ფიქსირებული სატელეფონო კომპანიების აბონენტებს ტარიფების შემცირების იმედი არ უნდა ჰქონდეთ, ისე როგორც ეს მოხდა მობილურ ოპერატორებთან. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოფიქრებულმა პორტირების სისტემამ ე.წ. ქალაქის ტელეფონებზე ვერ გაამართლა.
მარეგულირებლის მოლოდინის მიუხედავად, ფიქსირებული სატელეფონო კომპანიები ტარიფების შემცირებას არ გეგმავენ. კომპანია „ახალ ქსელებში“ აცხადებენ, რომ ცვლილებებს ტარიფების მიმართულებით არც პორტირების პროცესის დაწყებამდე ელოდებოდნენ.
მათივე თქმით, მომხმარებლები ქსელის ცვლილების ან მათთან გადასვლის გადაწყვეტილებას ეტაპობრივად იღებენ, ხოლო ფასებს თავად ბაზარი არეგულირებს. „ახალ ქსელებში“ აცხადებენ, რომ გაურკვეველია რა ცვლილებები მოხდება ბაზარზე მომავალში, თუმცა დღეისთვის ტარიფების ცვლილება მოსალოდნელი არაა.
კომპანია „სილქნეტში“ კი მიაჩნიათ, რომ აბონენტებს კონკურენტუნარიან ტარიფებს სთავაზობენ და მათი უპირატესობა სერვისების მრავალფეროვნებაა. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, მომხმარებელს სატარიფო სქემების ფართო არჩევანის საშუალებას აძლევს, მათ შორისაა ორმაგი, სამმაგი და ოთხმაგი პაკეტები.
ერთი სიტყვით, ფიქსირებულ ქსელებზე პორტირების პროცესის დაწყებიდან ორთვენახევრის შემდეგ ბაზარზე არანაირი ძვრა არ შეინიშნება. პორტირების პროცესი 2011 წლის 1-ელ დეკემბერს დაიწყო. მიუხედავად ამისა, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ვარაუდობენ, რომ ტარიფების გადახედვა, მობილური ოპერატორების მსგავსად, პორტირების პროცესში აბონენტების გააქტიურების შემდეგ, რამდენიმე თვეშია მოსალოდნელი. ჯერჯერობით, ფისქირებულ ქსელში პორტირების სერვისით სულ 1000 ცოტა მეტმა აბონენტმა თუ ისარგებლა.
კომისიაში განმარტავენ, რომ სააბონენტო ნომრის პორტირების ტექნოლოგიის დანერგვის წარმატება იზომება არა პორტირებული აბონენტების სტატისტიკის სიდიდით, არამედ ოპერატორებს შორის მძაფრი კონკურენციის გაღვივების ხელშეწყობით.
„კონკურენციის გამძაფრება, თავის მხრივ, პირდაპირპროპორციულად აისახება სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორების სატარიფო პოლიტიკაზე“, - აღნიშნავენ მარეგულირებელ კომისიაში.
როგორც ჩანს ფიჭურ კავშირგაბმულობაში უფრო მძაფრი და ჯანსაღი კონკურენციაა. მართალია ფიჭური სამეული (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) პორტირებას დიდი ხალისით არ შეხვედრიან და ერთი ქსელიდან მეორეში გადასვლას დიდი ბუმი არ მოჰყოლია, მაგრამ ტარიფები კი დიდი სისწრაფით შემცირდა. თანაც კომპანიებმა უამრავი სატარიფო პაკეტი შესთავაზეს მომხმარებელს.
ამ ეტაპზე ფიჭური კავშირგაბმულობით მოსარგებლე მომხმარებლების მხოლოდ 3%-მა თუ ისარგებლა პორტირებით. პორტირებული აბონენტების რაოდენობა ოდენ 107 422-ით განიზომება. აქედან, 96 266 აბონენტი უკვე სხვა ქსელის ოპერატორის მომსახურებით სარგებლობს.
სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დანერგვის დღიდან მოზიდული აბონენტების რაოდენობით „ჯეოსელი“ ლიდერობს, სადაც კონკურენტი კომპანიებიდან 45 386 აბონენტი გადავიდა. „ჯესოელიდან“ კი სხვა მობილურ ქსელში 32 914 აბონენტმა გადაინაცვლა. მეორე ადგილზეა „ბილაინი“, საიდანაც სხვა მობილურ კომპანიებში 19 413 აბონენტი გადავიდა, ხოლო კომპანიამ პორტირების შედეგად 23 996 აბონენტი შეიძინა. პორტირების აუტსაიდერია კომპანია „მაგთიკომი“, სადაც სხვა მობილური ქსელებიდან 30 847 აბონენტი გადავიდა, ხოლო „მაგთიკომიდან“ კონკურენტი კომპანიების მობილურ ქსელებში 47 902 აბონენტი წავიდა.