აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოაქვეყნა სტივ ჯობსის დოსიე, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში გახლავთ მომზადებული. ბიუროს თანამშრომლებს გულმოდგინედ შეუსწავლიათ Apple-ის დამაარსებლის პიროვნება, რომელიც გასული წლის ბოლოს გარდაიცვალა. გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ნათლად ჩანს, რომ სტივ ჯობსი ძლიერ წინააღმდეგობრივი ადამიანი გახლდათ.
დოსიე 191 გვერდისაგან შედგება. ჯობსი გამოძიების ფედერალური ბიუროს ყურადღების ცენტში მას შემდეგ მოექცა, რაც აშშ-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უფროსმა გადაწყვიტა სტივი ექსპორტის საკითხების შემსწავლელ საპრეზიდენტო საბჭოში მიეწვია, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ რეკომენდაციებს იძლევა. 1991 წელს ჯობსი საბჭოს შემადგენლობაში შევიდა.
ჯობსის დოსიე კარგა ხნის განმავლობაში გამოძიების ფედერალური ბიუროს საიდუმლო საცავში ინახებოდა და იგი ფაქტობრივად მიუწვდომადი იყო. ინფორმაციის თავისუფლების კანონის შესაბამისად, დოკუმენტების გამოქვეყნება მხოლოდ Apple-ის დამაარსებლის გარდაცვალების შემდეგ გახლდათ შესაძლებელი.
დოსიეს შედგენისას ფედერალური ბიუროს აგენტებმა გამოკითხეს ჯობსის მეზობლები, კოლეგები, მეგობრები, თანამშრომლები და ოჯახის წევრები. მათი ჩამონათვალი დოკუმენტს თან ერთვის. უმრავლესობა ჯობსს აღწერს როგორც ნიჭიერ, კრეატიულ, შორსმჭვრეტელ, შრომისმოყვარე და ქარიზმატულ ადამიანს და ამასთან აღნიშნავენ, რომ იგი სახელმწიფო სამსახურისათვის სწორედ რომ შესაფერისია.
აღსანიშნავია, რომ ჯობსს ძალიან არაერთგვაროვნად ახასიათებენ. მაგალითად, ერთი მეგობარი ამბობს, რომ მასავით სიმართლისმოყვარე და ალალი ადამიანი არ არსებობს და რომ სტივი ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. მეორე მეგობარი კი აღნიშნავს, რომ დასახული მიზნების მისაღწევად ჯობსს ნებისმიერ დროს შეუძლია რეალობა უკუღმა წარმოაჩინოს და სიმართლეს ზურგი აქციოს.
საინტერესოა ჯობსის ყოფილი საქმიანი პარტნიორის მოსაზრება, რომელთანაც Apple-ის დამაარსებელს უსიამოვნება მოუვიდა. იგი აღნიშნავს, რომ სტივი თავის საქმეს პატიოსნად აკეთებს და მას შეიძლება ენდო, მაგრამ ამასთან, მისი მორალური თვისებები ერთობ საეჭვოა.
კოლეჯიდან ჯობსის ერთ-ერთი მეგობარი მას არასანდო პიროვნებად თვლის და აცხადებს, რომ საკუთარი გამორჩენის სანაცვლოდ სტივი ნებისმიერს გაწირავს. საერთოდ, ბიზნესმენის ნაცნობების უმრავლესობას მისი ვარსკვლავური ავადმყოფობა აღიზიანებს.
ჯობსის გარემოცვა მის მთავარ მინუსად თვლის იმ ფაქტს, რომ სტივი კარგა ხანს არ აღიარებდა თავის გოგონას. გარდა ამისა, უკლებლივ ყველა აღნიშნავს, რომ ჯობსი შეიძლება ძალიან სასტიკი და ცინიკური იყოს იმ ადამინის მიმართ, რომელიც მის იმედებს ვერ გაამართლებს. რაც შეეხება ჯობსის ხასიათის ისეთ შტრიხებს, როგორებიცაა ამბიციურობა, სიჯიუტე, მიზანმიმართულობა და სიმკაცრე, ნაწილს არ მოსწონს, ნაწილი კი ბიზნესში წარმატების მთავარ ფაქტორად თვლის.
გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ გამოკითხული ერთი ქალი ამბობს, რომ ახალგაზრდობაში ის და ჯობსი მსუბუქ ნარკოტიკებს ეტანებოდნენ. თუმცა, მისივე თქმით, ეს კარგა ხანია წრსულს ჩაბარდა. სხვათა შორის, თავად ჯობსიც არ მალავდა, რომ 70-იანების დასაწყისში, სკოლის ბოლო კლასებსა და კოლეჯში სწავლისას მარიხუანას და LSD-ს არ იკლებდა და ძალიანაც მოსწონდა. თუმცა, გამოკითხულთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ჯობსი ნარკოტიკს არ იღებდა და ალკოჰოლსაც ძალიან მცირე რაოდენობით თუ მიირთმევდა. ბიუროს დოსიეს მიხედვით, ჯობსი მოკრძალებულ ცხოვრებას ეწეოდა და ექსტრავაგანტული თვისებებით არ გამოირჩეოდა.
როგორც ცნობილია, გასული წლის ნოემბერში, ჯობსის გარდაცვალებიდან 17 დღის შემდეგ გაყიდვაში გამოვიდა მისი ბიოგრაფია. 2006 წელს, იცოდა რა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა, ჯობსმა თავად მოიწვია ცნობილი ჟურნალისტი და ბიოგრაფი უოლტერ აიზექსონი მისი ბიოგრაფიის დასაწერად. აიზექსონის წიგნის მიხედვით, ჯობსი გაცილებით ექსცენტრიული და უცერემონიო გენიოსი გამოჩნდა, ვიდრე ფედერალების შედგენილი დოსიეთი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს აიზექსონმა რაღაც-რაღაცეები მოიგონა.
დასასრულს საინტერესოა ერთი ამონარიდი წიგნიდან, რომელიც ჯობსის ნარკოტიკებთან დამოკიდებულებას ეხება. “მარიხუანა და LSD თავის დროზე ჩემზე დიდ გავლენას ახდენდა, - ამბობს სტივი თავის ერთ-ერთ ექსხკლუზიურ რეპლიკაში, - როცა კაიფში ხარ, ხვდები, რომ არსებობს მედლის მეორე მხარე, თუმცა, როცა კაიფი მთავრდება, არაფერი გახსოვს. მაგრამ ნარკოტიკები პრიორიტეტების დადგენაში დამეხმარა: მთავარია საქმეს შემოქმედებითად მიუდგე და გენიალური ნივთები გამოიგონო”.
1107
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85