კონტროლის პალატას პოლიტიკური პარტიების და მათთან პირდაპირ თუ ირიბად, დაკავშირებული, ფინანსური ანგარიშგების შემოწმების უფლება მიანიჭეს. ეს დეკემბერში მოხდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ აღმოჩნდა, რომ, თურმე, კონტროლის პალატას ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის შემოწმების უფლება ჰქონია იმის დასადგენად, ეს ორგანიზაცია რომელიმე პარტიასთან არის დაკავშირებული თუ არა. მაგრამ კონტროლის პალატის ამ უფლების შესახებ ჯერ კიდევ არავინ არაფერი არ იცოდა, როდესაც მოგელაძემ ხელისუფლებასთან ასოცირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას - „ახალი თაობა – ახალ ინიციატივას“ ფინანსური ანგარიშგება მოსთხოვა. მის ამ მოთხოვნას ჯერ გაოგნება მოჰყვა და მერე არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთება, რადგან ნებისმიერი იურისტი ამბობს, რომ, კანონის თანახმად, კონტროლის პალატა ვისაც ფინანსურ ანგარიშგებას მოსთხოვს, მასზე უკვე ის შეზღუდვები და აკრძალვები უნდა გავრცელდეს, რაც ახალი კანონმდებლობით პარტიებისთვის დაწესდა. ხელისუფლებამ არასამთავრობო სექტორის დამშვიდება დაიწყო, ეს პირდაპირ აკრძალვების დაწესებას არ ითვალისწინებს და, უბრალოდ, იმისთვის არის, კონტროლის პალატამ დაადგინოს, არასამთავრობო ორგანიზაცია არის თუ არა დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთანო. ცხადია, ეს არავინ დაიჯერა და კანონის შეცვლას ითხოვენ, მაგრამ ეს კიდევ სხვა საკითხია. მთავარი ის არის, რომ კონტროლის პალატამ შეისწავლა „ახალი თაობა – ახალი ინიციატივის“ ფინანსური ანგარიშგება და დაადგინა, რომ იგი არც ერთ პარტიასთან არ არის დაკავშირებული. არადა, მეტი რა დაკავშირება უნდა, მათი ლიდერი დღეს დედაქალაქის საკრებულოში ნაციონალების გულმხურვალე წარმომადგენელია.
მიუხედავად ამისა, კონტროლის პალატამ გააკეთა შესავალი, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციას არაფერი აქვს საერთო ხელისუფლებასთან და ყველაფერი ამის შემდეგ დაიწყო. ამ ორგანიზაციამ, რომელსაც აქვს კონტროლის პალატის ბეჭედდასმული საბუთი, რომ ხელისუფლებასთან კავშირი არა აქვს და ვალდებულნი ვართ, ეს დავიჯეროთ, მოულოდნელად განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, რათა არჩევნები ვადაში ჩატარდეს. ეს კი იმას გულისხმობს, რომ საპარლამენტო არჩევნები, ოქტომბრის ნაცვლად, მაისში უნდა ჩატარდეს.
თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელს დააკმაყოფილებს, პრეზიდენტი „იძულებული იქნება“, არჩევნები მაისში დანიშნოს. ოპოზიცია მომზადებას ვერ მოასწრებს, ხელისუფლებას კი, რომელსაც ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ ისედაც დაწყებული აქვს ეს კამნპანია, მაისის მერე გაგრძელება სულ აღარ სჭირდება. თანაც სააკაშვილი იტყვის, რომ თავად არაფერ შუაშია, ეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციამ მოითხოვა, რომელიც მათთან არ არის დაკავშირებული და საკონსტიტუციო სასამართლომაც თქვა, რომ ასე უნდა იყოს. ამიტომაც არჩევნები მაისში უნდა ჩატარდეს, - ძალიან მარტივი სქემაა, კარგად მოფიქრებული, მაგრამ მაინც ყველასთვის ადვილი მისახვედრი.
ამიტომაც ეს ინიციატივა ოპოზიციის ყველა წარმომადგენელმა სწორედ ისე აღიქვა, რომ ხელისუფლებას არჩევნების მაისში ჩატარება სურს და ამით უნდა, რომ ოპოზიციას ხელი შეუშალოს. თუკი ეს ორგანიზაცია სარჩელს მართლაც შეიტანს, რა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს სარჩელი დააკმაყოფილოს.
საქართველოში ჩასატარებელი არჩევნების თარიღს კონსტიტუცია განსაზღვრავს და დღეს მოქმედი კონსტიტუციით, საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნები კი 2013 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს. შესაბამისად, ორგანიზაცია სათანადო სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში გეგმავს. არჩევნების კონკრეტულ თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.
როგორც ამ ორგანიზაციის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, მიხეილ დევდარიანმა განაცხადა, საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის მხრიდან ადგილი აქვს ხელისუფლების თვითნებურად მითვისების მცდელობას, ვინაიდან არჩევნების შემოდგომით ჩატარების შემთხვევაში, მოქმედ პარლამენტს მუშაობის ვადა 4 წლის ნაცვლად, 4 წლითა და 6 თვით, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების 2013 წლის იანვარში ჩატარების შემთხვევაში, პრეზიდენტს თანამდებობაზე ყოფნა 5 წლის ნაცვლად, 5 წლითა და 10 თვით მოუწევს. რადგან ბოლო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა 2008 წლის მაისში, საპრეზიდენტო არჩევნები კი - 2008 წლის იანვარში.
დევდარიანის განცხადებით, ამით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, რადგან აქ სწერია, რომ პარლამენტი ირჩევა 4 წლის ვადით, პრეზიდენტი კი - 5 წლის ვადით.
დევდარიანმა ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხის განხილვის მიზნით, ორგანიზაციამ არა ერთხელ მიმართა პარლამენტს, თუმცა პარლამენტარების მხრიდან ამას რეაგირება არ მოჰყოლია და ისინი იძულებულები გახდნენ, ამჯერად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ.
„იმედი გვქონდა, რომ საშემოდგომო სესიის დასრულებამდე ამ საკითხს დეპუტატები აუცილებლად განიხილავდნენ“, - განაცხადა დევდარიანმა.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ 2008 წელს, ვადამდელი არჩვენების დანიშვნის შემდეგ, საქართველოში ჩატარდა პლებისციტი, სადაც მოქალაქეებმა მხარი დაუჭირეს არჩევნების კონსტიტუციურ ვადებში ჩატარებას.
სწორედ ამიტომ, როგორც დევდარიანი აცხადებს, ორგანიზაცია ამზადებს საკონსტიტუციო სარჩელს და უახლოეს დღეებში მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა აღადგინოს არჩევნების კანონიერი ვადები.
მისი ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს „ახალი თაობა-ახალი ინიციატივის“ სარჩელი 30 დღის განმავლობაში უნდა განიხილოს. თუმცა, ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა, სასამართლოში სარჩელს როდის შეიტანენ. მისი თქმით, სარჩელი სასამართლოში უახლოეს დღეებში შევა.
თუმცა, რატომღაც ხელისუფლებოს მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ამ სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანისთვის სათანადო საფუძველი არ არსებობს.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილს არჩევნების კონსტიტუციური ვადების ანტიკონსტიტუციურად მიჩნევა შეუძლებლად მიაჩნია.
მისი თქმით, კონსტიტუციით პირდაპირ არის განსაზღვული, რომ არჩევნები ტარდება ოქტომბრის თვეში და ეს გასაზღვრული იყო მანამდე, სანამ ამ მოწვევის პარლამენტს აირჩევდნენ. შესაბამისად, კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ ვერანაირი ანტისკონსტიტუციურობა ამ ნორმის ვერ დამტკიცდება, რადგან თვითონ ეს ნორმა არის კონსტიტუციური.
„აქედან გამომდინარე, არანაირი საფუძველი მსგავს სარჩელს არ აქვს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართება ოქტომბრის თვეში, 2013 წლის საპზეიდენტო არჩევნების ოქტომბრის თვეში“, - განაცხადა კუბლაშვილმა.
ამასთან, დეპუტატი ასევე ვერ ხედავს იმ საფუძველსაც, რაზეც დაყრდნობით შესაძლოა საკონსტიტუციო კომისიამ შეიძლება თქვას, რომ კონსტიტუციური ნორმა ანტიკონსტიტუციურია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნების თარიღად, საარჩევნო წლის ოქტომბერი, 2006 წლის დეკემბერში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით ჩაიწერა.
კუბლაშვილი მაშინდელი ცვლილებების განხორციელების და კონსტიტუციაში, კონკრეტული ვადის დათქმის მიზეზად იმ გარემოებას ასახელებს, რომ საარჩევნო ციკლი თანმიმდევრული უნდა იყოს. „შეიძლება რაღაც გარემოების გამო ის შეიცვალოს, მაგრამ მუდმივად უნდა უბრუნდებოდის თავის საწყის წერტილს“, - დასძინა კუბლაშვილმა.
მაგრამ ოფიციალურად საბოლოო სიტყვა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა თქვას და, თუკი ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნები მაისში უნდა გაიმართოს, საპრეზიდენტო კი - მომავალი წლის იანვარში.
ბოლო პერიოდში არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ ხელისუფლების ინტერესში არჩევნების სწორედ ვადამდე ჩატარება შედის, რათა ოპოზიციამ საარჩევნო კამპანიის ჩატარება ვერ მოასწროს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელისუფლებას საარჩევნო კამპანია რეალურად უკვე დაწყებული აქვს.
ამას ემატება ისიც, რომ პრეზიდენტმა რამდენჯერმე განაცხადა, ქუთაისში პარლამენტის სხდომები მაისიდან გაიმართებაო. კონსტიტუციაში კი წერია, რომ პარლამენტის ქუთაისში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადადის. ამიტომაც გაჩნდა ეჭვი, რომ ხელისუფლებას სწორედ არჩევნების ვადამდე ჩატარება აქვს განზრახული.
მართალია, სააკაშვილმა იანვრის დასაწყისში, ცესკოს თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრისას განაცხადა, რომ არჩევნები ოქტომბერში გაიმართება, მაგრამ იმის გამო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან ასოცირებულმა არასამათავრობო ორგანიზაციამ მაინცდამაინც ახლა მოინდომა, გაჩნდა ეჭვი, რომ ხელისუფლებას ამ ორგანიზაციის მეშვეობით სურს თავისი საქმის გაკეთება.
მეორე საკითხი კი ის არის, არჩევნების გადმოტანას თან რა პრობლემები მოჰყვება და ეს რამდენად მარტივად იქნება მოსაგვარებელი.
პირველ პრობლემად შეიძლება საარჩევნო სიებთან დაკავშირებული საკითხი ჩაითვალოს, რადგან ამ საკითხზე მომუშავე ჯგუფს პროცესი პირველ აგვისტომდე აქვს გაწერილი, როდესაც გადამოწმებული სიები უნდა დადოს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წლების განმავლობაში საარჩევნო სიები წარმოადგენს. ეს საკითხი გათვალისწინებული იყო ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის გაფორმებულ შეთანხმებაში და დღეს ამ შეთანხმებიდან, რეალურად, მხოლოდ ეს საკითხიღაა დარჩენილი, რადგან ყველა დანარჩენი შეიცვალა.
სიების მონიტორინგის ხელმძღვანელი, მამუკა კაციტაძე კი აცხადებს, რომ „თუ საპარლამენტო არჩევნები მაისში დაინიშნება, საარჩევნო სიების მონიტორინგის კომისია ამომრჩეველთა გადამოწმებული სიების წარდგენას ვერ შეძლებს“.
საინტერესო კი ის არის, რომ ცესკოს თავმჯდომარე მაისში არჩევნების ჩატარებისთვის ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს.
ზურაბ ხარატიშვილის თქმით, სამუშაო გეგმის მიხედვით, კომისია არჩევნების ოქტომბერში ჩატარებისთვის ემზარება, მაგრამ თუკი კანონით იქნება გათვალისწინებული ვადამდელი არჩევნები, კომისია ამისთვისაც მზად იქნება.
„რა თქმა უნდა, რიგგარეშე არჩევნები გულისხმობს დაჩქარებული წესით მუშაობას, მაგრამ ჩვენ ყველანაირად მომზადებული შევხვდებით მას“, - აღნიშნა ხარატიშვილმა.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა - ახალი ინიციატივის“ მოთხოვნას, ხარატიშვილის თქმით, ეს თემა არის საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საკითხი და ამ მოთხოვნის შეფასება მის კომპეტენციას სცილდება და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, ცესკო იმის შესაბამისად იმოქმედებს.
არჩევნების მაისში ჩატარებისას მთავარი პრობლემა კი, როგორც იურისტები აცხადებენ, ის იქნება, რომ პრობლემა შეიქმნება ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებისას.
კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების ვადის შეცვლის შემთხვევაში, კონსტიტუციური რეფორმა, რომელიც 2009-2010 წლებში იქნა მიღებული, წყალში ჩაიყრება.
„თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელს დააკმაყოფილებს და საპრეზიდენტო არჩევნების ვადა შეიცვლება, კონსტიტუციური რეფორმა, რომელიც 2009-2010 წლებში იქნა მიღებული, წყალში ჩაიყრება, რადგან დოკუმენტში პირდაპირაა ჩაწერილი, რომ ნორმები, რომელიც ამ რეფორმის დროს იყო დადგენილი და კონსტიტუციურ კანონში აისახა, 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდეს.
„ანუ, ამ შემთხვევაში პრობლემას სიტყვა „ოქტომბერი“ ქმნის და სწორედ ამ სიტყვის გამო საპრეზიდენტო არჩევნების 2013 წლის იანვარში ჩატარება კონსტიტუციური კანონის ამოქმედების საკითხს ეჭვქვეშ დააყენებს“, - განუცხადა დემეტრაშვილმა „ინტერპრესნიუსს“.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების მაისში ჩატარებას, მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში „პრობლემა ნაკლებია“ და, თუ სასამართლო არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელს დააკმაყოფილებს, მხოლოდ კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების შეტანა გახდება საჭირო.
არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი, კახი კახიშვილი ამბობს, რომ ამ სარჩელის დაკმაყოფილება ხელისუფლების ინტერესში არ შედის, რადგან ამ შემთხვევაში უკვე პარლამენტის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რადგან მათ უფლებამოსილებას გადაამეტეს და კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნორმა მიიღეს.
ამიტომაც ფიქრობს, რომ ამით მხოლოდ აჟიოტაჟის ატეხვა მოხდა, რათა სხვა საკითხები გადაიფაროს. ასეთი საკითხები კი, მისი თქმით, საკმაოდ ბევრი შეიძლება იყოს.
თუმცა, კონსტიტუციონალისტი ზურაბ ჯიბღაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ არჩევნების თარიღის გადმოწევა კი არ მოხდეს, არამედ პრეზიდენტმა დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.
„სასამართლომ ეს სარჩელი რომ დააკმაყოფილოს, ხელისუფლებას, მინიმუმ, ორი პრობლემა ექმნება. ერთი ის, რომ სარჩელის მხოლოდ ერთი ნაწილი ვერ დაკმაყოფილდება და მაშინ საპრეზიდენტო არჩევნებიც იანვარში უნდა ჩატარდეს. ამ შემთხვევაში კი საერთოდ ვეღარ შევა ძალაში საკონსტიტუციო ცვლილებები, რადგან კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში არის ჩანაწერი, რომ ამოქმედდება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ საქმე სარჩელის დაკმაყოფილებამდე არ მივა და სააკაშვილი მანამდე დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. ამით კი ყველა ის პრობლემა მოიხსნება, რაც შეიძლება ვადის გადმოწევას ახლდეს თან, თუკი ეს სასამართლოს მეშვეობით მოხდება“, - ამბობს ზურაბ ჯიბღაშვილი.