სტუდენტების წინასაარჩევნოდ დასაქმებას რამდენიმე განხრა აღმოაჩნდა: საკუთრივ სტუდენტების გულის მოგება, უსაფძვლო ჭორების დაყრა და ამ ჭორის საფუძველზე სტუდენტების პირადი მონაცემების შეგროვება „სხვადასხვა საჭიროებისათვის“.
ოფციალური ინფორმაცია ასეთია: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში „სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე ბიზნეს ორგანიზაციები და ბიზნესმენები ჩაერთნენ. კერძო კომპანიების 150-მდე წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ, მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა გამართეს.
შეხვედრაზე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაწევრიანებულმა კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა და მეწარმე ფიზიკურმა პირებმა მზადყოფნა გამოთქვეს ჩაერთონ აღნიშნულ პროექტში და ვაკანტური ადგილების - პირობების შესახებ ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიაწოდონ.
სამინისტროს ცნობით, სტუდენტთა დასაქმების პროექტის ფარგლებში, 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, II-დან IV კურსის ჩათვლით ბაკალავრიატის 25 ათასი სტუდენტი დასაქმდება. სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში ანაზღაურებას 500 ლარის ოდენობით მიიღებენ.
ახალგაზრდები სხვადასხვა ქვედა რგოლის სამუშაო ადგილებზე დასაქმდებიან სახელმწიფო დაწესებულებებში, კერძო სექტორებში, იურიდიულ კომპანიებში, მუზეუმებში, საავადმყოფოებში, თვითმმართველობის ორგანოებში და ა.შ. სულ შემოთავაზებული იქნება 70 სხვადასხვა სფერო, შესაბამისი ვაკანტური სამუშაო ადგილებით.
ერთი სიტყვით, შაშკინი სტუდენტთა განათლებაზე ხომ ზრუნავს და ახლა მათ დასაქმებაზეც გადაერთო. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც წინასაარჩევნოდ სტუდენტებს ასაქმებენ, მაგრამ განათლების სამინისტრო ამგვარ პროგრამებში ნამდვილად პირველადაა.
ადრე სტუდენტებს, ძირითადად, ქალაქის მერია შესთავაზებდა რაიმე სამუშაოს და რადგან უგულავას უწყებას ამ მიმართულებით გარკვეული „გამოცდილება“ დაუგროვდა, დედაქალაქში გავრცელებულ მორიგ ჭორს უმაღლესი სასწავლებლის კონტიგენტი ადვილად წამოეგო.
საქმე ისაა, რომ ინტერნეტ-ფორუმებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა თბილისის მერია წინასაარჩევნოდ სტუდენტების დასაქმებას იწყებს, რომელთა ანაზღაურებაც 300 ლარით უნდა განსაზღვრულიყო. შედგა სიები, სადაც სტუდენტები დიდი ენთუზიაზმით ეწერებოდნენ. თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ არავითარი დასაქმება არ იგეგმებოდა.
იმედგაცრუებულ სტუდენტთა ნაწილს ეჭვი აქვს, რომ მათ საპასპორტო მონაცემებს შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისას გამოიყენებენ. მათი ცნობით, მერიის დასაქმების პროგრამაში მონაწილეთა სიებს „ნაციონალურ მორაობასთან“ დაახლოებული სტუდენტები აგროვებდნენ.
„სტუდენტებში ხმა დააგდეს, მერია დასაქმების კამპანიას იწყებს თავისი 300 ლარითო. ბევრ სტუდენტს, განსაკუთრებით რაიონიდან ჩამოსულებს, გაუხარდათ. ახალგაზრდა მიშისტებმა სია შეადგინეს. მონაცემები ბევრმა სტუდენტმა ჩააწერინა. მონაცემების შემგროვებლები თან ჩქარობდნენ მერიაში სასწრაფოდ უნდა მივიტანოთო. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ დასაქმებაზე საუბარი საერთოდაც არ იყო, სამაგიეროდ, ძალიან ბევრი ადამიანის პირადი მონაცემები შეაგროვეს“, - სოციალური ქსელების მეშვეობით ასეთ ინფორმაციას ავრცელებენ სტუდენტები.
თბილისის მერიაში კატეგორიულად უარყვეს მსგავსი ფაქტი და განაცხადეს, რომ მერიას სტუდენტების დასაქმების არანაირი პროგრამა არ აქვს, არც ჰქონია და არც მომავალში ექნება.
„არავითარი პროგრამა არ ამოქმედებულა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ასეთი პროგრამა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აქვს და თვეში 500 ლარს გადაუხდის დასაქმებულ სტუდენტებს. ჩვენის მხრივ კი დანამდვილებით ვაცხადებთ, რომ დედაქალაქის მერია სტუდენტების დასაქმებას ნამდვილად არ გეგმავს“, - აცხადებენ უგულავას უწყებაში.