მრთალია, ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა, თუმცა პროდუქტებზე ფასების მატება ისევ გრძელდება. ბოლო დღეების განმავლობაში თითქმის 12-15%-ით მოიმატა ფასებმა რძესა და რძის პროდუქტებზე, რასაც კომპანიები პროდუქციის გაძვირებით და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ლარის კურსის დაცემით ხსნიან. არადა, ლარი დოლართან მიმართებაში ბოლო პერიოდში თითქმის ყოველდღიურად მყარდება.
ზოგადად კი, ქართულ ბაზარზე პროდუქცია თითქმის ყოველ კვირა ძვირდება და შესაბამისად, იზრდება ინფლაციური მოლოდინებიც. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი არაოფიციალური მონაცემებით საქართველოში ფასები მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 400%-ით გაიზარდა, რაც, თავის მხრივ, პირველ რიგში რიგითი მოსახლეობის ყოფაზე აისახება.
მოკლედ, თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს მივადევნებთ თვალს, ყველგან ყველაფერი ძვირდება და იმის გამო, რომ საქართველო ძირითადად იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, მისი გავლენა ცხადია, რომ ჩვენზეც აისახება. მაგრამ, როგორც ირკვევა, ჩვენგან განსხვავებით იქ ზრდის მაჩვენებელი არც ისე მაღალია.
ოფიციალური ინფორმაციით 2004 წელთან შედარებით საქართველოში ფასები დაახლოებით 60-85%-ითაა მომატებული, თუმცა არაოფიციალური მონაცემებით ეს ციფრი უფრო მაღალია და 300-400%-ს შეადგენს. მაგალითად, თუ 2004-2005 წლებში ერთი კილოგრამი კარტოფილი სულ რაღაც 30 თეთრი ღირდა, დღეს მისი ფასი მინიმუმ 90 თეთრია, ანუ, დღემდე კარტოფილის ფასი თითქმის 300%-ით გაიზარდა და როგორც ვარაუდობენ, მისი ფასი ზამთრის დადგომასთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება და სადღაც 1,20-1,50 ლარს მიაღწევს.
დაახლოებით 400%-ით მოიმატა ფასმა ბადრიჯანზე, თუ ბოსტნეულის ეს სახეობა „კარგ დროს“ 15-20 თეთრი ღირდა, დღეს მისი ფასი 70-80 თეთრია. მომატებულია ფასი კიტრსა და პომიდორზეც, შესაბამისად, 300-400%-ით. თუ ერთი კილოგრამი კიტრის შეძენა ორიოდე წლის წინ 25-30 თეთრად შეიძლებოდა, ახლა მისი ფასი მინიმუმ 70-80 თეთრია. ასევე გაძვირდა პომიდორიც, რომელიც ნაცვლად 30-40 თეთრისა, აგრარულ ბაზრებში 1 ლარი ღირს.
დაახლოებით, 500%-ით მოიმატა ფასმა ნიორზეც, რომელიც ახლა უკვე 9-12 ლარი ღირს, არადა, 2004-2005 წლებში ის მხოლოდ 2-2,5 ლარი ღირდა. გაძვირდა ხახვიც თუ ადრე 3 კილოგრამ ხახვს სულ რაღაც 1 ლარად შეიძენდი, ახლა ერთი კილოგრამი, საშუალოდ, 70-80 თეთრი ღირს.
მნიშვნელოვნად მოიმატა ფასმა ხილის ზოგიერთ სახეობაზე, თუ ყურძნის, ატმის, მსხლის ფასი თითქმის არ შეცვლილა, „კარგი“ ვაშლი, დაახლოებით, 400%-ითაა გაძვირებული და ნაცვლად 40-50 თეთრისა, უკვე 2-2,5 ლარი ღირს. მნიშვნელოვნად არ გაზრდილა ფასი იმპორტირებულ ხილზეც, მაგალითად, ბანანი დღესაც ის ფასი ღირს, რაც 5-6 წლის წინათ ღირდა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაძვირდა შაქარი და ფქვილი. თუ, მაგალითად, 2004-2005 წლებში ერთი ტომარა შაქარი სულ რაღაც 25 ლარი ღირდა, დღეს ის უკვე, დაახლოებით, 350%-ითაა გაძვირებული და 90 ლარი ღირს. რაც შეეხება ფქვილს, მისი ფასიც, დაახლოებით, 300%-ითაა გაზრდილი და მისი შეძენა ნაცვლად 18-20 ლარისა, 50-55 ლარადაა შესაძლებელი. შესაბამისად გაძვირდა პურიც, პურის ის სახეობა, რომელიც 2003-04 წლებში 30-40 თეთრი ღირდა, დღეს უკვე მისი ფასი 65-დან 80 თეთრამდე მერყეობს.
ასევე ბოლო წლებთან შედარებით მოიმატა ფასმა ბურღულეულზეც. თუ ადრე ერთი კილოგრამი წიწიბურა სულ რაღაც 1 ლარი და 20 თეთრი ღირდა, დღეს უკვე ის ბაზარზე 3 ლარი ღირს, ანუ ფასი, დაახლოებით, 150%-ით გაიზარდა. ასევე მოიმატა ბრინჯის ღირებულებამ, მაგრამ არა 150%-ით, არამედ დაახლოებით 80%-ით და დღეს ის ნაცვლად 1 ლარისა და 20 თეთრისა, უკვე 2 ლარი ღირს.
საკვები პროდუქტების ანალოგიურად ფასებმა პირველადი მოხმარების საგნებსა და ჰიგიერნურ საშუალებებზეც მოიმატა. აქაც ფასების გაზრდა, დაახლოებით, 100%-ით მოხდა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ახალი საგადასახადო ცვლილებების მიხედვით ჰიგიენის საშუალებები უკვე იბეგრება და საკმაოდ მაღალი პროცენტით, საერთო ჯამში შეიძლება თამამად ითქვას, რომ ფასები, დაახლოებით, 150%-ითაც კი გაიზარდა.
მოკლედ, როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, საქართველოში ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი საოცარი სისწრაფით გაიზარდა. მოიმატა ფასმა ყველაფერზე, განსაკუთრებით კი საკვებ პროდუქტზე და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ფასების ზრდა მომავალში კიდევ გაგრძელდება, რაც, როგორც თავიდანვე ვთქვით, პირველ რიგში, რიგითი მოსახლეობის ყოფაზე ჰპოვებს ასახვას.