სოსო ცისკარიშვილი: გარემოცვაზე საუბარი უპრიანია ისეთი ადამიანისგან, რომელსაც ყველაზე სანდოდ ეროსი კიწმარიშვილი არ მიაჩნია

სოსო ცისკარიშვილი: გარემოცვაზე საუბარი უპრიანია ისეთი ადამიანისგან, რომელსაც ყველაზე სანდოდ ეროსი კიწმარიშვილი არ მიაჩნია

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცისკარიშვილი Presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ დღესდღეობით საპარლამენტო უმრავლესობას უფლება არ აქვს, საკუთარი აზრი გამოხატოს. ამიტომ მათაც სჭირდებათ გათამამება, რათა მანქურთების როლში არ დაამახსოვრონ თავი ქართულ საზოგადოებას.

 

ირაკლი ოქრუაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მისამართით დაწერილ წერილში აღნიშნა, რომ ივანიშვილი საკუთარ გარემოცვას ზედმეტად ენდობა, ხოლო თავის დროზე გარემოცვამ რა სამსახურიც გაუწია ზვიად გამსახურდიას, ეს ყველასთვის ცნობილია.

- ბატონი ოქრუაშვილის ინტერვიუ არ წამიკითხავს, მაგრამ ეს მოსაზრება, რომელზეც თქვენ ბრძანეთ, უკვე გამაცნეს. იცით, გარემოცვაზე საუბარი ალბათ  უპრიანია ისეთი ადამიანისგან, რომელსაც ყველაზე სანდოდ ეროსი კიწმარიშვილი არ მიაჩნია. ამიტომ საკუთარი გარემოცვა, რომელიც თითებშუა შემოემსხვრა ბატონ ოქრუაშვილს, მას ბევრად უფრო მეტად აძლევს დაფიქრების მიზეზს, ვიდრე კომენტარს გააკეთებს სხვა პოლიტიკურ ძალებთან არსებულ გარემოცვაზე.

 

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების გზაზე სამოქალაქო სექტორი გააქტიურდა. თუკი ხელისუფლება არ მიდის დათმობაზე, რა რესურსი აქვს სამოქალაქო საზოგადოებას?

- სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება უკვე აუცილებელი გარდუვალობაა, რადგან, როგორც ჩანს, მხოლოდ პოლიტიკური ძალების იმედად ჩიხში შესული პროცესი სამუდამოდ იქვე, ჩიხში დარჩება. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ეს მოძრაობა კიდევ უფრო გაფართოვდეს, ამაში ჩაერთოს რეგიონების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლობა. ასეთი აქციები მხოლოდ თბილისში არ უნდა ჩატარდეს. შესაბამისად, რაც უფრო ადრე და ღრმად გავაცნობიერებთ საფრთხეს, რომელიც  საზოგადოების პასიურ პოზიციაში იმალება, მით უფრო მეტი იქნება მოლოდინიც. დარწმუნებული ვარ, ასეთი აქტიურობის შედეგი ნაყოფს გამოიღებს, რადგან ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობა, როგორ კრიტიკულადაც არ უნდა ვიყოთ მათი საქმიანობის მიმართ განწყობილი, საკმაოდ გონიერია იმისთვის, რომ თეთრი და შავი გაარჩიოს. ისინი ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც გარემოცვა გააჩნიათ. უბრალოდ, როგორც ჩანს, მათ უფლება არ აქვთ, საკუთარი აზრი გამოხატონ. მათაც უნდათ გათამამება და ხელის შეწყობა, რომ ისინი დარჩნენ საზოგადოებისთვის მისაღებ ველში, სურვილის შემთხვევაში, გააგრძელონ პოლიტიკური საქმიანობა და მანქურთების როლში არ დაამახსოვრონ საკუთარი თავი ქართულ საზოგადოებას.

 

არჩევნების დაჩქარებული წესით, მაისში, გადმოტანის მოთხოვნამ საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ასეთ შემთხვევაში, რა პერსპექტივა ჰქონდა, როგორც ხელისუფლებას, ისე ბიძინა ივანიშვილის გუნდს?

- ეს ინიციატივა ჩემი რომ ყოფილიყო, ყველას დავუდებდი ნიძლავს, რომ არაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ მე არც ახალი თაობა ვარ და არც - ახალი ინიციატივა. ეს ორგანიზაცია ცალსახად დაკავშირებულია სახელისუფლო ინიციატივებთან და, შესაბამისად, ჩვენი ხელისუფლების ნაწილი მაინც ფიქრობს, რომ 2013 წლის ოქტომბრამდე ძალიან დიდი ხანია დარჩენილი იმისთვის, რომ კონსტიტიცია შევიდეს ძალაში და მოხდეს ის, რაც მოსახდენია. ყოველთვის ვჩქარობთ. ნაადრევი არჩევნების არგუმენტი იქნება თუნდაც ის, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ გააჩნია დანიშნულ ვადაში არჩევნების ჩატარების ელემენტარული გამოცდილება.

 

2004 წლიდან მოყოლებული, არცერთი დონის არჩევნები არ შემდგარა მაშინ, როცა ის უნდა გამართულიყო. დღესაც იგივე მოუთმენლობის სინდრომია და ზოგადად, მოუთმენლობა და წინდაუხედავობა არის ამ პოლიტიკური ძალის სრულიად მკაფიო მახასიათებელია. ამიტომ გასაკვირი არაფერია. ახლა ვინ მოასწრებს და ვინ არ მოასწრებს ელექტორატთან მუშაობას, ფაქტია, რომ საკუთარ პერსპექტიულ ამომრჩეველს ივანიშვილმა შესთავაზა არასტანდარტული გზა და პარტიის დაფუძნებამდეც კი, ფაქტობრივად, ქვეყანაში მისი მყარი ელექტორატი არსებობს. ამიტომ ტრადიციული წარმოდგენები იმის თაობაზე, თუ რამდენი ხანი სჭირდება პარტიის ჩამოყალიბებას, როგორი ტიპის აგიტაცია უნდა ჩატარდეს თითოეულ სოფელში, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ ახალ ტექნოლოგიებს, რომლებსაც ასეთი გაცხარებით და კანონდარღვევით ებრძვის ჩვენი ხელისუფლება, თავისი ძალა აქვს და აქ უკვე ფიზიკის კანონი მოქმედებს- ყოველი ქმედება იწვევს მხოლოდ საპირისპირო უკუქმედებას. უფრო მეტად შორდება ბატონი სააკაშვილი საკანონმდებლო ველს, რაც ასეთივე დიდი გაშმაგებით აისახება მოსახლეობის განწყობაზეც.  

  

დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის მოძრაობის საინიციატივო ჯგუფის წევრები, ერთი შეხედვით, ვითომ აპოლიტიკური ადამიანები, სულაც არ არიან აპოლიტიკურნი და პოლიტიკაში, მეტ-ნაკლებად, თავიანთი სიტყვა უკვე თქვეს. იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილის გუნდში მათი გამოჩენა წარმატებული არ იქნება, წარუმატებლობა მათ პოლიტიკურ გაუთვითცნობიერებლობასაც ხომ არ დაბრალება?

- რაც შეეხება აპოლიტიკურ ადამიანებს, უკაცრავად, მაგრამ აპოლიტიკური ადამიანი დღეს ჩვენს მოსახლეობაში უმცირესობას წარმოადგენს და ეს სწორედ ხელისუფლების ბრალია. მე დღევანდელი რეალობის მახასიათებლად, ფორმულის მსგავსად აღვიქვი ელისო ჩაფიძის ფრაზა, რომ მე არ წავსულვარ პოლიტიკაში, ხელისუფლება თავად შემომეჭრა ოჯახში, სამსახურში და იქიდან გამომაძევა. აი, ასეთი განცდით მიდიან პროფესიონალები პოლიტიკურ ძალებში.

 

რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ელისო ჩაფიძის წასვლა პოლიტიკაში?

- ნებისმიერი პროფესიონალის გადაადგილება პოლიტიკურ ველში ჩემთვის გულდასაწყვეტი ფაქტია, მაგრამ ეს აიხსნება არსებული რეალობით, რომელიც იმდენ სიმახინჯეს შეიცავს, რომ საზოგადოებასთან მჭიდრო ურთიერთობის გარეშე პოლიტიკოსებს აღარ ძალუძთ რაიმე წარმატების მიღწევა.

 

ქართულ ჟურნალისტიკაში ობიექტურობის თვალსაზრისით, ელისო სრულიად სხვა მოვლენაა, მაგრამ ჟურნალისტებმა ქართულ პოლიტიკაში გაამართლეს?

- ჟურნალისტები, როგორც ყველა სხვა პროფესიის ადამიანები, განსხვავდებიან, როგორც საკუთარი პროფესიული წარმატებულობით, ასევე, მოქალაქეობრივი პათოსით. შესაბამისად, მარტო ჟურნალისტობა საკმარისი არ არის წარმატებული პოლიტიკოსობისთვის. ამას სხვა თვისებებიც უნდა ჰქონდეს, ელემენტარულად, ადამიანის ნიჭზეა დამოკიდებული, თუ რა სისწრაფით აითვისებს ახალ სივრცეებს, პოლიტიკის ახალ ენაზე რამდენად სწრაფად ამეტყველდება. ყოველ შემთხვევაში, პროფესიული წუნი იმ ადამიანებს, რომლებზეც ახლა ვსაუბრობთ, ნამდვილად არ მოეძებნებათ.