აქედან გამომდინარე, მან მიიღო პრემია და პრემია რომც არ მიეღო, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, მისი შემოსავალი შეადგენდა 300 ათას ლარს. მას თავისუფლად შეეძლო, თავისი დანაზოგიდან განეხორციელებინა შემოწირულობა. ვისი რა საქმეა, თქვენი ჯიბიდან ამოღებულ ფულს ვის შესწრავთ?! ესენი უკვე გადავიდნენ იმაზე, რომ შეზღუდვას ფიზიკურ პირებზეც ავრცელებენ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მათ დაინახეს, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებაში იმდენად დიდი მოლოდინი გააჩინა, რომ მას ხალხი თანხას სწირავს. მათ დაინახეს, რომ, როცა ბანკ „ქართუს“ პარალიზება უნდოდათ, 8 ათასი კაცი მივიდა, ანაბარი გახსნა და ამით „ქართუ ბანკს“ სოლიდარობა გამოუცხადა. მართალია, მაშინ შემოწირულობა არ იყო, მაგრამ ხომ თავიანთი ფული დადეს?! ხელისუფლებამ დაინახა, რომ დრაკონული აკრძალვის პირობებშიც კი, საზოგადოების გააქტიურების შემთხვევაში, დრაკონული კანონი ვეღარ იმუშავებს: ზოგი ათ თეთრს შესწირავს, ზოგი 200 ლარს, ჯამში, „ქართული ოცნება“ და არც სხვა პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც ოპოზიციურ სპექტრში აქტიურ საქმიანობას აპირებენ, ფინანსების გარეშე არ დარჩებიან. ამიტომ მიხვდნენ, რომ ენგრევათ დრაკონულ კანონზე აშენებული ხუხულა და თქვეს, სადაც გასაწყვეტია, გაწყდესო. ამიტომაც გადავიდნენ ფიზიკურ პირებზე.

თუ არ დააკმაყოფილებთ მათ მოთხოვნას და ნუგზარ ხუციშვილის შემოწირულობას შპს ქართუ მშენებელს არ დაუბრუნებთ, თქვენს წინააღმდეგ რა ბერკეტის გამოყენება შეუძლიათ?
- არანაირი კანონიერი ბერკეტი არ გააჩნიათ. უკანონო ბერკეტი იქნება ის, რომ „ქართული ოცნება“ დააჯარიმონ, მაგრამ ამ დაჯარიმების სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ. ასე, შეუძლიათ დაგვხვდნენ ქუჩაში და დაგვაპატიმრონ, მაგრამ ამას საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს?!