„ეს შენ გეხება“, - კამპანიის ფარგლებში საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის მიზნით არასამთავრობოებმა, მედიაორგანიზაციებმა თუ ექსპერტებმა შესაბამის პეტიციაზე მოაწერეს ხელი. „ქორთიარდ მარიოტის“ წვეულებათა დარბაზში ხელმოწერის ცერემონიალზე 170-ზე მეტი ხელმოწერა დაფიქსირდა.
პეტიციაზე ხელმომწერი ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კანონი საფრთხეებს უქმნის, როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას და აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში. ამიტომაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით პეტიციაზე ელექტრონული ხელმოწერები კვლავაც გაგრძელდება. უახლოეს დღეებში კი ამოქმედდება კამპანიის „ეს შენ გეხება“ ვებგვერდი და სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ სპეციალური გვერდი შეიქმნება.
„არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ვაცნობიერებთ რა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობას, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ ამ საკითხთან დაკავშირებით 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას; მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს; განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს - საქართველოს კონტროლის პალატას; სერიოზულ საფრთხეებს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, მედიას; აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას“, - ნათქვამია პეტიციაში.
მეტიც, პეტიციაზე ხელმომწერნი მიიჩნევენ, რომ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები იურისტებისთვისაც კი ძალიან ბუნდოვანია და ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ზედმეტად გამკაცრებული სანქციებით კი საფრთხე ექმნებათ რიგით მოქალაქეებს. ხვალვე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში ამ პეტიციას შეიტანენ და იქვე, პარლამენტის საშვთა ბიუროს წინ, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის მოთხოვნით, მხარდამჭერ აქციას გამართავენ.
Presage.tv ესაუბრა პეტიციაზე ხელმომწერ არასამთავრობოებს, მედიის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს.
კოალიაცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ წევრი მაგდა პოპიაშვილი აცხადებს, რომ მათი მიზანია, შეიცვალოს ის კანონმდებლობა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ბოლოს არჩევნებთან დაკავშირებით მიიღო.
„ძირითადად ეს ეხება პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონს და სხვა საარჩევნო კანონმდებლობას, რომლითაც, პარტიების უფლებებთან ერთად, იზღუდება მოქალაქის უფლებები. ეს პირდაპირ ეხება მოქალაქის მიერ სიტყვის, გამოხატვის, საკუთრების თავისუფლებას, ამიტომაც დავარქვით კამპანიას „ეს შენ გეხება“, რათა მოქალაქეებმა გაიგონ, მათ რა შეზღუდვები დაუწესეს. ჩვენი მიზანია, მოქალაქეებთან აქტიური ურთიერთობა, რეგიონებში გასვლა და ბრძოლა ამ კანონმდებლობის შესაცვლელად. ამისთვის უკვე მზად გვაქვს საკანონმდებლო წინადადების პაკეტი“, - აცხადებს მაგდა პოპიაშვლი.
მისი აზრით, სამოქალაქო სექტორის აქტიურობით ხელისუფლება იძულებული გახდება, შეცვალოს კანონმდებლობა.
„ჩვენ ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებთან, დიპკორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. აქედან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ საერთაშორისო ზეწოლას ამ ხელისუფლებაზე, ვფიქრობ, მმართველ გუნდს მაინც მოუწევს, ცვლილებები შეიტანოს ამ კანონმდებლობაში. ჩვენ გვინდა, სარჩევნო გარემო თანაბარი იყოს, ამიტომ ამას თავს არ დავანებებთ. მაისში კი არა, ერთ თვეშია მოსწრებადი ეს, თუ ხელისუფლება გონივრულად მოიქცევა,“ - აცხადებს მაგდა პოპიაშვილი.
ჟურნალისტ თამარ ჩიქოვანის შეხედულებით, იმდენად გაუაზრებელი და ბუნდოვანია ის ცვლილებები, რომელიც კანონში შევიდა, რომ, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი ადამიანის პასუხისგებაში მიცემა შესაძლებელია.
„მესმის, რომ 3 მილიონ ადამიანს არავინ დაიჭერს, მაგრამ ეს არის თავისებური შიშის სინდრომის შექმნა, ზეწოლის მოხდენა თვითოეულ ადამიანზე. ამიტომ ვთვლი, რომ ან უნდა შევიდეს კანონში ცვლილებები, ან გაირკვეს მაინც, რა წერია კანონში. ეს ყველასთვის გაუგებარია, თავად კანონმდებლებიც დაბნეულნი არიან, ყველა თავისებურ დასკვნას აკეთებს და თავს იმართლებენ, რომ კანონი იმას შეეხება, ამას კი არ შეეხება. სამწუხაროდ, ჩვენ, ყველანი, მეტ-ნაკლებად პოლიტიკასთან დაკავშირებულნი ვართ და გამოდის, რომ დარტყმის ობიექტები შეიძლება ყველანი გავხდეთ,“ - გვითხრა თამარ ჩიქოვანმა.
ჟურნალისტ ნანა ლეჟავას აზრით, ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო გარემოს გაუმჯებესების ნება რომ არ არის, ეს ამ კანონის მიღებისთანავე გამოჩნდა.
„ეს არის ძალიან ბუნდოვანი კანონი, დაწერილი მხოლოდ იმისთვის, ვინც მას აღასრულებს. მის აღმსრულებელს უფლება ეძლევა, კანონი საკუთარი განწყობით წაიკითხოს. ამიტომ კონკრეტულად ყველა ადამიანს, არასამთავრობო ორგანიზაციის თუ მედიასაშუალების წარმომადგენელს, უნდა, გაგვაგებინონ, პირველ რიგში, რას გულისხმობენ პოლიტიკურ აქტივობაში. მათი განწყობიდან გამომდინარე, რომ არ იყოს ეს ყველაფერი და, ელემენტარულად, კანონში წაიკითხო და იცოდე, რა შემთხვევაში, არ არღვევ კანონს. ამიტომ ცვლილება ნამდვილად შესატანია და სწორედ ნაჩქარევად მიღებული კანონის გამო შეიქმნა ეს პრობლემები. თავის დროზე ისე მოხდა ყველაფერი, რომ საზოგადოებას, გარკვეულწილად, ყურადღების მიღმა დარჩა, და ახლა ვიმკით იმას, რაც ასე სწრაფად განახორციელა ხელისუფლებამ,“ - აცხადებს ნანა ლეჟავა.
გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში იმედოვნებს, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით სამოქალაქო სექტორის აქტიურობა შედეგს მოიტანს.
„შეუძლებელია, გვქონდეს დრაკონული კანონები, რადგან ჩვენ გვჭირდება ნორმალური არჩევნები. დაუშვებელია, გვქონდეს კანონები, რომელიც საფრთხეს უქმნის თითოეულ მოქალაქეს, ორგანიზაციას, მედიას, საზოგადოებას. ამის დაშვება შეუძლებელია. ამიტომ ეს უნდა შეიცვალოს. მე მგონი, ასეთი მყარი პოზიცია აუცილებლად შედეგს მოიტანს. ჩვენი ნებაა მთავარი და არა - ხელისუფლების ნება“, - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.
ჟურნალისტი ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც პეტიციაზე ხელმომწერთა რიცხვი გაიზრდება და საზოგადოება მასზე ხელმოწერას დაიწყებს, რეალურად დავინახავთ, თუ რა რაოდენობის მოქალაქეები უჭერენ მხარს ამ ცვლილებას. მისი თქმით, კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის დეკემბრის ბოლოს მიიღო, არა კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის ან პოლიტიკური აქტივისტის შემზღუდავი კანონია, არამედ ნებისმიერი მოქალაქისთვის სერიოზული წინაღობაა, რათა იგი პოლიტიკურ პროცესში არ ჩაერთოს.
„პირდაპირ რომ ვთქვათ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი და პრეზიდენტმაც ხელი მოაწერა ამ კანონს, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალა. პოლიტიკური საქმიანობა არ არის მარტო ის, რომ მაინცდამაინც პოლიტიკურ პარტიაში იყო გაწევრიანებული. როდესაც ელემენტარული განცხადებით გამოდიხარ, ეს უკვე პოლიტიკური საქმიანობაა. ახლა კი ამ პოლიტიკურ საქმიანობას უნდა მოსწყდეს ყველა მოქალაქე. ანუ, საქართველოში პოლიტიკური პროცესი საბოლოოდ უნდა მოკვდეს. ეს არის ამ კანონის მიღების მიზანი. კარგია, რომ სამოქალაქო სექტორი, მედია და სოციალურად აქტიური მოქალაქეები მიხვდნენ, რომ ამ კანონის ბოლომდე დატოვება არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად მივაღწევთ, რომ 28 დეკემბერს მიღებული კანონი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ, შეიცვლება“, - აცხადებს ზვიად ქორიძე.
აქვე Presage.tv საარჩევნო კანონის იმ მუხლების ნაწილსაც შემოგთავაზებთ, რაც ხელისუფლებას არასასურველი იურიდიული თუ ფიზიკური პირების „განეიტრალების“ საშუალებას აძლევს.
კერძოდ, იურიდიული პირებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, 26-ეს პრიმა მუხლის მიხედვით, დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება ა) იურიდიულ პირზე, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირაა დაკავშირებული პარტიასთან, სხვაგვარად იმყოფება პარტიის კონტროლქვეშ ან აქვს გაცხადებული მიზნები და ამოცანები; ასევე, ბ) იურიდიულ პირზე, რომელიც წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისკენ ან მხარდაჭერისგან თავშეკავებისკენ. ასევე, პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის გამოხატვამ შესაძლოა, პირს შემოსავლის წყარო შეუზღუდოს. კერძოდ, თუ ის მუშაობს არასამთავროვო ორგანიზაციაში და მისი ორგანიზაციის რომელიმე პირი დააფიქსირებს, რომ მას არ მოსწონს რომელიმე პოლიტიკური ფიგურა ან ძალა, შესაძლოა, მის ორგანიზაციაზე გავრცელდეს პოლიტიკური პარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები და ორგანიზაციას დონორისგან დაფინანსება შეუწყდეს, რადგან კანონი პარტიებს გრანტის მიღებას უკრძლავს. თუ შენ ხარ ფარმაცევტული კომპანიის მფლობელი და საჯაროდ განაცხადე, რომ მხარს უჭერ ამა თუ იმ პარტიას, ასეთი მოწოდება საკმარისია, რომ კომპანიას აეკრძალოს კრედიტის აღება, 60 ათასი ლარის ზემოთ შემოსავლის მიღება და სხვა.
ასევე, შეზღუდვები ვრცელდება ფიზიკურ პირებზეც. მუხლი 164-ე პრიმა ამომრჩევლის მოსყიდვას შეეხება. პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკურად აქტიური პირისგან დახმარების მიღების ან თხოვნის გამო, შესაძლოა, სამი წლით თავისუფლება აღგეკვეთოს. მაგალითად, თუ შენი მეგობრის დედასთან მივიდა მმართველი პარტიის წარმომადგენელი და ქირურგიული ოპერაციის ღირებულების დასაფარად შესთავაზა თხოვნის წერილის დაწერა მერიის სოციალური სამსახურის და მმართველი პარტიის სახელზე, ეს შესაძლოა, გახდეს, ამ ქალბატონის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთის საფუძველი. ხოლო, თუ მაჟორიტარმა დეპუტატმა სამეზობლოს დაგირიგათ საჩუქრები, ამის გამო, შესაძლოა, სამი წლით თავისუფლებას გამოემშვიდობოთ;
კანონი ასეთივე შეზღუდვებს უწესებს პარტიებსა და საარჩევნო სუბიექტებს. მუხლი 27-ის თანახმად, თუ შემომწირველი პირები შემოსავალს მთლიანად ან ნაწილობრივ იღებენ ერთი წყაროდან, მაშინ მათ მიერ საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ წლის განმავლობაში განხორციელებულ შემოწირულობათა რაოდენობა არ უნდა აღემატოს 500 ათას ლარს, ხოლო საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატოს 600 ათას ლარს.
კიდევ ერთი მუხლი_ 34-ეს მეორე ნაწილი ითვალისწონებს, რომ პოლიტიკური პარტიისთვის მხარდაჭრის მოწოდება, შესაძლოა, კონტროლის პალატის მიერ შენი ან შენი კომპანიის ქონების დაყადაღების საფუძველი გახდეს.
აქედან განომდინარე, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის მოსურნე ადამიანები ასკვნიან, რომ კანონის არსებული ჩანაწერები არა მარტო აბსურდული და ბუნდოვანია, არამედ საზოგადოების დაშინებას ემსახურება. კერძოდ, კანონის სულისკვეთებაა: კარგად დაფიქრდი, სანამ რაიმეს იტყვი ან მოიმოქმედებ, პრობლემა არ შეგექმნას და არ დაგიჭირონ!