ევროპის დაცემა გრძელდება

ევროპის დაცემა გრძელდება


ერთბაშად რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ განაცხადა, რომ ტექნიკური რეცესიის სტადიაში შევიდა. როგორც ცნობილია, ტექნიკური რეცესია ეწოდება ქვეყნის შიდა პროდუქტის მოცულობის ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში შემცირებას. ამგვარი რეცესია ჯერ კიდევ არ ნიშნავს წარმოებების დახურვას, მაგრამ როცა იგი გრძელდება, უფრო ღრმა და ძლიერი ხდება, მას შეიძლება ბევრი ძალიან მძიმე მოვლენა მოჰყვეს. 

პირველმა იტალიის სტატისტიკის ნაციონალურმა ინსტიტუტმა გამოაცხადა, რომ ქვეყანა, რომლის ეკონომიკა ევროპაში სიდიდით მესამეა, ტექნიკური რეცესიის სტადიაში იმყოფება. 2011 წლის მესამე და მეოთხე კვარტალში იტალიის ეკონომიკამ ზრდის უარყოფითი მაჩვენებლის დემონსტრირება მოახდინა, ეს კი, როგორც აღვნიშნეთ, ტექნიკურ რეცესიაში შესვლას ნიშნავს. 

სტატისტიკის მიხედვით, 2011 წლის მესამე კვარტალში იტალიის შიდა პროდუქტის მოცულობა, 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 0,2 პროცენტით შემცირდა, მეოთხე კვარტალში კი შიდა პროდუქტის კლებამ 0,7 პროცენტი შეადგინა. აქამდე იტალია რეცესიაში ბოლოს 2009 წელს იმყოფებოდა, როცა ქვეყნის შიდა პროდუქტის მოცულობა 5,1 პროცენტით შემცირდა. 

ასეთივე დღეშია ნიდერლანდების ეკონომიკა, რომელმაც გასული წლის მესამე კვარტალში 0,4, მეოთხეში კი 0,7 პროცენტით მოიკლო. უნდა ითქვას, რომ ნიდერლანდებისაგან ამგვარ მაჩვენებელს ანალიტიკოსთა უმრავლესობა არ ელოდა. 

ასევე მოულოდნელი გახლავთ კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის, ჩეხეთის რეცესიაში შესვლა. გასული წლის მესამე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 0,1 პროცენტით, მეოთხეში კი 0,3 პროცენტით შემცირდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მთლიანობაში, გასული წლის მონაცემებით, ჩეხეთის ეკონომიკა 1,7 პროცენტით გაიზარდა. ჩეხეთი ერთიან ევროპულ ვალუტას არ იყენებს, მაგრამ ევროს ზონის წევრი ქვეყნები, მათ შორის გერმანია, მისი ძირითადი სავაჭრო პარტნიორები გახლავთ. 

აღსანიშნავია, რომ შიდა პროდუქტის უარყოფითი დინამიკა გასული წლის ბოლო კვარტალში თვით გერმანიაშიც აღინიშნა, როცა ქვეყნის ეკონომიკა 0,25 პროცენტით შემცირდა. თუმცა, დანარჩენ სამ კვარტალში გერმანიის ეკონომიკა იზრდებობა და მთლიანად წლის მონაცემებით, ქვეყნის შიდა პროდუქტის მოცულობა 3 პროცენტით გაიზარდა. 

2011 წლის მეოთხე კვარტალში აგრეთვე შემცირდა ესპანეთის, ბელგიისა და პორტუგალიის ეკონომიკები. როგორც ვხედავთ, გასული წლის მეოთხე კვარტალი ევროპული ქვეყნებისათვის ერთობ უიღბლო იყო. მხოლოდ საფრანგეთის ეკონომიკა გაიზარდა 2011 წლის ბოლო კვარტალში 0,2 პროცენტით. არადა, ანალიტიკოსები მის ამდენივე პროცენტით შემცირებას პროგნოზირებდნენ. მთლიანობაში, ევროს ზონის წევრი 17 ქვეყნის ეკონომიკა 0,4 პროცენტით შემცირდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე ცუდი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საბერძნეთს აქვს. მისი ეკონომიკა მეოთხე კვარტალში 7, ხოლო მთლიანად წლის მონაცემებით 6,8 პროცენტით შემცირდა. უნდა ითქვას, რომ საბერძნეთი რეცესიაში უკვე სამი წელია იმყოფება. 

ანალიტიკოსთა აზრით, ევროპულ ქვეყნებში არსებული რეცესია გამოწვეულია დავალიანებების კრიზისის, ფინანსურ სექტორში არსებული დაძაბულობის ფონზე საქმიანი აქტივობის შემცირებისა და საბიუჯეტო კონსოლიდაციისათვის მიღებული ზომების გამო. ისინი თვლიან, რომ თუ შიდა პროდუქტის მოცულობის შემცირება არ გაჭიანურდება, ტექნიკურ რეცესიაში საგანგაშო არაფერია. 

მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპული ქვეყნებისათვის, რომელთა შიდა პროდუქტის 70 პროცენტს სამომხმარებლო სფერო შეადგენს, ტექნიკური რეცესია ამ სფეროს შემცირებას ნიშნავს. ეს კი, თავის მხრივ, სამომხმარებლო სექტორში სამუშაო ძალაზე მოთხოვნილების შემცირების და წარმოების ტემპის ვარდნის წინაპირობაა. 

ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ანალიტიკოსთა უმრავლესობის პროგნოზით, მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდება მიმდინარე წელსაც. ყოველ შემთხვევაში, მის პირველ ნახევარში მაინც. ცხადია, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ე.წ. “ევროგედონს”, მაგრამ მისი მოახლოების წინაპირობა კი ნამდვილად არის.