თიკო ოსმანოვა, “რეზონანსი“
სოციალური ქსელებით მორიგი საპროტესტიო აქცია იგეგმება. ორგანიზატორები ხალხს მოუწოდებენ წინასწარ დათქმულ დროს - 26 თებერვალს 14 საათზე მთელი საქართველოს მასშტაბით შეიკრიბონ საკრებულოებთან და მერიის შენობებთან და "წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ საქართველოს ხელისუფლების გარდაცვალებას".
პოლიტოლოგების შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში აქციის გამართვა უშედეგო აღმოჩნდება, მათი თქმით, საზოგადოების უმეტესობა ამჯერად საკუთარ პროტესტს საარჩევნო ყუთთან გამოხატავს.
"თუკი აღმოჩნდება, რომ არჩევნები არ იძლევა იმ შედეგს, რასაც ელოდებიან, შესაძლოა, ამის შემდეგ საპროტესტო აქციების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა გაიზარდოს. დღეისათვის კი არ მგონია, აქციების მომხრეთა რიცხვი დიდი იყოს", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბარში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
"2012 წლის 26 თებერვალს 14 საათზე საქართველოს ყველა ქალაქში, რაიონულ ცენტრში, ყველა სოფელში, საკრებულოსთან, მერიებთან გამოვიდეთ და წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი საქართველოს ხელისუფლების გარდაცვალებას... არავითარი ლოზუნგები, არავითარი სიტყვით გამოსვლა, დუმილით გამოვხატოთ მათ მიმართ უკმაყოფილება და უნდობლობა..", - ასეთი შინაარსის ტექსტი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" 18 თებერვალს გავრცელდა.
პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ საარჩევნო წელიწადში ანტისახელისუფლო გამოსვლები ფართომასშტაბიანი არ იქნება, რადგან, მათი თქმით, საზოგადოების უმეტესობა ამჯერად პროტესტის გამოხატვას ჩუმად, ყოველგვარი ლოზუნგის გარეშე საარჩევნო ყუთთან შეეცდება.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი საზოგადოებას ურჩევს, რომ ხელისუფლების შესაცვლელად უფრო გონიერი ნაბიჯი გადადგან, რადგან, მისი თქმით, ამ ეტაპზე საპროტესტო აქციების გამართვა ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.
"ხელისუფლების გარდაცვალებისგან შორს ვართ, რადგან ისინი ჯერ კიდევ მოტივირებულები არიან და ტოტალური ტერორით პასუხობენ ნებისმიერ გამოწვევას, როდესაც მათი სავარძლის დაკარგვის საფრთხე შეინიშნება. ამის დამადასტურებელი კი არაერთი მაგალითი არსებობს - გადამეტებული ძალის გამოყენება, ადამიანების სამსახურებიდან გამოყრა და ა.შ.
"ვიდრე ეს ძალა რეალურად არსებობს და ახორციელებს არა მარტო მუქარას, არამედ კონკრეტულ ზეწოლას, ჯობია, უფრო გონივრული ნაბიჯები გადავდგათ ხელისუფლების შესაცვლელად. თუ ვინმეს ჰგონია, რომ საპროტესტო აქციები შედეგის მომტანია, კი, ბატონო, მიიღოს მონაწილეობა. თუმცა, პროტესტის ქუჩაში გადატანა წარმოშობს ექცესებს, ეს კი ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.
"რაც უნდა ხმამაღლა ვიყვიროთ ტერმინი "დემოკრატია", ადეკვატური რეაგირება ასეთ ნაბიჯებზე დაკავშირებულია რისკთან. მაგრამ რისკი კიდევ უფრო გაიზრდება, თუ პროტესტი ქუჩაში იქნება გამოხატული, რომელიც გასაქანს მისცემს იმ "ნაციონალურ" ურდოებს, რომლებიც მალე აღარც სახეებს დამალავენ და აშკარად დაიწყებენ საკუთარი მოსახლეობის ხოცვას და ჟლეტას.
"თუმცა, საზოგადოება ახლა თანდათან უფრო პრაგმატული ხდება. დღევანდელი ტერორის პირობებში მათ უმრავლესობას ურჩევნია, აზრი უსაფრთხო გარემოში გამოხატოს. ქუჩაში მაშინ უწევს ადამიანს გასვლა, როდესაც მკაფიოდ ფიქსირდება მისი აზრის უგულებელყოფა. დღეს ასეთი წინაპირობები საკმარისზე მეტია, მაგრამ ქუჩის აქციებს უნდა ბევრად მეტი მომზადება და დაკვირვება", - გვითხრა ცისკარიშვილმა.
ცისკარიშვილის მსგავსად, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც ფიქრობს, რომ სოციალური ქსელებით დაგეგმილი საპროტესტო აქცია ფართომასშტაბიანი არ იქნება, რადგან, მისივე თქმით, საზოგადოების უმეტესობას ახლა საარჩევნო ყუთთან მისვლა ურჩევნია. "ლეიბორისტების" აქციამ დაგვანახა, რომ ამ ეტაპზე აქციების დაგეგმვა უშედეგოა, იმიტომ, რომ მოსახლეობის უმეტესობას საკუთარი აზრის დაფიქსირება საარჩევნო ყუთთან ურჩევნია, მაგრამ თუ აღმოჩნდა, რომ არჩევნები არ იძლევა მათთვის სასურველ შედეგს, მერე შეიძლება საპროტესტო აქციების მიმართ მხარდამჭერთა რიცხი გაიზარდოს", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბარში საყვარელიძე.
988
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85