ინტერესთა კონფლიქტი ეკონომიკის სამინისტროში

ინტერესთა კონფლიქტი ეკონომიკის სამინისტროში

ეკონომიკის სამინისტროში ინტერესთა კონფლიქტია. ძნელი სათქმელია, ეს კონფლიქტი ვის შორის არის, მაგრამ როგორც თავად ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აცხადებს, სამინისტროში არქმშენინსპექციის და ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის გაერთიანებას უკავშირდება. ამასთან, როგორც ჩანს, ეს კონფლიქტი იმდენად მწვავეა, რომ სამინისტრო ამ სამსახურის შექმნისთვის გამოყოფილი ვადის გადავადებას ითხოვს.

 

რამდენიმე თვის წინ მთავრობის კანცელარიაში საგანგებო ბრფინიგები გაიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკის სამინისტროში კიდევ ერთი რეფორმატორული იდეა ხორციელდებოდა. ეს რეფორმა ეკონომიკური სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის და მთავარი არქმშენინსპექციის გაუქმებას ითვალისწინებდა. მათი გაუქმების შემდეგ კი ორივეს ბაზაზე უნდა შექმნილიყო სამშენებლო ტექნიკური ინსპექცია. ამ რეფორმის არგუმენტად კი სამშენებლო სფეროში საქმიანობის გაადვილება დასახელდა, ვინაიდან გაუქმდებოდა ზედმეტი ბიუროკრატია. 

 

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი აცხადებს, მთავრობის პოზიციაა, უარი თქვას ჭარბ ბიუროკრატიაზე ნებისმიერ სფეროში. მისი თქმით, როდესაც არის საკმარისზე მეტი ბიუროკრატია, ყოველთვის არსებობს კორუფციის საფრთხე. რაც შეეხება უშუალოდ ახალ ინიციატივას, მისი განცხადებით, ამის საშუალებით მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლი უფრო ეფექტური გახდება. 

 

ამასთან, ხუროშვილის განმარტებით, არაფერი არ შეიცვლება ჩვეულებრივი საცხოვრებელი ბინების სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებით და ყურადღება ძირითადად მიექცევა იმ ობიექტების სამშენებლო ზედამხედველობას, რომლებიც მომეტებულ ტექნიკურ საფრთხეს შეიცავენ. მაგალითად ასეთებია, ატრაქციონები, მღვიმეები, სკოლები, სადაც არის საკმაოდ დიდი გათბობის ქვაბები და სხვა ობიექტები. 

 

ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, უკვე კერძო აკრედიტებული საინსპექციო ორგანოები განახორციელებენ ტექნიკური საფრთხის მატარებელ ობიექტებზე და შენობებზე კონტროლს და ამისთვის ამ ორგანოებს უნდა გააჩნდეთ პასუხისმგებლობის დაზღვევა, თუმცა მსგავსი დაზღვევა არ მოეთხოვებათ უცხოურ კომპანიებს. 

მთავრობის ეს ინიციატივა პარლამენტის მხრიდანაც შეფასდა როგორც „წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა საქართველოში ეკონომიკური გარემო გახდეს მეტად ლიბერალური და ამავე დროს ქვეყანაში არსებული საფრთხის მქონე ობიექტების უფრო ეფექტური კონტროლი განხორციელდეს“.

 

ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ კანონპროექტი „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ დიდი ზარ-ზეიმით იქნა მიღებული და კონკრეტული ვადებიც განისაზღვრა, თუ რა დროში უნდა მოეხდინა ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნული სამსახურების ლიკვიდაცია და მათ ბაზაზე ახალი სამსახურის ჩამოყალიბება. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ახალი სამსახურის ჩამოყალიბება „ინტერესთა კონფლიქტის“ გამო ფერხდება. 

 

სწორედ ეს არგუმენტი დაასახელა ეკონომიკის მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ პარლამენტში და აღნიშნული ვადების გადაწევაც მოითხოვა. თუმცა, არ დაკონკრეტებულა რა კონფლიქტზეა საუბარი.

 

ოპოზიციაში უკვე არსებობს მოსაზრება, რომ ეს სამინისტროში პიროვნულ კონფლიქტს უკავშირდება. როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი ვარაუდობს, სამინისტროში, როგორც ჩანს, არსებობს ქობალიას კლანი და ასევე სხვა კლანიც, რომელიც აქამდე ძლიერი იყო და მას ქობალია ვერ მოერია. შესაბამისად, შემიძლია, ვივარაუდო, რომ მათ შორის ინტერესთა კონფლიქტია და ვერ ახერხებენ გავლენების გადანაწილებს. როგორც ჩანს, ეს იმდენად მომგებიანი სამსახური იქნება, რომ არც ერთ მათგანს არ უნდა ხელიდან გაშვება.

 

მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი კი აცხადებს, რომ სამინისტროში არანაირი პიროვნული და კლანური დაპირისპირება არ არსებობს. მისი თქმით, საუბარია ინსტიტუციონალურ ინტერესთა კონფლიქტზე, ვინაიდან ხდება ორი აქამდე სხვადასხვა ფუნქციის უწყების გაერთიანება და ცხადია, ამას გარკვეული დრო სჭირდება.

 

მართალია, თავის დროზე პრობლემად არც კი ჩათვლილა ის, რომ მოხდებოდა ორი სხვადასხვა უწყების გაერთიანება და ამას, შესაძლოა, პრობლემები შეექმნა. მაგრამ ფაქტია, რომ ახლა უკვე ამას აღიარებენ და ამ პრობლემის მოსაგვარებლად დროს ითხოვენ. იმის გამო, რომ ეს ვადები კანონმდებლობით არის განსაზღრვული, კანონში ცვლილების შეტანაა საჭირო. აღნიშნული კანონი 8 აპრილს შევიდა ძალაში, საიდანაც 5 თვის ვადაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის დებულება და საშტატო ნუსხა უნდა დაემტკიცებინა. ასევე, 6 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უნდა უზრუნველყო ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის ჩამოყალიბების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

ასევე 6 თვის ვადაში, საქართველოს მთავრობას უნდა უზრუნველეყო მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების რეესტრის წარმოების წესის განსაზღვრა. 

ეს ვადები გადაიწევს. კერძოდ, 2010 წლის 1 დეკემბრამდე მთავრობამ მთავარი არქმშენინსპექციისა და ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის სალიკვიდაციო ღონისძიებები უნდა განახორციელოს. ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის ჩამოყალიბების მიზნით კი, შესაბამისი ღონისძიებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2011 წლის 1 იანვრამდე უნდა დაასრულოს. ამავე დრომდე მთავრობამ მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების რეესტრის წარმოების წესი უნდა შეიმუშაოს, ხოლო მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე, ეკონომიკის სამინისტრომ ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის დებულება და საშტატო ნუსხა უნდა დაამტკიცოს.