ხელისუფლებისგან ხელთათმანი გადაგდებულია და ოპოზიციაც საარჩევნო დუელს არ გაურბის. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიცია მზად არის, არჩევნებში მონაწილეობა ნებისმიერ დროს მიიღოს და, რაც უფრო მალე ჩატარდება არჩევნები, ხელისუფლებას „მით უფრო მალე გაისტუმრებს“.
არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“ თავმჯდომარეს მიხეილ დევდარიანს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის მხრიდან ადგილი აქვს ხელისუფლების თვითნებურად მითვისების მცდელობას და საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების კონსტიტუციით დადგენილი ვადების დარღვევას. კერძოდ, დევდარიანს აწუხებს ის, რომ არჩევნების შემოდგომით ჩატარების შემთხვევაში, მოქმედ პარლამენტს მუშაობის ვადა 4 წლის ნაცვლად, 4 წლითა და 6 თვით უხანგრძლივდება, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების 2013 წლის იანვარში ჩატარების შემთხვევაში, პრეზიდენტს თანამდებობაზე ყოფნა 5 წლის ნაცვლად, 5 წლითა და 10 თვით მოუწევს. ამით კი საქართველოს კონსტიტუციის მე-5, 28-ე, 39-ე და 49-ე მუხლები ირღვევა.
ამიტომ ორგანიზაცია „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს და უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნების კანონიერი ვადების აღსადგენად მიმართავს, რაც ჯერ კიდევ 2007 წლის დეკემბერში კანონმდებლობით განისაზღვრა. უფრო ზუსტად, „ახალი თაობა-ახალი ინიციატივა“ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 2012 წლის მაისში ან ივნისის დასაწყისში, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას 2013 წლის იანვარში ითხოვს.
მოვლენები რომ ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ დაჩქარდა, ეს ცალსახაა. ჯერ არასამთავრობო ორგანიზაცია „სუფთა პოლიტიკა“ გააქტიურდა და პარტიებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობა მოითხოვა, რის შემდეგაც კონტროლის პალატა დაფაცურდა. ახლა კი თავის დროზე ნაციონალების არჩევნების „გამპრავებლის“, ამჟამად საკრებულოში ნაციონალების საყრდენის - კოკი იონათამიშვილის ორგანიზაციამ „ახალი თაობა - ახალი ინიციატივამ“ შეგვახსენა თავი. თანაც, მის ახლანდელ თავმჯდომარეს - მიხეილ დევდარიანს თავისი სიმართლის დასამტკიცებლად ასეთი არგუმენტი აქვს - ამ საკითხის განხილვის მიზნით მან თურმე არაერთხელ მიმართა პარლამენტს, თუმცა პარლამენტარების მხრიდან ამას რეაგირება არ მოჰყოლია. ამიტომაც იგი იძულებული გახდა, ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართა.
ბიძინა ივანიშვილის პრეს-სპიკერი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის წევრ მაია ფანჯიკიძისთვის, არჩევნების გადმოტანა მოულოდნელი არ ყოფილა. მეტიც, ისინი რიგგარეშე არჩევენების დანიშნვას ელოდნენ კიდეც და, შესაბამისად, მისთვის მზად არიან.
მაია ფანჯიკიძეს არც ის დავიწყებია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა - ახალი ინიციატივის“ სახელი ხელისუფლებას, კერძოდ, თბილისის მერის სახელს უკავშირდება. ამდენად, როცა ასეთი ორგანიზაცია რიგგარეშე არჩევნების დანიშნვის მოთხოვნით გამოდის, ეს ხელისუფლების შიშს ასახავს.
საკონსტიტუციო სასამართლო „ახალი თაობა - ახალი ინიციატივის“ სარჩელს 30 დღის განმავლობაში განიხილავს. იმის მიუხედავად, როგორი იქნება საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გოკა გაბაშვილი 100 პროცენტით დარწმუნებულია, (თუკი მას რამე დაეჯერება), რომ არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება. ცესკო კი „ყოველთვის მზად არის“, არჩევნები კანონით დადგენილ ვადებში „ჩაატაროს“ და ზურაბ ხარატიშვილის მტკიცება, რომ არჩევნებისთვის ისინი მუდამ მზად არიან, ალბათ, ზედმეტია.
კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილს კი საქმე უფრო რთულად აქვს, საპრეზიდენტო არჩევნების ვადის შეცვლის შემთხვევაში, მის მიერ ასე სკრუპულოზულად შექმნილი კონსტიტუციური რეფორმა წყალში ჩაიყრება, რადგან დოკუმენტში პირდაპირაა ჩაწერილი, რომ ნორმები, რომელიც ამ რეფორმის დროს იყო დადგენილი და კონსტიტუციურ კანონში აისახა, 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან უნდა ამოქმედდეს.
„თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი Presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ იმის მიუხედავად, გაიმართება თუ არა არჩევნები მაისში, რეალურად, არჩევნების გადმოტანის გახმიანება სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის შიშის კიდევ ერთი გამოვლინებაა.
„მათ გამოცლილი აქვთ რესურსებიც, ადამიანების ნდობაც, ამიტომ ეს მათი შიშის ერთ-ერთი უკანასკნელი დემონსტრირებაა. თანაც, ძალიან ჰგავს იმ რიტორიკას, რასაც ბოლო დღეებში მოსახლეობა ნაციონალების ლიდერისგან ისმენს. ნებისმიერ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიცია და მასში შემავალი პოლიტიკური ძალები, ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ რა დროსაც უნდა დაინიშნოს არჩევნები, ყველა გამოწვევისთვის მზად ვართ. აუცილებლად დავამარცხებთ ნაციონალურ მოძრაობას და, რაც მალე დაინიშნება, მით მალე გავისტუმრებთ. უკვე დიდი ხანია, ამ პროცესისთვის ინტენსიურად ვემზადებით. ყველა გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულ სამუშაოს ვასრულებთ. ამდენად, ეს მათი შიშის, სასოწარკვეთის დემონსტრირება უფროა, ვიდრე რეალობა,“ - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.
მისი თქმით, არჩევნების გზით ხალხი აუცილებლად გამოუტანს სამართლიან განაჩენს ამ ხელისუფლებას. თუმცა, ალექსი პეტრიაშვილს მაისში არჩევნების დანიშვნა არადამაჯერებლად მიაჩნია და ამას ხელისუფლების კონტროლქვეშ მყოფი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გაჟღერებულ თემად აღიქვამს.
„ჯერ ერთი, არჩევნები ჯერ არ გადმოუტანიათ მაისში. ეს უფრო ხელისუფლების კონტროლქვეშ მყოფი, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაჟღერდა. რა მოუვათ ნაციონალებს თავში იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, ამის გამოცნობა ძალიან რთულია, ცოტა სხვა კვალიფიკაცია სჭირდება, ფსიქოთერაპიული კუთხით, მაგრამ, აქვე მინდა გითხრათ, რომ მათ, ასევე, მკაფიო გზავნილები მიიღეს მსოფლიოს წამყვანი დედაქალაქებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. შეგახსენებთ, ყველაზე ბოლო და უმნიშვნელოვანეს გზავნილს, პრეზიდენტ ობამას მიერ გაკეთებულ განცხადებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების თაობაზე, რაც არამც და არამც არ ჯდება ლოგიკაში იმ ქმედებებთან (თუ ეს განხორციელდა), რასაც ნაციონალები მოიაზრებენ, ვგულისხმობ არჩევნების გადმოტანას“, - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.
მანვე მზადყოფნა გამოთქვა, რომ არჩევნები მაისში იქნება, ოქტომბერში თუ ნებისმიერ დროს, აუცილებლად დაამარცხებენ ნაციონალურ მოძრაობას.
„მათთვისაც მალე დამთავრდება ეს წვალება და ისინი ნახავენ, რომ დემოკრატიულ გარემოში გაცილებით უფრო ადვილი იქნება მათგან დარჩენილი ძალებისთვის პოლიტიკური ცხოვრება“, - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში „ახალი თაობა - ახალი ინიციატივის“ მხრიდან სარჩელის წარდგენა დაგვიანებულია.
„დანამდვილებით ვიცოდით, თუ როდის ჩატარდებოდა არჩევნები, ანუ, - ოქტომბერში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთი და ორი თვე ამისთვის საკმარისი არ არის. გაცილებით უფრო ადრე, მინიმუმ, ერთი-ორი წლით ადრე, მაინც უნდა იცოდე, რადგან მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი. აქედან გამომდინარე, ცოტა დაგვიანებულია მსგავსი სარჩელის წარდგენა, რადგან, ფაქტობრივად, სამი თვეა დარჩენილი“.
გარდა ამისა, ლომჯარიას თქმით, არჩევნების გადმოტანა სიების გადამოწმების კომისიასაც პრობლემებს შეუქმნის, რადგან ამ კომისიამ სულ ახლახანს დაიწყო მუშაობა, სიის წარდგენის ბოლო ვადა კი აგვისტოა. აქედან გამომდინარე, თუკი არჩევნები მაისში ჩატარდება, უნდა დაისვას საკითხი ამ კომისიის საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე, რადგან არარეალური და არამოსწრებადია მისი საქმიანობა.
ამასთან, არჩევნების მაისში დანიშვნის შემთხვევაში, თავად საკონსტიტუციო სასამართლოს უმოკლეს ვადაში მოუწევს მუშაობა, რისი პრაქტიკაც აქამდე არ ყოფილა.
„არჩევნები მაისში რომ ჩატარდეს, მინიმუმ, მარტში მაინც ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს არჩევნების დღის დანიშვნის შესახებ, ანუ საკონსტიტუციო სასამართლომ მარტამდე უკვე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, დაგვიანებული და არარეალური მეჩვენება „ახალი თაობა - ახალი ინიციატივის“ მოთხოვნა და ამ ორგანიზაციის მიზანი რა არის, ვერ გეტყვით“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
Presage.tv ორგანიზაცია „ახალი თაობა - ახალი ინიციატივის“ თავმჯდომარეს მიხეილ დევდარიანს ესაუბრა.
არჩევნების ვადამდელ ჩატარებას მაინცდამაინც ახლა რატომ ითხოვთ? აქამდე სად იყავით?
- ჩვენი მოთხოვნა არ არის არჩევნების გადმოტანა. ჩვენი მოთხოვნა არის არჩევნების კონსტიტუციურ ვადებში ჩატარება, ანუ, არჩევნების ჩატარება ოთხი წლის თავზე.
თუმცა არჩევნების ოთხი წლის თავზე ჩატარება არჩევნების მაისში გადმოტანას გულისხმობს.
- ჩვენ ამოვწურეთ ყველა ის რესურსი, რაც საქართველოს პარლამენტთან მოთხოვნების მიმართებით გაგვაჩნდა. კონსტიტუციაში ცვლილებების უფლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტს აქვს და ამ ყველაფერმა შედეგი არ გამოიღო. დაგვრჩა ერთადერთი საშუალება, მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა საკონსტიტუციო წესრიგი აღვადგინოთ და არჩევნების პერიოდულობა კონსტიტუციურ ვადებში მოექცეს.
თქვენს ორგანიზაციას, რომლის ყოფილი თავმჯდომარეც კოკი იონათამიშვილია, ნაციონალების თბილისის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერია. არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ ხელისუფლებამ კონტროლის პალატის შემოწმებით სპეციალურად შეგიქმნათ ალიბი, რათა ეს ინიციატივა შემოგეტანათ.
- ის, რომ ლოგიკური ეჭვი არსებობს, ეს ყველაფერი ჭორია. ეს ყველაფერი რაღაც დაშვებიდან გამომდინარეა, მერე ლოგიკა შეიძლება არც იყოს, მაგრამ პირველი დაშვებაა ძალიან მნიშვნელოვანი და იგი ყოველთვის მცდარია ხოლმე. მზად ვარ, კითხვებს ვუპასუხო, რომელიც დოკუმენტზე დაყრდნობილი იქნება, გინდაც ჩემთან მიმართებით. ეს ლოგიკური ეჭვი საიდან მოდის? ისევ მივდივართ ჭორაობაზე, რომ ის ვიღაცის მეგობარია, ან, ეტყობა, ვინმემ მოისყიდა.
ეჭვებს ისიც ამძაფრებს, რომ კოკი იონათამიშვილი ამჟამად ნაციონალური მოძრაობის სახეა.
- მერე, ვინმემ დამალა? უარყო, თუ რა არის?
ამის გამოც არსებობს ეჭვებიც, რომ ხელისუფლების აზრს ახმიანებთ.
- რამდენი ორგანიზაცია, არსებობს, იცით? უმეტესობა, ლამის 80 %-ზე მეტი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, არასამთავრობო სექტორიდან მოდის. ეს ყველა ახლა დაკავებულია ამ თემებით?
მაგრამ არჩევნების თემაზე თქვენ მუშაობთ.
- შეიძლება, ძალიან ბევრი მოსაზრება არსებობდეს, ვერავის ვერ დავუშლი, რომ ეს მოსაზრება ჰქონდეს.
მაისში არჩევნების გადმოტანას ეჭვქვეშ აყენებს ოპოზიციის ნაწილი და ამ თემას ხელისუფლებისგან შემოგდებულად მიიჩნევს.
- ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან არ ვიცი, რის საფუძველზე აცხადებენ ამას.
იმ შემთხვევაში, თუ მართლაც მაისში გადმოვა არჩევნების ჩატარების თარიღი, მაშინ რაღა აზრი აქვს სიების გადამმოწმებელი კომისიის მუშაობას? სიების გადამოწმების ვადა აგვისტომდეა, ამდენად, არჩევნების დაჩქარება პრობლემებს იწვევს კომისიის მუშობის მხრივაც.
- რაც შეეხება სიების საკითხს, ეს სიები აწყობილია ოქტომბრის თვეზე. თუ დადგება ახალი რეალობა, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს და დააკმაყოფილებს სარჩელს, აღადგენს კონსტიტუციურ წესრიგს და პარლამენტის არჩევნებს მაისში ან ივნისში დანიშნავს, შესაბამისად, კომისიასაც ამ ახალ რეალობაზე გადაწყობა და სიების იმ დროში დაზუსტება მოუწევს, რა დროც ექნება.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მაშინ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ იმ დეპუტატებს, ვინც ხმა მისცა არჩევნების ოქტომბერში ჩატარებას.
- დაეკისროთ, მერე რა. თუ დადასტურდა, რომ ამ ყველაფერში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გამოიკვეთა, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყველა იმ პირს, ვინც დანაშაული ჩაიდინა. თუ ფაქტი შესწავლილი და გამოძიებული იქნება, აუცილებლად უნდა დაეკისროს. მაგაში ორი აზრი არ არსებობს.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ ხომ არ გადაწყვიტეთ, მიგემართათ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის?
- ახლა ეს ვის აწყობს და ვის არ აწყობს, ამაზე ძალიან ბევრი მსჯელობა შეიძლება. არის ერთი მთავარი პრინციპი, არსებობს ფუნდამენტალური პრინციპები, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების გამართვის პერიოდულობას და დღეს ეს პერიოდულობა დარღვეულია. ჩვენი მოთხოვნაა, ეს ვადები აღდგეს და ერთხელ და სამუდამოდ განისაზღვროს ის თარიღი, თუ როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები.
მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი ვადები აქვს. რამდენად სწრაფად იმოქმედებს საკონსტიტუციო სასამართლო? არჩევნების მაისში ჩატარების შემთხვევაში, უკვე მარტშივე უნდა გამოაცხადონ.
- რადგან ვერ მოასწრებს, ამის გამო არ ვუჩივლოთ? დღესაც კახა კახიშვილმა მითხრა, რომ დღეს სარჩელის შეტანას აზრი აღარ აქვს. აზრი აღარ აქვს და დარჩეს ასე? მერე მოდის საპრეზიდენტო არჩევნები, შეიძლება, ეს არ დააკმაყოფილოს და მეორე ნაწილი დააკმაყოფილოს საკონსტიტიციო სასამართლომ, ანუ, ბევრი მომენტია და ჩვენ მზად ვართ, ამაზე ვიმსჯელოთ, თუკი იქნება ნორმალური მოსაზრება და არა ჭორები, რომ ეს იმას აწყობს, ეს იმას აწყობს... მთავარია, რა აწყობს ქვეყანას, უნდა აღდგეს სამართალი.
ასეთი ფორმულირებით რომ შეგეტანათ სარჩელი, რომ ხუთი წლით განისაზღვროს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა და არა - ხუთი წლითა და ათი თვით? რატომ არ გაასაჩივრებთ ამ ფორმულირებით და მარტო არჩევნების გადმოტანაზე რატომ აკეთებთ აქცენტს?
- ჩვენ ვასაჩივრებთ ორივე საკითხს - პრეზიდენტისა და პარლამენტის მოქმედების ვადებს. უბრალოდ, ახლა აქტუალური გახდა პარლამენტის თემა, რადგან საპარლამენტო არჩევნები რამდენიმე თვეში უნდა იყოს. ჩვენ ვასაჩივრებთ ორივე ნორმას, ჩვენთვის მიუღებელია, რომ საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება 4 წელი და 6 თვე იყოს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება - 5 წელსა და 10 თვეზე მეტი, დაახლოებით 11 თვე. კახიშვილის ინტერპრეტაციაა, თითქოს მეორე სარჩელი არ შეგვაქვს სასამართლოში, სინამდვილეში, ორივე სარჩელი შეგვაქვს. თქვენ ამბობთ, რომ უკეთესად დაგვეწერა სარჩელი? ჩვენ არჩევნების მაისში გადმოტანას არ ვითხოვთ, ზუსტად მანდ არის ინტერპრეტაცია. მერე კიდევ პარლამენტს მოუწევს ხელახლა შეკრება, ზუსტად განსაზღვრა, რამდენი დღით ადრე უნდა დაინიშნოს არჩევნები, როგორ დაინიშნოს. ასე არ არის, რომ მაინცდამაინც მაისში ან ივნისში დაინიშნება. ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მე ვამბობ, რომ წესით უნდა გამართულიყო მაისში, ეს სხვა რაღაცაა, ოთხი წლის თავი უწევს მაისში. იმის იქით, ყველა დღე არაკონსტიტუციური იქნება. გინდ შემეტანა სარჩელი, გინდ - არა, გინდ, მოვიგო და გინდ არა, პარლამენტი მაინც არაკონსტიტუციურია. მისი მოქმედების მანდატი ხალხის მიერ ინიცირებული არაა.