ნინო ბურჯანაძე: “თუ ნაკლებად თავმოყვარე ერი ვართ – ვაღიაროთ”

ნინო ბურჯანაძე: “თუ ნაკლებად თავმოყვარე ერი ვართ – ვაღიაროთ”

კავკასიის ინტერნეტ მედია კლუბს ამჯერად, კიევიდან დაბრუნებული, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“–ს ლიდერი ნინო ბურჯანაძე სტუმრობდა. ცხადია, პირველი კითხვაც უკრაინაში ვიზიტს შეეხებოდა.

 

ქალბატონო ნინო რა მიზნით ბრძანდებოდით უკრაინაში და უკავშირდებოდა თუ არა ეს ვიზიტი თქვენს ბოლოდროინდელ პოლიტიკურ საქმიანობას?

– პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგია, რომ ინტერნეტის საშუალებით მაქვს საშუალება ვესაუბრო ჩვენს თანამოქალაქეებს. შემთხვევით არ გამისვია ხაზი ინტერნეტ-ტელევიზიის შესაძლებლობისთვის, ჩემი წინა ვიზიტი კიევში, პირდაპირ იყო დაკავშირებული მედიის საკითხთან. საქართველოში, როცა პრაქტიკულად, ყველა ტელევიზიაში „პერსონა ნონ–გრანტად“ ვარ გამოცხადებული და როგორც ვხვდები,  არა თუ ეთერში დასმა, ჩემი კადრში გამოჩენაც კი აკრძალულია, უცხოეთის მედიაში სხვა დამოკიდებულებაა.

 

უკრაინაში მიწვეული ვიყავი ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ, პოლიტიკურ თოქ–შოუში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან და ჩემს შეფასებებთან დაკავშირებით იმდენად დიდი იყო ინტერესი, რომ იმ თოქ–შოუს რეიტინგმა იმ დღეს და იმ კვირაში, ყველა თოქ–შოუს რეიტინგს გაუსწრო და ეს ფაქტი საგანგებოდ იყო ხაზგასმული.

 

რაც შეხება უკრაინაში ვიზიტს, მე მაქვს ძალიან კარგი კონტაქტები უკრაინულ პოლიტიკურ წრეებთან, როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციურ წარმომადგენლებთან და ცხადია, ვცდილობ ეს კონტაქტები გამოვიყენო იმისთვის, რომ ადამიანებმა, რაც შეიძლება მეტი იცოდნენ საქართველოს რეალობასთან დაკავშირებით და ამისთვის ვიყენებ იმ მედიასივრცეს, რომელიც ქართულისგან განსხვავებით, ჩემთვის შეზღუდული არ არის.

 

ბოლო ვიზიტი, კონკრეტულად რას უკავშირდებოდა?

- მე ბევრი შეხვედრები მაქვს სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა დონეზე, მაგრამ ეს არ არის ოფიციალური ვიზიტები და ამდენად არ ვთვლი აუცილებლად  მათზე საუბარს. თუმცა, ყველა ეს ვიზიტი, ჩემი აზრით, ქმნის ძალიან ობიექტურ შეხედულებას საქართველოს შესახებ. ჩვენი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს   ლობისტური და პიარ–კომპანიების მეშვეობით. ტყუილი სახელმწიფო რანგშია აყვანილი, რომ უცხოური წრეები შეცდომაში შეიყვანონ, რაც ზოგჯერ წარმატებულადაც გამოსდით. თუმცა, უცხოელებისთვის შოკისმომგვრელია, როცა მათ უდებ კონკრეტულ მასალას და ეუბნები, როგორ იტყუება ხელისუფლების წარმომადგენლი.

 

თვითმმართველობის არჩევნების წინ, ოპოზიციის ნაწილმა ზურაბ ნოღაიდელი გარიყა კეთროვანივით. ამჯერად, პოლიტიკურ წრეებში იმაზე საუბრობენ, რომ „სახალხო კრებაში“ ნინო ბურჯანაძე გახდა ხელიშემშლელი ფაქტორი პოლიტიკური პარტიებისთვის...

– მე მინდა ვკითხო ჩვენი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს: რა არის ჩვენთვის მთავარი – ვინ მოგვწონს და ვინ – არა, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა? ოპოზიციური სპექტრი სანამ არ ჩამოაყალიბდება საკუთარ პრიორიტეტებში, მანამ ყოველთვის იქნება ასეთი გაუგებრობა. მე არ მგონია, რომ ოპოზიციური სპექტრისთვის ბურჯანაძის ფაქტორი იყოს მიუღებელი. ყველა ის პარტია, ვინც დღეს 8 ოპოზიციურ პარტიად გაერთიანდა, ერთად ვიდექით აპრილის აქციებზე და ძალიან აქტიურადაც ვთანამშრომლობდით. თუ მთავარი ისაა, რომ „სახალხო კრებასთან“ აქტიურობაში ჩვენ უფრო გამოვიკვეთეთ, ეს ჩვენი ბრალი ნამდვილად არ არის. ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაიდო იმაში, რომ დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი ჩართულიყო ამ პროცესში. საერთოდ, შემიძლია გითხრათ, რომ  „სახალხო კრების“ მოწვევაზე საერთოდ, საუბარი დაიწყო გასული წლის შემოდგომაზე.

 

გულისხმობთ ამ თემის თემურ შაშიაშვილის მიერ გახმოვანებას?

– „სახალხო კრებაზე“ საუბარი სხვადასხვა კონტექსტიდან გამომდინარე ბატონ თემურამდეც იყო. მე ამ იდეასთან დაკავშირებით ბუნებრივია, ვფიქრობდი, მაგრამ ჩემთვის გადამწყვეტი გახდა ბატონ ჭაბუა ამირეჯიბის მიერ გაკეთებული მოწოდება. შემდეგ – იმ ადამიანების ავტორიტეტი, ვინც ამ იდეას მხარი დაუჭირა. მიმაჩნდა, რომ ჩვენ სასაწრაფოდ უნდა გამოვხმაურებოდით ამ იდეას და კრება რაც შეიძლება ჩქარა ჩატარებულიყო. კონსულტაციები, ზამთრიდან მოყოლებული გაზაფხულის განმავლობაში მიდიოდა, მაგრამ კრების შეკრების შეყოვნება ოპოზიციური სპექტრის ნაწილმა განაპირობა, რომლებმაც ვერა და ვერ გადაწყვიტეს ჩართულიყვნენ თუ არა ამ პროცესში. ბუნებრივია, მე არ ვაქტიურობდი იმაზე მეტად, ვიდრე სხვა ოპოზიციური პარტიები.

 

პოლიტიკური პარტიების არმოსვლა საერთოდ გაუგებარი იყო, სტუმრის სტატუსით მოსვლა არავის არაფერში ხელს არ უშლიდა, მითუმეტეს, რომ ადამიანები ამბობდნენ, რომ თურმე ვერ გაიგეს კრებას რა უნდა. თუ ვერ გაიგე უნდა მიხვიდე, იქ, სადაც ამ თემაზე ლაპარაკობენ. თუმცა, ეს იყო განზე გადგომის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ოპოზიციური სპექტრისათვის მთავარია, ვინმემ წინ არ გადადგას ნაბიჯი და ვინმეს აქტიურობა არ გამოიკვეთოს.

 

რაც შეეხება ოპოზიციის გაერთიანებას, ეს არის ის მითი, რომელსაც სააკაშვილი და მისი გუნდი ქმნის. ოპოზიციური გაერთიანების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს და სააკაშვილმა კარგად იცის, რომ ოპოზიციური სპექტრი ერთიანი ვერ იქნება, რადგან მას ოპოზიციურ სპექტრში ყავს ძალები, რომელთაგან ზოგი მოსყიდულია, ზოგი – შეშინებული და ზოგთან გარიგებაში შედის. ასე რომ, სააკაშვილს ყოველთვის ექნება შესაძლებლობა, რომ ოპოზიციური სპექტრის ერთიანობა სხვადასხვა გზით ჩაშალოს.  

 

ვერაფერს საგანგაშოს ვერ ვხედავ, რომ არის ერთი მიმართულება „სახალხო კრების“ და მეორე მიმართულება, თუნდაც – საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების. ეს ორი მიმართულება ერთმანეთს ხელს არ უშლის. თუმცა, გაოცებული ვარ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა სრულიად ხელოვნურად გაგვმიჯნეს პროცესისგან, რაც პირდაპირ ასხამს სააკაშვილის წისქვილზე წყალს. თითქოს, ქვეყანაში არის ოპოზიცია, რომელიც საარჩევნო გარემოზე ლაპარაკობს, კონსტრუქციულია, ცივილიზებულია და თურმე, არის მეორე ოპოზიცია, რომელიც „სახალხო კრების“ გზით ქვეყნის დაქცევას და დანგრევას აპირებს, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს.

 

იმ პარტიებთან ერთად, თქვენ ხელი მოაწერეთ საარჩევნო გარემოს ცვლილებას და შემდეგ გითხრეს, რომ შეკრებაზე არ მისულიყავით?

– არა არავის არაფერი უთქვამს, მაგას ვერ გვეტყვიან, რომ სადმე არ მივიდეთ, მაგდენი ზრდილობა ყველას აქვს ოპოზიციაშიც კი. ჩვენ ხელი მოწერილი გვქონდა ამ დოკუმენტზე, მაგრამ, ამ დოკუმენტის ინიციატორებს – „ფორუმსა“ და სხვა პოლიტიკურ პარტიებს – ვუთხარით: ჩვენ მიგვაჩნია, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლა  მნიშვნელოვანია, მაგრამ ამისთვის აბსოლუტურად არასაკმარისია ის მოთხოვნები, რაც ჩამოყალიბებულია ამ 8 პარტიის მიერ.

 

სულ არის ხუთი მოთხოვნა: 1. მედიის გათავისუფლება, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას შეეძლოს საკუთარი ხედვის საზოგადოებამდე მიტანა; 2. ბიზნესის დამოუკიდებლობა, რომ ოპოზიციური პარტიების დაფინანსებისთვის პრობლემა არ შეუქმნან; 3. პოლიციის დეპოლიტიზაცია; 4. სასამართლოს დამოუკიდებლობა და 5. ცესკოს დამოუკიდებლობა.

 

ამ მოთხოვნების გარეშე რაც უნდა ჩაიწეროს კოდექსში, მნიშვნელობა არ აქვს. როგორი ბიომეტრული პასპორტებიც არ უნდა გვქონდეს, მნიშვნელობა არ აქვს და არც ამომრჩეველთა სიების გადამოწმებას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რადგან თუ შენ პოლიცია გყავს პოლიტიზირებული, შენს შემოწმებულ ამომრჩეველთან  მიდის და ეუბნება: თუ 5–ს არ შემოხაზავ და არ მოიტან სიას იმ ადამიანებისას, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“, ან მასთან დაკავშირებულ პარტიებს არ მისცემენ ხმას, შენს შვილს ნარკოტიკს, იარაღს ჩავუდებ, ან შენს შვილს ციხეში გვერდებს დავუმტვრევ. ასეთ შემთხვევაში არაფერი არ იმუშავებს.

 

ამ მოთხოვნების დაკმაყოფილბის მიღწევას როგორ აპირებთ?

– ბრძოლით. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ის ფორმა, რაც დაშვებულია, დაწყებული ბრიფინგებით და გაგრძელებული, თუნდაც ფართომასშტაბიანი მიტინგებით და მანიფესტაციებით. სხვათა შორის, ჩვენ ხელისუფლებამ რატომღაც დაგვაკომპლექსა, რომ თუ ვინმე მიტინგებზე და მანიფესტაციებზე ლაპარაკობს, რადიკალი და არაცივილიზებულია. უკაცრავად, მაგრამ მთელი საფრანგეთი არაცივილიზებულია? საფრანგეთში, საბერძნეთში, იტალიაში, გერმანიაში, ამერიკაში, ყველგან საზოგადოება იცავს თავის სოციალურ უფლებებს და ჩვენ თუ ნაკლებად თავმოყვარე ერი ვართ – ვაღიაროთ.

 

კონსტიტუცია თავზე რომ დაგვახიეს და ზედ მიაყოლეს ვენეციის კომისიის დასკვნა და ამაზე საზოგადოებამ ხმა არ ამოიღო, ეს წარმოუდგენილია. მაშინ ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვეგუებით ავტოკრატიული რეჟიმიდან ტოტალიტარულ გარემოში გადასვლას. ჩვენ უკვე ვიცხოვრეთ ასეთ ქვეყანაში, მაგრამ იმიტომ იბრძოდა საქართველო, რომ ეს არ მოსწონდა. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ ჩვენ დღეს მოდერნიზებულ პატარა საბჭოთა ქვეყანაში ვცხოვრობთ.

 

შეადარეთ დღევანდელი საინფორმაციო საშუალებები და „ვრემიას“ გადაცემები – რამდენი ყურძენი მოვიყვანეთ, რამდენი საქმე გავაკეთეთ, ყველაფერი კარგადაა და არაფერი ცუდი არ ხდება. შეადარეთ დღევანდელი პოლიციის მოქმედებები (რა თქმა უნდა, ბევრი კარგიც არის და ეს აღსანიშნავია) რამდენად პოლიტიზირებულია იგი.

 

1989 წლის 9 აპრილს, როდესაც საბჭოთა ჯარმა დემონსტარცია დაარბია, მაშინდელ პრეზიდენტსაც მიშა ერქვა, მაგრამ ჯარი მიშა, მიშას კი არ ყვიროდა. ჩვენმა პოლიციამ კი, როცა საკუთარი ხალხი დაარბია და თვალები დათხარა, აქედან, ხალხი საქართველოს ყვიროდა, იქედან სპეცნაზი – მიშა, მიშას.

 

გაიხსენეთ ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ “კომერსანტში”, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მისცა. კაცმა პირდაპირ ციფრები დაასახელა – ვინ რამდენ პროცენტს მიიღებდა, უბრალოდ, მაშინ, ხელისუფლებას გადაწყვეტილი არ ჰქონდა „ქრისტიან–დემოკრატები“ გაეშვა წინ თუ „ალიანსი“. დაჯდა ეს ციფრები ზუსტად? – იცის ვანომ საქმე.

 

თქვენი მოთხოვნაა, რომ ჯერ გადადგეს მიხეილ სააკაშვილი და შემდეგ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები?

– თუ ხელისუფლება ჩემს მიერ ჩამოთვლილ ხუთივე კომპონენტს რეალურად შეასრულებს, მე ხმის ამომღები არ ვარ 2012 წლამდე, თუ ომი არ დაიწყო და უბედურება არ დაგვმართა. ნახეთ რა მოხდა „თრიალეთში“? როგორ ეშინია ხელისუფლებას ამ 5 კომპონენტიდან ნებისმიერის დათმობის. ერთი საშუალება თქვენი ეთერია, თუმცა ინტერნეტი ძალიან შეზღუდულია და ბევრს არ აქვს შესაძლებლობა უყუროს მას, და არის ასევე ერთი–ორი არხი, მართალია ჩემთვის ძალიან შეზღუდული, მაგრამ – მაინც. „თრიალეთი“ იყო ტელეკომპანია, რომელმაც ბოლო თვენახევრის განმავლობაში პირადად მე 2–ჯერ მომცა საშუალება 2–2 საათის განმავლობაში მესაუბრა რეგიონის მოსახლეობასთან და ორჯერ გაუშვა „სახალხო კრების“ ჩანაწერი.

 

ამის პასუხად, დღისით–მზისით, თავს დაესხნენ  არხის გენერალურ დირექტორს, გადაუგრიხეს ხელები, დაადეს ბორკილები, როგორც საშიშ ტერორისტს და დარწმუნებული ვარ, რომ არა თვითონ ამ ადამიანის და მისი ძმის, „თრიალეთის“ მეპატრონის, ბადრი ნანიტაშვილის ძალიან მტკიცე პოზიცია, რომ არა ჩვენი და „სახალხო კრების“ საერთო ძალისხმევა, რასაც ოპერატიულად გამოეხმაურნენ „ქრისტიან დემოკრატებიც“, ის ადამიანი ციხეში იჯდებოდა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით. დარწმუნებული ვარ  იქნებოდა ძალიან დიდი ზეწოლა, რომ „თრიალეთი“ გაყიდულიყო, რადგან ბოლო ორი თვის განმავლობაში, ბადრი ნანიტაშვილზე არის ზეწოლა, რომ გაყიდოს ტელეკომპანია და წავიდეს ქვეყნიდან.

 

სხვათა შორის, სააკაშვილმა თქვა: ჩვენ დავამკვიდრეთ ახალი პოლიტიკური კულტურა, ჩვენ გვყავს ოპოზიციური პარტიები (გულისხმობდა იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომელიც ნამდვილად ყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან შეთანხმებით მოქმედებენ) და შემდეგ მოაყოლა: ვინც ჩვენი თამაშის წესებით ითამაშებს, ის წარმატებასაც მიაღწევსო. ეს რას ნიშნავს?

 

რომელი პარტია თამაშობს პრეზიდენტის წესებით?

– მე არ მინდა ვთქვა, რომ ეს პარტიები არიან შეკრულნი ხელისუფლებასთან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, შეიძლება ეს პარტიები იჯერებენ იმას, რასაც სააკაშვილი ეუბნება. პოლიტიკაში არასოდეს არ უნდა ითამაშო სხვისი თამაშის წესებით, უნდა ეცადო, რომ შენი თამაშის წესებში შემოიყვანო შენი ოპონენტი და ასეთ შემთხვევაში, შენ გექნება გარკვეული პრივილეგია. ჩვენთან ხომ ისე გამოვიდა, რომ პოლიტიკური პარტიები სააკაშვილის თამაშის წესებში ჩაერთვნენ, როცა მიიღეს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა? ხომ ნათელი იყო, რით დასრულდებოდა ეს არჩევნები. ერთ–ორ პარტიას მართლა სჯეროდა, რომ ისინი გაიმარჯვებდნენ არჩევნებნში და ჩემმა მყარმა არგუმენტებმა, რომ ეს არ მოხდებოდა, მათზე არ იმოქმედა.

 

სააკაშვილს ყველაზე დიდი საქმე გაუკეთეს იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც მიულოცეს და დემოკრატიაში წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაუთვალეს ეს არჩევნები. ნახეთ ევროსაბჭოს წარმომადგენლის განცხადება, სადაც ამბობს, რომ საქართველოში გადაიდგა დიდი ნაბიჯი დემოკრატიისკენ, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ დაუფიქსირებია სერიოზული პრეტენზიებიო. არ იყო საპრეტენზიო? მაშინ, ნახეთ ეუთოს დასკვნა, რომელიც საკმაოდ მძიმეა. დღეს სააკაშვილი დადის მთელს მსოფლიოში და იძახის, რომ დემოკრატიისკენ უზარმაზარი ნაბიჯი გადავდგიო. სააკაშვილს დღეს აწყობს ორი რამ: ოპოზიციის გახლეჩა და მათი ერთმანეთთან დაპირისპირება და  მეორე – სააკაშვილს აწყობს პროცესის გაჭიანურება – დროის მოგება.

 

ადგილობრივი არჩევნები იყო მისთვის დროის მოგება, ახლა მისთვის მთავარია, როგორც ოპოზიციური პარტიები ამბობენ, 7–8 თვე გააგრძელოს საარჩევნო პროცესი, მერე შეიძლება გამოაცხადოს საპარლამენტო არჩევნები, რადგან დროც იქნება მოსული და კიდევ ერთ წელს გადააგორებს. ვინ რატომ აკეთებს ამას – იმიტომ, რომ ფული აიღო, იმიტომ რომ მასზე კომპრომეტებია და შეეშინდა, იმიტომ, რომ შეეკრა და გონია, რომ სააკაშვილი მას დაუთმობს თავის სავარძელს, ამის ანალიზი თქვენ უნდა გააკეთოთ.

 

„სახალხო კრებაში“ მონაწილეობისთვის „ეროვნული ფორუმისთვის“ თქვენ მაინც აღმოჩნდით ხელისშემშლელი ფაქტორი, რატომ?

–ამას წინათ ქალბატონ მაგდა პოპიაშვილის საინტერესო განცხადება წავიკითხე, სადაც ის ამბობს, რომ „ფორუმი“ უნდა ყოფილიყო წამყვანი ძალა და ამას ბურჯანაძემ შეუშალა ხელი და ამიტომ არ მივედითო. „ფორუმი“ რას ამბობს, თავად უნდა ჩამოყალიბდეს. ერთის მხრივ ამბობენ: იმიტომ არ მივედით, რომ იქ პოლიტიკური ძალა არ უნდა ყოფილიყოო და მეორეს მხრივ – ჩვენ უნდა ვყოფილიყავით წამყვანი ძალა და ამიტომ არ მივედითო.

 

მართალია თუ არა, რომ თქვენ შეუშალეთ ხელი ზურაბ ნოღაიდელის „კრებასთან“ გაერთიანებას?

– მე არც გასაღები მაქვს „სახალხო კრების“ კარების და არც არავისთვის იქ ფიანდაზის დაგებას არ ვაპირებ. საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც ჩვენც შევუერთდით, თავად იღებს გადაწყვეტილებას. როდესაც ნოღაიდელის პარტასთან კონსულტაციები მიმდინარეობდა, მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ხედვები განსხვავებული იყო და ეს კონსულტაციები უფრო ღრმად არ წასულა. ამაში მე ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ.

 

2003 წელს ირაკლი ბათიაშვილი „ვარდების რევოლუციის“ მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა, ახლა როგორ თანამშრომლობთ?

– არაჩვეულებრივად ვთანამშრომლობთ. მინდა გითხრათ, რომ ქედს ვიხრი ირაკლი ბათიაშვილის პიროვნების წინაშე. ეს ადამიანი ჩვენი ხელისუფლების დროს ტყუილად იჯდა ციხეში, მაგრამ არ გაბოროტებულა და არ დაბოღმილა. მისთვის დღეს მთავარი შურისძიება კი არა ქვეყნის გადარჩენაა. როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ხშირად მახსენდება, რომ ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეს ადამიანი უკანონოდ იჯდა ციხეში. იმის მიუხედავად, რომ მე წინააღმდეგი ვიყავი მისი დაჭერის და სულ ვცდილობდი, რომ დავმხმარებოდი სწრაფად გამოსულიყო ციხიდან, მე მაინც დისკომფორტს განვიცდი.

 

ირაკლი ოქრუაშვილი ქმნის ახალ პარტიას, ითანამშრომლებთ თუ არა მასთან?

– წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ჯერ უნდა შეიქმანს ეს პარტია და ჩამოაყალიბონ თავიანთი პრიორიტეტები, თუმცა, დაახლოებით უკვე შეიძლება ვივარაუდოთ, რა შეიძლება იყოს ეს. თუმცა, ხაზს ვუსვამ, ჩვენთვის მთავარი ოპონენტი უნდა იყოს სააკაშვილი და ჩვენ ყველა პარტიასთან უნდა ვისაუბროთ. არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან კოორდინირებული მოქმედება არ არის გამორიცხული, წინასწარ რამის თქმა ძნელია, მაგრამ ასეთი პარტია უნდა აკმაყოფილებდეს ერთადერთ მთავარ კრიტერიუმს – მისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და დემოკრატია უნდა იყოს ამოსავალი წერტილი. ამ ეტაპზე დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს.