ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვაუჩერებში 77 მილიონი ლარი გადაიყარა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვაუჩერებში 77 მილიონი ლარი გადაიყარა

2011 წლიდან დღემდე მთავრობას პიარი, კოდური სახელწოდებით "ვაუჩერი" 77,679 მილიონი ლარი დაუჯდა. ამასთანავე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მთავრობა ბოლო წლებში სიძუნწეს იჩენს. თუ 2007 წელს 50-ლარიან ვაუჩერებს არიგებდა, შარშან 20-30 ლარზე ჩამოვიდა. წელს კი ვაუჩერი მხოლოდ გლეხებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის გაიმეტა. 

ექსპერტების განცხადებით, აღნიშნულმა თანხამ გაჭირვებულთა პრობლემები უმნიშვნელოდაც კი ვერ გადაჭრა, არადა ხელისუფლებას 77 მილიონი ლარი შეეძლო უფრო გონივრულად გამოეყენებინა, თუნდაც სოფლის მეურნეობაში - სარწყავი სისტემის მოწესრიგებისთვის, ან გაუდაბნოებული დედოფლისწყაროს რაიონის გადასარჩენად. ეს ყველაფერი ისევ მოსახლეობის საკეთილდღეოდ გაკეთდებოდა. 

შარშან თებერვალში ენერგოვაუჩერებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყო, სასურსათო ვაუჩერი ბიუჯეტს 31,429 მილიონი ლარი დაუჯდა. შემოდგომას თბილისის მერიამ მოსახლეობისთვის 5-ლარიანი სატრანსპორტო ვაუჩერი მოიფიქრა. 5-ლარიანი ვაუჩერი 1 050 000 სამგზავრო ბარათზე ჩაირიცხა, შესაბამისად, თბილისის მერიამ ამ საჩუქრისთვის 5,250 მილიონი ლარი გაიღო. შარშან, სულ ვაუჩერებში 53,679 მილიონი ლარი დაიხარჯა. დეკემბერში კი ხვნა-თესვის პრობლემის გადასაჭრელად მორიგი 30-ლარიანი ვაუჩერი დაიბეჭდა, რომლის დაფინანსებაც (24 მილიონი ლარი) 2012 წლის ბიუჯეტს ხვდა წილად.

ამჯერად, ბათუმში სოციალურად დაუცველი ბერიძეების ოჯახში სტუმრობისას, საქართველოს პრეზიდენტმა, სასწრაფო გადაწყვეტილება მიიღო. ვინაიდან მკაცრი ზამთრის პირობებში მოსახლეობას დენის ხარჯი 20-30%-ით გაეზარდა, სოციალურად დაუცველმა პირებმა ენერგოვაუჩერები უნდა მიიღონ. პრეზიდენტს მხედველობიდან გამორჩა, რომ დენის გადასახადთან ერთად 20-30%-ით ნაგვის გადასახადიც გაიზარდა. დარიგდება თუ არა ე.წ. დასუფთავების ვაუჩერები, უცნობია.

ამ დროისთვის, ასევე არ არსებობს ინფორმაცია, რამდენლარიანი ვაუჩერი დაურიგდებათ 509 324 სოციალურად დაუცველ ოჯახს ან როდის.

საერთოდ, ვაუჩერების დარიგება 2007 წლიდან გახდა აქტუალური. ეს წელი მთავრობისთვის, ფინანსური თვალსაზრისით, ყველაზე უხვი წელი იყო, სწორედ ამ პერიოდში შემოვიდა ქვეყანაში 2,2 მილიარდი ინვესტიცია, ძირითადად, გაყიდული სახელმწიფო ქონებიდან. ამიტომაც, საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში ხელისუფლებამ თავს უფლება მისცა ელექტროენერგიის, გაზისა და მედიკამენტების ვაუჩერები პენსიონერებისა და სხვა სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის უფრო უხვად დაერიგებინათ. მაშინ, საქართველოს დიდ ქალაქებში, ელექტროენერგიისა და გაზის 50-50-ლარიანი ვაუჩერები გასცეს, ხოლო რეგიონებში - ელექტროენერგიის 50-ლარიანი ვაუჩერი და ერთი ტომარა ფქვილი. 2007 წლის მიწურულს კი დედაქალაქელ პენსიონერებს მერიამ მედიკამენტების 25-ლარიანი ვაუჩერებიც აჩუქა.

ვაუჩერომანია 2011 წლამდე მინელდა. მაღალი ინფლაციის გამო მთავრობაზე გულმოსული მოსახლეობის გულისმოგებას ხელისუფლება ახალი ვაუჩერების გამოშვებით შეეცადა. თებერვალში მილიონ ოჯახს, 20 მილიონი ლარის 20-ლარიანი ენერგო ვაუჩერი დაურიგდა. ამას მოჰყვა 30-ლარიანი სასურსათო ვაუჩერი. სასურსათო ვაუჩერი იმ ოჯახებს დაურიგდათ, რომლებმაც ენერგოვაუჩერი მიიღეს. 

"რეზონანსი" უკვე წერდა, რომ მთავრობის საჩუქარი გაჭირვებულმა ოჯახებმა ვერ მიიღეს გამომდინარე იქიდან, რომ მათ 6-თვიან პერიოდში, გადასახადის გადაუხდელობის გამო, დენის მიწოდებისას მინიმუმ ერთთვიანი ჩავარდნები მაინც ჰქონდათ. შესაბამისად, ეს ოჯახები არააქტიურ აბონენტებად ჩათვალეს და ვაუჩერის გარეშე დატოვეს. მოგვიანებით, მთავრობამ ამ ლაფსუსის გამოწორება სცადა და მოსახლეობას დაპირდა, რომ დამატებით სიებს შეადგენდა, თუმცა მოქალაქეების უმრავლესობა ვერც დამატებით სიაში აღმოჩნდა. საბოლოოდ, ენერგო და სასურსათო ვაუჩერი გაჭირვებული მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ვერ მიიღო.

შემოდგომას, თბილისის მერმა, "მარშრუტკის" გაძვირებით შეწუხებული მგზავრები 5-ლარიანი ვაუჩერის დარიგების გადაწყვეტილებით დაამშვიდა. "ჩვენ გადავწყვიტეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით შევეხიდოთ თბილისელებს და წარმოგიდგენთ ვაუჩერს, რომელიც შეიძლება ბევრი არ არის, მაგრამ მგზავრობისთვის 5 ლარი ნიშნავს გარკვეულ შეღავათს სატრანსპორტო ხარჯებში", - განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ. მისი გათვლებით, 5 ლარი თითო ადამიანს 20 დღე მაინც ეყოფოდა. 

5-ლარი ბევრისთვის საქილიკო თემა გახდა, თუმცა გაჭირვებული მოსახლეობისთვის ეს არც თუ მცირე თანხა აღმოჩნდა. ვაუჩერის დარიგების დღეს თბილისის მეტროპოლიტენის სადგურების სალაროებში უზარმაზარი რიგები დადგა, მოსახლეობა საკუთარი 5 ლარის მოპოვებას დილიდან საღამომდე ცდილობდა. ამ ფაქტმა მოსახლეობის მძიმე სოციალურ ყოფას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო 30-ლარიან ვაუჩერებს, მათი გამოშვება პრეზიდენტს ბევრმა დაუმუშავებელმა მიწამ გადააწყვეტინა. "გლეხმა კი იცის, რომ ეს თანხა მის პრობლემას ოდნავადაც კი ვერ მოაგვარებს, მაგრამ ხელისუფლებას, საკუთარი პიარისთვის ამ თანხის გაღება უღირს. ყველამ კარგად იცის, მათ შორის ხელისუფლებაშიც, რომ გახარჯული მილიონები ვერც სოფლის მეურნეობაში არსებულ პროპლემას მოაგვარებს და ვერც გაჭირვებულ მოსახლეობას მისცემს შეღავათს. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის პიარისთვის დახარჯული თანხა. თუ ხელისუფლება ხალხზე მართლა ზრუნავს, ამ მილიონებს თუნდაც სარწყავი წყლის სისტემის მოწესრიგებისთვის გამოიყენებდა, მოურწყველობის გამო მოსავლიანობა ყოველწლიურად მცირდება; ანდა გაუდაბნოებულ დედოფლისწყაროს უშველიდა", - ამბობს ექსპერტი ზვიად კანდელაკი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის 3400 სოფელში 800 ათასამდე ვაუჩერი გაიცემა, შესაბამისად, ვაუჩერების ეს პროექტი ბიუჯეტს 24 მილიონი ლარი დაუჯდება.

ამ ეტაპზე, გათვლები არ დასრულებულა პრეზიდენტის კიდევ ერთ სოციალურ ინიციატივაზე. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამოქმედდება საპრეზიდენტო პროგრამა "ღიმილიანი საქართველო", რომელიც ხანდაზმულებისთვის უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას ითვალისწინებს. "დავუპლომბოთ", ჩავუსვათ, გავუპრიალოთ ყველას კბილები, რომ კარგ ხასიათზე იყვნენ და სულ იღიმებოდნენ... როცა ადამიანს კბილებთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, მუშაობის ხალისი ეკარგება, ღიმილის ხალისი ეკარგება და საერთოდ, ცხოვრებაზე სხვა წარმოდგენა აქვს", - სულ ღიმილ-ღიმილით განაცხადა სააკაშვილმა.