შუქჩრდილები თბილისი–ბაქოს ურთიერთობებში

შუქჩრდილები თბილისი–ბაქოს ურთიერთობებში

ქართულ–აზერბაიჯანული მეგობრული ურთიერთობები ეჭვს არ იწვევს. მხარეები ბევრ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებში საერთო პოზიციებით გამოდიან. თუმცა არის საკითხები, რომლებიც მეტ ურთიერთქმედებას საჭიროებენ. იმისთვის, რომ დაინტერესებულმა მხარეებმა ისინი საკუთარი პროვოკაციებისთვის არ გამოიყენონ.

 

ერთ–ერთი ასეთი შემთხვევა აზერბაიჯანის დედაქალაქში დაფიქსირდა. საზოგადოებრივი მოძრაობა „ბორჩალების“ დაახლოებით 40-მა აქტივისტმა ბაქოში საქართველოს საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები საქართველოში დასახლებული პუნქტებისთვის აზერბაიჯანული „ისტორიული დასახელებელის“ აღდგენას მოითხოვდნენ.

 

ამასთან, მათი თქმით, „გარდაბანსა და საგარეჯოში მიწის რეფორმების ჩატარების დროს აზერბაიჯანლების უფლებები ირღვევა“.

 

აქტივისტებს პლაკატები წარწერებით „გაუმარჯოს ძმობას და მეგობრობას!“, „ძირს სეპარატიზმი!“, „ის, ვინც აზერბაიჯანულ-ქართულ მეგობრობას არღვევს, ჩვენი მტერია!“, „აღდგეს საქართველოში აზერბაიჯანული ტოპონიმები!“ ეკავათ.

 

მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა, ალი ადიგეზალიმ საქართველოს საელჩოს პიკეტის რეზოლუცია გადასცა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ამ ქვეყანაში აზერბაიჯანელების პრობლემები გადაუჭრელი რჩება“. „მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ამ უსამართლობას ბოლო მოუღოს“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

 

არადა, დღვანდელ ქვემო ქართლში სანთლით რომ ეძებოთ ვერ ნახავთ ისეთ აზერბაიჯანელს, რომელიც „უფლებების შეზღუდვაზე“ ისაუბრებს. ან რა უნდა თქვან, როდესაც უმცირესობის პრივილეგიები მაქსიმალურად უზრუნველყოფილი და გარანტირებულია.

 

ქვემო ქართლის და სამცხე–ჯავახეთის მაცხოვრებლების სახელმწიფო სამსახურში მიღებისას დიდი შეღავათებია გათვალისწინებული. ამ დროს მთავარი ყურადღება ქართული ენის სასაუბრო დონეზე მაინც ფლობას ექცევა. ასეთი პოლიტიკით, ბოლო წლებში სამსახურებში აზერბაიჯანელი და სომეხი თანამოქალაქეების წარმომადგენლობა მკვეთრად გაიზარდა.

 

ყოველწლიურად უმცირესობებისთვის ცალკე ადგილების გამოყოფა ხდება სახელმწიფო სამსახურებისთვის მოსამზადებელ სკოლებში და სასწავლებლებში. ეს ადგილები ასეულებს აჭარბებს. წლეულს სომეხი და აზერბაიჯანელი თანამოქალაქეები მარტო ზოგად უნარებს ჩააბარებენ მშობლიურ ენაზე და მოსამზადებელ კურსებზე ჩაირიცხებიან. ეს პროცესი მხოლოდ მისასალმებელია.

 

რეგიონებში ფუნქციონირებენ აზარბაიჯანული და სომხური სკოლები, სადაც სწავლა–განათლების მისაღებად ნორმალური პირობებია შექმნილი. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი ისეა, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში. კულტურის ცენტრები და თეატრები უმცირესობების სავიზიტო ბარათებია.

 

ქვემო–ქართლი მცირემიწიანი რეგიონია. მისი განაწილება ნაციონალური ნიშნით არასოდეს მომხდარა და მითუმეტეს, არც ახლა ხდება. რეგიონში მცხოვრებ თანამოქალაქეებს ეს გაცნობიერებული აქვთ და პრეტენზიებსაც ნაკლებად გამოთქვამენ. იციან ხოლმე თქმა – აქ ყველანი ერთნაირ მდგომარეობაში ვართ და მცირემიწიანობასაც უნდა შევეგუოთო. ისიც ფაქტია, რომ დედაქალაქის ბოსტნეულით და ბაღჩეულით მომარაგება ძირითადად ქვემო ქართლის რეგიონიდან ხდება. ამ საქმიანობაში ადამიანებს მხოლოდ ხელშეწყობა აქვთ.

 

რაც შეეხება ტოპონიმიკის საკითხს. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ბოლნისის რაიონში დასახლებებისთვის ისტორიული სახელწოდებების მინიჭება ზვიად გამსახურდიას მმართველობისას მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობა მაშინ ამას სრული გაგებით შეხვდა, რადგან თითოეული გადაწყვეტილება მატიანეს დოკუმენტებით დადასტურებული იყო - სახელები თამარისი, ქვემო ბოლნისი, ჭაპალა, ფოცხვერიანი, დარბაზი და ბერთაკარი სწორედ იმ დროს დაბრუნდა. მას შემდეგ ოცი წელი გავიდა, მთელი თაობა გაიზარდა და ახლა საუბარი „ისტორიული დასახელებების“ გადარქმევაზე, დემაგოგიაა მეტი არაფერი.

 

ამ ფონზე, დიდ გაუგებრობას იწვევს ე.წ. „ბორჩალების“ ბაქოში გაკეთებული ხმამაღალი განცხადებები  „უსამართლობაზე“ და ა.შ. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რაც წლების განმავლობაში საინგილოში ხდება.

 

ტოპონიმიკასთან დაკავშირებით კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ჰერეთის ქართველებს დასახლებათა ისტორიული სახელების დაბრუნებაზე ოცნებაც კი არ შეუძლიათ. სხვა რაზე უნდა იყოს საუბარი, როდესაც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს მთავარი დასახლება კახ–გურჯი (კახ–ქართული) კახ–ინგილოდ გადააკეთეს. სიტყვა „ინგილოთი“ მანიპულირება კი მათთვის ჩვეული საქმეა.

 

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ კახში საეჭვო ვითარებაში დამწვარი ქართული კულტურის ცენტრი დღემდე არ აღუდგენიათ და კანონიერი მფლობელებისთვის არ დაუბრუნებიათ. ინგილოების სახელმწიფო სამსახურებში მიღება უიშვიათესი მოვლენაა, რასაც გამეფებული კორუფციაც თან ერთის. ერთადერთი ადგილი, სადაც მუშაობის დაწყებას შეძლებ ქართული სკოლაა; ისიც მუდმივად დახურვის საფრთხის ქვეშაა. რამდენიმე სკოლაში მიზანს უკვე მიაღწიეს და ქართული სექტორები გააუქმეს. ყოველივეს ისიც ემატება, რომ შერეულ სკოლებში დღემდე ვერ მოხერხდა უკანონოდ გაუქმებული ქართული მოსამზადებელი კლასების აღდგენა. თუ ადგილობრივი ადმინისტრაციის ამ საქციელს მეგობრობა ჰქვია, მაშინ მტრობა რაღა ყოფილა?

 

საინგილოს სკოლების ქართული სახელმძღვანელოებით მომარაგებაც ვერ ხერხდება. მოქალაქეები თავად ცდილობენ წიგნების გადატანას, რაც გარკვეულ საფრთხეებთან არის დაკავშირებული. როგორც მინიმუმი თბილისურ სახელმძღვანელოს მებაჟეები სასაზღვრო მდინარე მაწიმში გადაგიგდებენ. სამწუხაროდ, „მეგობრობას“ ასეთი და ამაზე უარესი შემთხვევებიც ახსოვს, რისი ჩამოთვლის საჭიროებასაც ვერ ვხედავთ.

ამის შესახებ თბილისშიც კარგად მოეხსენებათ, თუმცა სირაქლემას პოზაში ყოფნას ამჯობინებენ; რაც ზედმეტად გაუგრძელდათ კიდეც.

 

ყოველივეს გათვალისწინებით ცხადი ხდება, რომ ზემოაღნიშნული „ბორჩალები“ „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებას“ პრინციპით მოქმედებენ, რასაც სასურველი შედეგი არ ექნება. მუშაობა პრალელურ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უნდა ვითარდებოდეს. გამოსავალი ალბათ, დემოკრატიულ განვითარებასა და დასავლურ ღირებულებებთან დაახლოებაშია. უფლებების შელახვა და უმცირესობის ასიმილაციის მცდელობა, ქართულ– აზერბაიჯანულ სტრატეგიულ ურთიერთობას მხოლოდ ჩრდილს მიაყენებს. არიან ქვეყნები, რომლებიც ამით დაინტერესებულნი არიან.