ჰამლეტ ჭიპაშვილი: „არ ვიცი წამოსცდა თუ არა ბათუ ქუთელიას...“

ჰამლეტ ჭიპაშვილი: „არ ვიცი წამოსცდა თუ არა ბათუ ქუთელიას...“

თურქეთის საგარეო მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ აცხადებს, რომ ირანზე სამხედრო იერიშმა შესაძლოა კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს. ანკარის მთავარი ვეზირი აშშ–ს და ისრაელს პრობლემის დიალოგის გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ამგვარი მცდელობების მიუხედავად, სპარსეთის ყურის რეგიონში შეუქცევადი მილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს.

მიმდინარე დაპირისპირებაზე და მოსალოდნელ შედეგებზე პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილს ვესაუბრებით. 

ჰამლეტ ჭიპაშვილი: რეალობა ისეთია, რომ თავად ამერიკელი სპეციალისტების აზრით, ირანის ბირთვული ობიექტების განადგურება წარმოუდგენელია. ისრაელის სურვილია იერიშის მიტანით ამ ობიექტებზე ბირთვული კვლევები ორი წლით მაინც შეაჩეროს. მაგრამ როგორც ამერიკელი ექსპერტები ამბობენ, ებრაელებს აქვთ ბობდამშენი–თვითმფრინავებები, რომელთაც დამატებით საჰაერო ტანკერები სჭირდებათ; რადგან ამ ობიექტებამდე 2 ათას კოლომეტრამდე მანძილია. იმისთვის, რომ იერიში მიიტანო და უკან დაბრუნდე, საჭიროა ჰაერში ამ ბომბდამშენების ავზების შევსება. რაც საჭიროებს არაერთ და ორ ასეთ ტანკერს.

მეორეც, 2007 წელს ისრაელმა სირიის ოსირაკის ბირთვული რეაქტორი გაანადგურა.  ეს ძალიან იოლად მოახერხა, რადგან რეაქტორი მიწისზემოთ იყო განლაგებული. ამის შემდეგ თეირანმა სათანადო დასკვნები გააკეთა და ბირთვული ობიექტები სხვადასხვა რაიონებში, მიწისქვეშ განალაგა. ირანის ტერიტორია კი მოგეხსენებათ, საკმაოდ დიდია. ობიექტების ნაწილი განლაგებულია თეირანიდან სამი საათის სავალზე; მეორე ყუმთან მთებშია და ნაწილი თურქმენეთის საზღვართან სიახლოვესაა. ეს არის ცნობილი ერთი მესამედი იმ რეალური სხვა ბირთვული კვლევის ცენტრებისა, რომლებიც ირანში არსებობს.

ეს ობიექტები რომ დაიბომბოს, სხვა ტიპის ბომბები არის საჭირო. ისეთი, როგორიც აშშ–ს კვლევითმა ცენტრმა ქვეყნის სამხედრო–საჰაერო ძალებს გადასცა. საუბარია 15 ათასი კილოგრამიიან ბომბზე. იგი ისრაელს ჯერჯერობით არ გააჩნია. მაგრამ მასაც კი გაუჭირდება იმ სიღრმეში ჩასვლა, სადაც ბირთვული კვლევების ცენტრები არიან განლაგებულნი. საუბარია მთების ძირში, დაახლოებით 80 მეტრ სიღრმეზე. 

ეს ყველაფერი ერთ რამეზე მოწმობს – ისრაელმა ირანის ამ ობიექტებზე იერიში რომ მიიტანოს, ასამდე თვითმფრინავი დასჭირდება. თანაც არა ერთი და ორი დღე, არამედ ამისთვის კვირეები მოუნდება. ვიმეორებ, ამას ამერიკელი სპეციალისტები და სხვათა შორის, ისრაელის საჰაერო ძალების მაღალჩინოსნები ამბობენ. ასე რომ, თელ–ავივის შეტევა შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ ეს ძალიან სერიოზული ძალების კონცენტრაციას მოითხოვს. 

როგორც ჩანს, ეს მომენტი მხედველობაში მიღებული აქვთ. ამდენად, მიმდინარეობს მხოლოდ ვერბალური მუქარა, რომ დღეს თუ არა ხვალ–ზეგ შეტევა განხორციელდება. აშშ–ს თავდაცვის მდივანი პანეტა ამბობს, რომ ამერიკა არ აპირებს, მაგრამ ისრაელს ხელს არ შეუშლის, რომ ირანი დაბომბოსო. მერე ისრაელი ამბობს, რომ ახლა არა, მერე გავაკეთებო. ერთიმეორის გამომრიცხავი განცხადებები იმაზე მოწმობს, რომ არც ვაშინგტონი და არც ისრაელი, ტექნიკური საშუალებებიდან გამომდინარე მზად არ არიან იმისთვის, რომ ირანის ბირთვული კვლევის ცენტრები დაბომბონ. 

თუმცა, საერთაშორისო მედია, სპარსეთის ყურის რეგიონში სამხედრო ძალების კონცენტრაციაზე აქტიურად წერს. 

– პერსპექტივაში ყველაფერი მოსალოდნელია. მოგეხსენებათ, აშშ–ი არჩევნებია და თვით ეს კენჭისყრა რას მოითხოვს, ჯერ კიდევ საკითხავია. პროცესმა შეიძლება ამერიკის, უპირველეს ყოვლისა – ბარაკ ობამას პოზიციების გამკაცრება მოითხოვოს.  მან შეიძლება ეს ნაბიჯი გადადგას, მაგრამ გააკეთებინოს სხვას, უპირველეს ყოვლისა – ისრაელს; თავი დაუქნიოს თელ–ავივს ირანის ბირთვულ ობიექტებზე სამხედრო იერიშის მისატანად.

ამას რა შედეგები მოჰყვება? 

– მოსალოდნელი შედეგები, პირველ რიგში, ოფიციალური ანკარისთვის კარგად არის ცნობილი. თურქეთი საკითხს ძალიან სერიოზულად ეკიდება, რადგან იცის, რომ ასე თუ ისე, პროცესში ჩართვა მოუწევს. ირანი მეზობელი სახელმწიფოა და პირდაპირ თუ ირიბად, რაღაც ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. ცხადია, მას ვაშინგტონთან გაუმჯობესებული ურთიერთობების გაუარესება არ სურს. მაგრამ ამის გაკეთება არ უნდა თეირანთან ურთიერთობაშიც. ურთიერთობის ისედაც გაუარესება გამოწვეულია იმით, რომ ოფიციალური ანკარა კატეგორიულად მოითხოვს ბაშარ ასადის გადადგომას; ამას არამარტო ვერბალურად მოითხოვს, მეამბოხეებს იარაღითაც ეხმარება; თურქეთის ტერიტორიაზე შექმნილია ბანაკები და ა.შ.

ამას გარდა, თურქეთმა ირანს სახმელეთო გზით სირიისთვის იარაღის მიწოდების გზა დაუკეტა. უკვე გაფუჭებულ ურთიერთობას, ანკარა თეირანთან მიმართებაში კიდევ უფრო არ გააუარესებს. ასე რომ, თეირანის დამოკიდებულება თურქეთისადმი გუშინდელივით მეგობრული არ არის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თურქეთი აშშ–ს და ისრაელს შეუგნებლად მხარს დაუჭერს. ისრაელს – მითუმეტეს, რადგან ქვეყნებს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობაა. ფაქტობრივად, კავშირები გაწყვეტილია. 

აქედან გამომდინარე, ოფიციალური ანკარის განცხადება ის ნაბიჯია, რომლითაც მას აშშ–ს და დასავლეთის გამოფხიზლება სურს; არ მისცეს საშუალება გადადგან ისეთი ნაბიჯი, რომელიც არამარტო რეგიონული დაპირისპირების გამომწვევი იქნება, არამედ შეიძლება მსოფლიო ომიც მოჰყვეს. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. 

ამასთან, ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებ ზოგიერთი ქართველი პოლიტოლოგის მოსაზრებას, რომ ეს დარტყმა ლოკალური იქნება და მხოლოდ ირანს შეეხება; რომ ირანის ფარგლებს არ გასცდება და სხვ. ძალიან მცდარი მოსაზრებაა. ერთი დარტყმის შემთხვევაშიც კი ირანი მზად იქნება პასუხის გასაცემად. ასე რომ, ვითარება საკმაოდ სერიოზულია. 

როგორი შეიძლება იყოს ირანის პასუხი არსებული რეალობიდან გამომდინარე? 

– მკაცრი პასუხი იქნება. ერთმა ქართველმა სამხედრო ექსპერტმა ისიც თქვა, რომ ირანს შორსმფრენი რაკეტები არ გააჩნიაო. არადა, მამაცხონებული ეტყობა არც ტელევიზორს უყურებს და არც რადიოს უსმენს. ირანმა ამასწინათ ორმუზის სრუტეში სამხედრო წვრთნები ჩაატარა, სადაც თავისი რაკეტები გამოსცადა. ცხადია, ეს რაკეტები შედარებით ახლოს, ორას კილომეტრ მანძილზე მიფრინავს. მაგრამ ამას გარდა, თეირანს აქვს ისეთი რაკეტები, რომლებმაც შეიძლება ისრაელსაც მიაღწიოს. საუბარია 2 500 კილომეტრზე მფრენ რაკეტებზე.

აქედან გამომდინარე, ირანის ძალა საკმაოდ საგრძნობი იქნება. თუ ისიც დაემატა, რომ ირანმა რუსეთის თანხმობას მიაღწიოს, „ეს 300“ ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემაზე, მაშინ თეირანს ხელ–ფეხი სრულად ექნება გახსნილი; გარდა ბუნებრივი თავდაცვის მექანიზმებისა, მას ექნება სისტემები, რომლებიც ნებისმიერი სარაკეტო შემოტევებისგან დაიცავს. მოსკოვი ჯერჯერობთ თავს იკავებს მათი გადაცემისგან. 

თუმცა, რაც უფრო დრო გადის ნათლად იკვეთება, რომ რუსეთი და ჩინეთი დასავლეთს შორდებიან ახლო აღმოსავლეთის საკითხებში. ისეთებში, როგორიცაა სირია, ირანი და ა.შ. იცით, რომ ამასწინათ გაეროს უშიშროების საბჭოზე რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს იმ გეგმებს, რომლებიც შტატებს ჰქონდა. ამან ვაშინგტონში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და ჰილარი კლინტონმა რუსეთს და ჩინეთს პირდაპირ ხელი დაადო. ის, რაც სირიაში ხდება და მოხდება, თქვენს კისერზე იყოსო. 

ყველაფერი იმას მოწმობს, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება ძალიან სერიოზულად იძაბება. თუ ამერიკაში თურქეთის ხელისუფლების განცხადებებს ყურს არ დაუგდებენ, ვითარება საკმაოდ მძიმე იქნება. 

მთელ ამ პროცესში საქართველოს ადგილი და როლი რაში მდგომარეობს? 

– ეს ადგილი და როლი პატივცემულმა ბათუ ქუთელიამ უკვე განსაზღვრა. არ ვიცი წამოსცდა თუ არა, საქართველო აშშ–ს სტრატეგიული პარტნიორია და თუ ადგილი ექნება შეტევას ირანზე, თბილისი აშშ–ისრაელს მხარს დაეჭერსო. ეს ყოველგვარი დაფარვის გარეშე თქვა. საფიქრებელია, მიუნხენში სააკაშვილს განცხადება. მან რუსეთთან მიმართებაში თავის არაორაზროვან როლზე ისაუბრა; რომ საქართველო ყოველგვარ ანტიპუტინურ გამოსვლებს ხელს შეუწყობს რუსეთში.

ყოველივე ცხადია ჩვენზე იმოქმედებს. აქეთ ირანი, ჩრდილოეთით რუსეთი და ვითარების გამწვავების შემთხვევაში, საქართველო საკმაოდ ცუდ დღეში აღმოჩნდება. მითუმეტეს, თუ ქვეყნის ტერიტორია სამხედრო თვალსაზრისით იქნა გამოყენებული. ასე რომ, ამ მხრივ პერსპექტივა საკმაოდ მუქ ფერებში ისახება. 

არის თუ არა გამოსავალი ერთგვარ ნეიტრალიტეტში? 

– ჩვენნაირ ქვეყანასსამხედრო ვალდებულება  არავისთან არ უნდა ჰქონდეს აღებული. ეს არ ნიშნავს, რომ სიტყვა–სიტყვაში კლასიკური ხასიათის ნეიტრალიტეტი იყოს. საუბარია იმაზე, რომ საქართველომ თავი შეიკავოს ანტირუსული განცხადებებისგან და ქმედებებისგან; თავი შეიკავოს ფერადყვავილოვანი რევოლუციების პოსტსაბჭოთა სივრცეში ექსპორტისგან და ა.შ. – რასაც მას ავალებდა და დღესაც ავალებს შეერთებული შტატები.

ჰქონდეს ურთიერთობა ყველა ნორმალურ ქვეყანასთან. მაქსიმალურად შეეცადოს, რომ არცერთ დიდ თუ პატარა სახელმწიფოსთან სამხედრო კავშირებში არ შევიდეს. ავღანეთში მონაწილეობით კი საქართველოს ნატოში არავის შეუშვებს.