კობა ლიკლიკაძე, "თავისუფლება"
ფრთხილი ვარაუდები იმაზე, რომ ირანთან დასავლეთის შესაძლო კონფლიქტში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიც აღმოჩნდებიან ჩაბმულნი, საშიშ პროგნოზებში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც ბაქოსა და თბილისში ისრაელელ დიპლომატებზე ტერორისტული თავდასხმა აღიკვეთა.
არშემდგარი ტერორისტული აქტები ბაქოსა და თბილისში, ისევე როგორც ისრაელ დიპლომატებზე განხორციელებული თავდასხმები ინდოეთსა და ტაილანდში, დროში ემთხვევა პერიოდს, როდესაც უკიდურესად გამწვავდა საერთაშორისო ვითარება ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო და სულ უფრო ხშირად გაისმის საუბარი ირანის პრობლემის სამხედრო გზით გადაჭრის შესახებ. ასეთი შეიარაღებული კონფლიქტის თაობაზე ვარაუდები დიდ შეშფოთებას იწვევს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. უსაფრთხოების საკითხების ქართველი ექსპერტი ბესიკ ალადაშვილი ფიქრობს, რომ, ირანის წინააღმდეგ სამხედრო სცენარის ამოქმედების შემთხვევაში, კონფლიქტში შესაძლოა საქართველოც აღმოჩნდეს ჩათრეული.
„მე ამას არ გამოვრიცხავ იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები და ისრაელი ღია სამხედრო ოპერაციას დაიწყებენ ირანის წინააღმდეგ. მაშინ არ არის გამორიცხული და ამას აცხადებს კიდევაც ირანის ხელისუფლება, მთელ მხოფლიოს ადეკვატური პასუხი გასცეს. ასე რომ, თუ პროცესები დაიძაბა და, ღმერთმა არ ქნას, საქმე აშკარა დაპირისპირებამდე მივიდა, არ არის გამორიცხული საქართველოც გახდეს მათი დაპირისპირების ასპარეზი და აქაც გადმოინაცვლოს გარკვეულმა ტერაქტებმა”, - ამბობს ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი ბესიკ ალადაშვილი.
13 თებერვალს ისრაელის საელჩოსთან თბილისში ნაღმის აფეთქება აღიკვეთა, ინდოეთში კი, დელიში, იმავე დღეს აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა. ჩაფიქრებული ტერაქტი იანვრის ბოლოს აღიკვეთა აზერბაიჯანში, სადაც სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა დააკავეს ტერაქტის მცდელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი, რომლებიც გეგმავდნენ ბაქოში ისრაელის ელჩის, ადგილობრივი რაბინისა და სხვა ცნობილი ისრაელი მოღვაწეების დახოცვას. ყველა შემთხვევაში, ისრაელმა ირანის სპეცსამსახურები დაადანაშაულა. თეირანმა კი ასეთ ბრალდებებს „უსაფუძვლო“ უწოდა და იქით დასდო ბრალი ბირთვული ატომის დარგში მომუშავე ცნობილი ირანელი მეცნიერების დახოცვაში.
უეინ მერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მოხელე და ამჟამად ამერიკის საერთაშორისო პოლიტიკის საბჭოს მეცნიერ- თანამშრომელი, არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიებზე გარკვეულ მოქმედებებს, ირანის გარდა, ისრაელის სპეცსამსახურებიც აწარმოებდნენ:
„ის, რასაც ჩვენ აქ ვხედავთ, მაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ირანისა და ისრაელის სპეცსამსახურებს შორის დაბალი დონის ასიმეტრიულ კონფლიქტთან, რომლის დროსაც სხვა ქვეყნის ტერიტორიებსა და მათ სუვერენიტეტს სათანადოდ არ ეწევა ანგარიში.“
ანალიტიკოსების თქმით, აზერბაიჯანსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ უკიდურესად დაიძაბა იმის გამო, რომ მუსლიმებით დასახლებულ აზერბაიჯანს თბილი ურთიერთობა აქვს ისრაელთან და აწვდის მას ნავთობს, თავად ბაქო კი ისრაელისგან საბრძოლო აღჭურვილობას ყიდულობს. უეინ მერის თქმით, თეირანი დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანი ისრაელის დაზვერვას, „მოსადს“, თავის ტერიტორიაზე თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევს:
„ირანი მიიჩნევს, რომ ისრაელი ელექტრონული თვალთვალის, აგენტების შეგზავნისა და სხვა სადაზვერვო ოპერაციების პლაცდარმად იყენებს აზერბაიჯანის ტერიტორიას. ირანში ვარაუდობენ, რომ მის ჩრდილოეთ საზღვრის პერიმეტრზე აზერბაიჯანის ტერიტორია არის ადგილი, რომელსაც ისრაელი იყენებს ისლამისტური რესპუბლიკის წინააღმდეგ მტრული მოქმედებების გასაფართოებლად.“
თვის დასაწყისში ირანის ხელისუფლებამ აზერბაიჯანის ელჩი დაიბარა და ღიად დაადანაშაულა ბაქო „მოსადის“ მხარდაჭერაში, კერძოდ კი, ბირთვული მეცნიერების სფეროში მოღვაწე სწავლულების მკვლელობაში. აზერბაიჯანი უარყოფს ამ ბრალდებებს, თუმცა დასავლეთში მოღვაწე ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ დასავლეთსა და ირანს შორის სამხედრო კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში, რეალური საფრთხე, პირველ ყოვლისა, აზერბაიჯანს დაემუქრება და საჭირო გახდება ზომები მიღება აზერბაიჯანის დასაცავად.
„ვინაიდან აზერბაიჯანი საკუთარ თავს წარმოიდგენს ამ შესაძლო კონფლიქტის მონაწილედ, ვფიქრობ, როდესაც ეს საკითხი მომწიფდება, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ამაზე მსჯელობა. თუკი საქმე საქმეზე მიდგება, აზერბაიჯანი არ იქნება ერთადერთი ქვეყანა, რომელიც უკიდურესად მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდება და რომლის გარკვეული მხარდაჭერა მოგვიწევს იმისათვის, რომ ისინი უსაფრთხოებაში დავარწმუნოთ“, ამბობს როს ვილსონი, აზერბაიჯანსა და თურქეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი.
საქართველოს ხელისუფლება ასეთ საფრთხეს ჯერჯერობით მშვიდად უყურებს. აშშ-ისა და ირანის შესაძლო სამხედრო კონფლიქტისა და მასში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე წარმოქმნილ შეკითხვებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 6 თებერვალს ჰიპოთეტური უწოდა.
596
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85