ალეკო შალამბერიძე საკუთარ თავს მეტ აქტიურობას უსურვებს

ალეკო შალამბერიძე საკუთარ თავს მეტ აქტიურობას უსურვებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა პოლიტიკურ ოპოზიციასთან მიმართებაში „რუსულ კვალზე“ საუბრებს მოუხშირა. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობას კრემლთან დაახლოებული მოსკოვური ბიზნესკომპანიები არნახული გადასახადებით ახრჩობენ. ოპოზიცია ერთიანობის მიღწევით ცდილობს ხელისუფლების სოციალურ დემაგოგიასთან დაპირისპირებას. 

 

სააკაშვილის განცხადებით, „რა რუსული ფულითაც არ უნდა შეიარაღდეს ის ხალხი, ვისაც საქართველოს უკან დაბრუნება უნდა, ამას ვერ მოახერხებენ“. როგორც პრეზიდენტმა ცაგერში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, საქართველოს პროგრესის გზას დაადგა და დამთავრდა ის დრო, როდესაც დენი, გაზი და ფული მხოლოდ ერთ ქუჩაზე მცხოვრებ ხალხს ჰქონდა:

 

„ადრე ყველაფერი ძალიან მარტივი იყო. ყველა ცხოვრობდა ერთ ქუჩაზე და დენი იყო მხოლოდ იმ ქუჩაზე, გზა იგებოდა მხოლოდ იმ ქუჩაზე, პარლამენტში ირჩევდნენ ხალხს მხოლოდ იმ ქუჩიდან და ფული ჰქონდა ხალხს მარტო იმ ქუჩაზე. ამ ცხოვრების დაბრუნება ამ მუქთახორა, არაფრის მაქნის, წარსულში ხალხის ძარცვით გაქსუებულ ხალხს არ გამოუვა.

 

ერთი რამე ვერ გაითვალისწინეს - რა რუსული ფულითაც არ უნდა შეიარაღდნენ, რა სხვადასხვა ხრიკსაც არ უნდა მიმართონ, რამდენი გაზეთიც არ უნდა იყიდონ, რამდენი ტყუილიც არ უნდა ილაპარაკონ, ჩვენი ხალხი არის ძალიან ჭკვიანი, ჩვენმა ხალხმა უკვე გაუგო გემო პროგრესს და არავის უნდა უკან დაბრუნება“.

 

მისი თქმით, როდესაც არის არჩევანი სიბნელესა და სინათლეს შორის, ქართველი ხალხი ყოველთვის სინათლეს აირჩევს: „სიკეთე ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას. როდესაც არის არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის, ყოველთვის არის არჩევანი მომავალი, რომელშიც ჩანს პროგრესი“.

 

ხელისუფლების ბოლოდროინდელ სოციალურ დემაგოგიაზე და მოსალოდნელ შედეგებზე პარტია „თავისუფალი საქართველოს“ გენერალურ მდივან ალეკო შალამბერიძე ვესაუბრებით:

 

– სააკაშვილს ყველა მეთოდის გამოყენებით ძალაუფლების შენარჩუნება სურთ. იცით, მთავრობამ როგორ ჩაკეტა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გზები. ფაქტობრივად, არც „ამერიკულ–რუსული“ და არც ქართული სახსრების მიღების საშუალება არ არის. ამ პირობებში მას პიარით და დემაგოგიით სურს ფონს გასვლა.

თუმცა, ქართულ საზოგადოებას ხელისუფალი ვეღარ მოატყუებს.

 

არის თუ არა ბოლო გამოსვლები პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის მოძრაობის წინააღმდეგ მიმართული?

– რა თქმა უნდა; დღესდღეობით ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალაა და სააკაშვილიც თითქმის მთლიანად ივანიშვილის წინააღმდეგ არის მობილიზებული. დეკემბრის ბოლოს კანონებიც სწორედ ამისთვის მიიღეს, ერთი კაცის წინააღმდეგ საბრძოლველად.

 

ბოლო დროს მუდმივი აპელირება „მდიდრებსა და ღარიბებზე“, „რუსულ ფულზე“ და ა.შ. რაზე მიანიშნებს?

– ივანიშვილის კოალიციამ ამ თვალსაზრისით შეცდომა დაუშვა. ერთ–ერთმა გამომსვლელმა ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკაში ფულიანი ხალხი უნდა იყოსო. ამას ძალიან ადვილად გამოიყენებს ხელისუფლება.

 

მაგრამ თავად პრეზიდენტს სურს, რომ საქართველოში ფული არავის ჰქონდეს. ამ თვალსაზრისით, ყველა მასზე და მის ძალაუფლებაზე იყოს დამოკიდებული. ამ ქვეყანაში ფულის მქონე ადამიანები როგორც წესი სააკაშვილის მონები არიან, რომლებიც მის გარეშე სიმდიდრეს ვერანაირად დააგროვებენ. ასე რომ, პრეზიდენტი ვისაც ბიზნესმენებს უწოდებს, უბრალოდ ხელფასებს იღებენ მისგან.

 

რეალურად, ქვეყანაში თავისუფალი ბიზნესი არ არსებობს. სააკაშვილი ვითომ სოციალურად დაუცველ ადამიანებზე ზრუნავს; მუდმივად ამ მტკივნეულ თემაზე აპელირებს. თუმცა, მას სურს, რომ მთელი საქართველო ერთ დიდ სოციალურ დაუცველ ფენასთან ასოცირდებოდეს; რადგან პოლიტიკურ სივრცეში უქონელი ადამიანებით მანიპულირება ძალიან ადვილი საქმეა.

 

დღევანდელი საზოგადოება რამდენად „ჭამს“ ასეთ დამოკიდებულებას?

– ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად აქტიურნი ვიქნებით ოპოზიცია სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. უკან არ უნდა დავიხიოთ და ადამიანებს დავანახოთ, რომ ჩვენ სერიოზული წინააღმდეგობისთვის ვემზადებით და დასახულ მიზანს მივაღწევთ. თორემ საზოგადოებამ თუ დაინახა, რომ წინააღმდეგობის გაწევის ძალა არ შეგვწევს, რა თქმა უნდა, ისევ მმართველ ხელისუფლებას მისცემს ხმას.

 

საუბრები იყო მაისისთვის საპარლამენტო არჩევნების გადმოტანაზე...

– ამის ერთი მცდელობა იყო და ხელისუფლებამ სასინჯი ქვა შემოაგდო. ეს მცდელობა დამთავრდა, მაგრამ ხელისუფალი თავად გადაწყვეტს თუ როდისთვის აწყობს არჩევნების დანიშვნა. რეალურად, კენჭისყრის დანიშვნის საკითხი პრეზიდენტის ხელშია, რაც ოპოზიციას კიდევ ერთხელ არათანაბარ პირობებში აყენებს. ამიტომ ფხიზლად, ყურადღებით უნდა ვიყოთ და არ უნდა მოვდუნდეთ. სააკაშვილის არაორდინალური ნაბიჯები საყოველთაოდ ცნობილი ამბავია. 

 

რამდენად დამაკმაყოფილებელია ოპოზიციის სიფხიზლე?

– უბრალოდ ჩემს თავზე შემიძლია ვთქვა. სასურველია უფრო მეტად ქმედითები და აქტიურები ვიყოთ. ყოველდღიური სერიოზული მუშაობაა საჭირო მოსახლეობასთან, მათი პრობლემების გაზიარება, წინწამოწევა და გადაწყვეტა. პირადად ჩემს თავს ვუსურვებდი, რომ უფრო აქტიურები ვყოფილიყავით.