ტერორი გორში (VIDEO)

ტერორი გორში (VIDEO)

გორში „თავისუფალი დემოკრატების“ მხარდამჭერთა დევნა მიმდინარეობს. დღეს გამთენიისას „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერისა და აქტივისტის გოდერძი მახარაშვილის ვაჟი, ელგუჯა მახარაშვილი ორ მეგობართან, ჯაბა და აკაკი ელიაშვილებთან ერთად დააკავეს, რომლებიც ერთმანეთის ბიძაშვილები არიან. ამ ყველაფერს უსწრებდა მუქარა გოდერძი მახარაშვილის მიმართ, რათა მას პარტიული ორგანიზაციისთვის თავი დაენებებინა. ეს ის გოდერძი მახარაშვილია, რომელმაც შალვა რამიშვილის გადაცემაში შემდეგი კომენტარით დაგვამახსოვრა თავი: „ქართველმა კაცმა, მახარაშვილმა გოდერძიმ, ჰიბრიდული სიმინდი მოვიყვანო?!“ ახალგაზრდებისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, თუმცა გამორიცხული არაა, მათ ხულიგნობის მუხლით დასდონ ბრალი.

დღესვე „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ახალგაზრდების დაკავებას გამოხმაურა და გორის პოლიციის შენობასთან საგანგებო განცხადება გააკეთა. მან თანაპარტიელის ვაჟისა და მისი მეგობრების უკანონო აყვანა მომავალი არჩევნებით დამფრთხალი ხელისუფლების მორიგ ტერორს დაუკავშირა.      

„სააკაშვილის ხელისუფლება იმდენად შეშინებულია მოსალოდნელ არჩევნებში დამარცხებით, რომ აგრძელებს იმ ტერორის ტალღას, რომლითაც თვლიან, რომ დააშინებენ ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს მოქალაქეებს. ისინი ვერ შეძლებენ თავისუფალი ნების გამოხატვას შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში,“ - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

როგორც გოდერძი მახარაშვილი ამბობს, მისი ოჯახის წინააღმდეგ ადგილობრივი პოლიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, კარგა ხანია, მუქარა ხორციელდება. მას ემუქრებოდნენ, რომ თუკი კრიტიკული აზრის გამოხატვას თავს არ დაანებებდა და „თავისუფალ დემოკრატებთან“, „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას არ შეწყვეტდა, პრობლემები შეექმნებოდა. თანაც, მას საკუთარი ოჯახის წევრებისა და კერძოდ, შვილების ბედით ემუქრებოდნენ. მართლაც, მუქარა გუშინ აუხდინეს და გოდერძი მახარაშვილის ვაჟი მეგობრებთან ერთად აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებით დააკავეს.

აქვე, ირაკლი ალასანიამ კიდევ ერთხელ მიმართა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ მის მიერ ქვეყანაში წამოწყებული ტერორის ტალღა შემდგომ არჩევნებში პირადად მას და ნაციონალურ მოძრაობას საწინააღმდეგო შედეგს მოუტანს.

„ყველაზე სულმოკლე, ბინძური ფორმებით მიმდინარეობს ეს ზეწოლა და, პრაქტიკულად, ჩვენი შვილები ტყვეებად აჰყავთ, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება. დასრულდება იმით, რომ ნაციონალური მოძრაობა აღარ იქნება ხელისუფლებაში და ყველა ადამიანი, ვინც ჩართული იყო რეპრესიებში, დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე აგებს პასუხს“, - აღნიშნა ალასანიამ.

მანვე სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალიტების მონაწილეობით ზუსტი და   გამჭვირვალე გამოძიების დაწყება მოითხოვა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდებოდა იმ ნასვამ პოლიციელებზე, რომლებმაც საკუთარი ნაბიჯებით შელახეს ადამიანების პოლიტიკური უფლებები და პირადი თავისუფლება. ამ მიზნით ირაკლი ალასანია გორის პოლიციის შენობაში შევიდა, პირადად ესაუბრა ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელს და გამოძიების გამჭვირვალედ ჩატარება მოსთხოვა, რისი პირობაც მიიღო.

„ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ქართულ პოლიციას, შსს სამინისტროს. ძალიან ბევრი ჩემი მხარდამჭერი არის სწორედ სამხედრო მუნდირის მატარებელი. ჩვენ ვიცით, რომ ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი პატრიოტები არიან და მათ ძალიან უჭირთ ამ უსამართლო ქვეყანაში უსამართლო ბრძანებების მიღება სააკაშვილისგან და მისი პოლიტიკური გუნდისგან. ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულება და პოლიცია ჩადგება არა პოლიტიკური გუნდის, არამედ ქართველი ხალხის და კანონის სამსახურში“, - განმარტა ალასანიამ.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა მომხდარის შესახებ უკვე პირადად აცნობა სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დაკავებულების დასახმარებლად საქმეში იურისტებიც ჩართო. ალასანია ბოლომდე აპირებს ახალგაზრდების დაცვას, სანამ ისინი ქვეყანაში სამართალს არ იპოვიან. 

Presage.tv ესაუბრა დაკავებულების ოჯახის წევრებს.

როგორც გოდერძი მახარაშვილმა გვითხრა, ოჯახთან ერთად იგი საზღვრისპირა სოფელ მერეთში ცხოვრობს, რომელზეც აგვისტოს ომის ბატალიებმა გადაიარა. თუმცა მისთვის ყველაზე დამამცირებელი იყო, როცა გუშინ ნასვამმა პოლიციელმა, მათი უბნის რწმუნებულმა, ზვიად ხმიადაშვილმა, 70 კაცის წინაშე შეურაცხყოფა მიაყენა და ქურთუკი და ტანისამოსი კინაღამ შემოაგლიჯა.

„მიყვიროდა, მაინც დაგიჭერ, შენ თუ არა, შენს შვილებსო. რის გამო? მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ დიდი ხანია, მეუბნებიან, დაანებე თავი ამ პოლიტიკურ მოძრაობებს, შეეშვი, მაგ ხალხს ჩვენ მოვუვლით, ჩვენ მივხედავთ. ჩემი შვილი სოფლის ცენტრში ორ მეგობარსა და დაქალთან ერთად იდგა. გამოიარა ნასვამმა სამხედრო პოლიციელმა და ამ გოგოს მანქანის სარკე დაარტყა. ბიჭებმა უთხრეს, მანქანა გააჩერე, ბიჭო, რეებს აკეთებო. სამხედრო პოლიციელმა მანქანა რომ გააჩერა და გადმოვიდა, დედამისიც გადმოჰყვა. იგი ჩვენი თანასოფლელია. ბიჭებმა ბოდიში მოუხადეს, დედასთან ერთად ხარ და, კარგი, ყველაფერი ხდება. სამხედრო პოლიციელი მანქანაში რომ ჩაჯდა, უთხრა, გადმოვალ და გნახავთ, არსად წახვიდეთო. მართლაც, წავიდა, მანქანაში ჩაისვა ჩვენივე სოფლის მკვიდრი, რომლის ძმის შვილიც პოლიციაში მუშაობს, მისი დის შვილი კიდევ დეპუტატია, გადმოვიდა ხუთი კაცი და ახალგაზრდებს ჩხუბი დაუწყეს“, - იხსენებს დაპირისპირების დეტალებს გოდერძი მახარაშვილი.

ჩხუბის დროს ბიჭებს დაპირისპირებული მხარისთვის უთქვამთ, ხომ იცით, დღესდღეობით როგორი პოლიტიკური ვითარებაა, ყურადღების ცენტრში ვართ, ჩვენც შეგვიძლია ჩხუბი და არ გვინდა, გეჩხუბოთ, მოდით, დავწყნარდეთ, ჩვენ ხომ ბოდიში მოგიხადეთო. თუმცა მათ ჩხუბი არ შეუწყვეტიათ. მას შემდეგ, რაც ბიჭები დააკავეს, სამხედრო პოლიციელი გოგიტა გლახაშვილი წაიყვანეს და ჰოსპიტალში დააწვინეს, თითქოს იგი ნაცემი და დაზარალებული იყო.

გოდერძი მახარაშვილი ჟურნალისტებს მომხდარის გამოძიებას სთხოვს, რათა გაირკვას, ნასვამი იყო თუ არა ინციდენტში მონაწილე პოლიციელი. მით უფრო, რომ მომხდარს აურაცხელი ხალხი შეესწრო და ისინი ხელს მოაწერენ, რომ მართლაც ნასვამი იყო ზვიად ხმიადაშვილი. 

„რისი იმედი მაქვს და, საერთოდ, ამ პოლიციაში საღად მოაზროვნე ხალხიც მუშაობს. ვიმედოვნებ, ისინი მიიღებენ სერიოზულ და ჭეშმარიტ გადაწყვეტილებას. ამ შენობაში სუყველა უცოდინარი არ არის, არიან მართლაც განათლებული ხალხი, რომლებიც მიხედავენ ამ საქმეს,“ - აღნიშნა გოდერძი მახარაშვილმა.

ჩვენს ასევე, ვესაუბრეთ დაკავებული ელგუჯა მახარაშვილის დედას, ირმა მახარაშვილს. მან ასე გაიხსენა მომხდარის დეტალები: „ამხანაგებთან ერთად იდგა ჩემი ბიჭი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სამხედრო პოლიციელმა მანქანით გამოიარა და ახლოს გაუარა მანქანით. ჩემი შვილის ერთ-ერთმა ამხანაგმა დაუყვირა. პოლიციელი მანქანიდან გადმოვიდა, დედასთან ერთად იყო და ბიჭმაც უთხრა, გოგიტა, ბოდიშიო. მან კი ჩემი შვილი, ელგუჯა, გადაკოცნა და უთხრა, ხომ იცი, შენი ხათრი მაქვსო. ჩემმა შვილმაც მიუგო, გოგიტა, მეც შენი ხათრი მაქვსო. დასხდნენ მანქანაში და გოგიტამ უთხრა, დაგველოდე და გადმოვალთო. ცოტა ხანში ელგუჯა დაქალთან მიდიოდა ყავის დასალევად. მართლაც, ისინი ოჯახში გადმოვიდნენ თავისი საახლობლოთი, ბიძაშვილებთან ერთად, და ამ დროს მოხდა ჩხუბი. ჩხუბის შემდეგ დილის შვიდის ნახევარზე თავს დაგვესხნენ, წაიყვანეს ჩემი შვილი და მასთან ერთად ჯაბა ელიაშვილი, ხოლო მესამე ამხანაგი თავისი სახლიდან აიყვანეს. ამჟამად ბავშვი რა მდგომარეობაშია, არ ვიცი. ადვოკატმა გვითხრა, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. არ გამოვრიცხავ, მანქანის დაჯახებაც წინასწარ იყო დაგეგმილი და ეს მუქარის გაგრძელება იყო,“ - გვითხრა ირმა მახარაშვილმა.             

რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ჯაბა ელიაშვილს, მისი მამა ბეგლარ ელიაშვილი  Presage.tv-სთან კომენტირებისას აცხადებს, რომ დაკავებამდე მათაც ემუქრებოდნენ.

„გვითვლიდნენ, შეეშვას გოდერძის ბიჭს, ის „თავისუფალი დემოკრატების“ აქტივისტია, ნუ ამხანაგობს და ამბები მოგვიტანოსო. მე ვუთხარი, ბავშვობიდან მოდიან და როგორ არ იამხანაგებს-თქო?! რამდენჯერაც დაიბარეს პოლიციაში, იმდენჯერ ჩავიყვანე. წუხელაც  ჩხუბის შემდეგ დაკითხვაზე მანქანით მივუყვანე. -აჰა, მოვიყვანე-თქო. გამოვიდა ტყვიავის პოლიციის უფროსი, არ გინდა, ბატონო ბეგლარ, წადი და დილას ჩამოიყვანეო. მე ვუთხარი, არ თქვათ, რომ ბავშვი იმალება, ცუდი არაფერი გაუკეთებია-თქო. წამოვიყვანე ბავშვი, დილას კი 15 კაცი მოგვადგა, ზოგიერთები ჩემი ეზოს ღობეზე გადმოდიოდნენ. მერე ვიღაცამ დაურეკა, უკვე დავაკავეთო. მოგეხსენებათ, ელგუჯა და ჩემი ბიჭი მეზობელთან იყვნენ, ნათესავთან, იქვე დარჩნენ და იქიდან აიყვანეს. ჩვენთან კი იმიტომ მოვიდნენ, რომ ეგონათ, სახლში იმყოფებოდა. გამოვედი, ვუთხარი, თქვე უნამუსოებო, დილას ხომ უნდა ჩამომეყვანა ბავშვი, ეს ერთიღა დამრჩა, ორი შვილი დამეღუპა-თქო. ომამდე 20-20 წლის ვაჟები დამეღუპნენ, ეს კიდევ ცალკე ტრაგიკული ისტორიაა. ახლა ჩემი ბავშვი იძახის, მამა, შენც შეგელევი, ყველაფერს შეველევი, მე გოდერძის ბიჭის მეგობარი ვარო“,  - გვითხრა ბეგლარ ელიაშვილმა.

მანვე უფრო ადრინდელი ინციდენტიც გაიხსენა, როცა სამი წლის წინ მის ბიჭს იარაღი ჩაუდეს და მამა იძულებული გახდა, საბერძნეთიდან დაბრუნებულიყო, სადაც მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

„ახლა ირაკლი ალასანიას იმედი გვაქვს. იქნებ, რაღაც უშველოს. წუხელ, მთელი ღამე სამხედრო პოლიციის თანამშრომელი აქ ჰყავდათ, ტყვიავის სამორიგეოში, დღეს დილას კი დააწვინეს, ვითომ ავად იყო. არადა, ჯანმრთელი იყო და სწორედ მან ატეხა ჩხუბი. ეს 100 %-იანი პროვოკაცია იყო. ამას წინათაც დაიბარეს ჩემი შვილი, მე თვითონ ჩავედი და ვუთხარი, რა გინდათ, ელგუჯა მახარაშვილი მისი ძმაკაცია, ჩვენ პარტიის წევრები ხომ არ ვართ, დამინახეთ სადმე? თქვენი მანქანით დადიან ეგენიო. ვუთხარი, იაროს ჩემი მანქანით, თუ დემოკრატიაა, დემოკრატია იყოს, თავისუფლების უფლება ყველას აქვს. საბერძნეთში გახლდით, მაგრამ იქ ასეთი რამ არ ხდება, ვინმემ რამე რომ ჩაგიდოს და დაგაბრალოს. ჩვენთან რა ხდება, არ ვიცი. აი, დემოკრატია იქ არის“, - აღნიშნა ბეგლარ ელიაშვილმა.