მთავრობის ინიციატივით, დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) ჩათვლის უფლებით თავისუფლდება საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება, მის სამრეწველო დამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე). მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, გია ხუროშვილმა ,"ვერსიასთან'' საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ცვლილებებით, პირველად პროდუქციაზე, მაგალითად, კიტრზე, პომიდორსა და კარტოფილზე დღგ-ს 18% მოიხსნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროდუქცია 18%-ით გაიაფდება. ეკონომიკის ექსპერტები მთავრობის ამ ინიციატივას დადებითად აფასებენ, მაგრამ იქვე დასძენენ, რომ ხელისუფლების პროგნოზი პროდუქციის 18%-ით გაიაფებასთან დაკავშირებით, გადაჭარბებულია. სინამდვილეში, ამ ცვლილებებით სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქცია, შესაძლოა, 3-დან 5%-მდე გაიაფდეს.
მთავრობის საპარლამენტო მდივანი, გია ხუროშვილი "ვერსიასთან" საუბრისას აცხადებს, რომ ჩვენი თანამოქალაქეების უმთავრესი პრობლემა უმუშევრობა და პროდუქტებზე არსებული მაღალი ფასებია. ხუროშვილის თქმით, მთავრობა ვალდებულია, ორივე მიმართულებით ჰქონდეს მწყობრი პოლიტიკა და ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომლითაც ადამიანებს ყოველდღიურ ყოფას შეუმსუბუქებს: "საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ბუნებრივია, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობა და ვერც ერთი უწყება, ვერ დაიწყებს ფასების კონტროლს ცალკეული მაღაზიების მიხედვით. ვერც მეწარმეებს დაუდგენს, რა ფასად გაყიდონ ესა თუ ის პროდუქტი, მაგრამ მთავრობას აქვს მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელია, გავამარტივოთ და შევამციროთ საგადასახადო ტვირთი. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და დღგ-ს ვუხსნით პირველადი წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქციას, რაც, თავისთავად, 18%-ით გააიაფებს ამ პროდუქტის თვითღირებულებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, ხელს შევუწყობთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას და მეორე მხრივ - დავიცავთ ჩვენ მოქალაქეებს გაზრდილი ფასებისგან''.
საინტერესოა, როგორ და რა მექანიზმით გაიაფდება გლეხის მიერ მოწეული კიტრი და პომიდორი 18%-ით მაშინ, როდესაც ის არც დღგ-ს გადამხდელია და, მით უმეტეს, არც ბუღალტერიას აწარმოებს. ამიტომ, ცოტა გაუგებარია, როგორ ჩაითვლის ტიპიური გლეხი დღგ-ს მის მიერ გაწეულ ხარჯებში, რაც მან პირველადი პროდუქციის მოსაყვანად გახარჯა. ჩვეულებრივ, იურიდიულ პირს ან ფერმერულ გაერთიანებას, იგივე კიტრის ან პომიდორის მოსაყვანად სჭირდება ტრაქტორი, საწვავი და ცხადია, ამ ცვლილების თანახმად, სწორედ საწვავის ღირებულებაში არსებული დღგ-ს 18% გაექვითება (სახელმწიფო უკან დაუბრუნებს), მაგრამ გლეხისთვის, რომელიც ისედაც დღგ-ს გადამხდელი არ არის, არაფერი არ იცვლება. "ვერსია'' სტრატეგიული განვითარებისა და კვლევების ცენტრის ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელს, შოთა მურღულიას დაუკავშირდა:
- კარგად უნდა ავხსნათ, რომ საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლი ითვალისწინებს დღგ-სგან გათავისუფლების შემთხვევებს. უბრალოდ, არსებობს ორი ტიპის გათავისუფლება, ერთი - დღგ-ს ჩათვლის უფლებით და მეორე - ჩათვლის უფლების გარეშე.
ის, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ და რაც უკვე მთავრობისგან გაჟღერდა, ისედაც გათავისუფლებული იყო დღგ-სგან, მაგრამ ჩათვლის უფლების გარეშე, ანუ საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველ აბზაცში ეს ისედაც ეწერა. ამავე მუხლის მეორე პუნქტი უკვე დღგ-ს ჩათვლის უფლებით გათავისუფლებას მოიცავს.
- ბატონო შოთა, ეს ყველაფერი, უფრო გასაგებ ენაზე რას ნიშნავს?
- ჯერ ერთი, პროდუქცია 18%-ით არც ერთ შემთხვევაში არ გაიაფდება, ელემენტარული არითმეტიკის მიხედვითაც კი. თუ რაიმე ტიპის საქონელი ღირს 118 ლარი, სადაც 18 ლარი სწორედ დღგ-ს 18%-ია და მართალია, ჩვეულებრივი ადამიანისთვის ამ საქონლის ფასი 118 ლარია, დღგ რომ მოვუხსნათ კიდეც, 18%-ით კი არა, არამედ - 15.25%-ით გაიაფდება.
- თუკი დღგ 18%-ია, 15.25% რა შუაშია, არ მესმის?
- ფინანსისტებმა ძალიან კარგად იციან, რატომ ხდება ასე, მაგრამ თქვენც აგიხსნით. თუ საქონლის საბოლოო ფასი 118 ლარია, 118 ლარში 18% კი არ არის დღგ, არამედ - 15.25%. მაგალითად, რაიმე პროდუქტის ფასი, დღგ-ს ჩათვლით 118 ლარია. თუ მოვხსნით დღგ-ს, ამ პროდუქტის ფასი გახდება 100 ლარი, ანუ 18 ლარით გაიაფდება, მაგრამ პროდუქცია რომ გავაიაფოთ, ეს 18 ლარი უნდა გავყოთ 118-ზე და 100-ზე გავამრავლოთ, ჯამში კი 15.25-ს ვიღებთ. ხომ მიხვდით? თუკი პროდუქციაზე დღგ-ს მოვხნით, მათემატიკური გამოთვლის მიხედვითაც კი, არ გაიაფდება ეს პროდუქტი 18%-ით. ეს ცვლილება იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის, ვთქვათ, კიტრის, პომიდორის, კარტოფილის მწარმოებელს, დღგ-ს ჩათვლის უფლება აქვს. თქვენი აზრით, ამ პროდუქციის მომყვანი საქართველოში ვინ არის, შპს, ფიზიკური პირი თუ გლეხი?
- ცხადია, გლეხებს მოჰყავთ სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქცია, მაგრამ გადამამუშავებელი საწარმოების მფლობელები გლეხებისგან ძალიან მცირე რაოდენობას იბარებენ. ჩემი ინფორმაციით, გადამამუშავებელი საწარმოების მფლობელებს თვითონვე მოჰყავთ ის პროდუქცია, რომელიც გლეხებისგან უნდა ჩაიბარონ.
- კი, ბატონო, ასეა. შესაბამისად, ეს ცვლილება გლეხისთვის არაფერს არ შეცვლის, რადგან ის არ აწარმოებს ბუღალტერიას, ვერც ვერაფრის ჩათვლას მოახერხებს და შესაბამისად, გლეხის მიერ წარმოებული პროდუქტის თვითღირებულებაშიც არაფერი შეიცვლება. ახლა, რაც შეეხება უშუალოდ ფირმებს, იქნება ეს შპს, ფერმერული გაერთიანება, თუ იურიდიული პირები, მათ შეუძლიათ, დღგ-ს ჩათვლა, მაგრამ მეორე მხრივ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანებს, რომლებიც სოფლის მეურნეობაში არიან დასაქმებული, ხელფასზე დღგ არ ერიცხებათ. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანისთვის საჭირო ძირითადი ხარჯები, დღგ-ს ისედაც არ შეიცავს.
- გამოდის, რომ ხელისუფლება გვატყუებს?
- ისე კი არ უნდა გავიგოთ, რომ ეს ცუდი ინიციატივაა. არა, ცხადია, ეს ცვლილება პროდუქციის გაიაფებას მცირედით ხელს შეუწყობს, მაგრამ გადაჭარბებულია იმის თქმა, რომ სურსათი 18%-ით გაიაფდება. შეიძლება, მესამედითაც არ გაიაფდეს და, ზოგადად, ბაზარზე ფასწარმოქმნის დროს, მიწოდება-მოთხოვნის კონიუნქტურაც უნდა გავითვალისწინოთ. დიახ, ეს ინიციატივა ფასის შემცირებას გამოიწვევს იმიტომ, რომ ფერმერულ გაერთიანებას თუ იურიდიულ პირს ცოტათი გაუიაფდება პროდუქციის წარმოება, მაგრამ 18%-ით ნამდვილად არა, რადგან მისი ხარჯების დიდი ნაწილი დღგ-ს საერთოდ არ შეიცავს. ამას დაუმატეთ გლეხები, ვისთვისაც ეს ინიციატივა არაფერს შეცვლის, რადგან ისინი ისედაც გათავისუფლებული იყვნენ დღგ-სგან, ანუ ჩათვლის უფლება ექნებათ თუ არა, ამას მათთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ, ჩემი აზრით, ასე უნდა შევაფასოთ, დღგ-სგან გათავისუფლება კარგი ინიციატივაა, მაგრამ სურსათი 18%-ით კი არა, 5%-ით მაინც რომ გაიაფდეს, დიდი შეღავათი იქნება.
აქ არის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი თემა, რომელიც არ უნდა გამოგვრჩეს - საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) წევრი ქვეყანაა და არ შეიძლება, ადგილობრივ პროდუქციას განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი შეღავათები დავუწესოთ, რადგან ასე შეიძლება, მსო-ში შეგვექმნას პრობლემები. მიუხედავად ამისა, ძალიან კარგია, რომ ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობა დაიწყო, მაგრამ ამ დარგს კოსმეტიკური შეღავათების ნაცვლად, სტრატეგიის შემუშავება სჭირდება. საინტერესოა, რომელი სტრატეგიის ნაწილია ეს კონკრეტული ცვლილება? ჯერ უნდა დაიწეროს, რა სჭირს სოფლის მეურნეობას და რა შეიძლება, სახელმწიფომ ამ მიმართულებით გააკეთოს, შემდეგ ისიც უნდა გავწეროთ, რა საგადასახადო თუ ფისკალური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს.
1990
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85