სააკაშვილი მაჟორიტარების შენარჩუნებას მოითხოვს

სააკაშვილი მაჟორიტარების შენარჩუნებას მოითხოვს

წინა კვირას საპარლამენტო არჩევნების თარიღის გადმოწევასთან დაკავშირებით ატეხილმა აჟიოტაჟმა, რომელიც სახელისუფლებო არასამთავრობო ორგანიზაციამ წამოიწყო, მთლიანად გადაფარა კვირის დასაწყისში პრეზიდენტთან საპარლამენტო უმრავლესობის შეკრების ფაქტი. არადა, ცხადია, უმნიშვნელო არ უნდა იყოს ის, თუ რატომ ხვდება ქვეყნის პრეზიდენტი მხოლოდ უმრავლესობას.

თავისთავად ის ფაქტი, რომ ქვეყნის პრეზიდენტი პოლიტიკოსთა მხოლოდ ერთ კლანს ხვდება, ცალკე თემაა, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ მას უბრალოდ მხოლოდ მეხოტბეებთან შეუძლია შეხვედრა, რომლებიც თავს ნებისმიერ რამეზე უსიტყვოდ დაუქნევენ და პოლიქრონიონსაც უმღერებენ. ამ შემთხვევაში კი გაცილებით მნიშვნელოვანი ის არის, რისთვის შეკრიბა ქვეყნის პრეზიდენტმა მორჩილი უმრავლესობა.

იმის გამო, რომ სწორედ ამ შეხვედრას მოჰყვა ხელისუფლების მომხრე არასამთავრობო ორგანიზაციის მოულოდნელი განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით, რითაც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გადმოწევა უნდა მოეთხოვათ, გაჩნდა ეჭვი, რომ პრეზიდენტთან შეხვედრაზე სწორედ მსგავსი სქემების გათამაშებაზე იყო საუბარი. მით უმეტეს, რომ ახლა სწორედ ხელისუფლების ინტერესში შედის არჩევნების ვადამდე ჩატარება და ამაზე ამ დღეების განმავლობაში ბევრი დაიწერა.

შესაძლოა, ეს თემა მართლაც განიხილეს თუნდაც ნიადაგის მოსინჯვისთვის. თუმცა, presage.tv-ს ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე სააკაშვილს სხვა საკითხებზეც მოუხდა საუბარი.

ერთ-ერთი მთავარი თემა კი ის იყო, რომ სააკაშვილს უმრავლესობა გაუფრთხილებია, მაჟორიტარებმა ხელისუფლებიდან წასვლა არ გაბედონო. თუკი მართლა გაბედავენ ეს მაჟორიტარები წასვლას, როგორ დასჯის სააკაშვილი უმრავლესობის ლიდერებს, ძნელი სათქმელია. თუმცა, საპარლამენტო არჩევნებისთვის სიაში ვერმოხვედრაც კარგი სასჯელი უნდა იყოს.

საინტერესო ის არის, რომ ხელისუფლების მთავარ ამოცანას ამჯერად მაჟორიტარების შენარჩუნება წარმოადგენს. თუკი იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში საპარლამენტო ოპოზიციის ყველა ფრთიდან გაკეთდა მაჟორიტარების გადაბირებაზე განცხადება, ადვილი შესაძლებელია, რომ ხელისუფლებას ამის რეალური საფრთხე აქვს. ცხადია, ამ შემთხვევაში არ იგულისხმება ისეთი ფაქტები, როდესაც უმრავლესობა საკუთარი ნებით მისცემს მაჟორიტარს თარგამაძეს ან თორთლაძეს, რათა მათ უმცირესობა შეუნარჩუნოს. ცხადია, ეს ის შემთხვევაა, როდესაც პარტია მსხვერპლს ითხოვს.

უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ, როგორც ჩანს, ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია მათი მაჟორიტარების ივანიშვილის გუნდში წასვლასთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილს ამ შეხვედრაზე უთქვამს, რომ არც ერთმა მაჟორიტარმა არ უნდა გაბედოს სადმე წასვლა და, ცხადია, სააკაშვილის ეს ტაქტიკა სრულიად გასაგებია, რადგან მაჟორიტარების წასვლას თითქმის არჩევნების წინ ორმაგი მნიშვნელობა ეძლევა. პირველი ის, რომ ხელისუფლებიდან ზოგადად ვინმეს წასვლა საზოგადოებაში ხელისუფლების რღვევის განცდას ქმნის და მეორე, მაჟორიტარებს ადგილებზე საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ და ხმების მომტანებად სწორედ ისინი ითვლებიან.

სწორედ ეს უკანასკნელი არის ის მიზეზი, რის გამოც ხელისუფლება მაჟორიტარების რაოდენობის შემცირებას ცოცხალი თავით არ თანხმდება. ამ მიზეზების გამო კი, ცხადია, სააკაშვილს ახლა მაჟორიტარების წასვლა არანაირად არ აწყობს და უმრავლესობას სწორედ ეს დავალება მისცა, რომ მაჟორიტარები რამენაირად შეინარჩუნონ.

რაც მთავარია, სააკაშვილს ისიც უბრძანებია, რომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის” შეცლა.

შეგახსენებთ, რომ დეკემბერში გამკაცრებული კანონი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს მთელ რიგ აკრძალვებსა და შეზღუდვებს უწესებს, ასევე ვრცელდება ყველა იმ პირზე, ვინც პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული პარტიასთან და რეალურად გამოდის, რომ პარტიებს მოქმედება ყველანაირად ეზღუდებათ სხვადასხვა ფაქტორის გამო. ამიტომაც არასამთავრობო სექტორი ამ კანონის შეცვლას ითხოვს. სააკაშვილს კი უმრავლესობისთვის უთქვამს, რომ ამ კანონს ხელი არ ახლონ.

ამასთან, სააკაშვილს ისიც უთქვამს, რომ საარჩევნოდ მაქსიმალურად უნდა მოხდეს მოსახლეობის დაკმაყოფილება და უგულავას მისამართით უკმაყოფილებაც გამოუთქვამს იმის გამო, რომ დედაქალაქში მოსახლეობის ისედაც დიდ უკმაყოფილებას უფრო მეტად აძლიერებს იმ ცალკეული გადაწყვეტილებებით, რაც დედაქალაქის მოსახლეობას თავს ატყდება.

ასე რომ, ამ ეტაპზე სააკაშვილი უგულავათია უკმაყოფილო. სხვათა შორის, უკმაყოფილება შაშკინის მისამართითაც გამოუთქვამს იმის გამო, რომ მას მასწავლებლები ტერორში ჰყავს.

ცხადია, რაც დრო გავა, ეს ყველა პრობლემა უფრო მოიმატებს. ამიტომაც ახლა ყველაზე მეტად ხელისუფლებას აწყობს, რომ არჩევნებმა გადმოიწიოს და გამორიცხული არ არის, რომ ამ მხრივ საზოგადოების აზრის მოსინჯვა სწორედ ამ შეხვედრაზე გაჟღერდა და ეს როგორ დამთავრდება, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია.