ათასობით სტუდენტი უფულობის გამო სწავლას თავს ანებებს

ათასობით სტუდენტი უფულობის გამო სწავლას თავს ანებებს

ათასობით სტუდენტი სწავლის გადასახადს ვერ იხდის და იძულებულია უმაღლეს განთლებაზე უარი თქვას, საუკეთესო შემთხვევაში კი დროებით გადადოს, სანამ თავად მას ან მისი ოჯახის წევრებს შესაბამისი თანხა გაუჩნდებათ. საქართველოში 10 000 სტუდენტს, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, სტუდენტური სტატუსი აქვს შეჩერებული. გამოსავალი არ ჩანს, ვითარება თანდათან მძიმდება.

დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია ხელისუფლებას სთხოვს, მათთვის სუბსიდია გამოყოს. „მოვითხოვთ, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდია გამოიყოს. რა ქნან იმ სტუდენტებმა, რომლებიც საფასურს ვერ ფარავენ? მათ არ აქვთ განათლების მიღების უფლება?” - აცხადებს დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე კობაიძე. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერებას არ უარყოფენ, თუმცა აცხადებენ, რომ სტუდენტური სტატუს-შეჩერებულთა რიცხვი განგაშის საფუძველს არ იძლევა.

„სტუდენტური სტატუსი მართლა შეუჩერდა რამდენიმე სტუდენტს, მაგრამ ეს დროებითია. როგორც კი ისინი საფასურის დაფარვას შეძლებენ, ჩვენ დაუყონებლივ აღვუდგენთ სტატუსს“, - აცხადებს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელმა ოთარ ზუმბურიძემ.

ტექნიკური უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტი კი აცხადებს, რომ იმ პირობებში, როცა ზოგიერთ ოჯახში ორი და ორზე მეტის სტუდენტი ცხოვრობს, 2250 ლარი რთული გადასახდელია და ისინი იძულებული არიან უნივერსიტეტში სწავლა იძულებით შეწყვიტონ.

სტუდენტური სტატუსი სწავლის გადაუხდელობის გამო სხვა, არაერთი უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეუჩერდათ. უნივერსიტეტების ხელმძღვანელობა მათგან სწავლის საფასურის დაფარვას ელოდება.

გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს განათლების ლიგის თავმჯდომარე მანანა ნიკოლეიშვილიც. მისი თქმით, ბოლო წლებში ბევრმა სტუდენტმა აიღო აკადემიური იმის გამო, რომ მისი ოჯახი სწავლის საფასურს ვერ ფარავდა. 

„ჩვენ უმაღლეს სასწავლებლებში დაწესებული სწავლის საფასური სახელმწიფოს მიერ არაგონივრული პოლიტიკის გატარებაზე მიანიშნებს. მშობლების უმეტესობა ვერ წვდება ამ გადასახადს, მით უფრო, რომ ახლა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, რომლებსაც სწავლის გაგრძელება სურთ, ოთხის ნაცვლად, უკვე რვა საგანში ემზადებიან რეპეტიტორთან“.

ნიკოლეიშვილის გამოანგარიშებით, საერთო ჯამში, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებამდე, მშობელი ბავშვისათვის დაახლოებით 16 ათას ლარს იხდის (ბაღის გადასახადი, სკოლის გადასახადი, რეპეტიტორები). ამ ყველაფერს ემატება უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გადასახადი, რომლის დაანგარიშება იმაზეა დამოკიდებული ესა თუ ის აბტურიენტი რომელ ფაკულტეტს და სპეციალობას აირჩევს.

„საქართველოს პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საშუალო გადასახადი წელიწადში დაახლოებით 4000 ლარია და ბაკალავრის დიპლომის აღებამდე (4 წელიწადში) 16 ათასი ლარი უნდა გადაიხადოთ. იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენი შვილი მაგისტრატურაში გადაწყვეტს სწავლის გაგრძელებას, რაღა თქმა უნდა, სწავლის საფასური აქაც უნდა დაფაროთ. ასე რომ, თუ გსურთ, შვილს სრულფასოვანი განათლება მისცეთ, ოჯახის ბიუჯეტიდან 32-35 ათასი ლარი მაინც უნდა გადადოთ.

მოკლედ, საბავშვო ბაღიდან დაწყებული და უმაღლესი სასწავლებლით დამთავრებული, ყველაფერი ისეთ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომელსაც საშუალო შეძლების ოჯახი გაჭირვებით, ზოგჯერ კი საერთოდ ვერ წვდება“, - აცხადებს ნიკოლეიშვილი.