აფხაზებთან მოლაპარაკება მოგება–მოგებაზე პრინციპით უნდა გაიმართოს

აფხაზებთან მოლაპარაკება მოგება–მოგებაზე პრინციპით უნდა გაიმართოს

მოსკოვი ცდას არ აკლებს, რომ საქართველოს ოკუპირებული მიწების საერთაშორისო „აღიარებას“ მიაღწიოს. ჩვენთვის არასახარბიელო პროცესი ნელი ტემპით, მაგრამ მაინც მიმდინარეობს. თბილისი იმ არასასურველ შედეგებს იმკის, რაც 2008 წლის აგვისტოს პროვოკაციულ ომს მოჰყვა.

 

ამ ფონზე, საქართველომ ტუვალუსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

შესაბამის ბრძანებას პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოაწერა ხელი. ურთიერთობების გაწყვეტა ტუვალუს ხელისუფლების მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილებას მოჰყვა.

 

იმის მიუხედავად, რომ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შესახებ ტუვალუმ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია მხოლოდ ამ დღეებში დაადასტურა. ტუვალუსთან დიპლომატიური ურთიერთობები 2011 წლის 7 თებერვალს დამყარდა.

 

ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტუვალუს მიერ აღიარების შესახებ გასული წლის სექტემბერში გახდა ცნობილი, რის შემდეგაც მალევე რუსეთმა მასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მზადყოფნა გამოთქვა.

 

მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე და მოსალოდნელ შედეგებზე ვესაუბრებით

პროფესორ გიორგი ანჩაბაძეს, რომელიც დღემდე აფხაზეთის ტერიტორიაზე სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა:

 

– აღიარების საკითხში მთავარი რუსული ფაქტორია. ამ ფონზე ვთვლი, რომ საჭიროა უშუალოდ აფხაზებთან მოლაპარაკებები. იმის ცდა, რომ ჩვენს შორის კომპრომისული ნაბიჯები მოიძებნოს. საბოლოო ჯამში მაინც მივალთ იქამდე, რომ აფხაზებთან სასაუბროდ დავჯდებით. დანარჩენი მცდელობები დროის კარგვად მიმაჩნია.

 

რა თქმა უნდა, ტუვალუ, ვანუატუ და მისთ. არ წყვეტენ პრობლემატურ საკითხს. ტუვალუ აღიარებს თუ არა და თუ გვექნება ამისთანა ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობა, ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ნამდვილად არ არის. მთავარი აფხაზებთან საუბარია. ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თუნდაც რუსეთთან რაღაცის მიღწევა.

 

ხშირად ჩადიხართ და უშუალო სამსახურეობრივი ურთიერთობები გაქვთ აფხაზებთან. ე.წ. აღიარების პროცესთან მიმართებაში ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლებს რა დამოკიდებულება აქვთ?

– უნდათ, რომ ეს პროცესი მალე განვითარდეს. უკმაყოფილებაა იმ ტემპებით, რაც სახეზეა. იცით, რომ დღეს ამ რიგში ექვსი სხვადასხვა ზომის და წონის ქვეყანაა; მაგრამ მეორეს მხრივ, ისინი გაეროს წევრები არიან. გარკვეული წინსვლა არის, მაგრამ ამ აღიარების მთავარი ბურჯი რუსეთია.

 

ამასთან, ჯერ კიდევ პირველ აღიარებამდე ამბობდნენ, რომ საკუთარ პოზიციებზე ვიდგებით და შედეგს ბოლოს და ბოლოს მივაღწევთო. ასეთი დამოკიდებულებებია ახლაც. სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ ჩვენ უშუალოდ აფხაზებთან ვილაპარაკოთ და გარკვეული შეხების წერტილები მოვძებნოთ.  

 

ძნელია იმედის ქონა, რომ ისინი დამოუკიდებლობაზე უარს იტყვიან; მაგრამ იქნებ ორმხრივი ურთიერთობის რაღაც მოდელს მივაღწიოთ. ამ გზაზე კი გარკვეული დათმობები უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ წლების განმავლობაში გაურკვეველი ვითარება გვექნება.

 

თქვენ რეგიონის სტატუსის საკითხის გადაწევაზე და რაღაც სხვა, შუალედური ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე საუბრობთ...

– დიახ, სტატუსის განსაზღვრა, ეს უკვე პრობლემის საბოლოო გადაწყვეტაა; ამასთან, როგორიც არ უნდა იყოს ის. რა თქმა უნდა, თუ ორივე მხარემ შექმნილი ვითარება აღიარა. მანამდე დროს რატომ ვკარგავთ? რა უშლის ხელს ურთიერთობებს მხარეებს შორის?

 

მოლაპარაკებები და კომპრომისები ახსენეთ. რით უნდა დაიწყოს ეს პროცესი და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ გზაზე?

– თავის დროზე ამ თემაზე დამიწერია და გამომიქვეყნებია. ორი სიტყვით ძნელია, მაგრამ მაინც. პროცესი უნდა დაიწყოს და თვითონ ის აჩვენებს ახალ გზებს. თუ პოლიტიკური ნება იქნება იმისა, რომ მეორე მხარის აზრიც გავითვალისწინოთ, მაშინ ორმხრივად დამაკმაყოფილებელი მიზნები მიიღწევა. ანუ მოლაპარაკებები გაიმართება პრინციპით მოგება–მოგებაზე. დივიდენდები უნდა მიიღოს ორივე მხარემ, რაც შემდგომი წარმატებული დიალოგის საფუძველი გახდება.

 

ამ თვალსაზრისით, აფხაზური მხარე ვითარებიდან გამოსავალს რაში ხედავს?

– ადრე უფრო მეტი იმედი იყო, რომ თბილისთან მოლაპარაკებით რაღაცის მიღწევა შეიძლებოდა. ახლა ეს მოლოდინი შემცირებულია და ამაზე ძალიან მწყდება გული. ეს არის ფაქტი და ამ რეალობას ვერ გავექცევით. მათ ჩვენგან ვერ დაინახეს სურვილი, რომ ურთიერთმისაღები კომპრომისი და შეთანხმება მიღწეულიყო.

 

თუმცა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, კრემლთან ურთიერთობაში რა პერსპექტივებს ხედავენ?

– აქ მთავარია, რომ მოსკოვი ასე თუ ისე მაინც მხარს უჭერს მათ დამოუკიდებლობას. თორემ აფხაზებს პრობლემები რუსებთანაც აქვთ და არის გარკვეული შიშები. მაგრამ მთლიანობაში, რუსეთი ერთადერთი ძლიერი ქვეყანაა, რომელიც მათ მხარს უჭერს. თუ ახლა გეოპოლიტიკურ განლაგებასაც განვიხილავთ, რუსეთი უშუალო მეზობელია და მისი მხარდაჭერა ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო ეფექტურია. ჯერჯერობით ასეა საქმე.

 

როგორც ორივე მხარესთან შეხებაში მყოფი ადამიანი, პირადად თქვენ თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობებში საბოლოო გამოსავალს რაში ხედავთ?

– ვერ გეტყვით, ასეთი მზა რეცეპტები არ არსებობს. იცით, რომ ყოველი პასუხი ახალ კითხვებს ბადებს. მორიგი პრობლემატური საკითხები წამოიჭრება. მთავარია როგორც გითხარით, პროცესი დაიწყოს. მივაღწიოთ მიზანს, სადაც ორივე მხარე გამარჯვებული იქნება პრინციპით, მოგება–მოგებაზე. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. საბოლოო ჯამში, ალბათ აქამდეც მივალთ. თუმცა საკითხავია, როდის იქნება ეს. მეშინია, რომ პროცესი კიდევ გაჭიანურდება და ეს არც ქართულ და არც აფხაზურ ინტერესებს არ პასუხობს.      

 

აქვე ცნობისთვის, ტუვალუ, წარსულში ცნობილი როგორც ელისის კუნძულები – სახელმწიფო წყნარ ოკეანეში, პოლინეზიის რეგიონში, ჰავაისა და ავსტრალიას შორის. უახლოესი ქვეყნებია კირიბატი, ნაურუ, ფიჯისა და სამოა. ტუვალუ განთავსებულია 5 ატოლსა და 4 კუნძულზე. ქვეყნის საერთო ფართობი 26 კმ²-ია და ამ მხრივ მსოფლიოს მეოთხე ყველაზე პატარა ქვეყანაა, უსწრებს მხოლოდ ვატიკანს (0,44 კმ²), მონაკოს (1,95²) და ნაურუს (21 კმ²). მისი მოსახლეობა 2011 ივლისის მონაცემებით დაახლოებით 10 544 ადამიანს შეადგენს და წარმოადგენს მსოფლიოს მესამე ყველაზე მცირედ დასახლებულ სახელმწიფოს, უსწრებს მხოლოდ ვატიკანსა და ნაურუს.

 

ტუვალუ პირველად პოლინეზიელი ხალხებით იყო დასახლებული. იგი 1568 წელს ესპანელმა მეზღვაურმა ალვარო დე მენდანიამ აღმოაჩინა, როდესაც ის სამხრეთ მიწას (Terra Australis) ეძებდა. XIX საუკუნის გვიანდელ წლებში კუნძულები ბრიტანეთის გავლენის ქვეშ იყო. სახელი ელისი აქ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ ინგლისელმა ჰიდროგრაფმა ალექსანდრ ჯორჯ ფინდლეიმ (1812–1876) უწოდა ცხრა კუნძულს.

 

1892-1916 წლებში ელისის კუნძულები წარმოადგენდა ბრიტანეთის პროტექტორატს ადგილობრივი რწმუნებულის მმართველობით; ამ პერიოდში იგი შედიოდა ბრიტანეთის დასავლეთ ოკეანეთის ტერიტორიებში, 1916-1974 წლებში კი წარმოადგენდა გილბერტისა და ელისის კუნძულების კოლონიის ნაწილს.

 

1974 წელს ელისის კუნძულებმა ხმა მისცა ბრიტანეთზე დამოკიდებულებისგან გასვლას ტუვალუს სტატუსით და გამოეყო გილბერტის კუნძულებს, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კირიბატი გახდა. 1978 წლის 1 ოქტომბერს, ტუვალუ სრულიად დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა ერთა თანამეგობრობის ფარგლებში. 2000 წლის 5 სექტემბერს კი იგი გაეროს წევრი, რიგით 189 ქვეყანა გახდა.